აჯანყებული აფხაზეთის პირველი ლიდერი

სტუარტ ვილიამსი
იგი სამოქალაქო ომს ედგა სათავეში და 1992 წელს ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა
ვლადისლავ არძინბა, საქართველოს აჯანყებული რესპუბლიკის აფხაზეთის ლიდერი, რომელიც თბილისთან სამოქალაქო ომს ედგა სათავეში, შემდეგ კი დე-ფაქტო დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გუშინ 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრეს”-მა განაცხადა, რომ ის ღამით მოსკოვის ერთ-ერთ ჰოსპიტალში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ბოლო წლებში არძინბას რესპუბლიკაში საჯაროდ იშვიათად ხედავდნენ.
არძინბა აფხაზეთის (შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის მდებარე მდიდრული სანაპირო ტერიტორიის) რეგიონალურ ლიდერად 1990 წელს საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდში იქცა და მისი სეპარატისტული ამბიციების საუკეთესო გამომხატველი აღმოჩნდა.
როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახლად გათავისუფლებულ საქართველოსთან სიტუაცია დაიძაბა, აფხაზეთმა არძინბას ხელმძღვანელობით 1992 წელს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
სამოქალაქო ომი მას შემდეგ გაჩაღდა, რაც საქართველომ რეგიონში სტატუს ქვოს შენარჩუნებისთვის არმია გაგზავნა, მაგრამ 1993 წლის ბოლოს აფხაზმა აჯანყებულებმა ის სასტიკი ბრძოლის პირობებში ტერიტორიიდან განდევნეს და თბილისმა რეგიონზე კონტროლი დაკარგა.
ომში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა და 250 000 ადამიანი, დიდწილად ეთნიკური ქართველები, დევნილებად იქცნენ. ერთ დროს ეკონომიკურად აყვავებული რეგიონი და საბჭოთა დროის ტურიზმის ეპიცენტრი დაინგრა.
არძინბა აჯანყებული რეგიონის პრეზიდენტი 1994 წელს გახდა. მეორე ვადით ის 1999 წელს აირჩიეს. საბოლოოდ 2005 წელს მან ხელისუფლება მის მემკვიდრეს სერგეი ბაღაფშს დაუთმო, რომელიც დღესაც გამოყოფილი რეგიონის მმართველია.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა აფხაზეთის და მეორე გამოყოფილი რეგიონის სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ნაბიჯი, რომელსაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიბაძა.
კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა არძინბას გარდაცვალების გამო აფხაზების სეპარატისტ ლიდერს სერგეი ბაღაფშს სატელეფონო საუბარში მიუსამძიმრა.
ბაღაფშმა, რომელმაც თავისი დაბადების დღე ასევე გუშინ აღნიშნა (ის 61 წლის გახდა), თავისი წინამორბედი შეაქო. ”მისი წვლილი აფხაზი ხალხის სამსახურში უსაზღვროა, მისი თავგანწირვა მათი კეთილდღეობისთვის – სრული” – ნათქვამია ბაღაფშის განცხადებაში.
”მთელი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი დიასპორის მეხსიერებაში პრეზიდენტი არძინბა დარჩება ადამიანად, რომელსაც გააჩნდა ხედვა, თანაგრძნობა და მტკიცე სურვილი მისი ქვეყანა ეხილა მსოფლიოს თავისუფალ და დამოუკიდებელ ერთა შორის”.
ცხადია აფხაზეთის დევნილი პარლამენტის თავმჯდომარემ, სეპარატისტების მოწინააღმდეგე გიორგი გვაზავამ საპირისპირო მოსაზრება გამოსთქვა.
”არძინბა იყო ადამიანი, რომელმაც აფხაზეთი კატასტროფამდე მიიყვანა. ის სათავეში ედგა ძმათამკვლელ ომს, რომელიც ეთნიკური ქართველების გენოციდით დასრულდა” – განუცხადა მან AFP–ს.
”ამ ომის უკანასკნელი შედეგი რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია იყო. მან ქართულ გულს რუსული ჩექმა არჩია”.
აფხაზეთის ეკონომიკა კვლავ მძიმე მდგომარეობაშია, რადგან მას არა აქვს საერთაშორისო აღიარება და საგარეო ინვესტიციების 80% რუსეთზე მოდის.










