ბუში პრეზიდენტად… ისევ?
![]()
კლარა ჰოგანი
მსგავსი ლოზუნგი 2012 წელს თავისუფლად შეიძლება გაჩნდეს, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთ პოლიტიკურ მიმომხილველს ასე მიაჩნია. მათი თქმით, უმცროსი ჯორჯ ბუშის ძმა, ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას აპირებს
ზოგიერთ ამერიკულ გამოცემაში გაჩნდა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მას შემდეგ მიიღებს მონაწილობას, რაც მისი სახელი ახალ ამბებში რამდენჯერმე გაჟღერდება, რაც ფაქტობრივად არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ მან შტატის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა.
ჯებ ბუში ”რესპუბლიკურ პარტია”-ში მის მეგობრებს არამხოლოდ ეხმარებოდა, მონაწილეობდა რა სახსრების შეგროვებასა და სხვა ტიპის ღონისძიებებში, არამედ ხუთშაბათს ის ტელეკომპანია NBC-ის ეთერში თოქ-შოუ Today Show-ში, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შემდეგ გამოჩნდა. მასზე აქტიურად სწორედ ამ დღის შემდეგ ალაპარაკდნენ.
ბუშმა იმის თაობაზე ისაუბრა, თუ როგორ უნდა იმუშაონ ერთად ”დემოკრატებ”-მა და ”რესპუბლიკელებ”-მა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლას მოგაგონებდათ.
”ვფიქრობ, ორივე პარტიის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, რა აქვთ მათ საერთო და ამაზე მაინც გააკეთონ აქცენტი” - განაცხადა მან – ”კარგი გამოსვლები – ერთი საქმეა, მეორეა – მათი დაპატიჟება, ვინც ბოლომდე არ გეთანხმება და მათთან კონსესუსის მიღწევა”.
სარწმუნო წყაროები ამტკიცებენ, რომ ჯებმა ექს-პრეზიდენტ უფროს ჯორჯ ბუშთან ერთად ოთხშაბათს თეთრ სახლში შეიარა და მამასთან ერთად პრეზიდენტ ობამასთან თითქოს საიდუმლო შეხვედრაც გამართა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა New York Times-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ შეხვედრას არანაირი კონკრეტული პროგრამა არ გააჩნდა, ხოლო უფროსმა ბუშმა, რომელიც ვაშინგტონში გავლით იმყოფებოდა, უბრალოდ მეგობრები მოინახულა.
პრეზიდენტის პოსტზე ბუშების ოჯახის მესამე წარმომადგენლის შესაძლო წარდგენის ირგვლივ დაწყებული ცხარე განხილვების მიუხედავად, ბევრი ამბობს, რომ ამერიკა არასოდეს აღარ მისცემს ხმას ამ ოჯახის წარმომადგენელს.
მისი ძმა თეთრ სახლს დაძაბულ ნოტზე დაემშვიდობა, დატოვა რა მემკვიდრეობად ომი, რომელიც თითქოს არასდროს აღარ დასრულდება და ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეკონომიკური კრიზისი. ამასთანავე, ვერავინ დაივიწყებს 2000 წლის იმ საბედისწერო ღამეს, როდესაც ჯები მის ძმას ფლორიდაში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, რასაც რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.










