საქართველოს კეთილი ნების ჟესტი, რუსეთის ბატონობა
![]()
გიორგი ბადრიძე
შეცდომაა იმის ფიქრი, თითქოს სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის გარდა ვინმე ბატონობს
ძალიან შევწუხდი, როდესაც გავეცანი Guardian-ში გამოქვეყნებულ ჯორჯ ჰუიტის სტატიას საქართველოს ძალისხმევაზე, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის მოწესრიგებისკენაა მიმართული.
გასაოცარია, როდესაც ჰუიტი თითქმის არ ახსენებს რუსეთს: ქვეყანას, რომელსაც ამ ტერიტორიებზე ათასობით სამხედრო ჰყავს განთავსებული, რომელიც აიძულებს იქ დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღებას და რომელმაც სასტიკი ეთნიკური წმენდის კამპანიებით საკუთარი სახლებიდან თანმიმდევრულად გამოდევნა აფხაზეთის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი – 350 000-ზე მეტი ქართველი და სხვა ეროვნების ადამიანები.
თუკი თქვენ მხოლოდ იმ ადამიანების მოსაზრებებს მოისმენთ, რომლებიც სახლებიდან არავის გამოუყრია, ანუ პატარა უმცირესობას, ეს ეთნიკურ წმენდას ლეგიტიმაციას სძენს? იმ დევნილი ადამიანების აზრს რა ვუყოთ, რომლებიც საქართველოში დღემდე ბანაკებში ცხოვრობენ? ეს მე 1930-იან წლებში სუდეტის ამბავს მაგონებს, როდესაც გერმანელებმა ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის შემდეგ ის დაანაწევრეს და ამ ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია მოახდინეს.
ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა ყველა ჩვენთაგანისთვის ცნობილია – ჩვენ ერთად მშვიდობით უნდა ვიცხოვროთ. პრობლემა ის არის, ამას როგორ უნდა მივაღწიოთ. პრეზიდენტი სააკაშვილი განწყობილია იმ ადამიანების გულების და გონების მოსაგებად, რომლებიც ამ ტერიტორიებზე რჩებიან, თუმცა იგი ასევე განწყობილია რომ ისინი, ვისაც ეთნიკურ წმენდას უწყობდნენ, საკუთარ სახლებში დააბრუნოს.
საქართველომ მათ ზეთისხილის რტო გაუწოდა. იმედი მაქვს რომ ისინი მას მიიღებენ, თუმცა იქნებ დავიჯეროთ ოცნების რეალობად წარმოდგენის სურვილი, რომ ამ გადაწყვეტილებას სამხრეთ-ოსეთში ან აფხაზეთში მიიღებენ. სწორედ კრემლია, ვინც აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში ყველაფერს მართავს და სხვაგვარად ფიქრი გულუბრყვილობა და შეცდომაა.
რაც შეეხება ჰუიტის მიერ სტალინის გახსენების და მის ქართველ ნაციონალისტად წარმოდგენის მცდელობას, ვფიქრობ ეს პათეტიკა და ისტორიული ფაქტების სასტიკი დამახინჯებაა: ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ველიკო-რუსულმა შოვინისტურმა პოლიტიკამ ის რუსეთის ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ლიდერად აქცია.
დარწმუნებული ვარ ჰუიტს მისი ნათესავებისთვის აფხაზეთში მხოლოდ სიკეთე სურს, თუმცა სამწუხაროა ის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ილუზორული დამოუკიდებლობის ეიფორიით შეპყრობილს, მას არ სურს იმის დანახვა, რომ ეს ადამიანებისგან დაცლილი ტერიტორიები სინამდვილეში რუსეთის საომარი ზონის, ჩრდილოეთ-კავკასიის ნაწილებად იქცა, სადაც მასობრივი უმუშევრობა, კორუფციის ბატონობა და ადამიანთა საბაზისო უფლებების დაცვა რუსული სტანდარტებითაც კი კატასტროფულია.










