გახდება თუ არა დემოკრატია ისლამის საუკეთესო მეგობარი?
იაკობ აუგუშტაინი
დღეს მილიონობით ადამიანი ითხოვს თავისუფლებას ახალო-აღმოსავლეთში, ისევე როგორც ითხოვდნენ ამას აღმოსავლეთ-ევროპაში. ოცი წლის წინ დასავლეთი მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ დღეს ის საკუთარ ღირებულებებს ღალატობს, რითაც საკუთარი მტრის, მებრძოლი ისლამიზმის წისქვილზე ასხამს წყალს
„სამოცი წლის განმავლობაში დასავლური ქვეყნები ეგუებოდნენ და პატიობდნენ ახლო-აღმოსავლეთს იმას, რომ იქ თავისუფლება არ არსებობდა, მაგრამ ამით ჩვენ უფრო დაცულები ვერ გავხდით, რადგან გრძელვადიანი სტაბილურობა თავისუფლების ხარჯზე არ მიიღწევა“.
ამ სიტყვების ავტორი, არც მეტი არც ნაკლები უმცროსი ჯორჯ ბუშია და ყველასთვის ნათელია: დასავლეთი ლამაზი სიტყვებისა და ბრძნული იდეების დეფიციტს არ განიცდის. აქ სხვა რამის დეფიციტია – სწორი პოლიტიკისა და რაც კიდევ უფრო უარესია, საკუთარ ღირებულებებში რწმენის.
მსოფლიოში არ არის ბევრი ისეთი ადგილი, სადაც დასავლეთის ორმაგი მორალი ისეთი თვალსაჩინო იყოს, როგორც ახლო- აღმოსავლეთში. ღაზას სექტორში გამოკეტილი მილიონ ნახევარი პალესტინელისთვის, დასავლეთის ბაგეებიდან სიტყვები „თავისუფლება“ და „დემოკრატია“ დაახლოებით ისევე დამაჯერებლად ჟღერს, როგორც ბრეჟნევის მიერ ოკუპირებული პოლონეთის შექება თავისუფლებისა და სოციალიზმის განვითარებისთვის.
დასავლეთის უახლოესი მოკავშირეები ხომ სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც მთელი პალესტინელი ხალხი ციხეში გამოკეტეს. არც ერთი ქვეყანა შეერთებული შტატებისგან იმდენ დახმარებას არ იღებს, რამდენსაც ისრაელი და ეგვიპტე. ეს ფული ძირითადად სამხედროებს ხმარდებათ, მაგრამ ამით აშშ-ს სამხედრო ინდუსტრიასაც სერიოზული შემოსავალი აქვს. ეგვიპტური გამანადგურებლები F-16, რომლებიც ქაიროში ხმაურით დაფრინავენ მომიტინგეთა თავზე ამერიკაშია ნაყიდი. შეერთებული შტატებისგანაა ნაყიდი ასევე ტანკები M-60, რომლითაც ისრალელები ღაზაში პატრულირებენ.
იმის მიუხედავად, ეხმარება თუ არა ეს ყველაფერი ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სუეცის არხით ტვირთების თავისუფალ ტრანზიტს ან რადიკალური ისლამიზმის ზეწოლის შეკავებას – მუბარაქის რეჟიმი რა თქმა უნდა დასავლეთს ამ წლების განმავლობაში სერიოზულად ეხმარებოდა და რა თქმა უნდა ყველა ეს ინტერესი ლეგიტიმურია. პრობლემა ის არის, რომ არალეგიტიმური ის საშუალებებია, რომლითაც ეს ინტერესები მიიღწეოდა, არალეგიტიმურია იმ რეჟიმის დახმარება, რომელიც თითქმის 30 წელია რაც ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მართავს; არალეგიტიმურია არჩევნების არად ჩაგდება, თანაც პოლიციის მხარდაჭერით, რომელიც ცნობილია წამების და სხვა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით.
როგორც ბუშმა ეს სამართლიანად აღნიშნა „გრძელვადიანი სტაბილურობა თავისუფლების ხარჯზე არ მიიღწევა“.
ახლა ხომ იმ მსოფლიოს ეპოქა, რომლის ყიდვაც შეიძლებოდა დასრულდა. ტუნისის, ეგვიპტის, იორდანიის და იემენის მოვლენებში არაბული სამყაროს ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა დავინახოთ. შეიძლება ითქვას, რომ არაბული სამყარო დასავლეთის მხარდაჭერით არსებული ავტორიტარების უღელს იშორებს, ისევე როგორც ოცი წლის წინ აღმოსავლეთ-ევროპა საბჭოთა უღელისგან გათავისუფლდა, მაგრამ ამჯერად დასავლეთი თავისუფლების მაცნეთა მხარეს არ დგას: დასავლეთი ტირანების მოკავშირეა. ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუბარაქის რეჟიმი „პოლიტიკაში მრავალწლიანი თანმიმდევრულობისთვის“ შეაქო და მას „რეგიონში სტაბილურობის ღუზა“ უწოდა.
როგორ მოიშუშებს დასავლეთი იმ ჭრილობას, რომელიც მის რეპუტაციას მიადგა? რა თქმა უნდა, დღეს ეს ვერ მოხდება. ცვლილებების ქარი უკვე ქარიშხლად გადაიქცა, მაგრამ ესეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ვაშინგტონმა სიტუაციაზე გულწრფელი მოსაზრება გამოსთქვას. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა „ორგნიზებულ გარდაქმნაზე“ რაღაც წაილუღლუღა, მაგრამ ის ვის სიტყვასაც მთელი მსოფლიო ელოდება ხმას არ იღებს. თითქოს აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას არაფერი აქვს სათქმელი მაგრიბის რაიონის მილიონობით ახალგაზრდა ადამიანზე, რომლებსაც თავისუფლების მოპოვება სურთ და რომლებიც ისტორიისა და დასავლეთის იმპერიალისტური აბლაბუდას მძევლებად იქცნენ.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ღაზას სექტორის ახალგაზრდებმა ახლო-აღმოსავლეთში დასავლეთის პოლიტიკის მისამართით (საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის ვაშინგტონიდან, პარიზიდან, ლონდონიდან თუ ბერლინიდან) ალბათ ყველაზე მწარე საყვედური სთქვეს. „ჩვენ თავისუფლება გვინდა, ჩვენ ნორმალური ცხოვრება გვინდა, ჩვენ გვინდა მშიდობა. ნუთუ ეს ძალიან ბევრია?“ მაგრამ ამ ახალგაზრდებს იმის უფლებაც კი არა აქვთ, რომ დასავლეთს პასუხის მისაღებად კითხვით მიმართონ. დასავლეთმა უკვე ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა.
უკვე ცხადია ამ მარცხის სახიფათო შედეგები. მებრძოლი ისლამიზმის მთავარი მოკავშირე დასავლეთის ფარისევლობა იყო. დასავლეთი კვლავ განაგრძობს ახლო-აღმოსავლეთში საკუთარი ღირებულებების უარყოფას და ავტორიტარიზმს დემოკრატიაზე მაღლა აყენებს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანებზე ძალიან ძლიერ გავლენას სწორედ ისეთი რამ ახდენს, რის წინააღმდეგაც იბრძვის და რა გამოდის, ისლამიზმთან ბრძოლის ბურჯი არაბულ სამყაროში ავტორიტარიზმი უნდა გახდეს?
ახლა კი დემოკრატიას ისლამისტების მოკავშირედ გადაქცევა ემუქრება. ბოლოს და ბოლოს 2006 წელს ”ჰამასმა” ხომ გაიმარჯვა ღაზას სექტორში არჩევნებში. „მუსლიმთა საძმო“ პირობას დებს, რომ ეგვიპტე საერო სახელმწიფო იქნება, მაგრამ რამდენ ხანს შესძლებენ ისინი საკუთარი სიტყვის შენარჩუნებას, თუკი ხელისუფლებაში მოვლენ?











