ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურების მართვა აღმოსავლეთ-ევროპასაც სურს
![]()
ვალენტინა პოპი
ბრიუსელი – ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ილვესმა დაიჩივლა, რომ ევროპული ალიანსის სტრუქტურებში, ასევე ევროკომისიის მაღალ ეშელონებში ის ქვეყნები საკმარისად არ არიან წარმოდგენილები, რომლებიც ალიანსში ცოტა ხნის წინ გაწევრიანდნენ და ახალ ლიდერებს სიტუაციაზე გავლენის მოხდენას სთხოვს
”სუბიექტურები რომ არ ვიყოთ, ციფრებს დავაკვირდეთ. ევროკავშირის 158 ე.წ. საელჩოებიდან მხოლოდ ერთის ხელმძღვანელია ალიანსში ახლახანს გაწევრიანებული ქვეყანა” – 14 დეკემბერს, ორშაბათს, Gazeta Wyborcza-სთან ინტერვიუში განაცხადა ილვესმა.
ილვესი 57 წლის უნგრელ დიპლომატს, ჰერმან იანოშს გულისხმობდა, რომელიც ამ წლის გაზაფხულიდან ნორვეგიაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია. იანოში ბუდაპეშტში და შემდეგ საბჭოთა კავშირში სწავლობდა, სადაც 1975 წელს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დაამთავრა.
ევროკავშირს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კი დიდწილად წარმოშობით იმ ქვეყნების დიპლომატები წარმოადგენენ, როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი. იოლად შესამჩნევია, რომ მაგალითად წარმომადგენლობებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ადრე საფრანგეთის კოლონიები იყვნენ (კოტ-დიუვარი, ალჟირი), ფრანგები ხელმძღვანელობენ, ხოლო ლათინური ამერიკის ქვეყნებში (ვენესუელა, კოლუმბია) ესპანელებს აგზავნიან.
ახალი წესების თანახმად, რომლებიც ძალაში 1 დეკემბერს შედის, ე.წ. საგარეო ზემოქმედების სამსახური, იგივე დიპლომატიური სამსახური იმისთვის ყალიბდება, რომ ევროკავშირის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა უფრო თანმიმდევრული იყოს.
ადრე, ევროკომისიას მესამე ქვეყნებში საკუთარი წარმომადგენლობები გააჩნდა. ახლა კი ლისაბონის შეთანხმების თანახმად, ისინი საელჩოების სტატუსს შეიძენს. ახალი დიპლომატიური კორპუსის კადრებს ნაციონალური დიპლომატიური სამსახურებიდან შეარჩევენ და როგორც სჩანს დიდწილად სწორედ მათით დაკომპლექტდება საგარეო ზემოქმედების სამსახურები.
თავად კომისიებში თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი კონკრეტულ საკითხებზე მუშაობს, მაგალითად ახალი წევრების მიღებაზე ან სავაჭრო საკითხებზე, თუმცა როგორც ილვესმა აღნიშნა, ე.წ. დირექციების (ორგანოები, რომლებიც ყოველდღიურ პრობლემებზე მუშაობენ) მაღალ ეშელონებში აღმოსავლეთ-ევროპის წარმომადგენლები არასაკმარისად არიან წარმოდგენილები.
”ევროკავშირში 41 გენერალური დირექციაა. ჩვენ მეექვსე წელია რაც ბლოკის წევრები ვართ. არც ერთ დირექციას ალიანსში ახლადგაწევრიანებული ქვეყნის წარმომადგენელი არ ხელმძღვანელობს. ეს არ არის უბრალო საუბარი, ეს ციფრებია” – სთქვა მან.
ესტონეთის პრეზიდენტმა ალიანსის ახალ ლიდერებს მოუწოდა სიტუაციაზე გავლენა მოახდინონ. ”ბატონო, ვან რომპეი, გთხოვთ ამიხსნათ, გემუდარებით! რატომ ხდება ასე? არ მესმის” – სთქვა მან.
ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰერმან ვან რომპეი, პირველი იანვრიდან ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის რანგში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების ყველა სხდომას უხელმძღვანელებს.
ესტონეთი ევროკავშირში 2004 წელს უნგრეთთან, ლატვიასთან, სლოვაკეთთან, სლოვენიასთან და ჩეხეთთან ერთად გაწევრიანდა. იმავე წელს ალიანსს კვიპროსი და მალტა შეუერთდნენ, 2007 წელს კი კავშირში კიდევ ორი ყოფილი კომუნისტური ქვეყანა: ბულგარეთი და რუმინეთი გაწევრიანდა.











