აფხაზეთის ყოფილი ლიდერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

ვლადისლავ არძინბას გარდაცვალების ამბავი გუშინ გავრცელდა. 1990–იანი წლების დასაწყისში ის საქართველოსგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის კამპანიას ხელმძვანელობდა. არძინბა 64 წლის იყო და ათ წელიწადზე მეტხანს დაავადებული იყო პროგრესული დეგენერაციით, რომლის გამოც ბოლოს ინვალიდის სავარძელში მოხვდა.
არძინბა 1945 წლის მაისში სოფელ ეშერაში დაიბადა და 1966 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. ასპირანტურაში იგი მოსკოვში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ევგენი პრიმაკოვის ხელმძღვანელობით სწავლობდა, რომელიც მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.
არძინბას პოლიტიკური აქტივობა 1989 წელს იწყება, როდესაც ის სსრკ–ს სახალხო დეპუტატთა კონგრესში აირჩიეს – ახალი ტიპის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც იმ დროს კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა ე.წ. „გლასნოსტის“ ეპოქის პიკში შექმნა. ამ თვალსაზირისით, ბრიტანელი პროფესორი ჯორჯ ჰუიტი ხაზს უსვამს იმ პერსონალურ თვისებებს, რომლითაც არძინბამ ნაციონალურ ცნობადობას მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიაღწია: ის მკაფიოდ ახდენდა იმ პრობლემების არტიკულაციას, რომელთა წინაშეც იდგნენ სახელმწიფოთა ეთნიკური უმცირესობები და მათ სამომავლო იმედებზე საუბრობდა.
ერთი წლის შემდეგ არძინბა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჯერ დეპუტატად, შემდეგ კი თავმჯდომარედ აირჩიეს.
მას შემდეგ რაც საქართველომ არაერთხელ უარყო აფხაზების წინადადება დაეწყოთ მოლაპარაკება ფედერალური ურთიერთობების ოფიციალური ხელშეკრულებით გაფორმებაზე, შეიარაღებული ეროვნული გვარდია თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიჭრა. არძინბა აფხაზეთის თავდაცვის კოორდინაციას გუდაუთადან, სანაპირო ქალაქიდან ახდენდა, სადაც რესპუბლიკის ლიდერებმა თავი მას შემდეგ მოიყარეს, რაც ქართველებმა სოხუმის ოკუპაცია მოახდინეს.
როდესაც აფხაზებმა და მათმა ჩრდილო კავკასიელმა მოკავშირეებმა სოხუმი ხელახლა დაიკავეს და 1993 წლის 30 სექტემბერს ომი დასრულდა, ჰუიტი წერს, რომ არძინბას ბრძანებით მომზადებულ სააგიტაციო ფურცლებში, რომლებიც ომის დროს ქართველების მიერ ოკუპირებულ დასახლებებში გავრცელებისთვის მომზადდა, ის აფხაზებს დიდსულოვნებისკენ მოუწოდებდა და მიმართავდა მათ უარი ეთქვათ შურისძიების აქტებზე როგორც ქართველი ჯარისკაცების (რომლებიც აირაღს ჩააბარებდნენ), ასვეე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.
ომში გამარჯვების შემდეგ, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მხრიდან მრავალი წლის განმავლობაში იზოლაციის და ემბარგოს ობიექტი იყო. 1994 წელს, არძინბა აფხაზეთისთვის ახალი კონსტიტუციის შექმნას ხელმძღვანელობდა, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკას, როგორც სუვერენულ, დემოკატიულ, კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად განსაზღვრავს. 1994 წლის 26 ნოემბერს არძინბა პრეზიდენტად აირჩიეს
პირველად რუსეთის ფედერაციისა და შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპორადული საშუამავლო ინიციატივების შემდეგ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ოფიციალური შეთანხმების მიღწევაზე, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გარანტიებს ქმნიდა, სიტუაციაში შედარებით გაუმჯობესდა, განსაკუთრებით 1998 წლის მაისში აფხაზეთის სამხრეთ რაიონში გალში ქართული პარტიზანული ფორმირებების წარუმატებელი შეჭრის შემდეგ.
თავად არძინბას ქართველები ყოველთვის მკაცრად აკრიტიკებდნენ და განსაკუთრებით იმ პასუხგაუცემელი კითხვების გამო, რაც არსებობდა მის როლთან დაკავშირებით 1993 წლის სექტემბერში სოხუმიდან ქართველების ევაკუაციამდე ცოტა ხნით ადრე ჟიული შარტავას სიკვდილით დასჯის გამო, რომელიც პრო–თბილისური ოკუპაციური მთავრობის ხელმძღვანელი იყო.
საბოლოოდ აფხაზეთმა ოფიციალურად თბილისისგან დამოუკიდებლობა 1999 წელს გამოაცხადა. იმავე წლის ოქტომბერში არძინბა წინააღმდეგობის გარეშე პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მისი ავადმყოფობის შესახებ ქართულ მედიაში ცნობები 2001 წელს გაჩნდა. მას არაერთხელ მოუხდა მოსკოვში ხანგრძლივი მკურნალობისთვის გამგზავრება. ჰუიტის თანახმად, პრეზიდენტობის ბოლო წლებში არძინბას მოვალეობას მისი ვიცე–პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ასრულებდა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა არძინბასთან მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი საჯარო პოლიტიკიდან წავიდა.
არსებული ინფორმაციით არძინბა იმედოვნებდა, რომ მისი მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ 2004 წლის ოქტომბერში ხაჯიმბას აირჩევდნენ, რომელიც მის გზას განაგრძობდა. მაგრამ მოსკოვის მხრიდან ხაჯიმბას აქტიური ლობირება კონტრპოდუქტიული აღმოჩნდა და ჩიხური სიტუაცია, რომელიც არჩევნებს მოჰყვა, მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც რუსეთის წამყვანმა პოლიტიკოსებმა ხაჯიმბა და მისი კონკურენტი სერგეი ბაღაფში დაარწმუნეს, რომ ხელახალ არჩევნებში ერთიანი გუნდით გამოსულიყვნენ.
ჰუიტი, რომელიც არძინბას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იცნობდა, მას ახასიათებს, როგორც „გამოჩენილ აკადემიკოსს, როგორც აფხაზების, ასევე ზოგადად უმცირესობათა უფლებების გამოკვეთილ დამცველს, შთამბეჭდავ სამხედრო ლიდერს, პატრიოტ პოლიტიკოსს და პრეზიდენტს, რომელთანაც თბილისს თანამშრომლობა შეეძლო“, ქართველ ლიდერებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის სურვილი ჰქონოდათ.
რუსი პოლიტოლოგი ალექსანდრე კრილოვი მას აღწერს, როგორც „არატიპურ პოლიტიკოსს – ის ძალიან გულისხმიერი და ძალიან ჭკვიანი იყო – მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში ეროვნული ინტერესების დასაცავად მას გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა შეეძლო“.
4 მარტს, აფხაზური ტელევიზიით გამოსვლისას, ბაღაფშმა, რომელიც გასულ დეკემბერს თავადაც მეორე ვადით აირჩიეს, თავის წინამორბედს „ეროვნული გმირი“ და „გამოჩენილი ისტორიული ფიგურა“ უწოდა.











