იარაღთან დაკავშირებული რუსულ-ფრანგული გარიგება მეზობლებში შეშფოთებას იწვევს

ალა ლაზარევა
შესაძლო გარიგება, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთი რუსეთს მაღალტექნოლოგიურ იარაღს მიჰყიდის, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შეშფოთებას იწვევს
მოსკოვი ამბობს, რომ მიუახლოვდა ფრანგული მისტრალის კლასის შეტევითი საბრძოლო ხომალდების ყიდვას. ამ ხომალდებს 16 ვერტმფრენის, 13 საბრძოლო ტანკისა და 450 სამხედროს გადაყვანა შეუძლიათ და მათი ფასი $600 მილიონიდან $750 მილიონამდე მერყეობს.
მაგრამ ამ პოტენციური გარიგების კრიტიკოსები რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, ისეთებში როგორიცაა უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ამბობენ რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა რუსეთიდან მომავალ სამხედრო საფრთხეს და დაძაბულობას უკვე ისედაც გართულებულ ზოგ ურთიერთობაში.
ნიკა ლალიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტიდან ამბობს, რომ საქართველო „ძალიან ოპონირებს“ შესყიდვას.
თუ საფრანგეთი ამ გარიგებას დადებს, ის გახდება ნატო-ს პირველი წევრი ქვეყანა, რომელიც მოსკოვს მიჰყიდის მაღალი კატეგორიის სამხედრო ტექნოლოგიებს.
სერიოზული საფრთხე
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლო გარიგება პარიზში თავისი ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს განიხილა.
„ჩვენ მყიდველები ვართ, თქვენ გამყიდველები“ – უთხრა მან მასპინძლებს – ”ვისგანაც არ უნდა ვიყიდოთ ის, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ის იქ და იმ დროს გამოვიყენოთ, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ“.
რუსი გენერლების განცხადებით კი, ასეთი საბრძოლო გემები 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან კონფლიქტის დროს რომ ჰქონოდათ, ისინი ქართულ სანაპიროებამდე მისვლას ნაცვლად 26 საათისა 40 წუთში შესძლებდნენ, რაც ქვეყნის ფლოტს დასჭირდა მას შემდეგ, რაც თავისი ბაზა უკრაინაში, ყირიმის პორტ სევასტოპოლში დატოვა.
ლალიაშვილი კი ამბობს, რომ გარიგება საქართველოს „სერიოზულ საფრთხეს“ შეუქმნის.
მისი კომენტარი გაიმეორა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა.
„შავ ზღვაში ახალი სამხედრო ტექნოლოგიის დამატება… არ არის კარგი იდეა“ – აცხადებს ის.
შეშფოთებამ თავად საფრანგეთშიც იმატა.
„თუ ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის გრძელვადიანი შედეგები, რომელიც მას მოჰყვება“- უთხრა BBC-ის უკრაინულ სამსახურს ფრანსუა ტომ, სორბონის უნივერსიტეტის ყოფილი საბჭოთა კავშირის ექსპერტმა.
„ცხადია, რომ ასეთი შეიარაღება რუსეთს თავისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის ინტენსიფიკაციის საშუალებას მისცემს“.
„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საფრანგეთი რუსეთს ახალი იმპერიალისტური ომებისთვის მწვანე შუქს უნთებს“.
ფონდებზე დამშეული
ამ დროს კი ანრი გლუქსმანი, წამყვანი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ამბობს, რომ გარიგება არა მარტო თავდასხმის, არამედ რუსეთის მხრიდან შანტაჟის რისკსაც აჩენს. ”შავი, ბალტიისა და კასპიის ზღვის ქვეყნები შფოთავენ“ – განაცხადა მან.
„პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავისი პროტესტი საჯაროდ უნდა გამოსთქვან და ბრიუსელი ამ გარიგების შესაჩერებლად უნდა ჩაერიოს“.
რუსული ფლოტის გადამდგარი ოფიცრები აღიარებენ, რომ რუსეთის ფლოტი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
გემთმშენებელი ქარხანა, რომელიც საბჭოთა ავიამზიდებს აწარმოებდა, რუსულიც კი არ ყოფილა, ის სამხრეთ-უკრაინაში მდებარეობდა.
ის რაც რუსულ ფლოტს წარმოადგენს, გათვლით 20-ჯერ უფრო მცირეა ვიდრე შეერთებული შტატების ფლოტი.
ამ პოტენციურ შესყიდვას რუსული საწარმოებიც კი ეწინააღმდეგებიან, მათი ვარაუდით უკეთესი იქნებოდა რუსეთს ფული საკუთარ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში ჩაედო, რადგან ის დაფინანსების შიმშილს განიცდის.
უკრაინელი ადმირალი სერგეი ბლიზნიუკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ გაურკვეველია რუსეთი განათავსებდა თუ არა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდებს.
სევასტოპოლის ბაზა საჭირო ინფრასტრუქტურის ნაკლებობას განიცდის, რაც იმას ნიშნავს რომ რუსეთმა გემები თავის ჩრდილოეთ ან წყნარი ოკეანის ფლოტში უნდა განალაგოს.
მაგრამ ის იმასაც აღიარებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს შეეძლო სევასტოპოლში აღედგინა და განეახლებინა თავისი ბაზა.
”რუსეთისთვის საკითხის კიდევ ერთი გადაწყვეტა ის იქნებოდა, რომ რუსეთს შავი ზღვის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში ახალი ბაზა აეშენებინა” – ამბობს ადმირალი. უკრაინა იმედოვნებს, რომ 2017 წელს, როდესაც ყირიმში რუსეთს იჯარის ვადა გაუვა, მისი ფლოტი სწორედ ნოვოროსიისკში გადაინაცვლებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ფრანგული გემების შეძენაზე ”დისკუსიები გრძელდება“. გადაწყვეტილებას 2009 წლის ბოლოს ელიან.











