საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ეჭვობს, რომ რუსეთი უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტზე წასვლას გაბედავს
![]()
ალინა პასტუხოვა
ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთისთვის ”მძიმედ გასატეხი კაკალია”
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინას არა აქვს მიზეზი ახლო მომავალში რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის ეშინოდეს. ”უკრაინა რუსეთისთვის კერკეტი კაკალია” – განუცხადა მან Kyiv Post-ს 18 იანვრის მოკლე ინტერვიუში. თავისი წინა განცხადებების საპირისპიროდ, სადაც ის აცხადებდა, რომ შესაძლოა უკრაინა რუსეთის სამიზნეთა სიის შემდეგი პუნქტი იყოს, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა – ”ბევრს ეშინია, რომ ყირიმი ახალ აფხაზეთად იქცევა, მაგრამ არა მგონია, რუსეთმა აქ აგრესიის ”დემონსტრირება მოახდინოს””.
სააკაშვილმა იცის, რას ნიშნავს იყო დამარცხებული რუსეთთან ომში. 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარმა ომმა შედეგად ის გამოიღო, რომ რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული პროვინცია – აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი სუვერენულ სახელმწიფოებად გამოაცხადა.
რუსეთმა ეს ომი იმით გაამართლა, რომ ის სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს აგრესიისგან იცავდა. ბევრს ეშინია, რომ ის იგივე საბაბს ყირიმში გამოიყენებს, სადაც შავი ზღვის რუსული ფლოტია დისლოცირებული და ბევრი ეთნიკური რუსი ცხოვრობს. შეშფოთება გამძაფრდა, როდესაც რუსეთის დუმამ რუსული ჯარის უცხოეთში გამოყენების უფლება დაამტკიცა.
სააკაშვილის ორდღიანი ვიზიტი უკრაინაში, 18-19 ნოემბერს დაემთხვა რუსი პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს იალტაში, სადაც ის თავის უკრაინელ კოლეგას იულია ტიმოშენკოს ხვდება. როგორც ელიან ორი პრემიერ-მინისტრი ბუნებრივ აირთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, კერძოდ მრავალმილიარდიანი ჯარიმის საფრთხის გამო უკრაინამ შეიძლება ნაკლები რუსული გაზი შეიძინოს, ვიდრე ეს კონტრაქტით იყო განსაზღვრული.
სააკაშვილი კი თავის უკრაინელ კოლეგას და მეგობარს ვიქტორ იუშჩენკოს ხვდებოდა. გასული წლის ქართულ-რუსული ომის დროს იუშჩენკომ მოსკოვისგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ღიად დაუჭირა მხარი თბილისს.
ქართულ-უკრაინული თბილი ურთიერთობები რუსეთისთვის გამაღიზიანებელია, ის უკრაინას გასულ წელს საქართველოს იარაღით და ცოცხალი ძალით მომარაგებაში ადანაშაულებდა. უკრაინა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ საქართველოს იარაღს კანონის დაცვით აწვდიდა. სააკაშვილმა უკრაინული სატელევიზიო არხის თოქ-შოუში ”მზად ვარ კითხვებისთვის” განაცხადა, რომ უკრაინას ”არასდროს” მიუყიდია მისი ქვეყნისთვის იარაღი არალეგალურად და უკრაინელებს ”არასდროს მიუღიათ მონაწილეობა ომში”.
გაერო-ს მონაცემებით უკრაინამ 2007 წელს საქართველოს 74 ტანკი მიჰყიდა, ხოლო 2008 წელს 25 ჯავშანმანქანა, 15 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 60 მსუბუქი ავტომატი და 17 404 შეტევითი შაშხანა და ქვემეხი.
მაგრამ რენატ კუზმინმა, გენერალური პროკურორის მოადგილემ 18 ნოემბერს ”უკრაინსკა პრავდა”-ს განუცხადა, რომ გახსნილია სისხლის სამართლის გამოძიება იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს იარაღს არალეგალურად მიჰყიდდა. გავრცელებული ხმების თანახმად, კუზმინი რეგიონების პარტიასთან დაახლოებული პირია და პარტია ომის მსვლელობისას საქართველოს უჭერდა მხარს. მან ისიც განაცხადა, რომ ზოგიერთი უკრაინელი ომის დროს საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა გაურკვეველია იღებდნენ თუ არა ისინი მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში.











