უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა კრემლში მხარდამჭერებს შეიძლება იმედი გაუცრუოს
![]()
ფილიპ პენი
მოსკოვი – უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციას რუსულ მედიაში გასულ კვირას ისე ზეიმობდნენ, როგორც კრემლის დიდი ხნის ნანატრ გამარჯვებას. კრემლი ხუთი წლის წინ ცდილობდა მის თანამდებობაზე მოყვანას, მაგრამ ეს მცდელობა იმ მასობრივმა პროტესტმა ჩაშალა, რომელიც ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის სახელით გახდა ცნობილი
ახლა ძალაუფლება მის ხელშია, მაგრამ კაცი რომელიც რუსეთისთვის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მმართველად სასურველი არჩევანი იყო, შესაძლოა ბევრად უფრო ნაკლებად მოერგოს მოსკოვის ინტერესებს და უფრო ღია იყოს ვაშინგტონთან, ვიდრე ამას კრემლი ისურვებდა.
ტრადიციის დარღვევით, იანუკოვიჩი პირველი ოფიციალური უცხოური ვიზიტით, მოსკოვის ნაცვლად, სადაც ის პარასკევს გაემგზავრება, ორშაბათს ბრიუსელს ეწვევა, იქ სადაც ევროპის კავშირის შტაბ-ბინა მდებარეობს. ეს გადაწყვეტილება იმ კამპანიას მოჰყვა, რომლის განმავლობაშიც მან სცადა თავიდან მოეცილებინა კრემლის ლაქიის რეპუტაცია და თავი წარმოედგინა როგორც ევროპასთან შემდგომი ინტეგრაციის, ასევე რუსეთთან უფრო ახლო კავშირების მხარდამჭერად.
ხაზი რომელსაც იანუკოვიჩი და მისი მრჩეველები ატარებენ ასეთია – ის პრო-უკრაინელი და არა პრო-რუსული, ან პრო-დასავლელი პრეზიდენტი იქნება. თავის საინაუგურაციო მიმართვაში მან პირობა დადო, რომ უკრაინა ”აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის როლს შეასრულებს”, იქნება ”განუყოფელი ნაწილი ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირისა ერთდროულად და ქვეყანა რომელიც ყველა ბლოკს მიღმა დარჩება”.
ეს რიტორიკა როგორ გადაიყვანება პოლიტიკაში, განსაკუთრებით უკრაინის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული სექტორისთვის გაურკვეველია და ამ კვირებში და თვეების მანძილზე იანუკოვიჩის შეხვედრებზე ყურადღებიანი განხილვის საგნად იქცევა.
ბევრი მოსკოველი ანალიტიკოსის თქმით, მოსკოვი დასავლეთზე მეტად იქნება იმედგაცრუებული, თუნდაც იმიტომ რომ მას იანუკოვიჩის მმართველობისგან ბევრად მეტი რამ სურს. მის წინამორბედთან, ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის გმირთან, პრო-დასავლელ ვიქტორ იუშჩენკოსთან ხუთწლიანი მწარე დაპირისპირების შემდეგ, კრემლმა ნამდვილად ბევრი წყენა დაიგუბა, რამაც რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობები უდაბლეს საფეხურამდე დაიყვანა.
პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის გეგმის თითქმის სათავეში უკრაინის იმ მილსადენების კონტროლია, რომლითაც რუსეთი ბუნებრივი აირის უმეტესობას ევროპას გასაყიდად აწვდის. მეორე ამოცანა უკრაინისა და ნატო-ს თანამშრომლობის შესუსტება და უკრაინის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უფლებების გაფართოვებაა. გარდა ამისა, უკრაინაში რუსი ინვესტორებისა და რუსული ბიზნესისთვის უფრო ფართო შესაძლებლობების შექმნაა.
”მე ვფიქრობ, რომ ელიტა აქ უფრო მეტს ელის იანუკოვიჩისგან ვიდრე მას შეუძლია მისცეს” – ამბობს დიმიტრი ორეშკინი, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი და მეცნიერი მოსკოვიდან. ის აღნიშნავს, რომ რუსული მედია ახალ პრეზიდენტს ”ძალიან პრო-რუსულ პოლიტიკოსად წარმოაჩენდა”.
”თუმცა რეალურადაც” – ამბობს ორეშკინი, იანუკოვიჩი იძულებულია რუსულენოვან აღმოსავლეთ-უკრაინაში თავისი პოლიტიკური დასაყრდენი გააფართოვოს, სადაც მან მეტი ხმა მიიღო ვიდრე დასავლეთ-უკრაინაში, რომელიც უნდობლობით ეკიდება რუსეთს და უფრო მეტად სურს ევროპაში ინტეგრაცია.
ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები, ბევრად უფრო ნაკლებს ელიან, ნაწილობრივ იმიტომ რომ იმედგაცრუებულები არიან იუშჩენკოს ხუთწლიანი უთანხმოებით ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის სხვა ლიდერებთან და იმითაც, რომ მან ვერ შეასრულა დემოკრატიული რევოლუციის დანაპირები.
”თუ დასავლეთი გასული ხუთი წლის განმავლობაში უკრაინით იყო იმედგაცრუებული, მე ვფიქრობ რომ ახლა რუსეთის ჯერი დადგა” – ამბობს სამუელ ჩარაპი, რეგიონის ექსპერტი ვაშინგტონიდან (Center for American Progress). ”თუ რუსულ პრესას დავუჯერებთ, მათ სურვილების მთელი ნუსხა აქვთ… თუმცა არა მგონია, ყველაფერი შეუსრულდეთ”.
ჩარაპი ამბობს, რომ ამასთან შედარებით ვაშინგტონის მოლოდინი მოკრძალებული იქნება. აშშ და ევროპის მაღალჩინოსნები კვლავაც მოუწოდებენ იანუკოვიჩს ნატო-სთან განაგრძოს თანამშრომლობა და მიიღოს კანონი, რომელიც ერთობლივ წვრთნებს გახდის შესაძლებელს – ამბობს ის. ისინი ასევე შეეცდებიან მიაღებინონ ისეთი ეკონომიკური ზომები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგანგებო სესხის განბლოკვას.
მოსალოდნელია ისიც, რომ ობამას ადმინისტრაცია უკრაინაზე განაგრძობს ზეწოლას, რათა მან ენერგეტიკული სექტორი გაწმინდოს კორუფციისგან, რომელიც სწორედ ამიტომ განიხილება პოლიტიკური არასტაბილურობის წყაროდ. ეს მომენტი როგორც პრიორიტეტი, უკრაინაში ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გასული ზაფხულის ვიზიტისას ცალკე იქნა ხაზგასმული, მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, იანუკოვიჩის მხარდამჭერ ბიზნესმენთა ინტერესების გამო, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები მოსალოდნელი არ არის.
მიხეილ გონჩარი, უკრაინული ”ნომო ცენტრი”-ს ენერგეტიკული პროგრამების დირექტორი ამბობს, რომ პირველი ტესტი ამ მიმართულებით იმ წესების მიღება იქნება, რომელმაც უკრაინის საშინაო ენერგეტიკული ბაზარი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. შემდეგი ტესტი ის გახდება, რუსეთის წინადადებაზე შესძლებს თუ არა იანუკოვიჩი უარის თქმას, შეიქმნას საერთაშორისო კონსორციუმი, რომელმაც უნდა განაახლოს და მართოს უკრაინის გაზსადენები, ”ეს გეგმა უკრაინისთვის ფინანსურად ნაკლებად მომგებიანია” – ამბობს გონჩარი.
გონჩაროვი დასძენს, რომ იანუკოვიჩი ახლა განიხილავს რუსეთის წინადადებას უკრაინისა და რუსეთის თანამშრომლობაზე ბირთვული საწვავის წარმოების დარგში, რაც აქედან ამერიკული ატომური გიგანტის Westinghouse-ის წასვლას ნიშნავს. ”ის რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული სექტორის გამო ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება” – ამბობს გონჩარი – ”ეს სერიოზული გამოწვევაა”.
ირინა კობრინოვსკაია, მოსკოვის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის თანამშრომელი ამბობს, რომ ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით ”მძიმე ვაჭრობაა” მოსალოდნელი, მაგრამ ორმხრივი დაძაბულობა შესუსტდება, რადგან იანუკოვიჩი უარს იტყვის თავისი წინამორბედის იმ ძალისხმევაზე, რომელიც ისტორიის გადაწერის მეშვეობით ნაციონალისტურ განწყობებთან აპელირებდა და ”ანტი-რუსულ” ქმედებებს ახორციელებდა.
მართალია ხუთი წლის წინ რუსეთმა იანუკოვიჩს მხარი დაუჭირა და თავისი პოლიტიკოსები კამპანიაში მის დასახმარებლად გააგზავნა, მაგრამ ამას წინათ დამთავრებულ არჩევნებზე თავი დაიზღვია და მიანიშნა, რომ იანუკოვიჩის მთავარ ოპონენტთან, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან მუშაობა სურს, რამაც ტიმოშენკოს რეიტინგის 3.5% დააკარგვინა.
პუტინმა შეაქო მისი საქმიანობა გაზის კონტრაქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს, რადგან წარსულში კანდიდატებმა დააღალატეს. ეს განცხადება ისე გაიგეს, როგორც იმედგაცრუება იანუკოვიჩით, რომელმაც 2006 წლის აგვისტოდან 2007 წლის ბოლომდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას ვერ შესძლო მოსკოვისთვის დანაპირების შესრულება.
ის, თუ როგორ ზემოქმედებას იქონიებს ეს საყვედური იანუკოვიჩის რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე ბუნდოვანია და ვითარებას ისიც ართულებს, რომ ის დღესაც გახლეჩილ მთავრობას უდგას სათავეში – ტიმოშენკომ უარით უპასუხა მის მოთხოვნას დაეტოვებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. იმისთვის, რომ ტიმოშენკოს თანამდებობიდან წასვლა აიძულოს, იანუკოვიჩს ან ტიმოშენკოს კოალიციის პარლამენტარების დათანხმება მოუწევს, ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და შესაბამისად დასავლეთ უკრაინის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვება.
ივანე ლოზოვი, კიევის სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ამბობს, რომ იანუკოვიჩმა ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის შეიძლება ავტოკრატული ნაბიჯები გადადგას, რაც უკრაინის საზოგადოებასთან კონფრონტაციას გამოიწვევს. მსგავსმა ავტორიტარიზმმა 2000-იან წლებში დასავლეთთან გაუცხოება და უკრაინაში რუსეთის გავლენის გაძლიერება გამოიწვია.
”მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, იანუკოვიჩი დაუყოვნებლივ ჩაეხუტოს რუსეთს, რადგან ძლევამოსილი ბიზნესმენები, რომლებიც მას ემხრობიან, ახლა უფრო ვიდრე ხუთი წლის წინ დასავლეთის ბაზრებით არიან დაინტერესებულები და უფრთხიან რუსეთს” – ამბობს ლოზოვი. ”მათთვის ახლა ევროპაა მნიშვნელოვანი“ – ამბობს ის – ”არა მგონია, უკრაინა რუსული დათვის მკლავებში აღმოჩნდეს”.










