ძია სემისთვის კიდევ ერთი არჩევნები ცუდად წარიმართა

firstpost_teona

ნილ კლარკი

უბრალოდ ელოდეთ ქუჩის საპროტესტო გამოსვლებს, თუ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთს იმედს გაუცრუებს

ეს გაყალბებაა. ასე განაცხადა იულია ტიმოშენკომ, უკრაინის გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნების დამარცხებულმა კანდიდატმა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ არჩევნები ჩატარდებოდა, ტიმოშენკო თავის მეტოქეს ვიქტორ იანუკოვიჩს არჩევნების გაყალბების მცდელობის შემთხვევაში  უკვე აფრთხილებდა – ”ისეთ წინააღმდეგობაზე, რომლის მსგავსიც მას მანამდე არ უნახავს”. ”თუ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ხალხმა პატიოსნად გამოხატოს ნება და ვერ მივიღებთ პატიოსან შედეგებს, ჩვენ ხალხის მობილიზებას მოვახდენთ” – განაცხადა მან – ”მე ამაში ეჭვი არ მეპარება”.

და ახლა როდესაც მან მართლაც წააგო, ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპროტესტო გამოსვლებისთვის, რომელთა მეშვეობითაც მისი მხარდამჭერები დღეების და შეიძლება კვირების განმავლობაში შედეგების ანულირებას შეეცდებიან.

დეჟა ვუ-ს განცდა გაგიჩნდათ? რაღა თქმა უნდა. ჩვენ ეს სულ ცოტა ხნის წინ გავიარეთ.

2000 წელს თვითმარქვია ”დემოკრატიულმა” ოპოზიციამ იუგოსლავიაში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი ისეთი შედეგი, რომელიც მმართველი ლიდერის სლობოდან მილოშევიჩის დამარცხებას პირველივე ტურში არ დაადასტურებდა, გაყალბება იქნებოდა და ისინი ქუჩაში გამოვიდოდნენ და მათ ეს გააკეთეს კიდეც.  დაიწყო ”ბულდოზერების”  ე.წ. რევოლუცია, პარლამენტი ცეცხლში მოექცა და მილოშევიჩმა ძალაუფლება დაკარგა.

2009 წელს ირანის ”მწვანე” ოპოზიციამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგი, რომელიც მმართველი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმედინეჯადის გამარჯვებას აღიარებდა, თაღლითობა იქნება და ისინი ქუჩაში გამოვიდოდნენ. მათ სწორედ ეს გააკეთეს.

აქამდე ვერ მოხერხდა აჰმადინეჯადის ჩამოგდება, მაგრამ საპროტესტო ტალღამ ის სერიოზულად დაასუსტა.

იუგოსლავიის, ირანისა და უკრაინის ”დემოკრატიულ” ოპოზიციებს საერთო ის აქვთ, რომ ისინი აშშ-ს რჩეულები არიან. უკრაინაში იულია ტიმოშენკომ შესაძლოა ცოტათი შეცვალა  თავისი ერთ დროს გააფთრებული ანტი-რუსული პოზიცია, მაგრამ უეჭველია, რომ აშშ-ს 2004 წლის ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის თანალიდერი, ნატო-სთან ინტეგრაციის მომხრე ურჩევნია მის ოპონენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია და თავისი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტი სურს.

ოპოზიციას შეუძლია განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ ხმების დათვლამდეც კი გააკეთოს, რადგან იციან რომ მათ პოზიციას აშშ და მისი უახლოესი მოკავშირეები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი დაუჭერს მხარს. მათ ისიც იციან, რომ მეინსტრიმული დასავლური მედია მათ სიმპათიით წარმოაჩენს, როგორც ”დემოკრატებს”, ხოლო მათ მეტოქეებს ”მატყუარებსა და თაღლითებს” უწოდებს.

მაგრამ როგორ უნდა უწოდო დემოკრატიული იმას, როდესაც ერთი მხარე აცხადებს, რომ  მეორე მხარის  მოგება თაღლითობა იქნება.  გამარჯვებას ყოველთვის ადგება ჩრდილი მაშინაც კი თუ საარჩევნო გაყალბების არც ერთი ხელშესახები მტკიცებულება არასდროს გამოჩნდება.

დასავლური ქუჩის პროტესტის ოპონენტები ასეთი დილემის წინაშე დგებიან – მათ ან უკან უნდა დაიხიონ და ძალაუფლება დაკარგონ (ისე, როგორც მილოშევიჩმა 2000 წელს), ან დაარბიონ საპროტესტო გამოსვლები ისე, როგორც ეს ირანის რეჟიმმა გააკეთა და ”საერთაშორისო საზოგადოების” გმობა დაიმსახურონ.

აშშ-ს ფავორიტი მხარის განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ მეინსტრიმული დასავლური მედიის მიერ ძირითადად თავისუფლად გადაიცემა, მაგრამ იმის გამო, რომ დასავლეთის აზრით ”არასწორმა მხარემ” გაიმარჯვა,  ჩვენ ავტომატურად არ უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც ჰქონდა ადგილი მნიშვნელოვან გაყალბებას.

გასული წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, CIA-ის ყოფილმა საველე ოფიცერმა და ირანის ექსპერტმა რობერტ ბეერმა, ადამიანმა, რომელსაც ძნელად დასდებ ბრალს აჰმედინეჯადის მომხრეობაში, Time-ისთვის დაწერა სტატია, რომელიც ასე იყო დასათაურებული -  ”არ იფიქროთ, რომ აჰმედინეჯადმა მართლაც წააგო”. ამ სტატიაში ის დაუპირისპირდა დომინანტურ დასავლურ ნარატივს, რომლის თანახმადაც თეირანში უკანონო სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.

ბევრი აღნიშნავდა, რომ ”არჩევნების წინ დასავლელების მიერ ჩატარებულმა სარწმუნო გამოკითხვამ აჩვენა, რომ აჰმადინეჯადს იმ 63%-ზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე მან სინამდვილეში მიიღო”. ბევრმა დასავლური მედია იმაშიც დაადანაშაულა, რომ ”ის ირანს იმ საშუალო კლასის, ინტელიგენციის ვიწრო პრიზმიდან ხედავს, რომელიც დამოკიდებულია ინტერნეტზე, ამერიკულ მუსიკაზე და უფრო  დიდი მაზობით ელაპარაკება  დასავლურ პრესას”.

ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც  გაყალბებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ დავებზე მიდგება საქმე, დასავლეთის ორმაგი სტანდარტები თვალში საცემია.  მექსიკის 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ნეო-ლიბერალმა, ანტი-მემარცხენე და პრო-ამერიკელმა ფელიპე ქალდერონმა 0.58%-ით გაიმარჯვა.

მემარცხენე კოალიაციამ  საარჩევნო უბნების 30%-ზე მეტში დარღვევებზე განცხადება გააკეთა და მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო, მაგრამ ვაშინგტონმა პროტესტანტების არგუმენტებს მხარი არ დაუჭირა და არჩევნებთან დაკავშირებული უთანხმოება თითქმის არ გაშუქებულა მეინსტრიმულ მედიაში. რატომ? იმიტომ რომ  ”საჭირო” მხარემ გაიმარჯვა.

ასევე ნაკლები ყურადღება მიექცა შესაძლო საარჩევნო დარღვევებს, როდესაც ფანატიკურად პრო-დასავლელმა ”ვარდების რევოლუცი”-ონერმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოში ხმების ძნელად დასაჯერებელი 96% მოიპოვა.

მაგრამ როდესაც ალექსანდრე ლუკაშენკომ, მემარცხენემ და დამოუკიდებელი პოზიციის მქონემ ბელორუსიაში ხმების 82% მიიღო, ცხადი იყო, რომ არჩევნები დადგმულია. დასავლეთმა ოპოზიციური კანდიდატის ალექსანდრე მილინკევიჩის პოზიციას დაუჭირა მხარი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ სულ ხმების 6% მოიპოვა, მთავრობის გადაგდებისა და ლუკაშენკოს სიკვდილისკენ მოუწოდებდა.

თუ თქვენ იმ მხარეს არ ხართ, რომელსაც ძია სემი უჭერს მხარს, როგორც სჩანს თქვენ არ მოგეცემათ არჩევნებში პატიოსანი და სამართლიანი გამარჯვების საშუალება და როგორც ვიქტორ იანუკოვიჩმა  შეიძლება აღმოაჩინოს, თქვენ უნდა მოემზადოთ ღამის ქუჩის პროტესტებისთვის, რომელთაც CNN და BBC მოემსახურება და გადასცემს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.