საქართველო: პოლიტიკური პერსპექტივა

open-democracy

ალექსანდრე რონდელი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი ორი წელი საქართველოსთვის მკაცრი იყო. მაგრამ საშინაო პოლიტიკაში, ისევე როგორც საგარეო ურთიერთობებში ქვეყანამ იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ეს ვინმეს ოდესღაც შესაძლებელი ეგონა – ამბობს ალექსანდრე რონდელი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და სამხრეთ-კავკასიის პატარა და ახალგაზრდა ქვეყნის, საქართველოს მომავალი ღიად რჩება. ნებისმიერი რეალისტური შეფასება მისი პერსპექტივების, ამ მოვლენებისა და მათი შედეგების გახსენებით უნდა დაიწყოს, უფრო ზუსტად კი იმით, თუ რა გავლენა იქონიეს მათ თბილისზე.

იმას რასაც როლანდ ასმუსმა   „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შესძრა“ დაარქვა, გრძელი და მოკლევადიანი წინაპირობები ჰქონდა.  არსებობდა ორი მიზეზი: ისედაც რთული რუსულ-ქართული ურთიერთობების მზარდი გამწვავება, რომელსაც დასავლეთის მხრიდან მისი ინტერესებისადმი სავარაუდო უპატივცემულობის გამო რუსეთის განაწყენებაც დაერთო და უშუალოდ საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკის, სამხრეთ-ოსეთის გამო შექმნილი კრიზისი.

იმ პირქუშ დღეებში, 2008 წლის 8-12 აგვისტოს, რუსული ჯარები  საქართველოს დედაქალაქისკენ მოიწევდნენ.  12 აგვისტოს საზავო შეთანხმების დადების შემდეგაც კი ქვეყანაში ათასობით რუსი სამხედრო დარჩა. ისინი სამხრეთ-ოსეთში და კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში განთავსდნენ. ორივე რეგიონი  მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

რუსეთის აგრესიულმა პოზიციამ „ხუთდღიანი ომის“ მსვლელობისას და მის შემდეგაც მას (თავის მეზობლებთან და დასავლეთთანაც) დიდი ხნის ნალოლიავები პოლიტიკური მიზნების ხელახლა განცხადების საშუალება მისცა: ეს იყო ჰეგემონიის აღდგენის სურვილი  „პოსტ-საბჭოთა“ სივრცის ნაწილზე მაინც (იხილეთ ივან კრასტევი „რუსეთი და ქართული ომი: დიდი სახელმწიფოს ხაფანგი“ 19 აგვისტო 2008).   გარდა ამისა, ნატო-სა და ევროპის კავშირისთვის იმის მინიშნებით, რომ აღმოსავლეთით შემდგომ ექსპანსიას აღარ მიიღებს, რუსეთი კიდევ უფრო მეტის მიღწევას იმედოვნებდა – მას საქართველოს დასავლეთზე ორიენტირებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოცილება და თბილისში უფრო მორჩილი ხელისუფლების დასმა უნდოდა და ბოლოს სამხრეთ-კავკასიაზე  და მის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ მარშრუტებზე რეალური კონტროლის აღდგენაც სურდა. (იხილეთ „რეალპოლიტიკის დაბრუნება: ხედვა საქართველოდან“, 18 თებერვალი 2010).

რუსეთმა შესძლო სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთზე სამხედრო კონტროლის დაწესება, რომლებსაც საქართველო სულ უფრო ხშირად უწოდებს „ოკუპირებულ რეგიონებს“,  მაგრამ ამ ტერიტორიების დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა მოსკოვის გარდა მხოლოდ სამმა ქვეყანამ აღიარა (ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ), ხოლო თავისი უფრო დიდი ამბიციის განხორციელების საქმეში  (მისთვის საძულველი ქართველი პრეზიდენტის გაძევება და  ძალთა ბალანსის შეცვლა რეგიონში)  რუსეთმა ნადვილად მარცხი განიცადა.

მყიფე ეკონომიკა

საქართველო ომიდან დაჭრილი, მაგრამ დაუმორჩილებელი გამოვიდა.  მისმა სახელმწიფოებრიობამ გამანადგურებელ კონფლიქტს გაუძლო და მისი ეკონომიკა, საერთაშორისო საზოგადოების გულუხვი ფინანსური დახმარების წყალობით, გადაურჩა ამავე დროს მიმდინარე გლობალურ ფინანსურ კრიზისს.

მაგრამ მომდევნო თვეები მძიმე აღმოჩნდა. პოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე, ხელისუფლება შეზღუდულ გარემოებებში ცდილობდა შეემსუბუქებინა ომის შემდგომი ეკონომიკური პრობლემები – უმუშევრობა და სიღარიბე, რაც ქართველ ხალხს ტვირთად დააწვა.  მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური  გუნდი განვითარების ომამდე შემუშავებულ გეგმებს ეყრდნობოდა, ანუ ყოველწლიურ საგარეო ინვესტიციას, რომელიც თითქმის 2 მილიარდს უტოლდებოდა. ეს მაჩვენებელი ომის შემდგომ პერიოდში თავიდან თითქმის მეოთხედით დაეცა, რის გამოც ეკონომიკა თითქმის 4%-ით შეიკვეცა, მაგრამ  ინვესტიციებმა ნელ-ნელა ისევ იწყო მატება და ოფიციალური პირები ელიან, რომ 2010 წელს ეკონომიკა 5%-ზე მეტად გაიზრდება.

უცხოელი ინვესტორების ძიებას სააკაშვილი და მისი გუნდი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ეკონომიკური მომავლისთვის.  ამიტომაც მთავრობა არნახულ ძალისხმევას სწევს იმისთვის, რომ საქართველო ისეთ ადგილად წარმოაჩინოს, სადაც მიმზიდველი ბიზნეს-კლიმატი და წესებია – „შესაძლებლობათა სივრცედ“ ბიზნესმენებისთვის.  ამავე დროს სააკაშვილის კაბინეტში ეკონომიკის მინისტრების ხშირი ცვლა თავისთავად ასახავს ქვეყნის მკაცრ ეკონომიკურ ვითარებას. (იხილეთ დონალდ რეიფილდი, „საქართველო, ორი წლის შემდეგ: მომავალი ომის მიღმა“, 5 აგვისტო 2010).

განვითარებადი პოლიტიკა

პოლიტიკური არენაც ასევე გამოცდად იქცა. რუსეთთან მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომაც გაგრძელდა და საბოლოოდ გაწყდა დიპლომატიური კავშირები. მოსკოვი ისევ იმედოვნებდა სააკაშვილის მოცილებას. თბილისში პოლიტიკური ოპოზიცია ქუჩის საპროტესტო აქციების მობილიზებას შეუდგა. ისინი აცხადებდნენ რომ პრეზიდენტი, რომელსაც საეჭვო დემოკრატიული დამსახურებები აქვს და პასუხისმგებელია ტერიტორიების დაკარგვაზე უნდა გადადგეს.

თბილისის ცენტრში საპროტესტო გამოსვლები თვეების მანძილზე მიმდინარეობდა. გამოსვლებმა პიკს 2009 წლის მაისის ბოლოს მიაღწია, მაგრამ ხელშესახები შედეგები მათ არ მოჰყოლია. ოპოზიციამ, რომელშიც ღრმა განხეთიქლება არსებობდა და რომელსაც მხოლოდ სააკაშვილისადმი დაპირისპირებული პოზიცია აერთიანებდა, ვერ შესძლო საქართველოს მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ხელისუფლებაში მოსვლის გარდა სხვა რამ უნდა და ვერც იმაში (რომ თუ ის ხელისუფლებაში მოსვლას მოახერხებს) შესძლებს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას (იხილეთ რობერტ პარსონსი, „საქართველო კვლავ ზღვარზეა“, 20 მაისი 2009).  უფრო მეტიც, ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ, რომელიც საპროტესტო გამოსვლებში დომინირებდა, დააფრთხო ბევრი ქართველი, რომელთაც ეშინოდათ, რომ შიდა კონფლიქტის ესკალაცია 1990-იანი წლების ქაოსს, კორუფციას და უკანონობას დააბრუნებდა.

გარდა ამისა ხელისუფლებამ კრიზისის მართვის უკეთესი უნარები გამოავლინა (მათ შორის მოთმინებაც), ვიდრე ეს მსგავსი არეულობის დროს 2007 წლის ნოემბერში იყო. მაშინ მთავრობამ თბილისში გამართული ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა (იხილეთ რობერტ პარსონსი, „საქართველო: შეწყვეტილი პროგრესი“,  16 ნოემბერი, 2007).

მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ქუჩის გამოსვლებით თავისი მიზნების მიღწევა ვერ შესძლო, მისი ფრაგმენტაციის პროცესი კიდევ უფრო შორს წავიდა.  ბრძოლის კიდევ ერთ ველად 2010 წლის ადგილობრივი და თბილისის მერის არჩევნები იქცა  და მოთხოვნები საქართველოს საარჩევნო კანონის რეფორმირების შესახებ, რათა არჩევნები სამართლიანად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარებულიყო.

მთავრობამ საარჩევნო კანონის ცვლილებათა საკუთარი წინადადებები წამოაყენა და ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ  (”ქრისტიან-დემოკრატები” და ”ნაციონალ-დემოკრატები”) მმართველ პარტიასთან, ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ამ საკითხის გარშემო თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ უფრო რადიკალურმა პარტიებმა უარი სთქვეს მუშაობაში მონაწილეობაზე და მთავრობას ბრალი დასდეს იმაში, რომ ის ცდილობს დაიცვას თავისი ძალაუფლება და ნებისმიერი არჩევნების შედეგების გაყალბების გარანტიები მიიღოს.

მართლაც, 2010 წელი საქართველოსთვის ორივე მიმართულებით, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. აქამდე ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოცდა გარკვეული კომფორტით ჩააბარა: მან წარმატებას მიაღწია ადგილობრივ არჩევნებში, მისმა კანდიდატმა გაიმარჯვა თბილისის მერის პირველ არჩევნებში (რასაც ბევრი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიციად მიიჩნევდა). დედაქალაქში გამარჯვება მოქმედმა მერმა გიორგი (გიგი) უგულავამ, პრეზიდენტის ახლო მეგობარმა მოიპოვა. მან ხმების 55% მიიღო, ხოლმა მისმა მთავარმა კონკურენტმა ირაკლი ალასანიამ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაერო-ში, 20%-ზე ნაკლები. ამით უგულავამ  თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩენა უზრუნველყო.

არჩევნების შედეგებმა ორმაგი გაკვეთილი მოგვცა – ქართველების უმეტესობა გრძნობს, რომ მთავრობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ვითარება თბილისისა და სხვა ქალაქების ინფრასტრუქტურის რეკონსტრუირებით  და წარმატებას მიაღწიეს იმ კანდიდატებმა, რომელთაც ყურადღება სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვაზე და სოციალურ დახმარებაზე ჰქონდათ გადატანილი. ეს ორიენტაცია „პრაქტიკულ საკითხებზე“, რომლებიც შორსაა ქუჩის დემოსტრანტების მოთხოვნებისგან  „ან ყველაფერი, ან არაფერი“, საქართველოს პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესების დასტურია.

მმართველი პარტიის საარჩევნო გამარჯვებამ  ნათელი მოჰფინა ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციას.  მან ასევე მიანიშნა შემდგომი პაექრობის დაწყებაზე, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობისთვის გაიმართება. ირაკლი ალასანიამ, რომელსაც თბილისში უფრო დაბალანსებულ პოლიტიკოსად მიიჩნევენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა რომ აპირებს თავისი „ალიანსი საქართველოსთვის“ ეფექტურ პოლიტიკურ ძალად გარდაქმნას, ისეთად რომელსაც შეეძლება 2013 წელს გამარჯვებას მიაღწიოს.

საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალ კონსტიტუციას.  პროექტი რომელიც მთავრობამ შექმნა, შემდეგ პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესებას გვთავაზობს, ესენია: პრემიერ-მინისტრის კანდიდატის შერჩევა, პარლამენტის თანხმობის გარეშე კაბინეტის წევრების დათხოვნა, იმპიჩმენტის პროცედურა და ადგილობრივი საკრებულოების უფლებამოსილებები.

მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები შიშობენ, რომ ის თავისი ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ (მოქმედი კონსტიტუციით მხოლოდ ორ ვადაა დაშვებული) ძალაუფლებაში დარჩენის გახანგრძლივებას პრემიერ-მინისტრის განმტკიცებულ პოზიციაზე მოსვლით გეგმავს, ხოლო შემდეგ მოგვიანებით შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს პრეზიდენტობას.  ამიტომ ზოგიერთი მათგანი ცდილობს შეაჩეროს ნებისმიერი ახალი კონსტიტუციის მიღება იმ პარლამენტის მიერ, რომელიც 2008 წლის მაისში აირჩიეს და რომელშიც სააკაშვილის მხარდამჭერები სჭარბობენ.

მომენტი ისტორიაში

აგვისტოს ომს არ შეუცვლია საქართველოს პრო-დასავლური ორიენტაცია. 2010 წლის მაისის არჩევნებმა ამ ორიენტაციის განმტკიცება წარმოაჩინა – ამიტომაც საქართველოს დასავლეთიდან მაღალი რანგის პოლიტიკოსების მთელი წყება ესტუმრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა.   ყველაზე თვალშისაცემი იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოგზაურობა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ეს მოგზაურობა თბილისში დასრულდა. აქ 2010 წლის 5 ივლისს მან სოლიდარობის მტკიცე პირობა დადო და სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში რუსული ჯარების ყოფნას არაერთხელ უწოდა „ოკუპაცია“.

კლინტონმა განაცხადა, რომ  ბარაკ ობამას ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს რუსეთის პრეტენზიებს თავის მოსაზღვრე ქვეყნებში პრივილეგირებული გავლენის სფეროების არსებობის შესახებ.  მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება  დაერწმუნებინა – ამერიკას სურს ურთიერთობების „გადატვირთვა“ რუსეთთან, მაგრამ ამას არ მოჰყვება მათი ინტერესების მსხვერპლად შეწირვა.

ეს და კიდევ სხვა ვიზიტები, მათ შორის ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის უფროსის კეტრინ ეშტონისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერნარ კუშნერის ვიზიტი საქართველოში ისე აღიქვეს, როგორც მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ჟესტი იმ დროს, როდესაც რუსეთთან ომის ორი წლისთავი ახლოვდებოდა, მით უფრო რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს იმ ექვსპუნქტიანი შეთანხმების პირობებს, რომლითაც ომი დასრულდა (შეთანხმებას სარკოზი-მედვედევის სახელით იცნობენ).

საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა მისთვის კვლავ ეგზისტენციალურ პრობლემად რჩება.  ნებისმიერი პატარა ქვეყანა, რომელსაც გიგანტური მეზობელი ჰყავს, მასთან არა თუ ნორმალურ, არამედ კარგ ურთიერთობებს არჩევდა (იხილეთ დონალდ რეიფილდი, „საქართველო და რუსეთი:  შენთან და უშენოდ“, 9 აგვისტო 2007). 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ეს ამ წუთისთვის შეუძლებელი გახადა და გამოუვალი სიტუცია, რომელიც უკვე არსებობდა,  სასტიკ ჩიხში შეიყვანა. ამ თვალსაზრისით და აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ბედის გათვალისწინებით,  საქართველო ორი წლის შემდეგაც ცხოვრებას ომით შექმნილ გარემოებებში განაგრძობს, მაგრამ სხვა მხრივ, ქვეყანა თანამედროვე ისტორიის ყველაზე სახიფათო მომენტებს გადაურჩა და ვითარდება. მომავალი მართლაც ღიად რჩება.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.