კლინტონის ელვისებური ტურნე აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში
გამოცემა :
20:00 02-07-2010

ვაშინგტონი - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ხუთდღიან ტურს იწყებს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ხუთ ქვეყანაში. მოგზაურობა რეგიონში, რომელსაც გეოპოლიტიკური კატაკლიზმები ახასიათებს, მისი დიპლომატიური უნარების ტესტი გახდება.


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა, ამ კვირის დასაწყისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლინტონის მოგზაურობა არ უნდა განიხილებოდეს, როგორც „დაწყნარების ტური“, რომელიც რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში „გადატვირთვის“ გამო რეგიონში აშშ-ს მოკავშირეების დამშვიდებას ემსახურება. პირიქით, შეერთებულ შტატებს სურს „დაძლიოს ისეთი მიდგომა, როდესაც ევროპული დიპლომატია და უსაფრთხოება განიხილება, როგორც თამაში ნულოვანი საწყისით და როდესაც ცენტრალურ ევროპაში ქვეყნებს სჭირდებათ არჩევანი გააკეთონ პრორუსები იყვნენ თუ პროამერიკელები“.

„ვფიქრობთ, რუსეთის ზოგიერთი მეზობელი მოიგებს, როდესაც შეერთებულ შტატებს და რუსეთს უფრო სანდო, გახსნილი ურთიერთობები ექნებათ და ზოგიერთს ეს ჩვენთვის ნათქვამიც აქვს“ - თქვა გორდონმა - „მაგრამ თუკი ვინმეს ჩვენი რუსული პოლიტიკა აღელვებს, ჩვენ მოხარული ვიქნებით ეს საკითხი მათთან ერთად განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ პოლონეთში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსეთის თემა წამოიჭრება და ეს კარგი შესაძლებლობა იქნება სახელმწიფო მდივნისთვის იმის ასახსნელად, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ გადატვირთვას, ევროპის უსაფრთხოებას და რეგიონის უსაფრთხოებას. ასე რომ მე არ შევხედავდი ამ მოგზაურობას, როგორც დაშოშმინების ტურს“.

მან დასძინა რომ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობას რამდენიმე მიზანი აქვს, თუმცა საერთო თემა „დემოკრატიაა“.

გთავაზობთ მოსაზრებას იმ რამდენიმე პრობლემაზე, რომელიც როგორც ჩანს, კლინტონს რეგიონში მოგზაურობისას შეხვდება:

უკრაინა

კლინტონის მარშრუტის პირველი პუნქტი კიევია, სადაც ის 2 ივლისს ჩავა და მთელ დღეს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, საგარეო საქმეთა მინისტრ კონსტანტინ გრიშენკოსთან და მოგვიანებით ყოფილ პრემიერმინისტრ იულია ტიმოშენკოსთან მოლაპარაკებებში გაატარებს. ის ასევე შეხვდება მედიის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და ლექციას წაიკითხავს კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

კლინტონის უკრაინაში ვიზიტი იანუკოვიჩის მიმართ ერთგვარი მადლიერების გამოხატულებაა. უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინა მაღალგამდიდრებული ურანის მთლიანი მარაგისგან გაეთავისუფლებინა, რის გამოც პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან ვაშინგტონში აპრილის ბირთვული სამიტის დროს მაღალი შეფასება მიიღო.

თუმცა იანუკოვიჩმა დასავლეთს იმედიც გაუცრუა, როდესაც კიევის ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქვა. კლინტონის ვიზიტი ვაშინგტონის მხრიდან იმის ერთგვარი სიგნალია, რომ იანუკოვიჩის პრომოსკოვური გარიგებებისა და მიდრეკილებების მიუხედავად, დასავლეთს უკრაინა რუსეთისთვის არ დაუთმია. აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ხელახალი ამოქმედება კიევის დასავლეთთან კავშირების განმტკიცების მცდელობაა.

„იგი მკაფიოდ დააფიქსირებს იმას, რაც ჩვენ თავიდანვე ცხადად გამოვხატეთ“ - თქვა გორდონმა - „ანუ იმას, რომ ჩვენთვის ეს ორი რამ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და ვიმედოვნებთ და ველით იმას, რომ უკრაინა რუსეთთან კარგი ურთიერთობების განვითარების პარალელურად ასევე კარგ ურთიერთობებს განავითარებს ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან“.

უკრაინის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაც ალბათ განხილვის საგანი გახდება. იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ სერიოზულ რეფორმებს გაატარებს და მსოფლიო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებს განაახლებს, რომელმაც შარშან 16.4 მილიარდი დოლარის ტრანში გაყინა.

აშშ-ს ელჩმა უკრაინაში ჯონ ტეფტმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა ქვეყანაში „ჟურნალისტებზე ზეწოლის სამწუხარო ფაქტების“ შესახებ. ტეფტის თქმით, შეერთებული შტატები იმედოვნებს რომ უკრაინის მთავრობა „მიიღებს ზომებს, როდესაც პრესის თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება, არ უნდა მოხდეს მთავრობის მხრიდან ჟურნალისტებსა და მედია-კომპანიებზე ზეწოლის ძველ სისტემასთან დაბრუნება“.

ამ საკითხზე საუბარი, როგორც ჩანს კლინტონის მერიაში შეხვედრის დროს გაიმართება.

„უკრაინა ქვეყნაა, რომელსაც უახლოეს წარსულში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჰქონდა. ვფიქრობთ ისინი სწორ გზას ადგანან, თუმცა ცხადია ყველა სფეროში, მაგალითად დემოკრატიის ღიაობისა და მედიის თავისუფლების მხრივ არ არის შესანიშნავი სიტუაცია“ - განაცხადა გორდონმა - „ასე რომ ეს იქნება შანსი და სახელმწიფო მდივანი ისე როგორც ის ამას ყოველთვის აკეთებს, არამხოლოდ მთავრობას შეხვდება, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც მოუსმენს“.

პოლონეთი

კლინტონის შემდეგი გაჩერება - კრაკოვია, პოლონეთი, სადაც მის დღის წესრიგში შედის დემოკრატიების თანამეგობრობის (Community of Democracies) დაფუძნების ათი წლისთავის ზეიმში მონაწილეობა.

კლინტონი, რომელიც პოლონეთში ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩავა, ასევე გამართავს მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისთან. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ ერთობლივ დღის წესრიგში შედის ავღანეთის, ირანის, ევროპის უსაფრთხოების, ეკონომიკასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა.

კლინტონი პოლონეთში ასევე ეწვევა შინდლერის მუზეუმს, ქარხანას, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელმა ბიზნესმენმა ოსკარ შინდლერმა ასობით ებრაელი მუშა ჰოლოკოსტისგან იხსნა.

აზერბაიჯანი

კლინტონი, რომელიც აშშ-ს პირველი სახელმწიფო მდივანი გახდება ჯეიმს ბეიკერის შემდეგ (ბეიკერი ბაქოს 1992 წელს ეწვია) რომელიც აზერბაიჯანს ეწვევა, ბაქოში 3 ივლისს ჩავა და შემდეგი დღის დიდ ნაწილს იქ გაატარებს. ეს მისი მოგზაურობის ყველაზე დიდი დიპლომატიური გამოწვევაა.

შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაგრძელება სჭირდება, რადგან ეს ქვეყანა სატრანზიტო მარშრუტია ავღანეთის მომარაგების თვალსაზრისით. ავღანეთის მთლიანი მომარაგების დაახლოებით 25% ამ მარშრუტზე მოდის. ყირგიზეთის ”მანასის” საავიაციო ბაზის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, ის პოტენციურად ეჭვქვეშ დადგა ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის გამო და ამ ფონზე აზერბაიჯანი შეიძლება აშშ-სთვის უფრო კრიტიკული სტრატეგიული პარტნიორი გახდეს. უფრო ადრე გაზაფხულზე, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის რობერტ გეითსის ბაქოში ვიზიტმა ეს დინამიკა გააძლიერა.

თავის მხრივ ბაქოს აშშ-ს მხარდაჭერა სურს სომხეთთან მთიანი ყარაბაღის გაყინულ კონფლიქტში, სადაც ამ თვის დასაწყისში სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ძალადობამ ხელახლა იფეთქა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, „თავდაცვის მინისტრის (გეითსის) ერთ-ერთი მიზანი ორივე მხარესთან (სომხეთი და აზერბაიჯანი) მოლაპარაკება იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს (სამშვიდობო) პროცესში პროგრესის მიღწევა“, მაგრამ როგორც ეუთო-ს მინსკის მოლაპარაკების ჯგუფის წევრი, შეერთებულ შტატები სამშვიდობო მოლაპარაკებებში ცალსახად ბაქოს პოზიციას ვერ დაიკავებს.

აზერბაიჯანი, რეგიონის ენერგეტიკულ პოლიტიკაშიც მთავარი მოთამაშეა. შეერთებულ შტატებს სურს რუსეთის დომინირების შემცირება და დაგეგმილი ”ნაბუქოს” გაზსადენი ერთ-ერთი გზაა, რითაც ამის მიღწევა შეიძლება.

მაგრამ შეერთებული შტატების ურთიერთობა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობასთან სავალალოა. აზერბაიჯანის ლიდერი აპრილში თეთრი სახლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე არ მიიწვიეს. დიპლომატების თქმით, ვაშინგტონი გაბრაზებული იყო, რადგან მისი აზრით ალიევი ცდილობდა დაებლოკა ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი თურქეთ-სომხეთის შერიგების პროცესი.

ვაშინგტონის თვალში ალიევი დემოკრატიულ ღირებულებების მიმართ მწყრალადაა განწყობილი. ქვეყანაში აკრძალულია უცხოური მაუწყებლობები, ხოლო ადგილობრივი დამოუკიდებელი მედია უზარმაზარ ზეწოლას განიცდის და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც მთავრობის საქმიანობას არ იწონებს, რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან. მარტო ამ კვირაში, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების ევროკომისარმა თომას ჰამერბერგმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია „ჟურნალისტების და უფლებადამცველების შეშინების, დევნისა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეებით, რაც აზერბაიჯანში საფუძვლიანად არ გამოძიებულა“.

მთავრობის მიერ ჟურნალისტ აინულა ფატულაევას და ბლოგერების ადნან ჰაჯიზადეს და ემის მილის ხანგრძლივი დაპატიმრება ასევე გახდება კლინტონის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ახალგაზრდა ლიდერებთან საუბრის თემა. თუკი ვაშინგტონი ამ ადამიანების სასწრაფოდ გათავისუფლებას მხარს არ დაუჭერს, ეს აღქმული იქნება ავღანეთის ომში სტრატეგიული დახმარების სანაცვლოდ აშშ-ს მხრიდან საკუთარი პრინციპების დათმობად.

„ვფიქრობ, აზერბაიჯანთან დაკავშირებული სერიოზული საკითხები მკაფიოა“ - თქვა გორდონმა - „ყველა ეს საკითხი სერიოზულია. აზერბაიჯანთან მიმართებაში ენერგეტიკა საკვანძო საკითხია, სომხეთთან ურთიერთობა მთიან ყარაბაღში და რეგიონული უსაფრთხოება სერიოზული საკითხია. ასე რომ დღის წესრიგი იქნება სავსე სერიოზული საკითხების განხილვით და სახელმწიფო მდივანიც იქ სწორედ ამის გამო მიდის, რომ ბევრი საკითხია განსახილველი“.

სომხეთი

სომხეთში კლინტონს დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ სერჟ სარგისიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანთან, მაგრამ იგი ასევე შეხვდება პოლიტიკური ოპოზიციის წევრებს. სახელმწიფო დეპარატამენტი აცხადებს, რომ ის სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებების ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს „ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიზაციასა და მედიის თავისუფლებაზე“.

ერევანში, მთიანი ყარაბაღი კლინტონის ოფიციალური მოლაპარაკებების წამყვანი თემა იქნება, მით უფრო 18 ივნისს აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ხაზზე ოთხი სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, რამაც ქვეყანა შეძრა. გავრცელდა ხმები, თითქოს შეტევა ნაწილობრივ ვაშინგტონის ყურადღების მიქცევისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაძვრისთვის აქტიური ჩარევის აუცილებლობის ხაზგასასმელად განხორციელდა.

ფილიპ გორდონს არ უთქვამს ის, თუ რა დახმარებას შესთავაზებს კლინტონი ერევანს. მან მხოლოდ განაცხადა - „როდესაც თქვენ შეირაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებულ ჩიხში ხართ, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ ვუჭერთ მხარს ასე აქტიურად მინსკის ჯგუფის პროცესს და დიპლომატიას“.

განხილვის მეორე, წამყვანი თემა იქნება ჩიხი სომხურ-თურქული ურთიერთობების დარეგულირების მოლაპარაკებებში, მაშინ როდესაც სულ რაღაც ორი თვის წინ ქვეყნები თითქოს დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარების გზაზე იდგნენ. ეს კლინტონისთვის მნიშვნელოვანი პერსონალური საკითხია, რადგან იგი მთავარ როლს თამაშობდა ციურიხის ოქტომბრის მოლაპარაკეკებში და სარგისიანს და თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არწმუნებდა ხელი მოეწერათ ურთიერთობის ნორმალიზების პროტოკოლებზე.

„ამ პროტოკოლების რატიფიკაცია აღარ მოხდა. როგორც იცით, პრეზიდენტმა სარგისიანმა გაზაფხულზე განაცხადა, რომ აჩერებდა რატიფიკაციის პროცესს, ვიდრე ამას თურქეთი არ გააკეთებდა“ - განაცხადა გორდონმა - „ასე რომ ეს სახელმწიფო მდივნისთვის იქნება შანსი დაელაპარაკოს პრეზიდენტ სარგისიანს და სომხებს იმაზე, თუ როგორ ხედავენ ისინი სიტუაციას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ პროტოკოლების რატიფიკაცია და რეალიზება კარგი საქმეა და თურქეთის საზღვრის გახსნა სასარგებლო იქნება როგორც სომხეთის, ასევე თურქეთისთვისაც“.

თუკი სომხეთში კლინტონი და მისი გუნდი ადამიანის უფლებების მდგომარეობის საკითხს წამოჭრის, ეს ალბათ გაერო-ს უფლებადამცველების მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგი იქნება. მარგარეტ სეკეგია რამდენიმე დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს მთავრობასთან, სამართალდამცველებთან, მოსამართლეებთან, კანონმდებლებთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, შემდეგ კი სომხეთში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და დამატებით აღნიშნა „არსებითი შეზღუდვების შესახებ რომელიც მოქმედებს შეკრების თავისუფლებაზე“ და ფიზიკური ზეწოლის თაობაზე ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართ: „სომხეთში სახეზეა დაუსჯელობის კულტურა, რაც უფლებადამცველთა მუშაობაზე აისახება“.

საქართველო

კლინტონის ბოლო გაჩერება თბილისია, სადაც ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება და სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი „განიხილავენ, როგორც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარეობას, ასევე ამასწინანდელი მუნიციპალური არჩევნების შედეგებს“.

კლინტონი პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და ქალთა ორგანიზაციების ლიდერებსაც შეხვდება.

სავარაუდოდ, მას მოსთხოვენ შეერთებული შტატების მხრიდან უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებას რუსეთის მიერ სამშვიდობო გეგმის პირობების შეუსრულებლობაზე აჯანყებულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებსაც სააკაშვილი „ოკუპირებულ რეგიონებად“ მოიხსენიებს.

გასულ კვირას ობამას და მედვედევს შორის განსაკუთრებულად თბილი ორმხრივი შეხვედრის შემდეგ (რაც ერთგვარად დაჩრდილა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 10 სავარაუდო რუსი აგენტის დაკავებამ) კლინტონს მოუწევს ისეთ ზღვარზე გავლა, როგორიცაა ერთის მხრივ თბილისის დარწმუნება, რომ ვაშინგტონი ძველებურად მის მხარესაა და მეორეს მხრივ ამის ისე გაკეთება, რომ რუსეთი არ გაბრაზდეს.

გორდონმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ საქართველოზე ჟენევის მოლაპარაკებების 11 რაუნდზე, შეერთებული შტატების დელეგაციამ გამოსცა განცხადება, რომელშიც ექვს პუნქტიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე თეთრი სახლის პოზიციაა ჩამოყალიბებული.

„ჩვენ უკმაყოფილოები ვართ იქ შექმნილი სიტუაციით და ეს მკაფიოდ გამოვხატეთ“ - განაცხადა გორდონმა - „პრეზიდენტმა (ობამამ) პრეზიდენტ მედვედევთან ეს მკაფიოდ აღნიშნა გასულ კვირას და ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს პოზიციაში, როდესაც ვაცხადებთ რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც გულისხმობდა არამხოლოდ ძალის გამოუყენებლობას და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, არამედ მოუწოდებდა მხარეებს იმ პოზიციებზე დაბრუნებისკენ, რომელიც მათ კონფლიქტის დაწყებამდე ეკავათ. რაც არ შესრულდა“.

ამ ფონზეც კი, 29 ივნისს სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი „მზადაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის რუსეთთან მრავალმხრივი მოლაპარაკებების დაწყებისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“.

კლინტონი შეერთებულ შტატებში 5 ივლისს დაბრუნდება.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა