ომი საქართველომ დაიწყო
გამოცემა :
18:35 30-09-2009

რუსეთ საქართველოს ხუთდღიანი ომის დროს ევროკავშირში დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა.


პოლონელებისთვის, ჩეხებისთვის და ბალტიისპირელებისთვის ის, თუ ვინ არის დამნაშავე კონფლიქტის ესკალაციაში, რომელიც მანამდე 15 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო, ორი აზრი არ არსებობს მათ რუსეთის შეჭრა მისი პატარა მეზობლის ტერიტორიაზე მოსკოვის იმპერიალიზმის აღორძინების საფრთხედ აღიქვეს და ლონდონის მხარდაჭერით მკაცრ საპასუხო სანქციებს მოითხოვდნენ, თუმცა ევროკავშირის ძველ წევრ დასავლურ სახელმწიფოებში სხვა განწყობა სუფევდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მათ პოზიციას წარმოადგენდა: დასავლეთმა რუსეთი იზოლაციაში არ უნდა მოაქციოს, განსაკუთრებით ამ კონფლიქტურ სიტუაციაში, გააფრთხილა მან ყველა და მათ "ამ მწვავე ინტრიგის დასრულებისკენ" მოუწოდა. შტაინმაიერი საქართველოს ხელმძღვანელობის "უპასუხისმგებლო" ქმედებებზე და რუსეთის "გადამეტებულ რეაქციაზე" საუბრობდა.

ევროკავშირის თანხმობა გერმანულ წინადადებაზე 2008 წლის დეკემბერში შეექმნათ "საქართველოს კონფლიქტის შემსწავლელი დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია," როგორც ჩანს ამ მოსაზრებას ადასტურებს. კომისიის დასკვნაში, რომელსაც კავკასიის და რუსეთის საკითხებში ძალიან გამოცდილი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს და ოთხშაბათს ბრიუსელში გამოქვეყნდება, Frankfurter Allgemeinen Zeitung-ის ცნობით ნათქვამი იქნება, რომ ომი 8 აგვისტოს საქართველომ დაიწყო.

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ომის დაწყებაში საქართველოს როლის ცენტრალურ პუნქტად წარმოდგენა, აბათილებს მანამდე არსებულ ინფორმაციას: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ღამით სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალისთვის ცეცხლის გახსნა და სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე ქართული არმიის შემდგომი გადაადგილება, თავდაცვითი აქტი იყო, სააკაშვილის ბრძანება რეაქცია იყო ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც რუსული ტანკები როკის გვირაბში გადაადგილდნენ, რომელიც სამხრეთ ოსეთს კავკასიონის ქედით რუსეთთან აკავშირებს, თუმცა კომისიამ რუსული არმიის გადაადგილების დამადასტურებელ ფაქტს ვერ მიაგნო. ამგვარად მან დაასკვნა, რომ რუსების მხრიდან პირველი რეაქცია - სამხრეთ ოსეთში ჯარი შეეყვანა, რადგან იქ სამშვიდობო მანდატით მისი "მშვიდობისმყოფელები" მართლაც იმყოფებოდნენ - გამართლებული იყო.

თუმცა ეს მკაფიო განცხადება იმის თაობაზე თუ ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ივლისში სულ უფრო გააქტიურებულ შეტაკებებზე და სამხრეთ ოსეთის გარშემო დაწყებულ ომზე, რუსეთს პასუხისმგებლობისგან მხოლოდ ნაწილობრივ ათავისუფლებს. კომისია კონფლიქტის ესკალაციაში მოსკოვს მნიშვნელოვნად ადანაშაულებს და მას საერთაშორისო სამართლის მრავალრიცხოვან დარღვევბში სდებს ბრალს. კომისიის აზრით, ის რომ რუსეთი წლების განმავლობაში, ომის წინ კი განსაკუთრებით ინტენსიურად, საქართველოს აჯანყებული რეგიონების მცხოვრებლებს რუსულ პასპორტებს ურიგებდა, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედება იყო. ამასთანავე დაუსაბუთებელია რუსეთის არგუმენტი იმის თაობაზეც, რომ ის ასე მასშტაბურად სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი მოქალაქეების დასაცავად მოქმედებდა. გარდა ამისა, რუსეთმა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, 2008 წლის გაზაფხულიდან გადადგმული ახალი ნაბიჯებით - მაგალითად, აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო მფრინავების ჩამოგდებით - სამხრეთ კავკასიის რეგიონში უკიდურესად გაართულა სიტუაცია.

საგამოძიებო კომისიის აზრით, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებები იყო ასევე, სამხრეთ ოსეთის რეგიონის მომიჯნავე ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიების და რუსეთის ჯარის მიერ ასევე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკავება, რაც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გამოყენება, რომელიც ფოთის პორტში ქართულ გემებს ანადგურებდა, ასევე კოდორის ხეობის ზედა ნაწილის დაპყრობა, რითაც რუსებმა და აფხაზებმა 1990-იანი წლების დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმება დაარღვიეს.

გარდა ამისა, კომისიამ დაასკვნა, რომ სამხრეთ ოსეთში, იქ სადაც 2008 წლის აგვისტომდე ქართველები კომპაქტურად ცხოვრობდნენ, ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას, თუმცა გამოძიებამ ვერ მოიპოვა იმ ფაქტის დამადასტურებელი საკმარისი მასალა, რომ ეს აქციები კოორდინირებული ან ნაბრძანები იყო, თუმცა ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ქართველების განდევნა და მათი სახლების განადგურება, შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიურმა ბანდებმა ჩაიდინეს, თუმცა ძალიან სერიოზულ ეჭვებს ბადებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედება, რომელიც ამგვარ ქმედებებს არ აღკვეთდა. კომისიასთან დაახლოებული პირების ცნობით, რუსული მხარე მოვლენების ამგვარ განვითარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე "ძალიან მგრძნობიარედ" რეაგირებს - ბოლოს და ბოლოს კრემლმა მის საქართველოში შეჭრას ხომ "ჰუმანიტარული ინტერვენცია" დაარქვა.

სამხედრო დახმარება ჯანსაღ ჩარჩოებში უნდა ექცეოდეს

ტალიავინის კომისია კარგი რეპუტაციის მქონე 19 სპეციალისტთან ერთად მუშაობდა. მათ შორის იყვნენ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები, პოლიტოლოგები და სამხედროები, რომლებიც კავკასიის რეგიონს კარგად იცნობენ და წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობდნენ. კომისია მასალებს მოსკოვში, თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში იკვლევდა, მან დაკითხა ამ მოვლენების მონაწილე ყველა მნიშვნელოვანი პირი. კომისიაში ამბობენ, რომ მათთან "ყველა მხარე აქტიურად თანამშრომლობდა." გარდა ამისა კომისიას ხელი მიუწვდებოდა ნატო-ს, გაერო-ს და ეუთო-ს მონაცემებზე (ამ უკანასკნელს საქართველოში დიდი მისია ჰქონდა, მაგრამ სამი თვის წინ ქვეყანა დატოვა, რადგან რეგიონში მისი მანდატის გაგრძელებას რუსეთმა ვეტო დაადო); მან დაკითხა დასავლელი დიპლომატები, მათ შორის ვაშინგტონში, სადაც როგორც ჩანს მას დამაჯერებლად არწმუნებდნენ, რომ პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მკაფიოდ აფრთხილებდნენ რომ არ ჩაბმულიყო სამხედრო კონფრონტაციაში.

რუსეთმა შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ მან საქართველოს ხელმძღვანელობის სამხედრო დახმარებითა და პოლიტიკური მხარდაჭერით, ის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ძალით დაბრუნებისკენ წააქეზა. ორივე რეგიონი თბილისის კონტროლს 90-იანი წლების დასაწყისში სისხლისმღვრელი ომების შემდეგ გამოეყო. როგორც ჩანს კომისიის დასკვნაში, არსებობს პუნქტი, რომელიც აღწერს შეერთებული შტატების როლს, რომელიც ომის დაწყების მომენტში თბილისში მრავალრიცხოვანი სამხედრო მრჩევლებით იყო წარმოდგენილი: მასობრივი სამხედრო დახმარება შეიძლება გაგრძელდეს, თუკი ის ჯანსაღ საფუძველზე საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ხორციელდება.

მოსკოვისადმი უნდობლობა

ტალიავინის კომისიის მუშაობის შედეგებში გასაკვირი არაფერია. ომის დაწყებაზე სააკაშვილის საჯარო ვერსიის მიმართ სერიოზული ეჭვები საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან მალევე გაჩნდა. საქართველომ, შარშან სექტემბერში სატელეფონო საუბრების სტენოგრამა გამოაქვეყნა, რომელსაც სამხრეთ ოსეთისკენ, როკის გვირაბის გავლით რუსეთის არმიის გადაადგილების ფაქტი წინასწარ უნდა დაედასტურებინა. თუკი ჩანაწერები ნამდვილია, ყოველ შემთხვევაში რუსულ მხარეს ის არ გაუპროტესტებია, შეიძლება იქ საუბარი რუსული "სამშვიდობო გარნიზონების" ტრანსპორტით მომარაგებაზეც ყოფილიყო.

ეუთო-ს საქართველოს მისიის ინფორმაციით, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მხრიდან უცხოელი დიპლომატებისთვის მიწოდებულ ცნობებში, საუბარი არა რუსული არმიის შემოჭრაზე, არამედ სამხრეთ ოსეთისკენ ჩრდილოკავკასიელი და დაქირავებული მებრძოლების გადაადგილებაზეც იყო, თუმცა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთისკენ ჩრდილოეთ კავკასიიდან შეიარაღებული მებრძოლები მიემართებოდნენ, თავად რუსული საინფორმაციო საშუალებები ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადმოსცემდნენ.

მეორე მხრივ, კომისიას არც იმის დადასტურება შეუძლია, რასაც რუსები ამტკიცებდნენ, რომ ცხინვალზე ქართული თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, როდესაც 7 აგვისტოს უკანასკნელ სამშვიდობო მცდელობებს ჰქონდა ადგილი და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად, დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ბოლოს ომის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ განაცხადა. კომისიას აქვს ქართველების შესაბამისი ბრძანება, რომელიც რუსებმა ხელში ჩაიგდეს. დოკუმენტს სამართლებრივი და ტექნიკური ექსპერტიზა შვეიცარიაში ჩაუტარდა. ციურიხის პოლიცია ასეთ "ზომიერ" დასკვნამდე მივიდა: მან დაადასტურა, რომ დოკუმენტი ყალბი არ არის, თუმცა საკმარისად არ მიიჩნია რუსების მიერ მოწოდებული მასალა დოკუმენტის ნამდვილობის დასადასტურებლად.

"კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარესთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მასში ვის რა წვლილი მიუძღვის" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალტერ შტაინმაიერმა, როდესაც საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან სამ კვირაში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებით გამოვიდა. კომისიის მუშაობის წყალობით დღეს გაცილებით მკაფიო სურათი არსებობს იმისა, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, მაგრამ ის არ პასუხობს პოლიტიკურ კითხვებს, რომელთა წინაშეც დასავლეთი აღმოჩნდა, რადგან საკუთარი მოსაზრებების სისწორეში არა მხოლოდ შტაინმაიერი, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მცხოვრებლებიც უნდა დარწმუნდნენ, რომლებიც მოსკოვს არ ენდობიან.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,