საქართველოში რუსების ყალბ ინტერვენციაზე მომზადებულ რეპორტაჟს აღშფოთება მოჰყვა
მაიკლ მაინვილი
კვირას, აღშფოთებული ქართველები ადგილობრივ სატელევიზიო არხთან „იმედ”-თან შეიკრიბნენ, რომელმაც ყალბი რეპორტაჟით პანიკა დათესა, სადაც რუსეთის ინტერვენციისა და პრეზიდენტის მოკვლის შესახებ იუწყებოდა
რეპორტაჟში, რომელიც შაბათს საღამოს კერძო ტელეკომპანიის „იმედი”-ს ეთერში გავიდა, ითქვა რომ რუსული ტანკები თბილისისკენ დაიძრნენ, სააკაშვილი მოკლულია და ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ოკუპანტების მხარეს გადავიდა.
ქართულმა ოპოზიციამ ახალი ამბების ეს გამოშვება დაგმო და მას სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ტრიუკი უწოდა, რომელიც მიმართული იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპონენტების დისკრედიტაციისკენ, მაშინ როცა თავად პრეზიდენტმა ამ აღშფოთებას ისიც დაუმატა, რომ მაუწყებლის დაცვა დაიწყო.
„ეს მართლაც უსიამოვნო გადაცემა იყო, მაგრამ ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ ეს ყველაფერი ძალიან ახლოსაა სინამდვილესთან, იმასთან რაც შეიძლება მოხდეს და იმასთან რაც საქართველოს მტერს აქვს ჩაფიქრებული“ – სატელევიზიო კომენტარში განაცხადა სააკაშვილმა.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პროგრამამ საყოველთაო პანიკის პროვოცირება მოახდინა, სასწრაფო დახმარების სამსახურებში სატელეფონო ზარების რიცხვმა იმატა, დაფიქსირდა გულის შეტევის და გულის წასვლის რამდენიმე შემთხვევა, თუმცა კვირას ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ადამიანების დაღუპვის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
რეპორტაჟში გამოყენებული იყო 2008 წლის აგვისტოს ომის კადრები, როდესაც რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ობიექტებს ბომბავდა.
რეპორტაჟის დაწყებამდე გაკეთდა მოკლე განცხადება, რომ ეს შესაძლო მოვლენების „სიმულაცია“ გახლდათ, თუმცა თავად რეპორტაჟი ნამდვილს ჰგავდა და მას არ ახლდა გაფრთხილება რომ ყალბი იყო.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც რეპორტაჟის ერთ-ერთი გმირი გახლდათ, ვინც რუსეთის მხარეს გადავიდა, განაცხადა რომ რეპორტაჟი მთავრობის პროპაგანდა იყო.
„ის რომ მთავრობა საკუთარ ხალხს აშინებს აღმაშფოთებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროგრამის ყოველი წამი შეთანხმებული იყო სააკაშვილთან. ბევრმა ადამიანმა ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო“ – პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა განუცხადა AFP-ს და დღეს პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“-ს ლიდერმა ბურჯანაძემ.
„ჩემი მისამართით ნათქვამი ყველა სიტყვა იყო ბოროტი ცილისწამება და მე ვუჩივლებ, როგორ ”იმედ”-ს, ასევე ხელისუფლებას“ – განაცხადა მან.
საქართველოს ოპოზიციამ ხელისუფლება ნაციონალური ტელევიზიების, მათ შორის „იმედი“-ს მთავრობის ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. „იმედ“-ს სააკაშვილის ახლო მოკავშირე მართავს.
მთავრობის წარმომადგენლებმა უარყვეს ბრალდება, თითქოს სიუჟეტის თაობაზე წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები და გადაცემას უპასუხისმგებლო უწოდეს.
„ოპოზიცია ქმნის მითს, თითქოს ეს პროგრამა ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული და ცდილობს ამ მითის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას“ – განუცხადა AFP-ს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა.
„რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტური სიცრუეა. გადაცემა ხელისუფლებისთვის ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო“ – განაცხადა მან.
სააკაშვილის თქმით გადაცემის მიზანი არ ყოფილა ბურჯანაძის „ღირსების“ შელახვა, თუმცა ის მაინც მკაცრად გააკრიტიკა ცოტა ხნის წინ მოსკოვში მაღალჩინოსნებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო.
„ისინი, ვინც ხელს ართმევენ ადამიანებს, რომლებსაც ეს ხელები ქართულ სისხლში აქვთ გასვრილი, პატივისცემას ვერასდროს დაიმსახურებენ“ – განაცხადა სააკაშვილმა.
„იმედ”-მა ბოდიში მოიხადა ცრუ პროგრამის გადაცემისთვის, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღშფოთებულმა ქართველმა მოქალაქეებმა არხის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია წამოიწყეს.
მალევე მას შემდეგ, რაც გადაცემა ეთერში გავიდა Facebook-ზე „იმედი”-ს საწინააღმდეგო ორი გვერდი გაიხსნა და კვირას შუადღემდე მასში 6 000 ადამიანი გაწევრიანდა.
„სად არის პროფესიონალიზმი? სად არის ეთიკა? ამ იდიოტებმა სიტყვების მნიშვნელობაც კი არ იციან“ – ნათქვამია Facebook-ის ერთ-ერთი წევრის კომენტარში.
გადაცემას რუსი ჩინოვნიკებიც სწრაფად გამოეხმაურნენ და მას მთავრობის ორგანიზებული პროვოკაცია უწოდეს.
„სააკაშვილი ტყუილებით და შოკის მომგვრელი პროვოკაციებით განაგრძობს ქართველი და რუსი ხალხის დაპირისპირებას. ეს ავადმყოფი და საშიში კაცია, მისი ქმედებები კი კრიმინალური“ – განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს”-თან საუბარში ნატო-ში რუსეთის ელჩმა დიმიტრი როგოზინმა.
2008 წელს, მას შემდეგ რაც საქართველოს არმია მის აჯანყებულ რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე კონტროლის დაბრუნებას შეეცადა, საქართველოში რუსეთის არმია შეიჭრა.
ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, მოგვიანებით რუსულმა არმიამ მისი დიდი ნაწილი სამხრეთ-ოსეთში და მეორე აჯანყებულ რეგიონში აფხაზეთში გაიყვანა. ორივე რეგიონი მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
AFP










