სააკაშვილმა სროლაზე ბრძანება პირველმა გასცა
![]()
სტეფანი ბოლზენი
თუმცა ევროკავშირის ანგარიში რუსეთს ომში არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებისთვის, სამხრეთ-ოსეთის სამხედრო ფორმირებებს კი ქართველების ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს
ბრიუსელი – “სიმართლე ომის პირველი მსხვერპლია” – ამბობს ანდაზა. ეს რომ კავკასიურ კონფლიქტთან დაკავშირებითაც ასე მოხდებოდა, რომელიც 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით დაიწყო, თავიდანვე ცხადი იყო, მაგრამ შარშან ევროკავშირმა აჯანყებული რესპუბლიკის, სამხრეთ-ოსეთის გარშემო რუსეთ-საქართველოს ომის რეალური მიზეზების შესწავლა საგამოძიებო კომისიას დაავალა, რომელსაც შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა.
ანგარიშის გამოქვეყნების ვადის არაერთი გადადების შემდეგ, კომისიამ ბრიუსელს საბოლოო დოკუმენტი წარუდგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა: პირველ გასროლაზე ბრძანება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა, ანუ ამ ვერსიის თანახმად, რომელსაც ყველაზე მეტად რუსეთი ემხრობოდა, ხუთდღიანი ომი საქართველომ გააჩაღა. კონფლიქტმა 380 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თუმცა, შესაძლებელია სიმართლის ინტერპრეტაცია. იმ დროს როდესაც ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩიჟოვმა ევროკავშირის დასკვნა რუსული პოზიციის დადასტურებად მიიჩნია, მისი ქართველი კოლეგა უარყოფდა ბრალდებას, რომ კონფლიქტი თბილისმა დაიწყო. “ტალიავინს შეუძლია ჩათვალოს, რომ ჩვენი მხრიდან მოქმედების იმ მომენტში დაწყება სწორი არ იყო” – ამბობს სალომე სამადაშვილი – “მაგრამ საქართველოს და სამხრეთ-ოსეთის მოქალაქეებისთვის სამხედრო ჩარევა ძალიან დაგვიანებულიც იყო.”
ევროკავშირის საგამოძიებო კომისია სხვაგვარად თვლის. “საქართველოს მხრიდან სამხრეთ-ოსეთში ძალის გამოყენება, 8 აგვისტოს ცხინვალზე ცეცხლის გახსნით” და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არ იყო გამართლებული. კომისიამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სააკაშვილის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მოსკოვი მანამდე გეგმავდა ინტერვენციას, თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ “მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული მტკიცებულებები და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიტის წინ რუსული მხარე წვრთნიდა და სამხედრო ტექნიკას აწვდიდა სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ძალებს.”
სამხრეთ-ოსეთის რეაქცია 8 აგვისტოს საერთაშორისო სამართლის თვალსაზირისით თავდაცვად და ლეგალურ ქმედებად შეიძლება შეფასდეს, თუმცა იმავდროულად ტალიავინი გმობს როგორც მოსკოვის მასობრივ რეაქციას, ასევე სამხრეთ-ოსეთის ძალების მიერ ჩადენილ “ქმედებებს სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე ქართული წარმოშობის მოსახლეობის წინააღმდეგ,” რაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, სამხრეთ-ოსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ქართველების ეთნიკურ წმენდად ფასდება.
ამის შემდეგ, კომისია სერიოზულ დასკვნამდე მიდის, რომ რუსული არმიის მხრიდან ძალის გამოყენება გადამეტებული იყო და არანაირ თავდაცვას აღარ წარმოადგენდა, რაც ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევადაა შეფასებული. შესაბამისად დადასტურდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის მისამართით მანამდე არსებული კრიტიკა, რომ მისმა არმიამ არაპროპორციულად იმოქმედა. ასევე მხილებულია ის ფაქტიც, რომ რუსები და ოსები დანაშაულს ბუფერულ ზონებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგაც სჩადიოდნენ, თუმცა ტალიავინი არ აკრიტიკებს მხოლოდ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, არამედ პასუხისმგებლობას საერთაშორისო თანამეგობრობასაც აკისრებს. “შეცდომების, გაურკვევლობებისა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების სერია ყველა მხრიდან მატულობდა იქამდე, ვიდრე ძალადობის აფეთქების საფრთხე რეალობად არ იქცა” – ნათქვამია ანგარიშში. ძალიან დიდხანს, იმის ნაცვლად რომ პრობლემის მოგვარებისთვის ხელი შეგვეწყო, ვუყურებდით იმას თუ როგორ იქმნებოდა კრიზისი. თბილისზე ანგარიშის უშუალო გავლენა მომენტალურად აისახა. WELT-ის ინფორმაციით, იქ სიტუაცია დაძაბული იყო. “მთავრობა ძალიან ნერვიულობს, ის არ აღმოჩნდა საკმარისად მომზადებული” – გვითხრა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, თუმცა რა თქმა უნდა, ამ დასკვნის გამოქვეყნების შეფერხებამ, როგორც სჩანს ხელი შეუწყო იმას, რომ მთავრობის საწინააღმდეგო განწყობები არ გაიზრდება. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რამდენად შეუწყობს ხელს ეს ანგარიში სააკაშვილის მდგომარეობის დესტაბილიზაციას. მისი პოპულარობა კვლავინდებურად მაღალია, ხოლო ოპოზიცია სუსტი.
ამის საპირისპიროდ, სააკაშვილის რუსი მოწინააღმდეგეებისთვის ცხადია, რომ პრეზიდენტი ახლა მაინც უნდა გადადგეს. “ის მთავრობები,კიდევ ერთხელ კარგად უნდა დაფიქრდნენ, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილს” – აღნიშნა ელჩმა ჩიჟოვმა.
მან იმავდროულად მიუთითა, რომ რუსეთს აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს არმიაში მეორე აჯანყებული რესპუბლიკის აფხაზეთის საზღვართანაც გარკვეული ცვლილებები შეიმჩნევა.
სამხრეთ-ოსეთის მსგავსად, 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. როგორც სჩანს, ტალიავინის დასკვნას შედეგები შეიძლება უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც ჰქონდეს. ოპონენტები ევროკავშირს მოსკოვის “ცინიზმის” წახალისებაში ადანაშაულებენ.











