ბაროზოს ძლიერი "ევროპის პრეზიდენტის" გამოჩენის ეშინია
გამოცემა :
19:11 13-10-2009

ბრიუსელი - ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზომ მხარი დაუჭირა პატარა წევრ ქვეყნებს, რომლებიც მიისწრაფვიან შეზღუდონ ევროპის საბჭოს მომავალი პრეზიდენტის როლი. ეს თანამდებობა ლისაბონის შეთანხმების თანახმად უნდა შეიქმნას


ოთხშაბათს (7 ოქტომბერს) ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ბატონმა ბაროზომ დეპუტატები იმის გამო გაკიცხა, რომ ისინი "ევროპის პრეზიდენტზე" საუბრობენ.

"მაპატიეთ, მაგრამ არანაირი ევროპის პრეზიდენტი არ იქნება. თუკი ლისაბონის შეთანხმება ძალაში შევა, მაშინ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გაჩნდება. ამის გაგება მნიშვნელოვანია, რადგან, ჩემი აზრით, ვიღაც ვიღაცეები გარკვეულ derives institutionelles (ინსტიტუციონალურ ძვრებზე) ფიქრობენ" - განაცხადა მან.

როლი, რომელსაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ითამაშებს, ბოლო დღეებში ბრიუსელში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა. შეთანხმება მის უფლებამოსილებას საკმაოდ გაურკვევლად აღწერს. ახლა, წევრი ქვეყნების მთავრობებში დისკუსია იმის თაობაზე მიმდინარეობს, ღირს თუ არა ამ თანამდებობის დიდი ქვეყნის ცნობილი პოლიტიკოსისთვის, თუ უფრო ნეიტრალური ფიგურისთვის შეთავაზება.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა კონკრეტულ წრეს ის პირველი ადამიანი განსაზღვრავს, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს. დღეს ამ თანამდებობაზე ერთ-ერთ ყველაზე შესაძლო პრეტენდენტად ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი განიხილება. ბევრს მიაჩნია, რომ მისი რანგის პოლიტიკოსი ამ თანამდებობას იმგვარ მნიშვნელობას შესძენს, რაც დიდწილად გასცდება ადმინისტრაციულ როლს, რომელიც ლისაბონის შეთანხმებაშია ნაგულისხმევი.

დოკუმენტის თანახმად, რომლის რატიფიცირებაც ყველა წევრ ქვეყნას არ მოუხდენია, პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერების რეგულარულ სხდომებს (ე.წ. ევროპული საბჭოს) უხელმძღვანელებს და მათ მუშაობას წარუძღვება.

ბატონ ბაროზოს, რომელიც ჩვეულებრივ საერთაშორისო სამიტებზე ევროკავშირს წარმოადგენს, ამ საკითხში პირადად არის დაინტერესებული.

საბჭოს ძლიერი პრეზიდენტი ევროკავშირის ძალთა ბალანსს დაარღვევს, რაც როგორც ჩანს აიძულებს ბატონ ბაროზოს ძირითადად ბრიუსელში მუშაობით შემოიფარგლოს.

ევროკომისიის თავმჯდომარეს ფორმალურად არ შეუძლია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დანიშვნაში ჩარევა, თუმცა მან წინასწარ უკვე განაცხადა, რომ "ევროპული კომისია არ გაიზიარებს იდეას იმის თაობაზე, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ევროპის პრეზიდენტია."

ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ბაროზო თავის განცხადებას გააკეთებდა, ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტი, რომელშიც ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი ლისაბონის ხელშეკრულების მიღებასთან დაკავშირებით კავშირის "ინსტიტუციონალური ბალანსის მხარდაჭერის" მოწოდებით გამოდიან. ბევრმა, ეს დოკუმენტი ბლერის კანდიდატურის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აღიქვა.

პოლონეთმა ასევე მოამზადა დოკუმენტი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის როლს ეძღვნება. გასულ კვირას ევროპულ საკითხებზე პოლონეთის მინისტრმა მიკოლაი დოგილევიჩმა EUobserver-თან ინტერვიუში მინიშნება გააკეთა, რომ ვარშავას ხედვით ახალი პრეზიდენტის როლი საკმაოდ შეზღუდული უნდა იყოს.

"ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ პოლონეთის ფინანსთა ან სოფლის მეურნეობის მინისტრები მხოლოდ თავიანთ პრემიერმინისტრს დაექვემდებარებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ისინი არ დაექვემდებარებიან" - განაცხადა მან.

ზოგიერთ წევრ-ქვეყანას, კონკრეტულად კი საფრანგეთს, საპირისპიროდ სურს, რომ ახალი სერიოზული მოთამაშე გაჩნდეს და პრეზიდენტის პოსტზე ისეთი ადამიანი დაინიშნოს, რომელსაც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში ყველა კარი ღია დახვდება და რომელიც ევროკავშირს მსოფლიო არენაზე დამატებით წონას შესძენს.

ბატონი ბლერი არ არის ერთადერთი, ვისი სახელიც ამ კონტექსტში განიხილება. სხვა შესაძლო კანდიდატურებს შორის სახელდებიან ჰოლანდიის ლიდერი იან პეტერ ბალკენენდე, ლიუქსემბურგელი ლიდერი ჟან-კლოდ იუნკერი და ესპანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ფილიპე გონსალესი.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა