სამხრეთ-ოსეთი ითხოვს საქართველო არ შეაიარაღონ

new york times

ელენ ბარი

მოსკოვი – ერთი ციდა სეპარატისტული ანკლავის სამხრეთ-ოსეთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ, ხუთშაბათს ამერიკელ სენატორ რიჩარდ ლუგარს პეტიციით მიმართეს: არ შეაიარაღონ საქართველოს მთავრობა, რომელიც მათი აზრით ამ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებს
ეს პეტიცია იმ ანგარიშის საპასუხოდ შეიქმნა, რომელიც დეკემბრის ბოლოს ბატონი ლუგარის აპარატის თანამშრომლებმა მოამზადეს. ლუგარის დოკუმენტში ეჭვქვეშაა დაყენებული რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შემდეგ ვაშინგტონის გადაწყვეტილება თბილისისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის შესახებ. ანგარიშში სახელწოდებით – ”ბალანსის მიღწევა: აშშ-ს პოლიტიკა და სტაბილურობა საქართველოში” ხაგასმულია, რომ არსებულმა პოლიტიკამ საქართველო ისეთი ქვეყნის მდგომარეობაში ჩააყენა, რომლის მიმართაც ”იარაღის მიწოდებაზე ფაქტობრივად ემბარგო მოქმედებს”, რაც რეგიონში არასტაბილურობას კიდევ უფრო აღრმავებს.

დოკუმენტში იარაღის მიწოდების განახლებაზე არაფერია ნათქვამი, თუმცა მასში აღნიშნულია ის რთული მდგომარეობა, რომელშიც ვაშინგტონი 18 თვის განმავლობაში იმყოფება და რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ აშშ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს, იმავდროულად უარს ამბობს რა საკუთარ ვალდებულებაზე დაეხმაროს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, რაც ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას გულისხმობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ დღევანდელ პირობებში ”საქართველოს პრობლემები ექმნება, არამხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, არამედ იმ მხრივაც, რომ ის ამით მოწყვლადი ხდება შიდა არეულობისა და შიდა მანიპულაციებისთვისაც, რაც ხშირად წარმოიქმნება ეროვნული უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის პირობებში”.

პეტიციას, რომელსაც სამხრეთ-ოსეთის დაახლოებით 340-მა მცხოვრებმა მოაწერა ხელი, ხუთშაბათს შესაბამის მისამართზე სამხრეთ-ოსეთის თხოვნით საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ მიიტანა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მასზე პეტიციაში ნათქვამია – ”სამხრეთ-ოსეთის მცხოვრებელები შიშობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, თუკი გავითვალისწინებთ წარსულში მის უგუნურ და არასტაბილურ ქმედებებს, კვლავ გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერი ტიპის შეიარაღებას და გაწრთვნილ ჯარისკაცებს”.

დოკუმენტში ასევე არის თხოვნა იმის შესახებ, რომ აშშ-ს კონგრესმა მოსმენა გამართოს საკითხზე, თუ როგორ იქნა გამოყენებული ამერიკული დახმარება 2008 წლის აგვისტოში.

ენდი ფიშერმა – ინდიანას შტატის რესპუბლიკელი სენატორის ლუგარის პრეს-მდივანმა, ამ პეტიციაზე არანაირი კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას სამხედრო დახმარების სფეროში პრეზიდენტ ბუშის დროს განსაზღვრული პოლიტიკა არ შეუცვლია.

სამხრეთ-ოსეთი – შტატ როდ-აილენდის ზომის მთა-გორიანი ტერიტორია  საქართველოსგან დამოუკიდებლობისკენ საბჭოთა კავშირის დაშლის წუთიდან მიისწრაფვოდა. ბოლო წლებში მოსკოვმა სეპარატისტების მხარდაჭერა გააძლიერა და როდესაც ბატონმა სააკაშვილმა სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქზე სამხედრო შეტევის დაწყებაზე ბრძანება გასცა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსაგერიებლად რუსეთმა რეგიონში საკუთარი სამხედროები გაგზავნა. ამის შემდეგ მოსკოვმა სამხრეთ- ოსეთის და აფხაზეთის – საქართველოს მეორე აჯანყებული ტერიტორიის – დამოუკიდებლობა აღაიარა.

ომის დასრულების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 1 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, თუმცა მთლიანად შეწყვიტა ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, მისთვის შეიარაღების მიწოდება და სპეციალური ქართული დანაყოფების მომზადება, ასევე ქართულ მხარეს უარი უთხრა ანტი-სარაკეტო და საზენიტო დანადგარების გადაცემაზე. ამ ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდება 2006 წლის 10.5 მილიარდი დოლარიდან 2007 წელს 25 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, შემდეგ 2008 წელს 72.3 მილიონ დოლარამდე, თუმცა 2009 წლისთვის ის ნულამდე შემცირდა.

შარშან აგვისტოში, აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთის ოპერაციებისთის 730 ქართველი ჯარისკაცის მომზადება დაიწყეს, თუმცა წვრთნების დროს გამოყენებული ყველა ტიპის შეიარაღება, მათი დასრულებისთანავე საქართველოდან უნდა გაიტანონ.

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა აღნიშნა, რომ მას არა აქვს იმის იმედი, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში სამხედრო დახმარების სფეროში პოლიტიკას შეცვლის.

”საქართველო დღეს ძალიან რთულ ვითარებაშია, რადგან რუსეთი ყველაზე ზეწოლას ახდენს და ჩვენ ტყვია-წამლის შეძენაც კი არ შეგვიძლია” – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ სიბნელეში ბატონი ლუგარის აპარატის თანამშრომლების მიერ მომზადებული ანგარიში ერთადერთი ნათელი წერტილია.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.