ომის დაწყებაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოში პანიკა მოჰყვა

focus

საქართველო მასობრივმა პანიკამ მას შემდეგ მოიცვა, რაც შაბათს საღამოს ტელევიზიით ცრუ „ახალი ამბების“ გამოშვება გადაიცა. გადაცემა იუწყებოდა, რომ სამხრეთ-კავკასიის რესპუბლიკაში რუსეთის არმიამ ხელახალი ინტერვენცია წამოიწყო და თითქოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოკლულია. უამრავი ქართველი პანიკამ მოიცვა
სააკაშვილის მიერ კონტროლირებადმა ტელეკომპანია „იმედ“-მა მხოლოდ გადაცემის ბოლოს განაცხადა, რომ სინამდვილეში ახალი ომი არ დაწყებულა და რეპორტაჟი მოვლენების მხოლოდ შესაძლო განვითარებას ასახავდა. რუსეთი, ოპოზიცია და პოლიტიკური ექსპერტები სკანდალზე ალაპარაკდნენ.

მასობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ მოსახლეობაში ქაოსის ნიშნები გაჩნდა, ხალხი საწვავის შესაძენად ბენზინგასამართ სადგურებს მიაწყდა. სერიოზული მღელვარება დაიწყო ქალაქ გორში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის არმიამ დაიკავა. სასწრაფო დახმარების სამსახურები სერიოზული დატვირთვით მუშაობდნენ. პარლამენტის დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ერთ–ერთი ქართველი ჯარისკაცის დედა, რომელიც ამ დროს ტელევიზორს უყურებდა გულის შეტევით გარდაიცვალა.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს“-მა „იმედ“-ზე დაყრდნობით ომის შესაძლო დაწყებაზე გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა იმავდროულად დასძინა, რომ ამ ცნობას მხოლოდ ეს სატელევიზიო სადგური ავრცელებდა. „იმედი“ კი ომის კადრების ფონზე ამტკიცებდა, რომ საქართველოში რუსეთის არმია შეიჭრა და სააკაშვილი მოკლეს. რეპორტაჟის მიხედვით, ხელისუფლების დამხობის შემდეგ ქვეყნის ოპოზიციამ ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. ის რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო, მხოლოდ გადაცემის დასრულების შემდეგ ითქვა.

ქართულმა ოპოზიციამ და რუსმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილი მოსახლეობის შეშინების მცდელობაში დაადანაშაულეს. „ის მძიმედ დაავადებული და საშიში ადამიანია, რომელიც კრიმინალივით მოქმედებს“ – განუცხადა სააგენტო „ინტერფაქს”-ს ნატო-ში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა. თბილისში მოწყობილ ქუჩის სტიქიურ გამოსვლებში დემონსტრანტები პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვდნენ. მოგვიანებით ტელეკომპანიამ მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.