სარკოზი რუსეთის ჭკუაზე დადის

liberation

ანდრე გლუკსმანი

დასავლელ ლიდერებს მარგარეტ ტეტჩერის დიდება მოსვენებას არ აძლევს. აიხსნება თუ არა ეს იმით, რომ მან გორბაჩოვი „გამოიგონა“ და მას „რაინდობა“ უწინასწარმეტყველა? თუკი გორბაჩოვი ცივი ომის დასრულების ნამდვილ სიმბოლოდ იქცა, ტეტჩერი წმინდანის გვირგვინით დააჯილდოვეს. სინამდვილეში, ასეთი სასწაულები მხოლოდ ერთხელ ხდება, შემდეგ კი სასწაულის ხიბლი გადის მაგრამ ამის მიუხედავად ელისეს სასახლეში ამ ნომრის გამეორება სურთ, ამჯერად დიმიტრი მედვედევის მონაწილეობით. რა თქმა უნდა, უცბად დაივიწყეს ის, რომ მრავალი წლის განმავლობაში ის პუტინს ემსახურებოდა და ამგვარად ახალი შესანიშნავი პრინცი სენის სანაპიროების დასაპყრობად გაემგზავრა. ფრანგულ-რუსული „თაფლობის თვის“ მისამართით სამთავრობო სტრატეგები ნებისმიერ კრიტიკას უფლებადამცველთა ახირებას და „არარეალისტურს“ უწოდებენ. ვფიქრობ, ყველაფერი სწორედაც რომ პირიქითაა: პარიზისა და მოსკოვის დღევანდელ დაძმობილებას არა რეალიზმის, არამედ არასწორი გათვლის და სასწაულის მოლოდინში ყოფნის ელფერი გასდევს.

დასავლეთი დიდი ხანია კრემლის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ოცნებას ელოლიავება, თუმცა პუტინი საქმით გაცილებით ძნელი მოსადრეკი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ბლერს ეგონა, როდესაც ის ოპერაში დაპატიჟა, ბუშს რომელმაც მის ცისფერ თვალებში „კარგი ბიჭი“ დაინახა, შირაკს რომელმაც მას საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა, ან შრიოდერს რომელმაც მას ბოლოს საკუთარი სული და უბის წიგნაკი მიჰყიდა. ადამიანებისადმი სასტიკი მოპყრობა (200 000 მოკლული ჩეჩენი, ამის ნათელი დადასტურებაა), საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული ქცევების დაცინვა, იმის ყოველდღიური მტკიცებულებაა, რომ „კაგებე-”ს მიერ მომზადებული კადრები არაფრად ვარგა – ამ ყველაფერმა ცხადად გვიჩვენა, რომ  მოდერნიზატორი მეფის მოლოდინი მითი აღმოჩნდა. შემდეგი სვლა: თუკი პუტინმა დემოკრატობაზე გამოცდა ვერ ჩააბარა, ახლა ის ლანგრით ახალ გორბაჩოვს გვთავაზობს.

თუმცა მედვედევი, როგორც ეს მისი დამრიგებლის ერთგულ მოსწავლეს შეეფერება, კავკასიის ომში გამარჯვებით ტრაბახობს. „საქართველო – ეს მე ვარ!“ დარწმუნებულია იგი, დაიპყრო რა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის 20%, რითაც დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც ხელი 2008 წლის აგვისტოში ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მოაწერა. შესანიშნავი დამატებითი სტიმულია „ნდობის სიმბოლოების“ გამრავლებისთვის და უახლესი შეიარაღებით მომარაგებისთვის, არა? „მისტრალი“-ს ოთხი ვერტმფრენმზიდის გარდა პარიზი Panhard-ის მსუბუქი ამფიბია-ტანკების გაყიდვას და კომპანია Turbomeca-ის საშუალებით კა-60 ტიპის ვერტმფრენების მოდერნიზებას გეგმავს.

საქართველოს გაუმარჯოს, ბატონებო! წარმოიდგინეთ ის უსაზღვრო „მადლიერება“, რომელსაც დღეს განიცდიან ხალხები „ადამიანის უფლებების დამცველი ქვეყნების“ მიმართ ბალტიიდან შავ და კასპიის ზღვამდე, რომლებიც მათი უზარმაზარი მეზობლის მხრიდან მუდმივი მუქარების ობიექტად იქცნენ… „მეგობარი“ მედვედევის მიერ გამოქვეყნებულ დოქტრინაში ისინი მკაფიოდ ხედავენ, რომ ნატო დღეს ნომერ პირველი მტერია და ისეთი საფრთხეები, როგორებიცაა ტერორიზმი, ბირთვული იარაღის გავრცელება და აჰმადინეჯადი, უკანა პლანზე გადადის. ისინი იგებენ მიმდებარე რეგიონებში პრევენციული ომების, მათ შორის ბირთვული დარტყმების შესაძლებლობების შესახებაც.

სინამდვილეში პარიზს ახლა არაფერი ხელს არ უშლის იმაში, რომ მსოფლიოს მეორე არმიას ამგვარი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. სარკოზის საპრეზიდენტო კამპანია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ რატომ მოხდა ეს მკვეთრი შემობრუნება? ბიზნესი ბიზნესია? მხოლოდ ფულით ამას ვერ ახსნი.  პარტნიორის კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენებით, მტკიცე საქმიანი კავშირების აგება ვერ მოხდება. არეულობამ Areva-Siemens-ში ყველაზე გულიბრყვილოებსაც კი თვალი უნდა აუხილოს. 2009 წელს გერმანულმა Siemens-მა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ფრანგულ კომპანიასთან ურთიერთობა იმისთვის გაწყვიტა, რომ „როსატომ”-ს შერწყმოდა კონკურენტული ჰიდროელექტროსადგურების  მშენებლობისთვის. საფრანგეთი პირში ჩალაგამოვლებული დარჩა, აქ ასეთ ფანდს არ ელოდნენ და რამდენი „მისტრალი“-ს მიცემა დაგვჭირდება ერთადერთი ელექსტროსადგურის მშენებლობაზე კონტრაქტის ჩაშლით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებისთვის?

ანუ რეალური პოლიტიკა ხომ? მაგრამ ახალი ფრანგული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში რეალიზმით კი არ სცოდავს (ადამიანის უფლებების დაცვის საზიანოდ), არამედ გულუბრყვილობით (თანამშრომლობის პერსპექტივების რაციონალური და გონივრული შეფასების საზიანოდ). ნეოკოლონიალურმა მიმდინარეობებმა გერმანულ მრეწველობას აღმოსავლეთით მოძრაობისკენ უბიძგა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი საფრანგეთი დღეს გაქანებულ მატარებელზე შეხტომას ცდილობს და ისევე როგორც ნებისმიერი ახალბედა, ცდილობს გერმანიას გაასწროს და ფსონი სიკვდილთან ვაჭრობაზე დადოს. გამოდის, იმის მტკიცება რომ იარაღის გაყიდვა ხელს უწყობს რეფორმების გატარებას და იმპერიული ამბიციების მოსპობას, სინამდვილეში სერიოზული და რეალისტურია?

სინამდვილეში მედვედევი – პუტინის მემკვიდრე არ არის. იგი მისი მოსწავლეა, მისი დუბლიორი, მისი ფარი, რომელიც მისკენ მიმართულ დარტყმებს აიცილებს. პუტინი კვლავ მთავარია და არანაირი დამოუკიდებლობა მის „ორეულს“ არა აქვს. მედვედევს კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი, ამბობენ პარიზში და ეს მისთვის შესაძლებლობების ფართო სპექტრს შლის. ორი წელი? და მერე რა? და მერე ვინ? მედვედევი „სამართლებრივ ნიჰილიზმზე საუბრობს“ და შემდეგ რა მოხდება? არც არაფერი. 20 000 ჩეჩენი ციმბირში სულს ღაფავს, ხადარკოვსკი როგორც სჩანს მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებს იმისთვის, რომ გაბედა და „გაზპრომ“-ს შეეწინააღმდეგა, ჟურნალისტების, ადვოკატების და ოპოზიციონერების მკვლელობების დამკვეთებს არ ეძებენ, დამნაშავეებს ათავისუფლებენ, ორგანოებში მომუშავე ადამიანების იმ მცირე ჯგუფს, რომელიც ბედავს კორუფციაზე საუბარს ციხეებში ამწყვდევენ, ხოლო ოლიგარქები შეფის ხელდასმით ყვავიან. ზოგიერთი წმენდა მკაცრად გასაიდუმლოებულია, როდესაც უცნობი რჩება ვინ, რა და რისთვის გააკეთა და თუკი ფრანგი ჩინოვნიკები ამტკიცებენ,  რომ ამ შავ მორევში ორიენტირება არ უჭირთ, მაშინ ჩნდება კითხვა, რითი იკვლევენ ისინი გზას? რატომ არიან ასეთი დარწმუნებულები, რომ მოსკოვით მანიპულირება შეუძლიათ? ასეთ „რეალიზმს“ სხვა სახელიც აქვს: ოცნება ყოვლისშემძლეობაზე.

იმავდროულად ყველა სულელს, როგორადაც უდაო რომ მათ თვალში ვჩანვართ, დაუსრულებლად ერთსა და იმავე გასაოცარ არგუმენტს ეუბნებიან: „ცივი ომი დასრულდა!“ თითქოს ფაქტი უდაოა, მაგრამ გააჩნია როგორ შეხედავ. ომი ოფიციალურად 20 წლის წინ დასრულდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ორი ომი მივიღეთ ჩეჩნეთში, სამი იუგოსლავიაში, კონფლიქტი საქართველოში, დაძაბულობა უკრაინაში და ა.შ. და წარმოაჩინა კი რუსეთმა თავის სანდო პარტნიორად ამ მძიმე კრიზისების პერიოდში, რომლებსაც ევროპა 1989 წლის შემდეგ წააწყდა? ცივი ომის დასრულების გამოცხადება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კრემლის ორთავიანი არწივის და ევროკავშირის 27 ვარსკვლავის ურთიერთობებში ჰარმონიამ დაისადგუროს. როდესაც ვლადიმერ პუტინმა სსრკ-ს დაშლას „მეოცე საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა, დიმიტრი მედვედევს ეს არ გაუპროტესტებია. სწორედაც რომ პირიქით, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება სულ ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ევროპაში პირველი ტერიტორიული ანექსია განახორციელა. ამ სიტუაციაში მინიმუმ სიფრთხილე ურიგო არ იქნებოდა.

როდესაც ერთი პრეზიდენტი მეორეს ხვდება, ღიმილი, ზრდილობა და ხელის ჩამორთმევა კარგი ტონის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მას არავითარ შემთხვევაში ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს, თორემ საკუთარი ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდება.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.