რუსეთი ნატო-ში

spiegel

ფოლკერ რუე, კლაუს ნაუმანი, ფრანკ ელბე, ულრიხ ვაისერი.

გერმანიის ყოფილი ფედერალური კანცლერი ჰელმუტ შმიდტი შეწუხებულია იმით, რომ ბევრმა თანამედროვე პოლიტიკოსმა ისტორია ცუდად იცის. ის ალბათ იმასაც დაუმატებდა, რომ შემაშფოთებლად მცირეა ისეთი პოლიტიკოსების რიცხვიც, რომლებიც სტრატეგიულ, ასევე უსაფრთხოების საკითხებში ერკვევიან გერმანიაში ნატო-ს მომავალზე, მის იმიჯზე და სტრატეგიაზე არ მიმდინარეობს არანაირი არსებითი დისკუსია. არავინ განიხილავს იმ საკითხსაც, თუ როგორ შეიძლება რუსეთი ალიანსში გაწევრიანდეს. ბერლინი არც ერთ ამ საკითხზე ლიდერობას არ ავლენს და ხელს  არ უწყობს საერთაშორისო დისკუსიის დაწყებას. ეს ალიანსის ბევრი იმ  წევრის იმედგაცრუებას იწვევს, რომლებიც საკუთარ თავს ეკითხებიან: ხომ არ ეშინია გერმანიას მსგავსი ტიპის დებატების, თუ მას უბრალოდ არ ძალუძს მასში საკუთარ პერსპექტივაზე ორიენტირებული წვლილის შეტანა.

და მაინც, ევროპული უსაფრთხოება უცვლელი მიზანია. ახალი გამოწვევები კი ისეთ მიდგომებს მოითხოვს, რომლებიც წარსული მეთოდებისგან განსხვავდება. ევრო-ატლანტიკურ რეგიონს მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება, თუმცა მას ასევე სჭირდება შიდა საფრთხეებისგან თავის დაცვაც. საბოლოო ჯამში, მრავალპოლარული სამყაროს დაბადება საპასუხოდ მოითხოვს ადეკვატური მეთოდის გამონახვას მსხვილი აზიური სახელმწიფოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სტრატეგიული დინამიკაზე.

ნატო-ს დღევანდელი ფორმით ამ ამოცანებთან გამკლავება არ შეუძლია. მომავალში ალიანსმა საკუთარი თავი უნდა მოიაზროს როგორც სამი ცენტრის – ჩრდილოეთ-ამერიკის, ევროპისა და რუსეთის – ჩარჩო სტრუქტურამ. ამ ტრიოს საერთო ინტერესები აქვს და ისინი მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან. თუკი ალიანსს სურს ყველა კრიზისის გადაწყვეტის ფორუმად იქცეს (რადგან ეს ერთადერთი ფორუმია, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოეთ-ამერიკა, ევროპა და რუსეთი ერთი მაგიდის ირგვლივ სხედან), მან ამისთვის აუცილებელი ინსტიტუციონალური ჩარჩოები უნდა შექმნას. რუსეთისთვის ნატო-ში წევრობის კარი ღია უნდა იყოს. თავის მხრივ რუსეთი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ნატო-ს წევრის უფლებები და ვალდებულებები სხვებთან ერთად გაიზიაროს.

უდაოა რომ ამ ქვეყანას დიდი გზის გავლა მოუწევს, ვიდრე გაწევრიანების პირობები შესრულდება, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 1949 წელს მოეწერა, რუსეთის გაწევრიანებისთვის არანაირ დაბრკოლებებს არ ქმნის. ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების წევრ-სახელმწიფოებს შეუძლიათ დაპატიჟონ ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყანა ალიანსს მიმართოს გაწევრიანების თხოვნით იმ პირობით, რომ ის ხელშეკრულების ძირითად პრინციპებს შეასრულებს, ასევე ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონში ხელს შეუწყობს უსაფრთხოების განმტკიცებას. 21-ე საუკუნეში უსაფრთხოების კონცეფცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვით, არამედ ის ასევე გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების პატივისცემას, რაშიც პოლიტიკური პლიურალიზმი, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, პრესის თავისუფლება და სხვა ფუძემდებლური უფლებები შედის. ევროპული სტაბილურობის საფუძველი სწორედ ამ ნორმების და პრინციპების პატივისცემაა. ამ მიზეზით, ნატო-მ რაც შეიძლება მალე უნდა განაცხადოს იმის შესახებ, რომ ის ღირებულებების ალიანსიცაა და დრო დასჭირდება იმას, რომ რუსეთმა ეს კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილოს, თუმცა წარსულში, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივამ კანდიდატ-წევრებში ისეთი პროცესების ინიცირება მოახდინა, რომლებიც საბოლოო ჯამში მთავარ ფასეულობებზე კონსენსუსის ფორმირებით სრულდებოდა.

ნატო-მ ბოლო წლებში საკუთარი კარი ცენტრალური ევროპის ქვეყნების წევრობას გაუხსნა. ამ მოვლენების კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ რუსეთის გარდა ევროპაში ყველა ქვეყანამ იპოვა საკუთარი ადგილი. დიდი ხნის განმავლობაში ალიანსი რუსეთს იგნორირებას უკეთებდა და მას ისეთივე ყურადღებას არ უთმობდა. ორმხრივი ურთიერთობები არ ვითარდებოდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის სტილში და რუსეთმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობები, შეინარჩუნა რა ნატო-ს მტრის ხატი. იმავდროულად რუსეთთან ურთიერთობებში პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროში, ნატო-ს წევრები ორი ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო იშვიათად მიილტვოდნენ კონსტრუქციული მიდგომების განვითარებისკენ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია იმ პოზიტიურ ტენდენციასთან  შედარებით, რომელიც 1990 წელს სუფევდა, როდესაც ნატო-ს ხელმძღვანელებმა ლონდონში უმაღლესი დონის შეხვედრაზე საბჭოთა კავშირს „მეგობრობის ხელი“ გაუწოდეს.

არ არსებობს საერთო აზრი რუსეთის შეფასებასთან და მასთან დამოკიდებულების განსაზღვრის თვალსაზრისით. ეს ფუნდამენტური საკითხია, რის გამოც ალიანსის და ევროკავშირის წევრებს შორის სერიოზული განხეთქილებაა. ერთ-ერთი ყველაზე სადაო საკითხი ის არის, რომ მთელი რიგი ისტორიული მიზეზების გამო ნატო-ს ახალი წევრები თავიანთ უსაფრთხოებას განსაზღვრავენ, როგორც მიმართულს რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ როცა დასავლეთ-ევროპისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ის, რომ ევროპის შიდა და ზოგადად ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეიძლება შესაძლებელი გახდეს მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა მასთან კონფრონტაციით.

რუსეთი მუდმივად გვაგრძნობინებდა, რომ თავს გარიყულად გრძნობდა ნატო-ს გაფართოვების და იმის გამო, რომ ალიანსის საზღვარი აღმოსავლეთისკენ 1 000 კილომეტრით (620 მილი) გადაადგილდა. ის ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბლოკში გაწევრიანების წინააღმდეგია. ამ საკითხში ჩიხი შეიძლება სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდეს. თუკი რუსეთი ნატო-ს წევრი გახდება, მაშინ საქართველოს და უკრაინის ევროპაში ინტეგრაცია უფრო გამარტივდება – ხოლო ალიანსის წევრობის სურვილიც კი უკვე ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას გულისხმობს.

ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობას რუსეთი მთელი რიგი მიზეზების გამო სჭირდება. ესენია: ენერგეტიკული უსაფრთხოება, განიარაღება, შეიარაღებაზე კონტროლი, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ირანის, ავღანეთის და ახლო-აღმოსავლური კონფლიქტის მოგვარება, ცენტრალურ აზიაში შესაძლო კრიზისის და კონფლიქტის წარმოქმნის შეკავება, გაერო-ს უშიშროების საბჭოში მოსაზრებების ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შემსუბუქება. რუსეთი ევროპას სჭირდება „დიდი რვიანი”-ს და „დიდი ოცეული”-ს ჯგუფების ფარგლებში. დღეს ნატო-სთვის აუცილებელია იმის გაგება, თუ როგორ უნდა გახდეს რუსეთი ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის წევრი.

რუსეთის მონაწილეობა კოლექტიურ უსაფრთხოებაში შეიძენდა როგორც შიდა, ასევე გარე განზომილებას. ალიანსში მკაფიო ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული აბსოლუტური გამჭვირვალობა, ასევე ალიანსის სისტემაში პოლიტიკური ინტეგრაცია და  გადაწყვეტილებების მიღების საერთო პროცესში მონაწილეობა ბოლოს მოუღებდა რუსეთის წარმოდგენებს დასავლეთიდან მომავალ საფრთხეზე. იმავდროულად მთელი ალიანსი სარგებელს მიიღებდა რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო შესაძლებლობებიდან საგარეო საფრთხეების აცილების, ასევე იმ პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით, რომლებიც ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის წინაშე დგას.

ჩრდილოეთ-ამერიკის, ევროპისა და რუსეთის ტრიოს ობიექტური ინტერესი გააჩნია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გადალახვის, უკვე არსებული სტრუქტურების ხარჯზე ძალის ახალი ცენტრების შექმნის არდაშვების, კრიზისულ სამხრეთ რეგიონში პრობლემებთან გამკლავების და არქტიკაში კოოპერაციის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, არსებობენ ძალები რომლებიც რუსეთის ნატო-ში გაწევრიანებას შეეწინააღმდეგებიან.

ამის გამო, აღმოსავლეთ-ევროპელ სკეპტიკოსებთან შიდა დებატებში ნატო-მ მკაფიოდ უნდა განუმარტოს მათ, რომ ალიანსი მხოლოდ მოიგებს იმით, თუკი რუსეთი ნელ-ნელა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ორივე მხარის ინტერესებში იქნება შუალედური ნაბიჯების განსაზღვრა. ამ ნაბიჯებს შორის ერთ-ერთი ალიანსში გაწევრიანების საწყის ეტაპზე შეიძლება გახდეს ნატო-ს და რუსეთის ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ მხარეები ერთმანეთის წინააღმდეგ არანაირი ტიპის იარაღს არ გამოიყენებენ, ასევე ის რომ მათი ბირთვული არსენალები შეიძლება მხოლოდ ერთ მიზანს მოემსახუროს – ბირთვული იარაღის გამოყენების არდაშვებას. აქედან გამომდინარე, მთელი რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი შეიძლება გადატანილი იქნას ცენტრალურ საცავში, სადაც ის მუდმივი საერთაშორიშო მონიტორინგის ქვეშ იქნებოდა და ეს უნდა გაკეთდეს ევროპიდან ამერიკული ბირთვული იარაღის გატანის საპასუხოდ. გარდა ამისა, შეიძლება ნატო-ს და რუსეთის ტერიტორიების დასაცავად საერთო ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნაც.

ტრანს-ატლანტიკური კავშირები ევროპას და ჩრდილოეთ-ამერიკას შორის ამ სამრგოლიან ჯაჭვში შეუცვლელი რჩებოდა – ეს ჩვენს მშფოთვარე სამყაროში გადარჩენის ერთადერთი გზაა, მაგრამ ახლა როდესაც აღმოსავლეთის და დასავლეთის დაპირისპირება დასრულდა, ევროპა გერმანიის ჩათვლით, სტრატეგიულად იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ეს გასულ ათწლეულებში იყო. ცხადია, რომ აშშ-ს ძირითადი ყურადღება აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონისკენაა მიპყრობილი.

ნატო-მ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სტაბილურობის ჩარჩო-სტრუქტურა წარმოადგინა, რამაც ევროკავშირს და ალიანსს ისტორიული ამოცანის შესრულებით დაკავების საშუალება მისცა, რაც ცივი ომის შემდეგ ევროპის რეორგანიზაციასთან, ასევე ევროპაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფასთანაა დაკავშირებული. რუსეთის წევრობა ატლანტიკურ ალიანსში ევრო-ატლანტიკური წესრიგის ჩამოყალიბებისკენ მიმართული ძალისმხევის ლოგიკური დასასრული იქნება, სადაც ნატო უსაფრთხოების მთავარ ინსტიტუტად დარჩება.

ფოლკერ რუე – 1991-1998 წლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრი, გადამდგარი გენერალი;
კლაუს ნაუმანი – გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორი, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე;
ფრანკ ელბე – გადადგომამდე ელჩი ინდოეთში, იაპონიაში, პოლონეთსა და შვეიცარიაში, ასევე ხელმძღვანელობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაგეგმვების კომიტეტს;
ულრიხ ვაისერი – გერმანიის თავდაცვის სამინისტროს დაგეგმვების კომიტეტის ხელმძღვანელი.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.