ნატო-ს გაფართოვება – დამატებითი პრობლემები

მერი ელიზ საროტი

ბერლინი – ოცი წლის წინ ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპის ავტორიტარული რეჟიმები დაემხო. ახლა, როდესაც იმ წლების მოვლენების ხელახალი გააზრება ხდება, აბსოლუტურად სამართლიანია, რომ აქცენტი სიხარულზე კეთდება, რომელიც ამ ქვეყნების მცხოვრებლებს ახალმა თავისუფლებებმა მოუტანა ესენია სიტყვის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, პოლიტიკური ნების გამოხატვის თავისუფლება და საკუთარი ქვეყნებისთვის მოკავშირეების არჩევის თავისუფლება და მაინც, 1989 წლის მოვლენებს სხვა ასპექტიც აქვთ, რომლებიც დღემდე აქტუალურია. საქმე ეხება დავას ამ მოვლენების შემდეგ ყოფილი აღმოსავლეთ-გერმანიის და ვარშავის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ნატო-ს გაფართოვების მიზეზებსა და ამ პროცესის კანონზომიერებაზე, თუკი შეერთებული შტატები ამ ასპექტების არსებობასაც გაითვალისწინებს, ეს ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მოსკოვი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირმა გერმანიას გაერთიანების უფლება ვაშინგტონის დაპირების სანაცვლოდ მისცა, რომ ეს უკანასკნელი ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში არ დაუშვებდა ახალი წევრების მიღებას. უფროსი ჯორჯ ბუშის, ბილ კლინტონის და უმცროსი ჯორჯ ბუშის მრჩევლები, მათ შორის არსებული პარტიული სხვაობების მიუხედავად, რუსეთის პრეტენზიებს ყურად არ იღებდნენ. კლინტონის დროს სახელმწიფო დეპარტამენტში შიდა მოხმარების დოკუმენტი შეიქმნა, რომლის მიხედვითაც, გერმანიის გაერთიანების პერიოდში, ნატო-ს გაფართოვებისთვის იურიდიული დაბრკოლება არ შექმნილა.

თუმცა მას შემდეგ, პირველწყაროებიდან მიღებული მტკიცებულებებით მოვლენების თანმიმდევრობის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ჰელმუტ კოლმა მისი ადმინისტრაციის სამუშაო დოკუმენტაცია  გამოაქვეყნა და ბევრი მსგავსი დოკუმენტი გამოაქვეყნა ასევე ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმაც. ბერლინის კედლის დაცემის ოცი წლისთავთან დაკავშირებით რამდენიმე სხვა ლიდერმაც და ინსტიტუტმაც გახსნეს საიდუმლო არქივები, სხვებთან ერთად ეს უფროსი ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ, სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა.

სიუჟეტი სავსეა რთული ეპიზოდებითა და მოულოდნელობებით, მაგრამ საერთო ჯამში მოვლენების თანმიმდევრობა ასეთი გახლდათ: გადამწყვეტ ეტაპად იქცა  1990 წლის თებერვალი. ცხადი გახდა, რომ ”ცივი ომის” დროს ევროპაში შექმნილი წესრიგი უკვე დანგრეული იყო. აუცილებელი იყო რაღაც ახალი წესრიგის შექმნა. ბონი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ ამ ახალი წესრიგის ქვაკუთხედი გერმანიის უსწრაფესი გაერთიანება გახდებოდა.

ასევე ორივე ქვეყანას სურდა თავიდან აეცილებინა ისეთი სცენარები, რომლებიც ნატო-ს ჰეგემონიის ალტერნატივას წარმოადგენდნენ. ასეთი ინიციატივით, კერძოდ გორბაჩოვი გამოდიოდა, რომელიც ატლანტიკიდან-ურალამდე ცდილობდა საერთო ევროპული ინსტიტუტების მშენებლობას, ასევე ყოფილი დისიდენტები ვარშავის შეთანხმების ქვეყნებიდან, რომლებიც სახელმწიფოთა მეთაურები გახდნენ და ცდილობდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპა დემილიტარიზებულ ტერიტორიად ექციათ, რომელიც ”ნეიტრალური ზონა” იქნებოდა და აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებდა. ევროპაში ამგვარი გეგმების რეალიზაცია აშშ-ს გავლენას შეამცირებდა, მაშინ როდესაც ტრანს-ატლანტიკური ალიანსისთვის წამყვანი როლის შენარჩუნება, ამ გავლენის შენარჩუნების შესაძლებლობას ქმნიდა.

მაშინ მთავარი დაბრკოლება რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი იყო. ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საბჭოეთს აღმოსავლეთ-გერმანიაში 380 000 ადამიანისგან შემდგარი სამხედრო კონტიგენტი ჰყავდა და ოკუპაციის კანონიერი უფლება გააჩნდა, რომელიც გერმანიის 1945 წლის უპირობო კაპიტულაციის პირობებში შეთანხმებული იყო. ბონს და ვაშინგტონს სურდათ, რომ მოსკოვს საკუთარი ჯარები გაეყვანა, უარი ეთქვა პრეტენზიებზე და იმავდროულად საპასუხო დათმობები ანუ ნატო-ს არმიის გაყვანა არ მოეთხოვა.

რა შეეძლო გორბაჩოვს სანაცვლოდ მოეთხოვა? ამის გასაგებად ბეიკერი და კოლი მოსკოვში ერთი დღის ინტერვალით ცალ-ცალკე იმყოფებოდნენ. 1990 წლის 9 თებერვალს ბეიკერმა გორბაჩოვს ასეთი კითხვა დაუსვა – ”რა უფრო გირჩევნიათ: გაერთიანებული გერმანია ნატო-ში არ გაწევრიანდეს და მის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროები არ განთავსდნენ თუ გერმანია ნატო-ში იმ პირობით გაწევრიანდეს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს?”

ბეიკერის ცნობით, გორბაჩოვმა უპასუხა, რომ – ”ნატო-ს ზონის რაიმენაირი გაფართოვება მიუღებელი იყო”. მათი შეხვედრა საბოლოო შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა ბეიკერმა მოსკოვში კოლს საიდუმლო შეტყობინება დაუტოვა. მასში ის სიტყვები იყო გადმოცემული, რომლებიც მან გორბაჩოვთან საუბრის დროს წარმოსთქვა.

თუმცა ბეიკერის მოსკოვში ყოფნის დროს, ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრები შეშფოთებულები იყვნენ იმის გამო, რომ სახელმწიფო მდივანმა ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოვებაზე ხმამაღლა ისაუბრა. ამის გამოსასწორებლად (რადგან მათ მიაჩნდათ, რომ ბეიკერმა შეცდომა დაუშვა) მათ შეადგინეს ტექსტი, რომელიც წერილის სახით პრეზიდენტმა ბუშმა იმავე დღეს კოლს გაუგზავნა.

პრეზიდენტის წერილის ტექსტი მნიშვნელოვნად (თუმცა ერთი შეხედვით არც თუ შესამჩნევად) განსხვავდება იმ გამონათქვამებისგან, რომლებიც ბეიკერმა გამოიყენა. ნატო-ს საზღვრებთან დაკავშირებული ვალდებულებების ნაცვლად, ბუში აღმოსავლეთ-გერმანიის ტერიტორიისთვის ალიანსის ფარგლებში ”განსაკუთრებული სამხედრო სტატუსის” მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. ის თუ კონკრეტულად რაში აისახებოდა ეს სტატუსი, ამას მოგვიანებით განიხილავდნენ, მაგრამ კონცეფციის შინაარსი ცხადი გახლდათ: ნატო გაფართოვდება, ხოლო აღმოსავლეთ-გერმანიის ყოფილი ტერიტორია განსაკუთრებულ სტატუსს მიიღებს.

რა თქმა უნდა, სხვაობა პრეზიდენტს და მის ქვეშევრდომ სახელმწიფო მდივანს შორის, უცხო ქვეყნის ხელმძღვანელსაც  ესმის, იმ შემთხვევაშიც კი თუკი მას ამ ქვეყნისგან ნახევარი მსოფლიო აშორებს, კოლს კი ასე შორს გახედვა არ სჭირდებოდა – საკმარისი იყო ბუშის და ბეიკერის ფორმულირებების წაკითხვა. ასე რომ 10 თებერვალს ვისი რიტორიკით ისარგებლა კოლმა გორბაჩოვთან მოლაპარაკებების დროს – პრეზიდენტის თუ სახელმწიფო მდივნის?

კოლმა ბეიკერს მიბაძა და არა ბუშს. ბეიკერის მსგავსად, კანცლერმა გორბაჩოვი დაარწმუნა, რომ – ”ბუნებრივია, ნატო ვერ შესძლებს საკუთარი ტერიტორიის გაფართოვებას” აღმოსავლეთ-გერმანიის ხარჯზე. არსებულ დოკუმენტებში არ არის ასახული ის რომ კოლმა ბუშის ფორმულირება (”განსაკუთრებული სამხედრო სტატუსი”) გამოიყენა, რომელიც მას ნაციონალური უსაფრთხოების საბჭომ სასწრაფოდ გაუგზავნა. ვიზიტის მონაწილე კოლის კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანს დიტრიხ გენშერმა, ასევე დაარწმუნა მისი საბჭოთა კოლეგა ედუარდ შევარდნაძე, რომ ”ჩვენთვის ეს ურყევი თემაა: ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება”.

საკვანძო მომენტი გახდა ის, რომ გორბაჩოვის და კოლის შეხვედრა, წინა დღის ბეიკერთან შეხვედრისგან განსხვავებით, შეთანხმებით დასრულდა. მოუსმინა რა კოლს, გორბაჩოვი გერმანიის გაერთიანებას დასთანხმდა. კოლმა და მისმა თანაშემწეებმა სასწრაფოდ მოიწვიეს პრეს-კონფერენცია, რომელზეც ყველას გასაგონად გამოაცხადეს ამ სერიოზული დათმობის შესახებ, რის შემდეგაც სამშობლოში გაემგზავრნენ, სადაც შეუდგნენ გერმანიის გაერთიანებას ერთიან სავალუტო-ეკონომიკურ სისტემაში.

ამგვარად გორბაჩოვმა ფაქტობრივად ჯენტლმენური შეთანხმება დადო, გამორჩა რა მხედველობიდან რამდენიმე სერიოზული ფანდი, მაგრამ მოგვიანებით სიტუაციის გამოსწორება ვერაფრით ვეღარ შესძლო.

პირველი - კოლი დასავლეთ-გერმანიის სახელით საუბრობდა და არა შეერთებული შტატების და არც ზოგადად ნატო-ს სახელით.

მეორე - არანაირი წერილობითი გარანტიები გორბაჩოვს ტრანს-ატლანტიკური ალიანსისგან არ მიუღია.

მესამე – იმისთვის, რომ კოლი და ბუში შეთანხმდნენ აღმოსავლეთ-გერმანიისთვის განსაკუთრებული სამხედრო სტატუსის მინიჭებაზე, იმის ნაცვლად პირობა დაედოთ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, გორბაჩოვმა კოლი საჯაროდ არ გააკრიტიკა და ბოლოს, გორბაჩოვმა ვერ გაიგო დასავლეთიდან მომავალი რთულად შესამჩნევი სიგნალები იმის თაობაზე, რომ საუბარი  ნატო-ს მომავალზე უკვე გულისხმობდა ალიანსის შემადგენლობაში აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნების გაწევრიანებასაც. მოგვიანებით, გორბაჩოვი კოლს ეუბნებოდა, რომ თავს ისე გრძნობდა, თითქოს ხაფანგში გაება.

ანუ, იყო თუ არა ეს აშშ-ს მხრიდან რუსეთის ღალატი პოსტ-კომუნისტური ეპოქის განთიადზე? მოკლე პასუხია, არა. გერმანიის გაერთიანებაზე მოლაპარაკებებში არანაირ იურიდიულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ მომხდარა. ფაქტობრივად, 1990 წლის დასაწყისში, გორბაჩოვმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც აღმოსავლეთ-გერმანიას ნატო-ში გაწევრიანების უფლება, მოსკოვისთვის ბონის მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარების სანაცვლოდ მისცა, თუმცა მოკლე პასუხით თუ არ შემოვიფარგლებით, არაერთგვაროვანი სიგნალები და ორაზროვნება შეიმჩნეოდა დიპლომატიური დიალოგის დროს.

იმის აღიარებით, რომ რუსეთის პრეტენზიები გარკვეულწილად დასაბუთებულია, ობამას ადმინისტრაციას შეუძლია მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობები განამტკიცოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნატო-ს გაფართოვება უკვე შედგა, ხოლო მომავალი გაფართოვება შეჩერებულია, ამგვარი აღიარებით ჩვენ არაფერს ვკარგავთ, სამაგიეროდ ბევრ რამეს ვიძენთ. რა თქმა უნდა, დასავლეთს შეუდარებლად გაუადვილდება პრობლემებთან გამკლავება (ირანის ატომური პროექტით დაწყებული, ევროპაში დამდეგ ზამთარს ენერგომატარებლების მიწოდებით დამთავრებული), თუკი ჩვენ ოციწლისწინანდელი მოვლენების აღნიშვნისას სიხარულთან ერთად ადგილს გულწრფელობისთვისაც დავიტოვებთ, რითაც   თანამშრომლობა გაცილებით რეალურ პერსპექტივად გადაიქცევა.

მერი ელიზ საროტი – სამხრეთ-კალიფორნიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და ბერლინში ამერიკული აკადემიის წევრი. წიგნის “1989: ბრძოლა პოსტ-ცივი ომის ეპოქის ევროპის შესაქმნელად” (1989: The Struggle to Create Post-Cold War Europe)

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.