ვლადიმერ პუტინს ევრაზიული იმპერიის შექმნა სურს
![]()
ტონი ჰელპინი
ვიდრე ვლადიმერ პუტინი კრემლში დაბრუნებაზე ფიქრობს, ამასობაში ნელ-ნელა საბჭოთა კავშირიც აღსდგება. ადამიანმა, რომელმაც კომუნისტური სახელმწიფოს დაშლას „საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა“, როგორც სჩანს ახალი იმპერიის შექმნა გადაწყვიტა
ეს ხელახლა დადასტურდა პუტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის იგორ შუვალოვის განცხადებით, რომ რუსეთს შეუძლია რუბლის გაუქმება და ყაზახეთთან და ბელორუსთან ერთიანი ვალუტის შემოღება.
ქვეყნების ამ სამეულმა უკვე ჩამოაყალიბა საბაჟო კავშირი, ხოლო 2012 წლისთვის ერთიანი ეკონომიკური ბაზრის შექმნას გეგმავს. შუვალოვის თქმით ის არ გამორიცხავს სავალუტო კავშირის შექმნას, როგორც „მომდევნო ლოგიკურ ნაბიჯს“. იმავდროულად, პრემიერის მოადგილემ დასძინა, რომ ასეთი კავშირი ევროზონის მაგალითზე შეიქმნება.
უკანასკნელად, ამ ქვეყნებში საერთო ვალუტა საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა. პარასკევს მოსკოვში უკრაინის ახალ პრო-რუს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრისას პუტინმა მას მომენტალურად შესთავაზა საბაჟო კავშირთან მიერთება.
თუკი უკრაინა ამ კავშირის წევრი გახდება, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების „დიდი ოთხეული”-ს ტერიტორიაზე ევროკავშირიდან- ჩინეთამდე გადაჭიმული საერთო ეკონომიკური სივრცე შეიქმნება, რომლის მოსახლეობაც 213 მილიონ ადამიანს შეადგენს. მისი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ცენტრი მოსკოვში იქნება, სადაც 2012 წელს პუტინი შეიძლება მომდევნო 12 წლით პრეზიდენტი გახდეს.
ერთიანი ვალუტის შემოღებით მას სერიოზული ეკონომიკური ბერკეტები უჩნდება, რითაც ის დოლარს და ევროს პრობლემებს შეუქმნის, რადგან ეს ვალუტა რეგიონალური სარეზერვო ვალუტის სტატუსს შეიძენს. ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსეთმა რომელიც მსოფლიოში ენერგორესურსების უმსხვილესი მიმწოდებელია, მალე შეიძლება ნავთობით ვაჭრობა რუბლში დაიწყოს.
ამ კავშირის აღდგენით რუსეთს საკუთარი პოზიციების განმტკიცების შანსიც ეძლევა იმ პირობებში, როდესაც ის მოქცეული ისეთ გიგანტებს შორის, როგორებიც არიან ევროკავშირი და ჩინეთი, გადარჩენისთვის იბრძვის. ევროპულთან შედარებით მისი მრეწველობა ჩამორჩენილია, ხოლო ერთი მუშახელის შენახვა მას უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ჩინეთს. ამიტომ მომავალში მას ევროკავშირის და ჩინეთის ეკონომიკებისთვის ენერგორესურსების და ნედლი მასალის მიმწოდებლის როლი ელის. პუტინს კი ამ ბაზრებზე ყაზახეთთან და უკრაინასთან კონკურენცია არ სჭირდება.
ერთიანი ვალუტისა და ეკონომიკური სივრცის გრავიტაციულ მიზიდულობასთან გამკლავება სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც გაუჭირდებათ. სომხეთის ეკონომიკა ფაქტობრივად სრულად რუსული კომპანიების ხელშია. მეზობელი აზერბაიჯანი შეიძლება ისეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, როგორიცაა რუსეთის ჩარევა სომხური ანკლავის, მთიანი-ყარაბახის „გაყინულ კონფლიქტში“, ხოლო ყირგიზეთი, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს, მოსკოვისგან უკვე მიიღო 2,15 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი.
თუმცა ევრომ დაადასტურა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ერთიან სავალუტო სივრცეში თავისუფლად შეუძლიათ არსებობა. იქნებ შიში ახალი საბჭოთა კავშირის შექმნაზე გადაჭარბებულია? შეიძლება, მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ჩარევა ყოფილი საბჭოთა სატელიტების საქმეებში ევროკავშირისას ვერ შეედრება.
პუტინმა უკრაინის პრო-დასავლური „ნარინჯისფერი რევოლუცი“-ის შემდეგ შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. ამჯერად, თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის იანუკოვიჩის მიმართ ღია მხარდაჭერას არ ამჟღავნებდა. მალე კი მას ბელორუსსა და ყაზახეთში ლოიალური რეჟიმების შექმნის საშუალება ექნება.
ბელორუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს მესამე საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს სრულდება. მას მოუწევს პუტინისთვის სრული ლოიალურობის დემონსტრირება, თუკი სურს რომ მოეთხე ვადით წარდგენაზე ერთი საერთაშორისო ლიდერისგან მაინც ჰქონდეს მხარდაჭერა. ნურსულთან ნაზარბაევი წელს 70 წლის ხდება და გამოკვეთილი მემკვიდრე არ ჰყავს. როდესაც მისი სამუდამო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, პუტინი იმ დროისთვის სავარაუდოდ კრემლში იქნება და მემკვიდრის შერჩევაზე გავლენის მოხდენის ყველა შესაძლებლობა ექნება.
შესაძლოა, რუსეთთან დათმობისთვის მზადყოფნა და ახალი ერთიანი ვალუტის მქონე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება ის ფასი აღმოჩნდეს, რომლის გადახდაც საკუთარი ნომინალური დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ორივე ქვეყანას მოუწევს.










