საქართველო: ოპოზიცია რუსების თავდასხმაზე მომზადებული ყალბი რეპორტაჟით აღშფოთებულია

le monde

შაბათს, ოპოზიციამ ერთ–ერთი სატელევიზიო არხის მიერ მომზადებული სახელისუფლებო პროპაგანდისტული რეპორტაჟი დაგმო, რომელიც რუსების თავდასხმის შესახებ იუწყებოდა და ოპოზიციის დისკრედიტაციაზე იყო გათვლილი. 

„ხელისუფლების ქცევა მოსახლეობის მიმართ აღმაშფოთებელია; მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაცემის თითოეული წამი პრეზიდენტ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული, ადამიანებმა ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღეს“ – განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“  ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

„თითოეული სიტყვა, რომელიც ჩემი მისამართით ითქვა ბოროტი ცილისწამება იყო და ტელევიზიასაც და ხელისუფლებასაც სასამართლოში ვუჩივლებ“, – განაცხადა ქალბატონმა ბურჯანაძემ, რომელიც დღეს პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“–ს ლიდერია.

შაბათ საღამოს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს შორის გაჩაღებული ხანმოკლე ომის ფრაგმენტების ჩვენების დროს, კერძო ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთის ტანკები დედაქალაქისკენ დაიძრნენ და რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე მოკლულია.

რეპორტაჟი იუწყებოდა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის ნინო ბურჯანაძე და ყოფილი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი რუსს სამხედროებთან კავშირში იყვნენ და მათ ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ.

ტელეკომპანია „იმედს“, ხელისუფლებაში 2003 წლის სახალხო რევოლუციის გზით მოსული მიხეილ სააკაშვილის ახლო მოკავშირე ხელმძღვანელობს.   

გადაცემის დასაწყისში ითქვა, რომ ეთერში მოდელირებული რეპორტაჟი გავიდოდა, მაგრამ თავად რეპორტაჟს გაფრთხილების არანაირი ნიშანი თან არ ახლდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყალბი „ახალი ამბების“ გამოშვების შემდეგ სასწრაფო დახმარების სამსახურების გამოძახებამ და მოსახლეობაში გულის შეტევის და გულის წასვლის შემთხვევებმა იმატა.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.