რესპუბლიკელები მზად არიან ირანის სანქციები შეიარაღების ფრანგულ-რუსულ შეთანხმებას დაუკავშირონ

foreignpolicy

ჯოშ როგინი

სენატი ობამას ადმინისტრაციასთან ირანის სანქციებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების გაყიდვასთან დაკავშირებული კონფლიქტი შეიძლება ამ პრობლემას დაუკავშირდეს

დაძაბულობა კონგრესის რესპუბლიკელ ლიდერებსა და საფრანგეთის მთავრობას შორის მისტრალის კლასის შეტევითი ხომალდის გამო წარმოიქმნა – საფრანგეთი ამ გემის რუსეთის ფედერაციისთვის მიყიდვის საკითხს განიხილავს. იმის გამო რომ ეს გარიგება შეიძლება ყველაზე მსხვილი იყოს მათ შორის, რაც ნატო-ს წევრ ქვეყანასა და რუსეთს შორის შეიარაღებასთან დაკავშირებით დადებულა, აშშ-ს კანონმდებლები შიშობენ, რომ ამ ფაქტმა შეიძლება  ნატო-ს ქვეყნების მიერ  რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის  ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. გარდა ამისა, ისინი იზიარებენ საქართველოსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების იმ შეშფოთებას, რომლის თანახმადაც ამ ხომალდმა შეიძლება რუსეთის აგრესიულობას ახლო საზღვარგარეთში ძალა შემატოს.

მაგრამ რა აკავშირებს ამ პრობლემას ირანის სანქციებთან? კეთილი,  The Cable-მა ექსკლუზიური ისტორია მოგვითხრო იმის თაობაზე, თუ როგორ სურს სახელმწიფო დეპარტამენტს შეცვალოს კრის დოდის კანონი ირანის სანქციების შესახებ. ეს კანონპროექტი  ამჟამად სენატში გადაწყვეტილების მიღებას ელოდება.   ობამას ადმინისტაციას სურს იმ ქვეყნებს, რომლებიც ამერიკასთან ირანის სანქციებთან დაკავშირებით თანამშრომლობენ, შეღავათები დაუწესოს. საფრანგეთი, სავარუდოდ ამ ქვეყნების სიის თავში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაღალჩინოსანმა რესპუბლიკელმა The Cable-ს უთხრა, რომ რესპუბლიკელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თუ მისტრალის გარიგება შედგება, ირანის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტში ფრანგულ კომპანიებს შეღავათები არ დაუწესდება.

”მიიღებს, თუ არა საფრანგეთი შეღავათებს დიდადაა დამოკიდებული იმაზე, გადაწყვეტს თუ  არა ის  რუსეთისათვის გემის მიყიდვას” – ამბობს მრჩეველი და განმარტავს, რომ – ”შეიძლება ამ შეღავათების ისეთი ფორმულირება, რომ პრეზიდენტმა ვერ შესძლოს საფრანგეთისთვის მათი დაწესება”.

ერთი აშკარა სამიზნე ფრანგული ნავთობისა და გაზის გიგანტი Total-ია, რომელსაც შეიძლება ირანში რაფინირებული ნავთობის პროდუქტების ექსპორტი აეკრძალოს. როგორც იტყობინებიან, Total-ი სწორედ ახლა ირანის სამხრეთ რეგიონში ჩინეთთან ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

შეზღუდვები ნავთობზე იმ თანმდევი კანონპროექტის ქვაკუთხედიცაა, რომელმაც გასულ  კვირას კონგრესში ხმების დიდი უმრავლესობა მიიღო.

ამ ბოლო დროს კი ამერიკელმა კანონმდებლებმა თავისი ყურადღება უფრო მისტრალის ისტორიისკენ  მიმართეს.

ექვსმა რესპუბლიკელმა სენატორმა ფრანგ ელჩს პიერ ვიმონტს ორშაბათს წერილით მიმართეს და პოტენციურ გარიგებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ილეანა როს-ლეტინენმა გასულ კვირას ეს კანონპროექტი წარადგინა და საფრანგეთს გარიგებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

ორშაბათით დათარიღებულ წერილში, რომელიც The Cable-მა მოიპოვა, ვიმონტმა სენატორებს საპასუხოდ განუცხადა, რომ საფრანგეთი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთთან გარიგების გამო და მათ ინტერესისთვის მადლობა უთხრა.

”საფრანგეთს არა აქვს იმის მიზეზი, რომ უარი სთქვას რუსეთის დაკვეთის შესწავლაზე. ის სწორედ ახლა განიხილება საფრანგეთის შეიარაღების ექსპორტის ყველა მარეგულირებელი პროცედურის  გათვალისწინებითა და აუცილებელი სიფრთხილით” – წერდა ვიმონტი საპასუხო წერილში.

სხვა სიტყვებით, საფრანგეთი არ გაითვალისწინებს ვასენაარის ექსპორტის კონტროლის შეთანხმებას და არც შეიარაღების ექსპორტის ევროპის კავშირის კოდექსს.

ვიმონტმა გაყიდვის სასარგებლოდ ასევე სხვადასხვა არგუმენტი მოიშველია.  The Cable-ს საფრანგეთის საელჩომ განუცხადა,  რომ кщь  ეს  ჰუმანიტარული დანიშნულების მქონე გემია, რეალურად არ არის აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიური  ელემენტებით და ნატო-ს ალიანსს არ შეუქმნის რაიმე საფრთხეს.

მაგრამ სენატის თანამშრომლები, რომელთაც The Cable-მა ხმა მიაწვდინა,  პასუხით კმაყოფილები არ არიან და სდებენ ბრძოლის  პირობას.

”თუ საფრანგეთი ამაზე წავა და წერილი თითქმის ადასტურებს რომ წავა, ჩვენი არჩევანი შეზღუდულია და  ამას ნატო-სთვის შედეგები მოჰყვება” – ამბობს სენატის ერთი თანამშრომელი.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.