„ახალი ამბების“ ყალბი გამოშვების შემდეგ საქართველო რუსეთის ინტერვენციის შიშმა მოიცვა

guardian

ლიუკ ჰარდინგი

ტელეკომპანია „იმედი“-ს რეპორტაჟმა, სადაც რეალურად ხორციელდებოდა რუსული ინტერვენცია, პანიკა გამოიწვია

ქართველებმა, რომლებმაც შაბათს საღამოს 8 საათზე თავიანთი ტელევიზორები ჩართეს, წარმოუდგენელი ახალი ამბავი შეიტყვეს – ქვეყანა რუსეთმა დაიპყრო. პრო-სახელისუფლებო სატელევიზიო სადგური „იმედი“ იუწყებოდა, რომ რუსული ტანკები, კვლავ შემოიჭრნენ საქართველოში. მეტიც, ქვეყნის პრო–დასავლელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოკლულია, აცხადებდა ტელეკომპანია.

მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში მოსახლეობა აბსოლუტურმა პანიკამ მოიცვა, მობილური კავშირი გაწყდა, ქართველები ქუჩებში გამოცვივდნენ, მეგობრები და ნათესავები ერთმანეთთან დაკავშირებას და ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდნენ.

ეთერში გასული სიუჟეტი ყალბი აღმოჩნდა. კრემლი არსად შეჭრილა და სააკაშვილიც, როგორც აღმოჩნდა შესანიშნავად გრძნობდა თავს. მას შემდეგ რაც ორსონ უელსმა მისი   „ცივილიზაციათა ომის“ რადიო–ინსცენირებით ამერიკელები მარსიანელების შემოსევაში დაარწმუნა, მთელი ერი ასეთი წარმატებით არავის მოუტყუებია.

დღეს განრისხებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამ სატელევიზიო ფანდს საშიში და უპასუხისმგებლო უწოდეს. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ეს მცდარი ინფორმაცია მთელს მსოფლიოში გავრცელდა, დედაქალაქის გაბრაზებული მცხოვრებლები, ტელეკომპანია „იმედი“-ს ოფისთან შეიკრიბნენ, თუმცა სააკაშვილს დიდად ბოდიში არ მოუხდია. მან განაცხადა, რომ რუსული თავდასხმის საფრთხე „ძალიან რეალისტურია“.

გაზეთ Messenger–ის მთავარმა რედაქტორმა ზაზა გაჩეჩილაძემ განაცხადა – „ხალხი აბსოლუტურად შოკირებული იყო. მე ჩემს მეგობრებთან წვეულებაზე მივდიოდი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს ტელევიზორი ჩამერთო.

„სახლში ავბრუნდი და ვხედავ დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს იპყრობს. უცბად ვერ შევნიშნე, რომ ეს ძველი, 2008 წლის აგვიტოს ჩანაწერი იყო. სასწრაფოდ შვილების ძებნა დავიწყე“.

გაჩეჩილაძემ სთქვა, რომ მას 10 წუთი დასჭირდა იმის დასადგენად, რომ ეს „სისულელე“ იყო. მან დასძინა, რომ – „ეს სასტიკი იმიტაცია იყო. ერთი ქალბატონი, რომლის შვილიც ჯარში მსახურობს გულის შეტევით გარდაიცვალა. მეორე ფეხმძიმე ქალმა ბავშვი დაკარგა. ბავშვები, რომლებმაც სტრესი მიიღეს, საავადმყოფოებში გადაყავდათ. ის რაც მოხდა მართლაც საშინელებაა. ეს დანაშაულებრივი ქმედებაა, რაც უნდა დაისაჯოს“.

მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს“–მა გაავრცელა ცნობა ინტერვენციის და სააკაშვილის დამხობის შესახებ. ბრიტანელმა და ამერიკელმა კორესპონდენტებმა სპეციალური სადილები მიატოვეს, ლონდონში რედაქტორებს დაურეკეს და ბრონირებული სამოსის ძებნას შეუდგნენ. ეს ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც Sunday Times–ის ყოფილმა კორესპონდენტმა  დევიდ გრაკნელმა, რომელიც ხელშეკრულებით დღეს საქართველოს მთავრობასთან მუშაობს, ჟურნალისტებს მოკლე ტექსტური შეტყობინება დაუგზავნა. ის მარტივად იკითხებოდა – „ტყუილია“.

თუმცა, ბევრი ქართველისთვის 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთის ინტერვენციის საფრთხე რეალურია. ქართული ტანკები აჯანყებული რეგიონის სამხრეთ-ოსეთის დაბრუნებას შეეცადნენ, რასაც დამსჯელი რუსული ინტერვენცია მოჰყვა. რუსეთის არმია დღესაც განაგრძობს გამოყოფილი რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაციას. ეს უკანასკნელი თბილისთან ახლოს, თხილის ხეებითა და ბაღებით მოფენილ მთიან დაბლობში მდებარეობს.

რუსეთთან ურთიერთობა ფაქტიურად არ გაუმჯობესებულა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის დროს ნიკოლა სარკოზის ავადსახსენებელი სიტყვები უთხრა, რომ ის სააკაშვილის „კვერცხებით“ დაკიდებას აპირებდა, თუმცა ცოტა ექსპერტი თუ ელის იმას, რომ რუსეთი მას შემდეგ რაც მან მის მთავარ ბოლოდროინდელ გეოპოლიტიკურ მიზანს მიაღწია, მორიგ თავდასხმას განახორციელებს.

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობა ჩაიშალა, სააკაშვილი  და შესაბამისად მისი ამერიკელი მხარდამჭერებიც დამცირებულები არიან, მოსკოვმა დასავლეთზე შური იძია კოსოვოს აღიარების გამო. (რუსეთმა ზურგი გაიმაგრა, როდესაც სამხრეთ- ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, თუმცა მოსკოვის ამ ნაბიჯს დღემდე მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და წყნარი ოკეანის პატარა კუნძულმა ნაურუმ მიბაძეს).

მისი დასრულებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ საქართველოს ეს ავბედითი ომი მის ძლიერ მეზობელ რუსეთთან, დღემდე ქართული საზოგადოების გახლეჩვის და პოლარიზების მიზეზია. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ სამხრეთ-ოსეთზე განხორციელებული შეტევა რუსეთის მხრიდან დიდი ხნით ადრე დაგეგმილ და იმ დროს უკვე დაწყებულ თავდასხმაზე სასოწარკვეთილი საპასუხო ქმედება იყო. საქართველოს ოპოზიცია სააკაშვილს დანაშაულებრივ უგუნურებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, 2003 წლის ”ვარდების რევოლუცი”-ის შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სააკაშვილი ლიბერალი რეფორმატორიდან ნაციონალისტ ავტორიტარ მმართველად გადაიქცა.

სულაც არ არის შემთხვევითი ის, რომ ტელეკომპანია „იმედი“-ს ექსტრაორდინარული გადაცემა ეთერში სულ რამდენიმე დღეში გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ოპოზიციონერი ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა და აცხადებდა, რომ კავშირები უნდა აღდგეს. 30 წუთიან ყალბ საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც აცხადებდნენ რომ რუსეთი საქართველოს აეროპორტებს და საზღვაო პორტებს ბომბავდა, ითქვა რომ ბურჯანაძემ ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. როგორც სჩანს გადაცემა მაისის ბოლოს დაგეგმილი თბილისის მერის არჩევნების წინ ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ უნიჭო გამოხტომა გახლდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ იმ დღის ეთერს „უზარმაზარი პანიკა“ მოჰყვა. თბილისის კინოთეატრები მას შემდეგ დაიცალა, რაც მშობლები შვილებს ტელეფონით დაუკავშირდნენ და სახლში დაბრუნება სთხოვეს, თუმცა „იმედი“-ს მფლობელი ქართული მედია ჰოლდინგის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ ტელევიზიის მიზანი იმ „რეალური საფრთხის“ ჩვენება გახლდათ, რაც მართლაც შეიძლება მოხდეს. არხის განცხადებით, მათ გააფრთხილეს მაყურებელი, რომ გადაცემა მოდელირებული იყო, თუმცა მაყურებლის უმრავლესობამ როგორც სჩანს ამას ყურადღება აღარ მიაქცია.

რუსეთი და მისი სახელისუფლებო მედია უკვე დიდი ხანია რაც სააკაშვილს საშიშ, ჰალსტუხის მღეჭავ მანიაკად წარმოაჩენს. დღეს კრემლის პოლიტიკოსები, რომლებმაც  „იმედი“-ს მისტიფიკაციის თემა სიხარულით აიტაცეს, კომენტარებს არ იშურებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ლიდერი მართლაც შეშლილია. ნატო-ში რუსეთის ელჩმა დიმიტრი როგოზინმა ამ ფაქტს „კრიმინალი“ უწოდა და განაცხადა, რომ დასავლეთის სამხედრო ალიანსმა ამ არაპროგნოზირებად პრეზიდენტთან საქმე არ უნდა დაიჭიროს.

ერთ დროს ტელეკომპანია „იმედი“ საქართველოს წამყვანი დამოუკიდებელი არხი იყო, თუმცა სააკაშვილი მას შემდეგ რაც მის მესაკუთრეს, ოლიგარქსა და პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს ბადრი პატარკაციშვილს დაუპირისპირდა, ტელეკომპანია ეთერიდან გათიშა. 2008 წელს პატარკაციშვილი ინგლისში ემიგრაციაში გარდაიცვალა, სააკაშვილმა კი ტელევიზია მთავრობის მხარდამჭერს გადასცა. დღეს ის რეგულარულად პრო–სახელისუფლებო პოზიციას გამოხატავს.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.