პუტინი ჰალსტუხის ღეჭვის გამო საქართველოს ლიდერს დასცინის

telegraph

რეიჩელ კუპერი

ვლადიმერ პუტინმა არადიპლომატიურად დასცინა საქართველოს ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა რა, რომ მის გვერდით ჰალსტუხის ტარება უსაფრთხო არ არის

როდესაც გასულ კვირას იალტაში პრეს-კონფერენციაზე რუსეთის ლიდერს სააკაშვილის კიევში ვიზიტზე შეკითხვა დაუსვეს, თავისი ენაკვიმატობით ცნობილმა პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერი და უკრაინის გულმხურვალედ პრო-დასავლური პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო შეხვედრაზე შეხსნილი პერანგებით უნდა მივიდნენ. ”უკეთესი იქნება, თუკი ეს ორი პრეზიდენტი სადილს (თუკი ისინი სადილის მოწყობას აპირებენ) ჰალსტუხების გარეშე დაესწრება. ჰალსტუხები დღეს ძვირი ღირს… მოკლედ, მიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ” – სთქვა მან, რასაც  ჩინოვნიკების და ჟურნალისტების სიცილი მოჰყვა. ”უიშჩენკოს სტუმარი თავის ჰალსტუხს გადაყლაპავს”.

პუტინი იმ ფართოდ გავრცელებულ ვიდეოს გულისხმობდა, სადაც შარშან სააკაშვილს საკუთარი ჰალსტუხის ბოლო პირში უდევს და ღეჭავს, იმ დროს როდესაც ინტერვიუს დაწყებას ელოდება.

2008 წელს რუსეთს და საქართველოს შორის სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ-ოსეთის გამო ომი გაჩაღდა. პუტინმა, რომელიც იალტაში უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, იულია ტიმოშენკოსთან მოლაპარაკებისთვის იმყოფებოდა, განაცხადა რომ იუშჩენკოს და სააკაშვილს ბევრ საკითხზე აქვთ სასაუბრო. ”მებრძოლები გაიხსენებენ წარსულ დღეებს და ბრძოლებს, რომლებიც მათ ერთად წააგეს” – მსჯელობდა ის.

ტიმოშენკომ თამაშში აყოლა სცადა და აღნიშნა – ”მე ამას აუცილებლად ჰალსტუხის გარეშე გავაკეთებდი”.

პუტინმა და ტიმოშენკომ, რომელიც იუშჩენკოს პოლიტიკური კონკურენტია, მათი მოლაპარაკებები იმის დემონსტრირებისთვის გამოიყენეს, რომ ხაზი გაესვათ მათი მტკიცე ურთიერთობებისთვის იანვარში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელშიც ტიმოშენკოც და იუშჩენკოც მონაწილეობენ.

წყვილი ერთმანეთს მოლაპარაკებებისთვის რუსი მეფეების ყოფილ საზაფხულო რეზიდენციაში, იალტაში ლივადიას სასახლეში შეხვდა. ეს სასახლე 1945 წელს ისტორიულ იალტის კონფერენციაზე იოსებ სტალინს, ფრანკლინ რუზველტს და უინსტონ ჩერჩილს შორის შეხვედრის ადგილია.

ისინი ორ ქვეყანას შორის მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას განიხილავდნენ და ენერგეტიკა მათ დღის წესრიგში მთავარი საკითხი გახლდათ.

ხუთშაბათს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა იმ ვადების შემსუბუქებაზე, რომლებშიც ის უკრაინას გაზს აწოდებს. ეს აისახება შეთანხმებაში, რომელიც გულისხმობს, რომ უკრაინა მიმდინარე ვარდნის გამო, არ დაჯარიმდება ნაკლები გაზის გამოყენებისთვის, ვიდრე ეს მიმდინარე კონტრაქტშია მითითებული.

იანვარში, ევროპის ბევრი ქვეყანა გაზის გარეშე დარჩა იმ დავის გამო, რომელიც მოსკოვს და კიევს შორის გაზის საფასურის გადახდის გამო წამოიქმნა, მაგრამ მოსკოვმა აღნიშნა, რომ ამ კვირის შეთანხმებამ მომდევნო თვეებში თავიდან უნდა აიცილოს  მსგავსი დარღვევები.

არც პუტინს და არც ტიმოშენკოს უკრაინის 17 იანვრის არჩევნები არ უხსენებიათ, მაგრამ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის მის უკრაინელ კოლეგასთან მუშაობაში თავს კომფორტულად გრძნობს.

”ჩვენთვის კომფორტულია ტიმოშენკოს მთავრობასთან მუშაობა” – სთქვა მან – ”ჩვენი თანამშრომლობის პროცესში ურთიერთობა განმტკიცდა და უფრო მეტად სტაბილური გახდა”.

ტიმოშენკო დაეთანხმა და განაცხადა რომ რუსეთმა და უკრაინამ თავიანთი ურთიერთობების აწყობა გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლით დაიწყეს.

”მე მჯერა, რომ ეს არის ის, რაც ჩვენს ხალხს სურს: მშვიდი, ღირსეული, პრაგმატული და თანასწორი კოოპერაცია… ეს არის ნამდვილი თავისუფლება და ნამდვილი პარტნიორობა”.

აგვისტოში პუტინის პროტეჟემ, პრეზიდენტმა მედვედევმა იუშენკოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ის ”ანტი-რუსული” პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა.

იუშჩენკომ პრეზიდენტის ფიცი 2005 წლის დასაწყისში, მშვიდობიანი ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის შემდეგ დადო. ამ რევოლუციამ ხელისუფლებას პრო-რუსი ვიქტორ იანუკოვიჩი ჩამოაშორა.

2004 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, უიშჩენკო  ჩინოვნიკებთან სადილის შემდეგ ავად გახდა და მას შემდეგ უკრაინის სამართალდამცველები აცხადებდნენ, რომ ის შეგნებულად მოწამლეს. ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ ავადმყოფობა და იუშენკოს სახის დამახინჯება მავნე დიოქსინის მიღებამ გამოიწვია.

1991 წელს საბჭოთა კავშირის კოლაფსის დროს, უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ ქვეყნის მთავრობები მას დასავლური მიმართულებით ავითარებდნენ.

ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დამფუძნებელი სახელწმიფოების რიგში შედიოდა, დღეს დასავლეთ-ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისკენ მიისწრაფვის.

ამ კვირაში გამოცხადდა, რომ უკრაინის, ლიტვის და პოლონეთის სამეული ერთობლივი სამხედრო ბრიგადის ფორმირებას გეგმავენ, რათა უფრო ამაღლდეს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შანსი – ნაბიჯი, რომელიც პოტენციურად რუსეთს განარისხებს.

რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები კვლავ რთული რჩება. ბევრი რუსი უკრაინას რუსეთის ნაწილად განიხილავს და არა დამოუკიდებელ ერთეულად. ამ წლის დასაწყისში, პუტინმა უკრაინა ”პატარა რუსეთად” მოიხსენია.

ევროპის საგარეო ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენელმა ენდრიუ ვილსონმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით გახლეჩილია.

”გალიციაში უკრაინული ნაციონალიზმის ეპიცენტრია, მაგრამ აღმოსავლეთით, რუსულენოვან ყირიმში, აბსოლუტურად განსხვავებული განწყობაა. უკრაინული იდენტობა საკმაოდ კომპლექსურია” – განაცხადა მან.

მაგრამ მან დასძინა, რომ არსებობს შუალედურ პოზიციაზე მყოფ ადამიანთა სერიოზული ნაწილი, რომლებსაც ”ორივე გზა სურთ” – დამოუკიდებლობაც და რუსეთთან კარგი ურთიერთობებიც  და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იუშჩენკომ გაიმარჯვა იყო ის, რომ მან ამ უმრავლესობას მიმართა.

მან ტიმოშენკო დაახასიათა, როგორც ”პრაგმატული პრო-რუსი”, მაგრამ განაცხადა რომ თუკი ის პრეზიდენტი გახდება, მას  რთული დაბალანსებული ქმედება მოუწევს, რადგან ის ასევე პრო-დასავლურიცაა.

ვილსონის თქმით, უკრაინა ”ენერგეტიკული თვალსაზრისით დღემდე სერიოზულადაა დამოკიდებული რუსეთზე”, მაგრამ ევროკავშირის გაფართოვების შემდეგ, სავაჭრო ურთიერთობები უფრო ამ ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებთან აქვს, ვიდრე რუსეთთან.

მაგრამ ვიდრე დასავლური ქვეყნები ისეთი სექტორების ინვესტირებას ეწევიან, როგორიცაა საცალო ვაჭრობა უკრაინაში, რუსეთი ფულს ნავთობის წარმოებაში, ლითონის ბიზნესსა და მედიაში აბანდებს, ბევრი რუსული მედია-კომპანიით, რომლებიც უკრაინაში მოქმედებენ.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.