რეჟიმის ცვლილება: ქართული “ვარდების რევოლუცი”-ის ჭკნობა
![]()
ხოსე მიგელ ალონსო ტრაბანკო
როგორც სჩანს, პოლიტიკური არეულობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საქართველოში ჩვეულ მოვლენად იქცა. 2003 წლის “ვარდების რევოლუცი”-იდან ხუთ წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა და სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ შესაძლოა რეჟიმის მორიგმა ცვლამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა დაასრულოს. გასული კვირების განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო აქცია მოეწყო, ისინი აცხადებდნენ, რომ სააკაშვილმა თავის გადადგომაზე განცხადება რეალურად და დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემაც კი ივარაუდა, რომ – “სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად თავდასხმების ქვეშ მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გადადგეს, რადგან მოცემული მომენტისთვის სიტუაცია საქართველოში ძალიან დაძაბული და თითქმის კატასტროფულია.”
სააკაშვილის წინააღმდეგ ჰეტეროგენულ ბლოკში სხვებთან ერთად შედიან: ”ალიანსი თავისუფლებისთვის,” ”კონსერვატიული პარტია,” ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო,” ”საქართველოს გზა,” ”მეწარმეების პარტია,” ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის,” ”ხალხის პარტია” და ”ალიანსი საქართველოსთვის.”
არსებობს პრეცედენტი, რომლის უგულვებელყოფაც არ შეიძლება. 2007 წელს საქართველოში მსგავსი დემონსტრაციები იმართებოდა. მაშინ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, უკმაყოფილების ტალღის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად პოლიციის სპეცშენაერთები გამოიყენა და ზოგიერთი ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია (”იმედი” და ”კავკასია”) აშკარად იძულებით დახურა. ორივე ეპიზოდს ერთი რამ აერთიანებს, ქართული ოპოზიციის წევრები სააკაშვილის მთავრობას კორუმპირებულობისა და თვითნებური ავტორიტარიზმის გამო გმობენ.
მიხეილ სააკაშვილის შიდა პოლიტიკური მტრებს კიდევ ერთმა ფატქორმა შეუწყო ხელი – მისმა მილიტარისტულმა კამპანიამ სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ, რაზეც რუსეთს სასტიკი რეაქცია ჰქონდა და რაც საბოლოოდ პოლიტიკური და სამხედრო კატასტროფით დასრულდა. რუსეთს თბილისში შეჭრა და სააკაშვილის დამხობა შეეძლო, მაგრამ კრემლმა თავი შეიკავა იმიტომ რომ მიაჩნდა, რუსეთის ფედერაცია ვერ მისცემდა თავის თავს უფლებას გაემეორებინა შეცდომა, რომელიც აშშ-მ ერაყში დაუშვა. როგორც სჩანს რუსეთის სტრატეგებმა გადაწყვიტეს რომ დალოდებოდნენ სააკაშვილის რეჟიმის აფეთქებას ისე, რომ არ ჩაფლულიყვნენ ოკუპაციის ჭაობში. სწორედ ამით აიხსნება პრეზიდენტ მედვედევის განცხადება – “სააკაშვილი ჩვენთვის აღარ არსებოს. ის პოლიტიკური გვამია.” დღეს ოპოზიცია სააკაშვილს სწორედ იმაში ადანაშაულებს, რომ დაიწყო ომი რომელიც მარცხისთვის იყო განწირული.
მართლაც მისი პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო გაუარესდა. აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დაბრუნების სურვილს (ძალის გამოყენებით თუ მშვიდობიანად) მისი ომისმოყვარე ჰარდლაინერებიც კი არარეალურად მიიჩნევენ. ორივე სეპარატისტულ რეგიონს კრემლის სტრატეგიული მხარდაჭერა აქვს და კრემლმა ისინი უკვე დაასაჩუქრა დიპლომატიური აღიარებით. გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთმა ზომიერმა ქართველმა ნაციონალისტმა სააკაშვილის უპასუხიმგებლო ინტრიგების გამო თავი გაუცხოებულად იგრძნო.
გარდა ამისა, 2009 წლის დასაწყისში, ზუსტად ერთი დღით ადრე საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნების დაწყებამდე, ცნობილი გახდა, რომ მუხროვანის სატანკო ბატალიონის პერსონალმა ამბოხი მოაწყო. აქამდე გაურკვეველია ინციდენტი მართლა მოხდა თუ არა. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ცხადი ხდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კონკრეტული წევრები არ იზიარებენ სააკაშვილის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს და მზად არიან შესაბამისად იმოქმედონ. თავდაპირველად თბილისმა სააკაშვილის დასამხობად სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში რუსეთს დასდო ბრალი, მაგრამ როგორც ცნობილია, პრო-რუსული კადრები ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ძალიან მწირადაა წარმოდგენილი, ამიტომ მოსკოვს საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ იმის იმედი შეიძლება ჰქონდეს, რომ თბილისში უფრო ნეიტრალური პოზიციის მქონე ადმინისტრაცია მოვა.
ერთის მხრივ, მიამიტური იქნებოდა გვეფიქრა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს წარმომადგენლები, ან სხვა საშუალებები საქართველოში არ გააჩნიათ. კარგადაა ცნობილი, რომ საგარეო სადაზვერვო სამსახური (სვრ) და სამხედრო სადაზვერვო სამმართველო (გრუ) მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მის მიღმაც ოპერირებს. ისიც არ არის საიდუმლო, რომ რუსეთი სააკაშვილის წასვლას ისურვებდა. თბილისის მტრულ ანტაგონიზმს მოსკოვისადმი პასუხი ასეთივე სახით გაეცა: კრემლმა რუსეთში არალეგალურად მცხოვრები ქართველები გამოაძევა, აკრძალა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი. ”რია ნოვოსტი” მიანიშნებდა, რომ რუსეთში სამუშაოდ ჩასული ქართველების ფულადი გზავნილები ერთ მილიონ დოლარს უტოლდება, თანხა რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოს მშპს თითქმის ერთ მეთორმეტედს შეადგენს. შეტყობინება, რომლის გაგზავნასაც რუსეთის მთავრობა ცდილობდა ცხადია, არაგონივრულია რუსული დათვის პროვოცირება შურისძიების მოლოდინის გარეშე. ცნობილი არაა ყურად იღო თუ არა ეს საქართველოს მთავრობამ, ან უნდა თუ არა სააკაშვილის რეჟიმს ამ ფაქტებისათვის ყურადღების დათმობა.
არსებობს კიდევ ერთი ღირებული მოსაზრება. არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ე.წ. “გადატრიალების მცდელობა” დადგმული და მართული იყო სააკაშვილის გარემოცვის რომელიმე წევრის მიერ, რათა ოპოზიციის დემონიზაციის, მათი არაპატრიოტიზმში და არაქართველობაში დადანაშაულების შესაძლებლობა მისცემოდა. მეორე მოტივი შეიძლება გამხდარიყო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა და იმის ხაზგასმა, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა უმასპინძლოს ალიანსის სამხედრო წვრთნებს. თუ მსგავსი მოსაზრებები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს იმის ვარაუდს აჩენს, რომ პრზიდენტი სააკაშვილი თავს კუთხეში მომწყვდეულად გრძნობს და თანამდებობის შესანარჩუნებლად პოლიტიკური ხრიკები ძალიან სჭირდება.
ეს არ უნდა იყოს პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მანიპულაციის ასეთ უხეშ მეთოდებსა და პოლიტტექნოლოგიებს იყენებს. იტყობინებოდნენ, რომ 2008 წლის ბოლოს, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი თავისი ბოლო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა, მათ ესკორტს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტი სამხრეთ-ოსეთის საზღვართან მოხდა. მკვლევარმა, ვილიამ ენგდალმა განმარტა, რომ ეს “თავდასხმა” თბილისის მიერ იყო დაგეგმილი – მათ რუსეთისთვის უნდა დაედოთ ბრალი. ეს თვალსაზრისი მოგვიანებით პოლონეთის უშიშროების სამსახურებმაც დაადასტურეს. პოლონეთზე შეიძლება ყველაფერი იფიქრო, გარდა იმისა რომ ვარშავას პრო-რუსული პოზიცია აქვს.
უფრო სავარაუდოა, რომ სააკაშვილის არასტაბილური რეჟიმი მხოლოდ ნატო-ს პოლიტიკურმა და დიპლომატიურმა მხარდაჭერამ გადაარჩინა. რომ არა ეს, მისი მთავრობა, ალბათ უკვე დაიშლებოდა. Financial Times-ის ჟურნალისტსაც კი აინტერესებს, სააკაშვილი გაძლებს თუ არა თავის თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოსთქვამენ იმის გამო რომ ნატო-ს ზურგს უკან, საქართველო რუსეთის ინტერესებთან დაპირისპირებულ, პროვოკაციულ ქმედებებს ახორციელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ – “საქართველოს ელიტა ცდილობს ამაო, მაგრამ სახიფათო ხელოვნური ხრიკებით თავისი მოსახლეობის ყურადღება გადაუდებელი შიდა პრობლემებიდან სხვა რამეზე გადაიტანოს.”
შეცდომა იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ თუ სააკაშვილის მთავრობა დაემხობა, მას ავტომატურად პრო-რუსული რეჟიმი შეცვლის. სრულიად სავარაუდოა იმის ფიქრი, რომ ნატო მას უკვე გამოყენებულ რესურსად განიხილავს და მისი ადმინისტრაციის დაშლის შემთხვევისთვის, ვაშინგტონს უკვე აქვს სათადარიგო გეგმა, რომელსაც ასეთ ვითარებაში აამოქმედებს.
ნატო-ში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ – “საქართველოს მეგობრები ნატო-ში სააკაშვილით ძალიან იმედგაცრუებულები არიან. მან თვითონ იცის, რომ ვაშიგტონმა უკვე გააკეთა განსხვავებული არჩევანი. ისინი ახალ ლიდერს ამზადებენ.” ის აზუსტებს რომ – “ყველაზე სავარაუდოდ ეს (სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე და ახლა ოპოზიციური პოლიტიკოსი) ნინო ბურჯანაძე იქნება.”
თუ მხედველობაში მივიღებთ ამ ბოლო დროს საქართველოში ნატო-ს კუნთების თამაშს და ჩრდილოელ მეზობელთან კონფრონტაციის მის თითქმის პერმანენტულ სურვილს, რუსეთი მიუხედავად იმისა დარჩება, თუ არა სააკაშვილი ხელისუფლებაში, იარაღის ჟღარუნისთვის მაინც ემზადება. რეალურად კი მოსკოვი სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებს. წვრთნების სახელწოდებაა “კავკასია 2009.” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს მანევრები თავისი მასშტაბითა და ფარგლებით საბჭოთა პერიოდის წვრთნებს გაუტოლდება. საინტერსოა ის შენიშვნაც, რომლის თანახმადაც წვრთნები “კავკასია 2009″ 2008 წლის რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს შეძენილ ცოდნას დაეფუძნება. ამასთანავე, მოსკოვს დღის წესრიგში კიდევ სხვა წვრთნებიც აქვს, ისეთები როგორიცაა “ლადოგა 2009″ და “ზაპად 2009.” ეს უკანასკნელი ყურადღებას იმსახურებს, რადგან მასში ბელორუსიის ჯარიც მიიღებს მონაწილეობას.
ყველაფერი ზემოთ ნათქვამი ადასტურებს, რომ როდესაც საქმე საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, ორჭოფული სიტუაციები გარდაუვალია. კავკასიის რეგიონი საკმაოდ ცვალებადია, ამიტომ აქ მოვლენების ნებისმიერმა მოულოდნელმა განვითარებამ შეიძლება სერიოზულ და არასტაბილური შედეგები გამოიღოს. სააკაშვილი ქრესთომატიული მაგალითია იმისა, რომ გეოპოლიტიკა ის თამაშია, რომელსაც მცირეოდენი გონიერების გარეშე დიდხანს ვერ ითამაშებ. გეოპოლიტაკაში იმის გამო, რომ აქ მაღალი ფსონებია დადებული, უპასუხისმგებლო გამბიტისთვის სივრცე არ რჩება, ხოლო ადრე თუ გვიან თბილისში ამას მიხვდებიან.











