საქართველოს ოპოზიცია: არჩევანი ერთიანობასა და პრინციპებს შორის

გია ნოდია
მას შემდეგ, რაც გასულ გაზაფხულს მასობრივი გამოსვლებით საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებიდან წასვლა ვერ აიძულეს, ოპოზიციაში არეულობამ დაისადგურა გარკვეული დროის განმავლობაში ეს ცხადად ჩანდა, მაგრამ თებერვლის მეორე ნახევარში განვითარებულმა მოვლენებმა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ყურადღება ირაკლი ალასანიას, ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის, უმრავლესობის აზრით მაისის მუნიციპალურ არჩევნებზე თბილისის მერის გიგი უგულავას მთავარი მეტოქის ქაოტურ მანევრებზე შეჩერდა. კომედიური შოუს წამყვანმა ისიც კი სთქვა ხუმრობით, რომ კისერი ეტკინა ალასანიას წინ და უკან სირბილის ყურებით.
დედაქალაქის მერის არჩვენებთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიციის მოთხოვნათა შესაბამისად პირდაპირი წესით პირველად აირჩევენ, ფსონი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ამას ვინმე ჩვეულებრივი დემოკრატიის პირობებში შეიძლება ელოდეს. ოპოზიცია დედაქალაქში ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოს სხვა კუთხეებში. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ოპოზიციის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ დედაქალაქში გაიმარჯვა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით დამარცხდა.
იმით რომ პირდაპირ არჩევნებზე დასთანხმდა, ხელისუფლება სერიოზულ პოლიტიკურ რისკზე წავიდა და მმართველ პარტიაში ამას ბევრი არ ეთანხმებოდა. თბილისის მერის თანამდებობა ოპოზიციის კანდიდატისთვის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ძლევამოსილი ტრამპლინია, თუმცა არსებობს საპირისპირო რისკიც – თუ ოპოზიცია თუნდაც თბილისში ვერ შესძლებს გამარჯვებას, ე.ი. მას ქვეყნის მასშტაბით გამარჯვების იმედი რეალურად არა აქვს.
სააკაშვილის გათვლა მარტივია. როგორც კი დგება მომენტი, როდესაც ოპოზიციამ ზუსტად უნდა განსაზღვროს მერობის კანდიდატი, მისი ლიდერები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს კი უგულავას, რომელიც მოკრძალებული, მაგრამ ეფექტური მენეჯერის იმიჯს იქმნის, იმის საშუალებას მისცემს, რომ ჩუმად და დამსახურებულად მოაგროვოს ხმების უმრავლესობა. როგორც სჩანს, ეს გათვლა სწორია.
როგორ მიიღწევა ერთიანობა?
ოპოზიციას ესმის, რომ მისი ერთადერთი შანსი ერთიანობაა, მაგრამ როგორ მიიღწევა ის ზუსტად და რაც მთავარია ვის გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება? საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ადასტურებს, რომ ყველაზე დიდი პერსპექტივა ალასანიას აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის ყველა პოპულარული ლიდერი იტყვის, რომ მხარს უჭერს მას, მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რისი გაკეთებაც მათ არ სურთ. ამიტომაა, რომ ისინიც კი, ვისაც სააკაშვილი არ უყვარს, უკვე ლაპარაკობენ თბილისში მაისის არჩევნებში ოპოზიციის გარდაუვალ დამარცხებაზე. სულ უფრო მკვეთრად გაისმის მოთხოვნები ოპოზიციის გაერთიანებისკენ.
სწორედ ეს იმალება ალასანიას ამასწინანდელი მიმოსვლის უკან. პირველი – მისმა პარტნიორებმა კოალიციიდან, ”ახალმა მემარჯვენებ”-მა და ”რესპუბლიკელებ”-მა ასეთი ფორმულა წამოსწიეს – ”ყველა მინუს ერთი”, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ყველასთან, გარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელისა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პარტია ”ერთიან რუსეთ”-თანაა კავშირში. ალასანიას ”თავისუფალი დემოკრატები” ეთანხმებოდნენ წინადადებას ნოღაიდელის გამორიცხვის თაობაზე, მაგრამ ეს ფორმულა მიუღებელი გახდა სხვა ოპოზიციური ფიგურებისთვის, ყველაზე მეტად კი პოპულარული ძმები გაჩეჩილაძეებისთვის, რომლებიც უფრო მოსწონთ რიგითი თბილისელების უმეტესობას, ვიდრე ზედმეტად თავაზიანი ალასანია და ოპოზიციის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ მაისში გამარჯვებისთვის ალიანსი გაჩეჩილაძესა და ალასანიას შორის მათი ერთადერთი იმედია.
მოკლედ, რამდენიმე დღის წინ ალასანიამ შეცვალა აზრი და განაცხადა, რომ დაეთანხმა სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ შეთავაზებულ პრინციპს ერთიანი კანდიდატის წამოყენების შესახებ (ეს იმას ნიშნავდა, რომ ის დაეთანხმა, ნოღაიდელთან ერთად კამპანიაში მონაწილეობაზე), მაგრამ მან ნება დართო პარტნიორებს თავისი კოალიციიდან კამპანიისას საკუთარი სტრატეგია აერჩიათ. ეს ”ალიანსი საქართველოსთვის” დასასრულს ნიშნავდა, მაგრამ დაიწყო თუ არა ამ მოვლენის განხილვა, როდესაც კიდევ ერთი ახალი ამბავი ამოტივტივდა: ალასანია ალიანსში ბრუნდება და აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს, რადგან გადაწყვიტა რომ საერთო ოპოზიციური კანდიდატის ძიება ამაოა. თავად ალასანია რამდენიმე დღე აღგზნებული ჟურნალისტების ამალას ემალებოდა. სხვა თუ არაფერი ამ გაუგებარი ზიგზაგების ახსნა რთული იქნებოდა.
ყველაფერი ეს ძირითადად შეიძლება ალასანიას მერყევ ბუნებას მიეწეროს, რაც სულ უფრო აქტუალურს ხდის კითხვას, რა ტიპის ლიდერად შეიძლება რომ ის ჩამოყალიბდეს, მაგრამ მისმა ამ მერყეობამ მთლიანად ოპოზიციის მთავარ პრობლემას მოჰფინა შუქი: ცხადი სტრატეგიისა და ფუნდამენტური პრინციპების უქონლობას. პროგრამული და იდეოლოგიური განსხვავებების უქონლობის პირობებში ოპოზიციის შიგნით ორი საბაზისო განსხვავებული პოზიცია არსებობს.
ჭექა-ქუხილი
პირველი საკითხი ხელისუფლებისთვის ბრძოლის მეთოდებია. ”ალიანსი საქართველოსთვის“ და ”ქრისტიან-დემოკრატები” ამ ბოლო დროს მუდმივად და სამართლიანად იმას იმეორებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის კანონიერი გზა არჩევნებია მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი საარჩევნო პირობები დამაკმაყოფილებელზე ნაკლებია. დანარჩენები ან არჩევნების ბოიკოტირებას აპირებენ, ან იმას განიხილავენ, თუ როგორ გამოიყენონ ისინი არჩევნების ტოტალური გაყალბების საბაბით მასობრივი პროტესტის მობილიზების შესაძლებლობად. როდესაც ძმებისგან უფრო ახალგაზრდა და უფრო არტისტულ გაჩეჩილაძეს ჰკითხეს რას ელის მაისის არჩევნებისგან, მან უპასუხა: ”ჭექა-ქუხილს”. გამარჯვების შანსი არ არის და სხვა რა უნდა მოხდეს?
მეორე განსხვავებული ხაზი რუსეთთან ურთიერთობაზე გადის. ოპოზიციის უმეტესობა შეთანხმებულია, რომ მიუხედავად რუსეთის მტრობისა, მოსკოვთან გარკვეული ტიპის ურთიერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია (რასაც გასაგები მიზეზების გამო სააკაშვილი ვერ შესძლებს), მაგრამ სულ სხვა საქმეა კანონიერი მთავრობის ზურგს უკან პუტინთან სეპარატული შეთანხმების მიღწევა, ისე როგორც ეს ნინო ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა გააკეთეს. ბევრი, მათ შორის ოპოზიციაშიც ამას კოლაბორაციონიზმად და ღალატად განიხილავს, თუ კანონიერების თვალსაზრისით არა, ზნეობრივ კონტექსტში მაინც.
ასე რომ ისევ დგება საკითხი: რას გულისხმობს სლოგანი ”ერთიანი ოპოზიცია” – თანამშრომლობას ყველასთან, ვინც სააკაშვილს უპირისპირდება, თუ ერთიანობა რაიმე პოზიტიურ პრინციპებს დაეფუძნება? ბევრს ოპოზიციაში ამაზე პასუხი არა აქვს.
განხეთქილების ეს ორი ხაზი ლოგიკურად განსხვავებულია, მაგრამ რეალურად ის სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. რევოლუციისა და რუსეთის იმედი ერთმანეთს დაგაეჯაჭვა. პრო-სამთავრობო ტაბლოიდთან თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუში რუსეთის დუმას სპიკერის მოადგილემ, სერგეი მარკოვმა ღიად განაცხადა თავისი ქვეყნის გეგმების შესახებ: პატარა ქვეყანა ნამდვილად სუვერენული ვერ იქნება და საქართველო მოსკოვზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა ვაშინგტონზე. მოსკოვი საქართველოს რევოლუციურ ტრადიციებზე გათვლით სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფთან ითანამშრომლებს. ყველამ იცის, რომ აქ ხელისუფლება არჩევნებით კი არა, რევოლუციებით იცვლება.
შედეგად კი ქართული ოპოზიცია სულ უფრო ცხადად იყოფა ჭექა-ქუხილის პარტიად (პრო-რუსულად) და არჩევნების პარტიად (პრო-დასავლურად). როგორც ალასანიას მაგალითმა აჩვენა ყველასთვის იოლი არაა ამ სქემაში მოიძიოს საკუთარი ადგილი, მაგრამ ამ ეპიზოდს დადებითი შედეგიც ჰქონდა: ნოღაიდელისა და ბურჯანაძის გზა პოპულარული არ არის. სხვა თუ არაფერი, ოპოზიციაში ბევრის ნეგატიურმა რეაქციამ იმის გამო, რომ ალასანიამ პოდიუმი ნოღაიდელთან გაიყო, აიძულა მას ბოლო ნაბიჯი გადაედგა.
სააკაშვილის პოლიტიკური მტრები სულ უფრო ხშირად აღიარებენ, რომ დემოკრატიის ტაძრისკენ მიმავალი გზა არჩევნებზე გადის. პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს ძალიან სჭირდება ძლიერი და დამაჯერებელი ლიდერი.










