ომზე ფილმის გადაღებები დასრულდა, ამბობს რეჟისორი
![]()
ელენა ბედველი
ჰოლივუდის რეჟისორმა რენი ჰარლინმა, რომელმაც ”კერკეტი კაკალი 2” გადაიღო, განაცხადა რომ საქართველოში რუსეთთან 2008 წლის ომზე ფილმის გადაღებები დაასრულა
”მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომლის დროებითი სახელწოდებაა ”საქართველო” და რომელშიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლს ენდი გარსია თამაშობს, ერთგვარი დრამისა და რომანის ნაზავია” – გუშინ ღამით სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა ჰარლინმა, რადგან ის საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან გამგზავრებისთვის ემზადებოდა. ფილმის გადაღებები დიდწილად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, თბილისის შემოგარენში მიმდინარეობდა. ეს ბაზა შარშანდელი ომის დროს დაიბომბა.
”ჩვენ ფილმის სცენების გადაღება საქართველოში დავასრულეთ და მის რედაქტირებაზე მუშაობას შეერთებულ შტატებში განვაგრძობთ იმ გათვლით, რომ ფილმზე მუშაობა 2010 წლის მაისისთვის დასრულდება” – განაცხადა ჰარლინმა.
” ”საქართველოს” გადაღება იმ ღირებულების (დაახლოებით 200 მილიონი დოლარი) 25% დაჯდა, რაც ის დაჯდებოდა შეერთებულ შტატებში გადაღების შემთხვევაში” – განაცხადა მან.
ფილმის რეჟისორები და პროდიუსერები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, როგორც ფილმების გადაღების ადგილს, სულ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ. 20 ნოემბერს ესპანელმა პროდიუსერმა ანდრეს გომესმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ის საქართველოში საშინელებათა ფილმების ჟანრის კინოს გადაღებას გეგმავს, რომელშიც ჰავიერ ბარდემი ითამაშებს.
ჰარლინმა, რომელიც ასევე ფილმის ” Nightmare on Elm Street 4” რეჟისორია, განაცხადა რომ ფილმს კერძო დამფინანსებლები ჰყავს, ლოს-ანჯელესში ბაზირებული საპროდუქციო და სადისტრიბუციო კომპანიიდან Rexmedia. ქვეყანაში ფილმს ლოჯისტიკურ და საზოგადოებასთან ურთიერთობის მომსახურებას უწევს კომპანია საქართველოს ”გოლდ ინვესტი”.
საქართველოში მსახიობი ვოლ კილმერიც ჩამოვიდა, რომელიც ფილმში ჰოლანდიელ რეპორტიორს განასახიერებს. ”ბრიტანელი მსახიობი რუპერტ ფრენდი ასევე მთავარ როლს თამაშობს” – სთქვა ჰარლინმა.
ჰარლინმა გარსია საქართველოს პრეზიდენტის ”ფანტასტიკური” განსახიერებისთვის შეაქო. გასულ თვეში სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ფილმი საქართველოს ”ნორმალურ ქვეყნად” წარმოაჩენს და ცხადყოფს, რომ კონფლიქტი ”შეიძლება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში მომხდარიყო – და ეს ტრაგედიაა”.
რუსეთმა ამერიკელების გაწვრთნილი ქართული არმია შარშან აგვისტოში, სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ-ოსეთის გამო გაჩაღებულ ხუთდღიან ომში დაამარცხა. მოგვიანებით, მოსკოვმა სამხრეთ-ოსეთი და მეორე სეპარატისტული რეგიონი აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო. ეს ნაბიჯი აშშ-მ და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ დაგმო.











