ევროკავშირი სამხრეთ-ოსეთს ქართველი მოზარდების გათავისუფლებას სთხოვს
![]()
მეტ რობინსონი
ევროკავშირის დელეგაციამ განაცხადა, რომ დაპატიმრების ფაქტები ”სამწუხაროა”
თბილისი – ევროპის კავშირმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ოთხი ქართველი მოზარდის დაკავება პრო-რუსულ სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ-ოსეთში სამწუხაროა და მათი გათავისუფლება მოითხოვა.
მოზარდები, რომელთა ასაკი 14-დან 17-წლამდეა 4 ნოემბერს დააკავეს. მაშინ სამხრეთ-ოსეთის ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ ისინი ხელყუმბარებითა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დე-ფაქტო საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დააპატიმრეს.
”ჩვენი აზრით, ეს სამწუხაროა” – განაცხადა ელჩმა ოლაფ სკუგმა, ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა საქართველოში ვიზიტის დროს – ”ჩვენ მოვუწოდებთ, რომ დაპატიმრებული ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ”.
”არსებობს სპეციალური ნორმები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტების დროს ბავშვების მიმართ გამოიყენება” – პრეს-კონფერენციაზე განაცხადა შვედმა დიპლომატმა – ”ყველა, ვისაც შეუძლია მსგავს საქმეებზე მოახდინოს გავლენა, ყველაფერი უნდა გააკეთოს მათი სწრაფად გადაწყვეტისთვის”.
ეს კომენტარი გამოეხმაურა იმ განცხადებას, რომელიც ხუთშაბათს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, შვედეთმა გაავრცელა.
გასულ თვეს სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში საზღვრის დარღვევისთვის 25-ზე მეტი ქართველის ხანმოკლე პატიმრობამ დაძაბა სიტუაცია. უკვე ერთი წელია გასული მას შემდეგ, რაც სამხრეთ-ოსეთი გასული წლის რუსულ-ქართული ხუთდღიანი ომის ეპიცენტში მოექცა.
თითქმის ყველა, მოზარდების გარდა, სწრაფად გაათავისუფლეს. სამხრეთ-ოსეთმა განაცხადა, რომ მოზარდებთან დაუშვეს წითელი ჯვრის წარმომადგენლები, რომელთა ფოტოებიც მედიაში გავრცელდა.
რუსეთმა ორივე მეამბოხე რესპუბლიკის დამოუკიდებლობა მას შემდეგ აღიარა, რაც გასულ აგვისტოს სამხრეთ-ოსეთზე ქართველების შეტევა გაანადგურა, ხოლო უსაფრთხოების რუსულმა ჯარებმა მათ დე-ფაქტო საზღვრებზე პასუხისმგებლობა აიღო.
ევროკავშირის 225 მეთვალყურე აკვირდება მყიფე დაზავებას სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების გასწვრივ, თუმცა ამ ტერიტორიებზე შესვლა ეკრძალება.
სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეთვალყურეებმა თავისი ყურადღება საქართველოს უნდა მიაპყრონ. რუსეთი სააკაშვილის პრო-დასავლურ მთავრობას ხშირად სდებს ბრალს გადაირაღებაში.
რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ ხუთშაბათს სამხრეთ-ოსეთის თავდაცვის მინისტრის იური ტანაევის განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს რომ საქართველო თავდასხმის სამზადისში სადაზვერვო მიზნებით ფრენებს ახორციელებდა.
”თუ ისინი ამას გააგრძელებენ, სამხრეთ-ოსეთის საჰაერო სივრცეში შემოჭრის წინააღმდეგ ზომებს მივიღებთ” – განაცხადა მან.











