თვითგამოცხადებულ რეგიონში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტი მისი აღდგენის პირობას სდებს

ელენ ბარი, ოლესია ვართანიანი

ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თვითგამოცხადებულ სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკას მოულოდნელი ვიზიტით ეწვია, სადაც მან ახალი რუსული სამხედრო ბაზის მდგომარეობა შეაფასა და მოსახლეობას დაპირდა, რომ შარშან რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის დროს დანგრეულ სახლებს აღადგენს

ამ ვიზიტმა ხაზი გაუსვა იმ წინააღმდეგობას, რაც რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს და რაც კიდევ ერთხელ გაცხადდა საპრეზიდენტო სამიტის დროს გასულ კვირას. ორმხრივი ურთიერთობების “გადატვირთვის” გამო, რუსეთის პროტექციის ქვეშ არსებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის საკითხები გადაიდო.

გასულ კვირას მოსკოვში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ობამამ დაადასტურა მისი მტკიცე რწმენა, რომ – ”საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია” – ასევე იმედი გამოსთქვა, რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებულ განსხვავებულ დამოკიდებულებას დაარეგულირებენ.

მაგრამ რუსეთი ამ ტერიტორიებზე საკუთარ პლაცდარმს სულ უფრო ამყარებს და თავისი ვიზიტით სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში მედვედევმა ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ოდნავ მოგვიანებით, ამავე ზაფხულში აფხაზეთში პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი იგეგმება.

“გამაგრდით და ყველაფერი კარგად იქნება. აღდგენით სამუშაოებს ჩვენ ჩავატარებთ” – განუცხადა მედვედევმა აღფრთოვანებულ მასას, რომელიც ცხინვალის მთავარ მოედანზე შეიკრიბა. პრეზიდენტს ღვინით და ცხელი ყველის ორცხობილებით შეეგებნენ. მედვედევი საქართველოს წინააღმდეგ აჯანყების დროს დაღუპული ოსების მემორიალთანაც მივიდა და იქ ყვავილები დააწყო.

ცერემონიალის დროს, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, სამხრეთ-ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მედვედევს სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებისა და მათი “მცირერიცხოვანი ერის გადარჩენისთვის” მადლობა გადაუხადა.

ამ ტერიტორიის ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრმა ირინა გაგლოევამ განაცხადა, რომ – “რუსეთის პირველი პირების ვიზიტისთვის მზადება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.” მისი თქმით, რეგიონში მედვედევის ჩასვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ცხინვალში ობამას მოსკოვური ვიზიტის დასრულებისთანავე ჩავიდა და ის ხალხი დაამშვიდა, რომელიც ღელავდა, რომ მოსკოვი რუსულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ფონზე, სამხრეთ-ოსეთის მხარდაჭერას შეასუსტებდა.

“რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ” – აღნიშნა გაგლოევამ.

ქართველი პოლიტიკოსები ძალიან გაღიზიანდნენ. მათ განაცხადეს, რომ მედვედევის ვიზიტი ობამას გამოწვევის მიზნით დაიგეგმა, ან შესაძლოა ეს იყო პასუხი ორშაბათის ცერემონიალზე “ნაბუკო”-ს მილსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამ გაზსადენის მშენებლობა, საქართველოს ტერიტორიის გავლით იგეგმება. ის ევროპამდე აირს რუსეთის გვერდის ავლით მიიტანს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, მილსადენზე მთავრობათაშორის შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად იმყოფებოდა, ამ ვიზიტს რუსეთის დიპლომატიაში “სამარცხვინო და ამორალური პრეცედენტი” უწოდა.

“როდესაც პატარა საქართველოს ლიდერმა, ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად დატოვა, დიდი რუსეთის პრეზიდენტი ჩუმად შეიპარა მის ერთი ციდა რეგიონში და პირადად შეხვდა დაუბანელ, გამყიდველ დამნაშავესა და ადამიანების მკვლელს” – განაცხადა მან, გულისხმობდა რა სამხრეთ-ოსეთის ხელმძღვანელს კოკოითს.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.