ურთიერთობათა ”გადატვირთვის” მიღმა

capr-banner

აშშ-ს სტრატეგია რუსული პოლიტიკისთვის

სემიუელ ჩარაპი

ივლისის დასაწყისში, როდესაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოსკოვში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან სამიტზე ჩავა, თუ მას რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცების გზაზე რეალური პროგრესის მიღწევა  უნდა,  ურთიერთობების “გადატვირთვის” გარდა,  იქ კიდევ სხვა რამ უნდა ჩაიტანოს. გადატვირთვა, ანუ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად პროდუქტიული ატმოსფეროს შექმნის მცდელობა, რუსეთისადმი ადმინისტრაციის მიდგომის მოკლევადიანი ამოცანაა და აქამდე ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა

მაგრამ გადატვირთვა საწყისი ტაქტიკაა და არა გრძელვადიანი სტრატეგია. ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკამ, როდესაც ის ხან ეხუტებოდა რუსეთს და ხან კი უფრთხოდა, ის დაგვიდასტურა რომ აუცილებელია   პრინციპების და  ყოველდღიური გადაწყვეტილებების სტანდარტების დაწესება. ამერიკული  განვითარების ცენტრმა ექვსი სტრატეგიული მიზანი ჩამოაყალიბა და რამდენიმე კვირის შემდეგ დაგეგმილი გადამწყვეტი სამიტისათვის ადმინისტრაციას განსახილველად შესთავაზა.

სამიტის წინ ცენტრი წარმოადგენს აშშ-ს და რუსეთის თანმიმდევრული პოლიტიკის პროგრამის სრულ ანგარიშს.  ჩვენს მიერ შემუშავებული რუსეთის სტრატეგია ექვს კომპონენტს შეიცავს, ესენია: რუსეთის გადაქცევა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის  ნაწილად;  მზადყოფნა იმ გამოწვევების დასაპირისპირებლად, რომელსაც ქმნის, როგორც აგრესიული, ასევე დაცემული რუსეთი; ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება; პოსტ-საბჭოთა სივრცეში უსაფრთხო გარემოს შექმნა; რუსეთში სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; რუსეთის ინტეგრაცია საერთაშორისო საზოგადოებასა და გლობალურ ეკონომიკაში.

გადატვირთვის პროცესის ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად ხდება: მაგალითად, როგორც სულ უფრო აგრესიული რუსეთის დაკმაყოფილებისა და მისთვის სტრატეგიული პარტნიორობის შეთავაზების საშუალებად. ზოგიერთი ამ ტერმინს, როგორც “კვერისა და შოლტის” მიდგომას სასტიკად აკრიტიკებს, კიდევ ზოგიერთი მას “დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უკიდურესად დამაბნეველ, უგემოვნო მეტაფორად” მიიჩნევს.

ასეთი კვალიფიკაცია მთავარს ვერ ითვალისწინებს. “გადატვირთვის” პროცესი არც რუსეთის პოლიტიკაა და არც  სტრატეგია. ეს მხოლოდ ტაქტიკაა: ურთიერთობათა ატმოსფეროს გაუმჯობესების მცდელობა. საქართველოში რუსეთის შეჭრისა და ბუშის ადმინისტრაციის რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, ისეთის მაგალითად, როგორიც იყო აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვითი სისტემის კომპონენტების ინსტალირების გეგმა, რომელიც რუსეთმა მტრულ ქმედებად აღიქვა, ატმოსფერო მართლაც მოწამლა – ვეღარ ხერხდებოდა ყველაზე ძირეული საკითხების განხილვაც კი.  ბუშის ადმინისტრაციამ რეალურად შეწყვიტა ორმხრივი სამხედრო კონტაქტები,  მაგრამ ობამას ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს დაძაბულობის განმუხტვა, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც შესაძლებელი გახდება  საერთო ინტერესებში შემავალი საკითხების განხილვა და უთანხმოებების დაძლევა.

ურთიერთობების გადატვირთვამ, როგორც სჩანს, ასეთი ატმოსფეროს შექმნა მოახერხა. ასეთ ატმოსფეროში შესაძლებელი ხდება საკითხების საღი განხილვა, იმის დადგენა, თუ სად არის შესაძლებელი თანამშრომლობა და რომელია ის სივრცეები, სადაც უთანხმოება რჩება.

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივმა განცხადებამ, რომელსაც ხელი აპრილში  მათ პირველ შეხვედრაზე მოეწერა, ეს პროგრესი თვალნათელი გახადა.  დოკუმენტში ხაზგასმულია თანამშრომლობის 15 სფერო და სპეციფიკური პოლიტიკური ინიციატივები. ამ საკითხებს შორისაა: თანამშრომლობა ირანის ბირთვულ პრობლემებზე, 2010 წელს ავღანეთში გაუვრცელებლობის შეთანხმების კონფერენციის მოწვევა, კლიმატის ცვლილებების გადაწყვეტა და იმ გზების მოძიება, რომელიც სარაკეტო თავდაცვით სისტემებში შესაძლებელს გახდის თანამშრომლობას. შეერთებულმა შტატებმა მზადყოფნა გამოსთქვა, ხელი შეუწყოს ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის  ხელშეკრულების დადებასა და აშშ-რუსეთის სამშვიდობო ბირთვული შეთანხმების (რომელსაც 123-ე შეთანხმების სახელითაც იცნობენ) ამოქმედებას.

პრეზიდენტმა თავის დიპლომატებს  სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების ახალი ხელშეკრულების მოსამზადებლად მითითები მისცა. ეს ხელშეკრულება მოკლევადიან პერსპექტივაში აშშ-რუსეთის ურთიერთობების მთავარი პრიორიტეტია.

ერთობლივმა განცხადებამ ისიც ცხადყო, რომ ურთიერთობების გადატვირთვამ რეალურად შეასრულა დასახული მიზანი: ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები დღის წესრიგში დადგა და აქტიურად განიხილება. ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, სამუშაო ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხოლო უთანხმოებები ისტერიკის გარეშეა აღიარებული, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ადმინისტრაციამ კლიმატის დაწმენდის, თანამშრომლობისა და განსხვავების არეალის განსაზღვრის გარდა, ბევრი სხვა რამ უნდა გააკეთოს. ჩვენ უნდა დავაზუსტოთ  რუსეთის პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები.

ცივი ომის შემდგომი პერიოდის  ორმხრივი ურთიერთობები იმას წარმოაჩენს, თუ რატომაა სტრატეგია საკვანძოდ მნიშვნელოვანი. პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და ბუშის მმართველობის პერიოდში, აშშ-რუსეთის ურთიერთობები საოცრად მერყეობდა – ხან კეთდებოდა განცხადებები სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ხან კი მხარეები ერთმანეთს გმობდნენ და ადანაშაულებდნენ.

ბუშის პრეზიდენტობისას ეს მერყევი სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ რუსეთის პოლიტიკა როგორც ასეთი გაქრა. ოფიციალური პირები რუსეთთან ურთიერთობებს დიდწილად   აშშ-ს  მთავარი მიზნების მიღწევის საშუალებად მიიჩნევდნენ. რუსეთი რელევანტური იყო მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მას ადმინისტრაციის ისეთი ამოცანების გადაწვეტაში შეეძლო დახმარება, როგორიც იყო ავღანეთი ან ირანი. აშშ-რუსეთის ურთიერთობები თავისთავად  მხოლოდ დამატებითი ფაქტორი იყო და ამიტომ ბუშის ადმინისტრაცია ვერ ხედავდა სრულფასოვანი პოლიტიკის არსებობის აუცილებლობას.

გარკვეული თვალსაზრისით ასეთი მიდგომა გასაგებია. ბუშის ადმინისტრაცია ორ რთულ ომში ჩაება და სწორედ ეს ომები იქცა დომინანტურ მიმართულებებად. მიუხედავად საერთაშორისო გარემოებებისა, ჩვენ რუსეთს უგულისყუროდ ვეპყრობოდით, არადა ქვეყანა იმ მნიშვნელოვან და რთულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის პირისპირაც შეერთებული შტატები აღმოჩნდა, საკვანძო როლს ასრულებს, მაგრამ რუსეთი ბევრ პრობლემასაც გვიქმნის და ამ პრობლემების იგნორირებაც არ შეიძლება. ჩვენ გვჭირდება სტრატეგია, რომელიც რუსეთის პოლიტიკის საფუძველს შექმნის, გვჭირდება მიზნები, რომლებსაც ყოველდღიური გადაწყვეტილებების საფუძველზე მივაღწევთ, აშშ-ს პოლიტიკას შეთანხმებულს გახდის და უკეთ მოემსახურება ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს.

წარმატებული რუსული სტრატეგიის ექვსი კომპონენტი ასეთი უნდა იყოს:

•         რუსეთის გადაქცევა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის  ნაწილად;

•         მზადყოფნა იმ გამოწვევების დასაპირისპირებლად, რომელსაც ქმნის როგორც აგრესიული, ასევე დაცემული რუსეთი;

•        უსაფრთხო გარემოს შექმნა პოსტ-საბჭოთა სივრცეში;

•        რუსეთში სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

•        რუსეთის ინტეგრაცია საერთაშორისო საზოგადოებასა და გლობალურ ეკონომიკაში.

პირველი კომპონენტი იმდენად უნდა გაძლიერდეს, რამდენადაც რუსეთის პოლიტიკამ შეიძლება ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებთან  დაკავშირებით დამატებითი კომპონენტის როლი შეასრულოს, ან თუ სხვაგვარად ვიტყვით, რუსეთი მნიშვნელოვანი ინტერნაციონალური პრობლემების გადაწყვეტის ნაწილად უნდა იქცეს. რუსეთს შეუძლია შეერთებული შტატების  საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს. ეს მართებულია შეიარაღებათა კონტროლის და გაუვრცელებლობის საკითხებთან დაკავშირებით, სადაც რუსეთი ჩვენი ერთადერთი პარიტეტული პარტნიორია.

მაგრამ ამით სულაც არ თავდება საკითხთა ის წრე, სადაც მოსკოვის მონაწილეობა ჩვენს წინაშე მდგომი რთული საკითხების გადაწყვეტაში განსაკუთრებით საჭიროა.  ამ საკითხებს შორისაა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთა, ავღანეთში სტაბილურობის მიღწევა, კლიმატის ცვლილებები და საერთაშორისო საფრთხეებთან დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად იძლევა რუსეთის შიგნით მიმდინარე მოვლენები ქვეყნის ჩართვის შესაძლებლობას ამ პრობლემების გადაწყვეტაში, ჩვენ მაინც უნდა შევძლოთ თანამშრომლობა. თუ მხედველობაში მივიღებთ  იმ საფრთხეების სერიოზულობას, რომლის პირისპირაც დღეს შეერთებული შტატები დგას და რუსეთის პოტენციურ პოზიტიურ როლს, თანამშრომლობა რაღა თქმა უნდა ღირს.

მეორე სტრატეგიულმა მიზანმა იმ განსხვავებული სცენარებისთვის უნდა მოგვამზადოს, რომელიც შეიძლება რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესებმა მოიტანოს და რომელიც შესაბამისად რუსეთის საგარეო პოლიტიკურ მიდგომებსაც შეცვლის. სოციალური და ეკონომიკური ტენდენციები რუსეთში ახლაც და ბოლო 20 წლის განმავლობაშიც ძალიან ცვალებადია.  2008 წლის ზაფხულის ბოლოს ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე, ჩვენ უკვე ვიხილეთ შემტევი რუსეთი – აყვავებული ეკონომიკით, მზარდი საშუალო კლასით, მკაცრად კონტროლირებადი პოლიტიკური სისტემით, დიდი სამხედრო დანახარჯებით და ექსპანსიონისტური, აგრესიული საგარეო პოლიტიკით, რომელიც ხშირად ჩვენთან კონფლიქტში შემოდიოდა.

მსგავს გარემოებებში, შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური ბერკეტების გამოსაყენებლად, რათა პასუხი გასცეს ქმედებებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს უპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკის ბუმი მართლაც შთამბეჭდავი იყო, მისი ძლიერების საფუძველი მყიფე ფუნდამენტს ეფუძნებოდა: მისი არმია მნიშვნელოვანწილად არარეფორმირებული და დისფუნქციონალურია, მისი ეკონომიკა ძირითადად ბუნებრივი რესურსების ექსპორტს ეფუძნება, მზარდი ისლამური უკმაყოფილება ჩრდილო კავკასიის რეგიონში ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე უქმნის, მართვა უხეიროა, კორუფცია ფართოდ გავრცელებული, ჭეშმარიტი დემოკრატიული პოლიტიკის არ არსებობის პირობებში, ელიტაში ადგილი აქვს დაპირისპირებას, რაც ე.წ. “ძალაუფლების ვერტიკალისთვის” სახიფათოა, ხოლო 1990-იან წლებში დაწყებული დემოგრაფიული კატასტროფა გრძელდება.

ყველაფერს ამას შედეგად ის შეიძლება მოჰყვეს, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში,  ჩვენ დაცემულ რუსეთთან დაპირისპირება მოგვიხდება. შეერთებული შტატები მსგავსი სცენარისა და ყველა მისი შესაძლო შედეგისათვის მზად უნდა იყოს: დაწყებული ძალაუფლების ვაკუუმიდან ცენტრალურ აზიაში და დამთავრებული ბირთვული მასალის დაუცველობით. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ პრობლემების გასამკლავებლად, რომელსაც რუსეთი შექმნის და ასევე იმ პოტენციური რისკების სამართავად, რომელიც რუსეთის დაცემას უკავშირდება.

მესამე სტრატეგიული მიზანი ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაა. რუსეთი ენერგეტიკული რესურსების უდიდესი მსოფლიო ექსპორტიორია, ჩვენ მსოფლიოს უდიდესი იმპორტიორი, ხოლო ევროპა რუსეთის ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან, ისევე როგორც რეგიონის სხვა ენერგომომწოდებელ ქვეყნებთან.  ამ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტებია - ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაცია, ტრანსპარენტულობა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია.

რუსეთი ამავე დროს, მსოფლიოს მესამე ენერგეტიკული მომხმარებელია და ერთ-ერთი ყველაზე ენერგეტიკულად ინტენსიური ეკონომიკა. ამიტომ ეფექტური, ალტერნატიული და განახლებადი რესურსების ამოქმედება, რაღა თქმა უნდა, ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს.

მეექვსე მიზანი ყოფილ საბჭოთა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს. ჩვენ  უნდა განვამტკიცოთ საერთაშორისო სამართალი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და აღვკვეთოთ რუსეთის მეზობლების  უფრო ნაკლებად ხილული საფრთხეებიც. მოსკოვის ქმედებები მისი მეზობლების მიმართ იმას ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს საკითხები არ უნდა განიხილოს რუსეთის პოლიტიკისგან იზოლირებულად.

საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენცია, არ წარმოადგენს განცალკევებულ მაგალითს იმისას, თუ რა საფრთხეს უქმნის რუსეთი ჩვენს პარტნიორებს რეგიონში. ენერგეტიკული ომი უკრაინასთან, რომელმაც ევროპაში ბუნებრივი აირის შეწყვეტის მასშტაბური პრეცედენტი შექმნა, ზეწოლა ყირგიზეთის მთავრობაზე, რომელსაც შედეგად მანასში აშშ-ს საჰაერო ბაზის გაუქმება მოჰყვა, გვაჩვენებს რომ რუსეთი არა მხოლოდ თავისი მეზობლების უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს ემუქრება, არამედ ხშირად შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებსაც უშუალოდ უქმნის პრობლემებს.

აშშ-ს პოლიტიკოსები არ უნდა დაეთანხმონ რუსეთის იდეას “პრივილეგირებული ინტერესების სფეროს” შესახებ და უნდა გადადგან ნაბიჯები, რომელიც რეგიონში უსაფრთხო გარემოს არსებობისადმი მათ ერთგულებას დაადასტურებს. რუსეთი ამ რეგიონში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, მაგრამ ეს როლი მან უნდა განახორციელოს თავისი მეზობლების  სრული დამოუკიდებლობის აღიარებით, იმის აღიარებით, რომ ეს ქვეყნები თავისუფლები არიან თავის შიდა და საგარეო პოლიტიკურ არჩევანში. ჩვენ ასევე უნდა გადავწყვიტოთ რეგიონალური კონფლიქტები, რათა ვუზრუნველვყოთ რეგიონის უსაფრთხოება.

რუსეთის სტრატეგიის მეხუთე კომპონენტი რუსეთში დემოკრატიის უნივერსალური ღირებულებების, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური ღიაობის და კანონის უზენაესობის ჩანერგვას  უკავშირდება. ჩვენ ეს საკითხები რუსეთის  ისტორიის, კულტურის თავისებურებებისა და პოლიტიკური სენსიტიურობის პატივისცემით უნდა გადავწყვიტოთ.

1990-იანი წლების მემკვიდრეობა, როდესაც სიტყვამ “დემოკრატია” რუსეთის მოსახლეობაში ნეგატიური კონოტაცია შეიძინა და ბუშის ადმინისტრაციის დამსახურებებმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ამ პრობლემების გადაწტვეტა უკიდურესად გაართულა, მაგრამ მიუხედავად ამ გარემოებებისა,  რუსეთში სრულფასოვანი დემოკრატიის განვითარება შეერთებული შტატების ინტერესებში შედის და ძალიან მნიშვნელოვანია. სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის,  “ღირებულებათა უფსკრულის” გამო დღეს ძნელად სავაურუდოა. არსებობს უფრო დიდი შანსი იმისა, რომ მსგავსი პარტნიორობა შედგება მაშინ, როდესაც ეს უფსკრული გადაილახება.

რუსეთის პოლიტიკის მეექვსე ასპექტი, გლობალურ ეკონომიკურ სისტემასა და საერთაშორისო საზოგადოებაში რუსეთის ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ეს მიზანი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღწევა, რადგან დღეს რუსეთის ხელისუფლება  ასეთი ინტეგრაციისადმი თანმიმდევრულ დაინტერესებას არ გამოხატავს, ყოველ შემთხვევაში იმ ფორმით, რომელიც დასავლელი პარტნიორებისთვის მისაღებია.

მაგრამ  რუსეთის კეთილდღეობა და უსაფრთხოება შეერთებული შტატების ინტერესებში შედის, შეერთებული შტატების ინტერესებშია ისიც, რომ რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკა საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოვიდეს.  ინტეგრირებული რუსეთი ბევრად უფრო მყარი პარტნიორი იქნება, მზარდი სავაჭრო კავშირებისა და გაუმჯობესებული საინვესტიციო კლიმატით ხელს შეუწყობს ჩვენსავე ეკონომიკურ ზრდას. ასეთი რუსეთი პოსტ-საბჭოთა რეგიონის ქვეყნებისთვისაც უკეთესი მეზობელი გახდება.

ამ ექვსი მიზნიდან რამდენიმე ერთმანეთს ამყარებს. მაგალითად უფრო ინტეგრირებული, საერთაშორისო სისტემებში უფრო ჩართული  რუსეთი უფრო დემოკრატიული გახდება, ხოლო უფრო დემოკრატიული რუსეთი ორმხივ საკითხთა გადაწყვეტისას  უფრო სანდო პარტნიორად მოგვევლინება.

ეს ექვსი სტრატეგიული მიზანი აყალიბებს რუსეთის პოლიტიკის ჩარჩოებს. ასეთი სტრატეგია მართებულია ღირებულებების პროგრესისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებულია, უნდა ვაღიაროთ რომ არ არსებობს არავითარი კონფლიქტი ჩვენს იდეალებსა და ინტერესებს შორის.

იმისთვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვის საზღვარს გასცდეს, ადმინისტრაციამ რუსეთის პოლიტიკის ეს მიზნები უნდა განახორციელოს. ივლისში დაგეგმილი მოსკოვის სამიტი პრეზიდენტ ობამას ამის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.