აშშ საქართველოში მომხდარ აფეთქებებს რუსეთს უკავშირებს
ელენ ბარი, მარკ მაზეტი
აშშ-ს დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგნელებმა საკუთარ ანგარიშში დაასკვნეს, რომ შარშან საქართველოში განხორციელებული აფეთქებების სერიის, მათ შორის აშშ-ს საელჩოსთან მომხდარი აფეთქების უკან, შესაძლოა დაზვერვის რუსი ოფიცერი იდგეს, თუმცა ამერიკული ობიექტების წინააღმდეგ კონკრეტული შეთქმულების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს – განაცხადა ხუთშაბათს ამერიკელმა ჩინოვნიკმა
„შეფასება როგორც სჩანს ასეთია: აფეთქებები როგორც სჩანს უფრო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს უკავშირდება, ვიდრე აშშ-რუსეთის ურთიერთობებს“ – განაცხადა ჩინოვნიკმა ანონიმურობის პირობით, რადგან დაზვერვის სამსახურის მიერ აფეთქებების შეფასება გასაიდუმლოებულია.
ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ რუსი ოფიცრის აფეთქებებთან კავშირზე ვარაუდი ეფუძნება რამდენიმე წყაროს სადაზვერვო და სამართალდამცავი ორგანოებიდან, მათ შორის ქართული სამსახურებიდან. ჩინოვნიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო „არასრული შეფასება“ და მასში არ არის კონკრეტული დასკვნა იმის თაობაზე, რომ აფეთქებები მოსკოვის ბრძანებით განხორციელდა. ჩინოვნიკის თქმით, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ამერიკის საელჩოსთან მომხდარი აფეთქება გახლდათ უფრო „ქართველების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ვიდრე ამერიკელების წინააღმდეგ“.
ანგარიშის არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად The Washington Times-მა გამოაქვეყნა. როგორც სჩანს, სადაზვერვო წრეებში ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი აფეთქებებზე, რომელმაც განაახლა ძველი წინააღმდეგობა ვაშინგტონში იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს აშშ-რუსეთის ურთიერთობები.
22 სექტემბერს გამთენიისას აფეთქება საელჩოს შენობის კედელიდან დაახლოებით 60 მეტრში მოხდა. ქართული პოლიციის განცხადებით, გექსოგენი ტკბილეულის ყუთში იყო. ბომბს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა იმავე ადგილას გაააუვნებელყვეს.
აფეთქება ერთ-ერთი იყო იმ აფეთქებების სერიიდან, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში, დიდწილად ნაკლებად დასახლებულ რაიონებში გაისმა. ერთი ადამიანი დაიღუპა. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც აფეთქებებს იძიებდნენ, განაცხადეს რომ 12 აფეთქება დაიგეგმა, რომელთაგან ზოგიერთი ვერ განხორციელდა. ქართველებმა ის რუსეთის აგენტებს დაუკავშირეს.
საქართველოს პოლიციამ საელჩოსთან მომხდარი აფეთქება რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერს, მაიორ ევგენი ბორისოვს დაუკავშირა, რომელიც საქართველოს აჯანყებული რეგიონის, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. დეკემბერში, როდესაც საქართველომ აფეთქებებთან დაკავშირებული ექვსი ადამიანი დააკავა, პოლიციამ განაცხადა, რომ მაიორმა ევგენი ბორისოვმა მოამზადა, ასაფეთქებელი მოწყობილობები გადასცა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული დეტალური ინსტრუქციები ჩაუტარა ადამიანებს, ასევე აფეთქების შემდეგ ორ ეჭვმიტანილს გასამრჯელოც მისცა. ამერიკის დაზვერვის ანგარიშში როგორც სჩანს, ამ დასკვნების პირველი დამოუკიდებელი დადასტურებაა. რუსმა ჩინოვნიკმა, რომელსაც ხუთშაბათს The Washington Times-ის სტატიაზე შეკითხვა დაუსვეს, განაცხადა, რომ საელჩოსთან აფეთქების შესახებ დისკუსია პოლიტიკური მიზეზების გამო განახლდა.
„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ამ პუბლიკაციების მიზანი აღნიშნული საკითხის ირგვლივ მეორე პროპაგანდისტული ტალღის წამოწყება იყო, საკითხის, რომელიც ამ წლის დასაწყისში განვიხილეთ როგორც ამერიკელებთან, ასევე ქართველებთან“ – განაცხადა რუსული მხარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა -„მსგავსი საკითხების შესწავლა დეტალურად უნდა ხდებოდეს და ყოველგვარი პროპაგანდისტული რეკეტის გარეშე, თუმცა ცხადია, რომ ასეთი მიდგომა არ ემთხვევა ამ კამპანიის ორგანიზატორთა მიზნებს“.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა 2008 წლის შემდეგ კვლავ დაძაბულია. დავის საგანი საქართველოს აჯანყებული ტერიტორიების – აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის – ბედია. რუსეთს ამ ტერიტორიებზე ათასობით სამხედრო ჰყავს განთავსებული. ამ კვირაში ხუთმა ამერიკელმა სენატორმა, რესპუბლიკელემა ჯონ კაილმა და ჯონ მაკკეინმა არიზონადან, ლინდსი გრემმა სამხრეთ-კაროლინადან და მარკ სტივენ კერკმა ილინოისიდან, ასევე დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ჯოზეფ ლიბერმანმა კონექტიკუტიდან საელჩოსთან აფეთქების თემაზე სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსგან და დაზვერვის სამსახურისგან ბრიფინგი მოითხოვეს. ხუთშაბათს კაილმა განაცხადა, რომ მანამ სანამ აფეთქება საქართველოში (რომელსაც მან „ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ მიმართული აქტი“ უწოდა) გამოძიებული არ იქნება და საკითხი არ გადაწყდება, რუსეთთან გადატვირთვის მცდელობები უნდა შეწყდეს.











