სურს კი რუსეთს?
დებატები თემაზე: უნდა შევიდეს თუ არა მოსკოვი ნატო-ში
შეერთებულ შტატებში პოლონეთის ყოფილმა ელჩმა იანუშ რეიტერმა დიპლომატია სრულყოფილად შეისწავლა და კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს. მას შეეძლო შესაბამისი არგუმენტის მოყვანა და ჰამბურგში, კერბერის ფონდის და გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის მიერ ორგანიზებული ე.წ. „კერბერის დებატების“ საწყის ეტაპზე დასრულება. რადგან იმ საღამოს დისკუსიის საკითხი: მიეკუთვნება თუ არა რუსეთი ნატო-ს, რეიტერის აზრით არარეალისტური და მცდარია, ის ფიქრობს რომ სწორი იქნებოდა ასეთი ფორმულირება: „სურს კი საერთოდ რუსეთს ნატო-ს წევრობა? ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც არ გვაძლევს იმის არანაირ საფუძველს გვჯეროდეს, რომ მას ალიანსში გაწევრიანება უნდა“.
რეიტერსა და ბუნდესტაგის ფრაქციის „კავშირი 90/მწვანეები“ თავმჯდომარის მოადგილე ფრითოფ შმიდს შორის დებატები, პირველი იყო ამ წლისთვის დაგეგმილ მთელ რიგ ღონისძიებებს შორის, რომლებიც საპორტო ქალაქ ჰამბურგში გაიმართება. დისკუსია რეიტერის დამაჯერებელი არგუმენტების მიუხედავად, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. შმიდის აზრით, ძალიან სწრაფად ცვალებად მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურაც უნდა შეიცვალოს. თუკი ცივი ომის დასრულებიდან ოცი წლის შემდეგ ნატო ახლებურად განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ყოფილი მოწინააღმდეგის რუსეთის მიმართ, მაშინ მისი აზრით საქმე არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ნატო-რუსეთის პაქტით და ისეთი მოლაპარაკებებით, რომელიც არავის ავალდებულებს. ამის ნაცვლად მიზანს ალიანსის შეცვლა და მასში რუსეთის გაწევრიანება უნდა წარმოადგენდეს. „ნატო სამხედრო ალიანსიდან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემად უნდა გარდაიქმნას“ – აღნიშნა შმიდმა და ამ ამოცანისთვის ეუთო-ს უკვე არსებული სტრუქტურების გამოყენების ინიციატივით გამოვიდა. გარდა ამისა შმიდის აზრით, რუსეთისთვის ნატო-ში გაწევრიანების შეთავაზება შეიძლება ქვეყანაში „სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცების და დემოკრატიზაციის კატალიზატორად იქცეს“.
მაგრამ რუსეთის მცოდნე რეიტერს ამის არ სჯერა. მას მიაჩნია, რომ რუსეთი კავშირის რიგითი წევრი ვერასდროს იქნება. „რუსეთი თავს დიდ ზესახელმწიფოდ მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში ალიანსში აშშ-ს გარდა, ძალაუფლების კიდევ ერთი ალტერნატიული ცენტრი გაჩნდება, რასაც ალიანსში ალიანსების შექმნა მოჰყვება“ – სთქვა მან და კიდევ ერთი: ასეთ შემთხვევაში, ნატო-ს გარე საზღვრები პირდაპირ ჩინეთისას მიუახლოვდება. „ამას რომ წარმოვიდგენ, ცოტა არ იყოს ცუდად ვხდები“ – აღიარა რეიტერმა და როგორც სჩანს აუდიტორიაც ცუდად ხდება. ამგვარი დისკუსიების გამართვის წესის თანახმად შეკრებილთა გამოკითხვა დებატების დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ ხდება. აუდიტორიის დიდი ნაწილი ნატო-ში რუსეთის მიღების წინააღმდეგია.











