კარგი ოლიგარქი
გამოცემა :
21:12 21-07-2011

მან ქონება რუსეთში იშოვა და მერე მშობლიურ სოფელში დაბრუნდა საცხოვრებლად. მას იშვიათად ხედავენ, მაგრამ მისი სულგრძელობა უსაზღვროა. ვინ არის ეს იდუმალი ქართველი მილიარდერი?


მთის წვერზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისს გადმოჰყურებს, ლითონითა და გლუვი ბეტონით ნაგები სასახლე დგას. მისი კოშკურები ალუმინის გისოსებშია გახვეული, ხოლო ეზოში ჰენრი მურისა და ანიშ კაპურის სკულპტურებია მიმობნეული. ერთ მხარეს ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკია. მის უკან ცისფერწყლიან საცურაო აუზში ასფუტიანი ჩანჩქერის ერზაცი ეშვება, რომელიც მეზობელი ბოტანიკური ბაღების ხევს ავსებს. ეს ბაღები საჯაროა, მაგრამ მოხეტიალე დამთვალიერებლებს ფრთხილად აკავებენ ხეებს შორის მიმალული, შავ უნიფორმაში გამოწყობილი მცველები.

როდესაც თბილისში პირველად 1998 წელს ჩავედი, ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის მმართველობის სტაგნაციურ, პირქუშ ეპოქაში, სასახლე ჯერ კიდევ უზარმაზარ მშენებარე ობიექტს წარმოადგენდა, ხარაჩოებით დაფარულს - უჩვეულო ხედი საქართველოსთვის. ერთხელ ჩემს მეგობარს კახას ვკითხე, რა შენდება-მეთქი. „ააა, ბიზნესმენი აშენებს ბიზნესცენტრს“ - მითხრა მან ბუნდოვნად. სხვა არავინ არაფერი იცოდა.

საქართველოდან 2001-ში წამოვედი, მაგრამ ძალიან ხშირად ვბრუნდებოდი იქ მეგობრების სანახავად და სტატიების დასაწერად. სასახლის მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა და მერე ისევ დაიწყო. 2003 წლისთვის შევარდნაძე, მოხუცი, დაღლილი კაცი იყო, თეთრი თმების შარავანდედით, კორუმპირებულ მთავრობასა და მომაკვდავ ეკონომიკას ედგა სათავეში. თბილისში სინათლე დღეში მხოლოდ ოთხი საათით მოდიოდა. მასობრივი დემონსტრაციები, რომელიც სადავო საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციით“ დასრულდა. 2004 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის შეუპოვარი, ახალგაზრდა და ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც განათლება დასავლეთში ჰქონდა მიღებული, ხმების 96%-ზე მეტით პრეზიდენტად აირჩიეს. „მიშა! მიშა! მიშა!“ სკანდირებდა ხალხი და წითელ ვარდებს აფრიალებდა. სინათლე მყისიერად აინთო. აღმოჩნდა, რომ ძველი რეჟიმი საქართველოს ელექტროენერგიას თურქეთსა და სომხეთში ჰყიდდა. სააკაშვილმა ეკონომიკა თავისუფალი ბაზრის საფუძვლებამდე დაიყვანა და ინვესტიციებიც წამოვიდა: ახალი მაღაზიები, რესტორნები, სასტუმროები.

ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ფიცი დადო, მე და კახა ახლად გახსნილ სამების საკათედრო ტაძარს ვეწვიეთ, ყველაზე დიდ ტაძარს საქართველოში. იმ ღამეს ის ისე იყო განათებული, როგორც პროჟექტორის სხივში მოხვედრილი გიგანტური საქორწილო ნამცხვარი. გაოცებული შევყურებდი გუმბათოვან ინტერიერს და ერთი კითხვა მიჩნდებოდა - ვინ გადაიხადა ამდენი. „ქართველმა ბიზნესმენმა, ალბათ“ - მიპასუხა კახამ - „მაგრამ არავინ იცის, ვინ“.

მისი სახელი ნელ-ნელა გაისმა, გაისმა როგორც კაფეში ჩურჩულით მოარული ჭორი: ბიძინა ივანიშვილი და სახელთან ერთად გამოჩნდა მისი ბიოგრაფიის მკრთალი კონტურებიც: ღარიბი ქართველი ბიჭი, ღარიბი ქართული სოფლიდან მოსკოვს გაემგზავრა და იქ მილიარდერად იქცა.

ივანიშვილმა სასახლეც ააშენა და კათედრალიც, მაგრამ არასდროს გამოჩენილა საჯაროდ და მისი სახელიც არასდროს უხსენებიათ გაზეთებში. 2008 წელს სააკაშვილს საჟურნალო სტატიის გამო კუდში დავდევდი და იდუმალ ბიზნესმენზე სწორედ მაშინ დავუსვი კითხვა. „ოო, ივანიშვილი!“ - შეჰყვირა პრეზიდენტმა - “გრაფი მონტე კრისტოსავითაა. მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. საჯაროობა ეზიზღება“.

სააკაშვილმა გაიცინა და მერე წარბშეკრულმა დასძინა - „მაგრამ პოლიტიკური ამბიციები არა აქვს. საერთოდ არა აქვს.“ ეს ისე თქვა, თითქოს ვერ წარმოედგინა ადამიანი, რომელიც ფულის გადაქცევას ძალაუფლებად არ მოინდომებდა.

მითხრეს, რომ ივანიშვილს ვერ შევხვდებოდი იმიტომ, რომ ის არასდროს ხვდება ჟურნალისტებს, მაგრამ ვფიქრობდი, იქნებ მაინც ვცადო-მეთქი და ეს სურვილი გიგა ბოკერიას გავუზიარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ადმინისტრაციის ერთ-ერთ ახალგაზრდა სახეს. გიგას იდეისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია და კიდევ ერთი მოარული ისტორია მომიყვა: „ბიძინამ ახალი კარგი გზა დააგო თავის სოფელში, იმერეთში. თავიდან ყველა გახარებული ჩანდა, მაგრამ მერე ერთ მშვენიერ დღეს, ამ გზაზე მიემგზავრებოდა და თანასოფლელების ჯგუფმა გზა გადაუკეტა. ისინი ჩიოდნენ, რომ ახალ გზაზე მანქანები ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ და ხმაურიცაა, ჰოდა მოშორებით ახალი სახლების აშენება მოსთხოვეს”.

„ქველმოქმედების საფრთხეები“ - ვივარაუდე მე.

გიგამ თავი გააქნია და თითი ასწია - „ სოციალიზმის სრულყოფილი მაგალითი!“.

ივანიშვილის სახელი მითების და მოარული ხმების წყაროდ იქცა.

„ფული იმით გააკეთა, რომ საბჭოთა სახელმწიფო დაწესებულებების ძველ ბალიშისპირებს თურქებზე ყიდდა“.

„არა, ის რუსეთში წავიდა, ბორის ივანოვი დაირქვა და ქონება ოქროს საბადოებზე იშოვა“.

„პერესტროიკის დროს ვიდეოაპარატურას და კომპიუტერებს ყიდდა“.

„თბილისის ძველი ინტელიგენციის ყველა წარმომადგენელს პენსიას უხდის“.

„ალბინოსი შვილები ჰყავს, იცოდით?“

„მან დააფინანსა რუსთაველის თეატრის რეკონსტრუქცია“.

„ზებრები ჰყავს“.

„არავინ იცოდა, რომ მან გაიღო სამების კათედრალის ხარჯები მანამ, სანამ შევარდნაძემ თავის მოგონებებში არ დაასახელა. ბიძინას ძალიან არ ესიამოვნა. როდესაც ტაძარი გაიხსნა, პატრიარქს დიდი ბანკეტის გამართვა უნდოდა ამის აღსანიშნავად, მაგრამ მან იქ მისვლაზეც კი უარი თქვა“.

„თანაკლასელებს სადილი გაუმართა და თითოეულს ხელსაწმენდის ქვეშ მანქანის გასაღები დაახვედრა“.

„პინგვინები ჰყავს“.

ივანიშვილის სახელი ბევრ სახელმწიფო პროექტს უკავშირდება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დასასვენებელი ზღვისპირა პარკის, სათხილამურო კურორტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების აღდგენას.

„არც კი ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა“ - იხსენებს დავით დოიაშვილი, თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრის დირექტორი. დოიაშვილი იმ დროს მელაპარაკა, როდესაც თავის თეატრში მაკბეტის რეპეტიციას ხელმძღვანელობდა და იქაურობა სამშენებლო მოედანს ჰგავდა. „ერთ საღამოს, წარმოდგენის შემდეგ, ძველმა მსახიობმა გამაცნო. სულ რაღაც წუთნახევარი ვილაპარაკეთ. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო. მკითხა, რატომაა ასეთი პატარა ჩვენი სცენა. მეც ვუთხარი, რომ უფრო დიდი გვჭირდება. მეორე დღეს მისი ხალხი მთელი თეატრის რეკონსტრუქციაზე სალაპარაკოდ მოვიდა“.

„არასდროს შევხვედრივარ“ - მითხრა გიგა ლორთქიფანიძემ, კიდევ ერთი თეატრის დირექტორმა. მის ბინაში მივედი, სადაც კედლები დიდი მსახიობების პორტრეტებით იყო დაფარული. ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი ლუი XIV-ის სტილის მაგიდაზე იდგა. ლორთქიფანიძეს "ქართუ ჯგუფის", ივანიშვილის საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაურეკეს და განუცხადეს, რომ მასთან „კონტრაქტის“ გაფორმება სურდათ. „მას შემდეგ ყოველთვიურად მის საბანკო ანგარიშზე $2 300 დოლარს რიცხავენ და საპასუხოდ არაფერს სთხოვენ. მისი შემთხვევა, ლორთქიფანიძის თქმით, უნიკალური როდია. ასე ასობით, შესაძლოა ათასობით ქართველ ინტელექტუალს ეხმარებიან.

„საჩხერეში ყოფილხართ, იმერეთში, საიდანაც არის ივანიშვილი?“ - მკითხა ლორთქიფანიძემ. „აჰ, მან იქ ის გააკეთა, რასაც საბჭოთა ხელისუფლება სულ პირდებოდა, მაგრამ ვერასდროს შეასრულა!“ ვცადე ივანიშვილთან დაახლოვებულ ადამიანებთან მელაპარაკა, მაგრამ ყველამ უარი მითხრა. „ეს ტაბუა.“ ხანდახან ადამიანები მისი სახელის ხსენებისას ჩურჩულზე გადადიან. ტაქსის მძღოლი მას ღმერთს უწოდებს.

ივანიშვილმა ინტერვიუ ერთადერთხელ, 2005 წელს მისცა რუსულ საქმიან გაზეთს „ვედომოსტი.“ ფოტო რომელიც წერილს ახლავს, საჯარო სივრცეში არსებულ მცირეოდენ ფოტოსურათთა შორის ერთ-ერთია. მასზე გამხდარი, შუა ხნის კაცია გამოსახული, შუბლიდან გადავარცხნილი წაბლისფერი თმა და ყავისფერი, მძიმე ქუთუთოიანი თვალები აქვს. ნაცრისფერი კოსტუმი აცვია და ზოლიანი ჰალსტუხი უკეთია. საშუალო რგოლის მენეჯერს ჰგავს, ისეთს რომელსაც შეიძლება ჩაუარო და ვერც კი იცნო, მიუხედავად იმისა რომ წინა ღამეს გაგაცნეს.

წელს ჟურნალ ”ფორბსის” რეიტინგით, ივანიშვილი მილიარდერთა სიაში 167-ე ადგილზეა, ხოლო მისი ქონება სავარაუდოდ 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. კაპიტალის ნაწილს ის ხელოვნებაზე ხარჯავს და მის კოლექციაში პიტერ დოიგიცაა და ფრიდა კალოც. 2006 წელს მან პიკასოს სურათში ”დორა მაარი კატასთან ერთად” 95 მილიონი დოლარი გადაიხადა, 30 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე ის შეფასებული იყო. ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე, საბოლოო შეთავაზება უკანა რიგებში მჯდომმა, შავ კოსტუმში ჩაცმულმა, ყველასთვის უცნობმა ადამიანმა გააკეთა. ის აშკარად არ იცნობდა აუქციონის ეტიკეტს და უბრალოდ გარკვეული დროის განმავლობაში ფირფიტა აწეული ეჭირა. ვიღაცამ მას სურათიც გადაუღო და მერე მასში ივანიშვილის ნათესავი ამოიცნეს.

ინფორმაციის ძიებაში საქართველოში საფრანგეთის ელჩს, უჩვეულოდ სასაცილო და უდარდელ დიპლომატს მივადექი. ის ქვეყანაში იმითაა ცნობილი, რომ ჯაზს უკრავს საქსოფონზე და გულადად იქცეოდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს - ფრონტის ხაზზე მოგზაურობდა. გაგონილი მქონდა, რომ ივანიშვილი ფრანკოფილია, რომ სენ-ტროპეს მახლობლად სახლი და პარიზში ბინა აქვს, რომ მისი ოთხივე შვილი საფრანგეთის მოქალაქეა, ხოლო მისი მეორე ვაჟი, 14 წლის ბერა სნუპ დოგთან ფრანგულად რეპავდა ხმის ჩამწერ სტუდიაში, რომელიც თბილისში, რუსთაველის თეატრის აღდგენის პარალელურად ივანიშვილმა ააშენა.

ერიკ ფურნიემ აღიარა, რომ ბიძინას მეგობარია, რომ ატარებს დროს მის „ბიზნეს-ცენტრში“ და მის სახლში სოფელ ჭორვილაში, სადაც ახლა ძირითადად ცხოვრობს ბიძინა.

„მე მესმის მისი და მის პრივატულობას პატივს ვცემ“ - განაცხადა ფურნიემ ფრთხილად - „შეხედეთ სხვა ოლიგარქებს და მათ ხვედრს - ივანიშვილი ერთადერთია, ვისაც სუფთა იმიჯი აქვს“.

„სუფთა იმიჯი აქვს? მას უბრალოდ იმიჯი არა აქვს“ - ვუპასუხე მე.

ფურნიე შეყოვნდა, იმის მოფიქრებას ცდილობდა, როგორ ეთქვა ჩემთვის რაიმე, მაგრამ ისე, რომ არაფერი არ გაემხილა. „მას უყვარს საფრანგეთი და ფრანგული სამზარეულო...“ ის ისევ გაჩერდა და თვალები გაუბრწყინდა იმ ფარული სიამოვნების გამო, რომ ივანიშვილთან დაშვებულია. (ის ერთადერთია ელჩებს შორის, რომელსაც ივანიშვილი შეხვდა, ამერიკელებსაც კი თავაზიანი უარი უთხრეს). „ყველაფერი უბრალოდ იდეალურადაა, უფრო შთამბეჭდავად, ვიდრე თქვენ ამის წარმოდგენას შეძლებდით“ - განაცხადა მან ბოლოს.

„მართლა ჰყავს ზებრები?“ - ვკითხე მე.

ფურნიე წამით შეყოვნდა. „კი, ჰყავს“ - დამიდასტურა მან თვალებში ელვარებით - „საქართველოში ზებრები არიან“.

ივანიშვილი 1956 წელს საჩხერის მთიან სოფელ ჭორვილაში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. ის იყო მეხუთე და ყველაზე უმცროსი შვილი. მამამისი მარგანეცის ქარხანაში ქვანახშირს ტვირთავდა. ზამთრობით ივანიშვილი სკოლაში გაყინული მინდვრების გავლით მიდიოდა, ფეხზე გამონაცვალი ფეხსაცმელი ეცვა, უწინდებოდ. საშუალო სკოლა საჩხერეში თითქმის მთელ კლასზე უკეთ დაამთავრა და ჯილდოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 70-იანი წლების ბოლოს, ის თან სწავლობდა და თან მეტალურგიულ ქარხანაში დამლაგებლად მუშაობდა. 1982 წელს ეკონომიკის დოქტორის წოდების მოსაპოვებლად, მოსკოვის სარკინიგზო მანქანათმშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაემგზავრა. თავისუფალ დროს მოსწავლე ბიჭებს ფიზიკაში ამზადებდა. მაშინ შეხვდა ერთ-ერთი ბიჭის კიდევ ერთ მასწავლებელს ვიტალი მალკინს და ისინი ბიზნესში წავიდნენ. მათი პირველი საწარმო სამოთახიანი ბინიდან იმართებოდა - ჩამოჰქონდათ კომპიუტერები, ტელეფონები და ვიდეორეკორდერები. პერესტროიკის დრო იდგა და მოსკოვი ფუთფუთებდა მოთხოვნილებებით. 1990 წლისთვის მალკინმა და ივანიშვილმა 100 000 დოლარი დააგროვეს, რაც საკამარისი იყო საბავშვო ბაღის კუთხეში ბანკის "როსიისკი კრედიტის" გასახსნელად. ეს ბანკი რუსებს, რომლებსაც საოცარი სისწრაფით გაუფასურებული რუბლის კონვერტაცია სურდათ, მყარი ვალუტით ამარაგებდა.

პრივატიზაციის გამოცხადების შემდეგ, ივანიშვილი ერიდებოდა დიდ და იოლ ფულს, მეტალისა და ნავთობის სექტორის გამო მიმდინარე სისხლიან დავებს. ამის ნაცვლად მან არაპოპულარული რკინის საბადოები იყიდა. მოკრძალებულად იქცეოდა. მალკინი ფორმალური ლიდერი იყო, ივანიშვილი - სტრატეგი. „ვედომოსტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს, რომ ერთი რამით ამაყობს - ბანკმა "როსიისკი კრედიტი” თავიდან აიცილა ბანდიტებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატის წარმომადგენლებთან კავშირის საფრთხეები. მაშინ იმას ცდილობდა, მტრები არ გაეჩინა.

1991 წელს ივანიშვილმა ცოლად მოიყვანა ეკა, ექიმის 18 წლის ქალიშვილი მეზობელი სოფლიდან. ეს მძიმე წელი იყო, სამოქალაქო ომით თბილისში და საძაგელი კონფლიქტით სამხრეთ ოსეთში, სულ რაღაც 20 კილომეტრში სოფელ ჭორვილადან. ხალხს ქორწილი ისე ახსოვს, როგორც იმ დროისათვის, ძალიან გულუხვი: უამრავი საჭმელი, ხიზილალა და ბანანები. 2004 წელს ის ჭორვილაში დაბრუნდა და ბავშვები ერთი სასწავლო წლით ადგილობრივ სკოლაში გაუშვა.

გადავწყვიტე დავყოლოდი რჩევებს და ივანიშვილის ბავშვობის სახლი მომენახულებინა. სექტემბრის ერთ მზიანი დილას, ჩემს მეგობარ მთარგმნელ მარიკასთან ერთად, თბილისი დავტოვე და ორი საათის სავალზე, დასავლეთით, იმერეთში წავედი. ქალაქ გომთან ტრასიდან გადავედით და საჩხერისკენ ავიღეთ გეზი. ტყიან აღმართზე ფრთხილი ზიგზაგებით სიარულის შემდეგ, აღმოვჩნდით ფართო პლატოზე, რომელსაც ჩრდილოეთით კავკასიის დამრეცი მასივი ერტყა გარს. სოფლებში, ნახევრად ჩამონგრეულ, დანაოჭებული რკინის ფირფიტებით შეკეთებულ ღობეებს შორის, კაშკაშა ფერების ლაქები მოჩანდა: პოლიურეთანის მწვანე და წითელი სახურავები, რომელიც ივანიშვილმა უსაჩუქრა აქაურებს. გზას ახალი წითელი მილსადენი მიუყვებოდა, მისი მეშვეობით საჩხერეს პირველად მიეწოდებოდა გაზი. ჩვენ ისიც გვითხრეს, რომ თითოეულ სახლში ახალი გაზქურა იდგა. ყველა ქვაბში კი ქათამი იხარშებოდა. ჩვენ ბიძინას სამეფოში ვმოგზაურობდით.

თვითონ საჩხერე პატარა ქალაქია, ერთადერთი, საბჭოთა ეპოქაში ნაგები მაღალსართულიანი შენობით, რომელიც დამსკდარ გზებს, ჩამონგრეული მაღაზიების რიგს გადმოჰყურებს, ხოლო მთავარ ქუჩას ისევ სტალინის სახელი ჰქვია. მდინარის გასწვრივ საბჭოთა იმპერიის ნანგრევები დგას - უზარმაზარი საფეიქრო ქარხნის ბეტონის ქერქი და ძველი, ლითონგადამამუშავებელი ქარხნის ჟანგიანი კარკასი. საბჭოთა კავშირთან ერთად საჩხერეც დაინგრა. არ იყო არც სამუშაო, არც ელექტროენერგია; ზამთრობით გომისკენ მიმავალი გზა გაუვალ ქვის გორად იქცეოდა. მანქანები ისე იშვიათად ჩანდა, რომ ბენზინის გამონაბოლქვს ნოსტალგიის არომატი დასდევდა. 2000-იანი წლების დასაწყისისთვის, მოსახლეობა განახევრდა და აქ მოხუცების, ძროხებისა და ტალახის გარდა აღარავინ დარჩა.

„მაგრამ საჩხერის ტალახმა მონატრება იცის და ღმერთმა ეს კაცი დაგვიბრუნა“ - გვითხრა ნუგზარ კიმაძემ, მუნიციპალიტეტის მიწის კადასტრის მთავარმა ოფიცერმა. ის ამ თანამდებობაზე კომუნისტების დროიდან მუშაობს და აქედან 1990-იან წლებშიც კი არ წასულა, მაშინ როდესაც ხელფასს კუპონებში უხდიდნენ, 5 დოლარზე ნაკლებს თვეში, ხოლო მის შვილებს წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ელექტრონათურებს. ახლა მისი ოფისი გარემონტებულია. როდესაც ივანიშვილის გასაოცარ ხელგაშლილობას აღწერს, ხელებს ისე ფართოდ შლის, თითქოს უზარმაზარ თევზზე გიყვება: პოლიციის ახალი შენობა, 20-ზე მეტი ახალი სკოლა ახლო-მახლო სოფლებში, სახანძრო სადგური, ადგილობრივი სამხედრო ბაზა, საფეხბურთო მოედანი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი (რომელსაც ჯერ არავინ იყენებს, რადგან ადგილობრივ საკრებულოს ფილმების დაქირავების ფული არა აქვს).

ივანიშვილმა გომისკენ მიმავალი გზაც აღადგინა, ააგო წყლით მომარაგების ინფრასტრუქტურა და 2009 წლის დასაწყისამდე რეგიონის 60 000 მცხოვრებს უფასო აირითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფდა. მან აღადგინა და აღჭურვა საავადმყოფო. სამედიცინო დახმარება საჩხერეში ჩაწერილი ყველა მოქალაქისთვის უფასო იყო. ის ყოველთვიურად უხდიდა ბონუსებს ექიმებსა და მასწავლებლებს, მოხუცებს პენსიებს. სადილის დროს ნუგზარმა, მისმა მეგობრებმა და მე ქარვისფერი იმერული ღვინით სავსე ჭიქები ავწიეთ და იმ წებოვანი ტალახის სადღეგრძელო შევსვით, რომელმაც ივანიშვილი ფესვებს დაუბრუნა.

სადილის შემდეგ ჩვენ მთაზე ავედით მანქანით და ნუგზარმა ჭორვილაში გვამოგზაურა. თითქმის ყველა შენობა სოფელში ივანიშვილის მიერაა ნაგები: გლუვი ბათქაში, ხის ფანჯრები, კაშკაშა გამძლე სახურავები. ყოველ სახლთან გალვანიზებული მეტალის სანაგვე ყუთი დგას. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი უცნაურია კეთილდღეობის ამ სივრცეების ხილვა საქართველოში. აქაურობა გერმანიის ან შვეიცარიის რომელიმე კუთხეს წააგავს.

ივანიშვილის მამული 14 აკრი მიწისგან შედგება. ის ნაწილობრივ ტრადიციული ხის მესერითაა შემოვლებული და ქვის კედელიც აკრავს. გზის ერთი მოსახვევიდან, თუ მაღლა აიხედავთ წმინდა წყლის მოდერნისტული მთავარი სახლის კუთხეს მოჰკრავთ თვალს, სახლს რომელიც ზევიდან გადმოჰყურებს საჩხერის ხეობას. სახლის წინ სპორტული კომპლექსი და ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკიც არის.

ივანიშვილმა სოფლის თავზე ახალი ეკლესია ააგო. ეკლესიას ვარდის ბაღი აქვს და წმინდანების ლაჟვარდოვანი ფრესკებითაა მოხატული. მამამისი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, აქაა დამარხული. როდესაც მეორე დღეს მე და მარიკა საფლავის სანახავად მივედით, ეკლესიასთან "ფოლკსვაგენი" და ნახმარი BMW ამოვიდა. მანქანები მღვდელს უნდა ეკურთხა. გარშემო სოფლის ხუთი ყმაწვილი იდგა. ისინი სიგარეტს ეწეოდნენ და მღვდლის დაბრუნებას ელოდნენ, უცხოთა შეკითხვებზე თავაზიანად და ცოტა ნერვულად იცინოდნენ.

„ყველა ბიძინასთან მუშაობთ?“ მათ დასტურის ნიშნად თავი დაგვიქნიეს.

„ჩვენი მხსნელია. ის რომ არ გვყავდეს, გადარჩენის შანსი არ გვექნებოდა. ახალგაზრდა კაცს ჭორვილაში ვერ ნახავდით, მაგრამ მერე ბიძინა დაბრუნდა და ამას უამრავი ხალხის დაბრუნება მოჰყვა“.

საჩხერეში ხუმრობენ, რომ ჭორვილაში არავინ რჩება მეუღლის გარეშე „ბრმები და კოჭლებიც კი“. ივანიშვილის ხელგაშლილობა აქაურებს ძალიან სასურველ მეუღლეებად აქცევს. ყოველი ოჯახი ყოველთვიურად 140 დოლარს იღებს, აირში და ელექოტროენერგიაში ფულს არ იხდიან და ყველა სახლშია ახალი მაცივარი და ტელევიზორი. ფაქტობრივად ყველა ივანიშვილის რომელიმე საწარმოში მუშაობს. თუ ქორწილია, ან გასვენება, ბიძინა სუფრისთვის $2 000 დოლარს სჩუქნის.

უკვე წლებია ივანიშვილი საზოგადოებრივ სივრცეში არ ჩანს. ეს ნაწილობრივ თავდაცვაა, როგორც მთხოვნელებისგან, ასევე კრიმინალებისგანაც. 1990-იან წლებში, იმ პერიოდში როდესაც საქართველოში ბანდიტები მძლავრობდნენ, მისი ძმა გაიტაცეს. ივანიშვილმა იცოდა, რომ გამოსასყიდის გადახდით სახიფათო პრეცედენტს შექმნიდა. ამიტომ მან ორმაგი თანხა გადაუხადა უშიშროების რუსულ და ქართულ სამსახურებს. ერთი თვის შემდეგ მისი ძმა გაათავისუფლეს.

ეს განმარტოება ნაწილობრივ მისი ხასიათის თვისებაა. „ვედომოსტის“ უთხრა: „არასდროს მომწონდა ჟურნალისტებთან შეხვედრა, წვეულებებზე სიარული, ყურადღების ცენტრში ყოფნა. დაბადების დღესაც კი არ ვიხდი. ასეთ ღონისძიებებზე ნიღბით უნდა იარო.“

იმას რასაც ივანიშვილი აკეთებს პერსონალიზებული სოციალიზმი შეიძლება უწოდო. მთავრობამ თბილისში ხელფასები გაზარდა და სკოლებისა და საავადმყოფოების ინვესტირება დაიწყო, მაგრამ სოფლად მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სარჩოს შოვნაზეა გადასული. საჩხერე კი შედარებით კეთილდღეობაშია, მიუხედავად იმისა რომ ორ ნაწილადაა გაყოფილი - იმად ვინც ბიძინასთან მუშაობს და იმად - ვინც არა. მაშ ეს სოციალიზმია, თუ ეკონომიკისადმი კეინსიანური მიდგომა?

თბილისში სააკაშვილის ახალი ტიპის ენერგიული ბანკირები, ბიზნესმენები და ეკონომიკის ექსპერტები ივანიშვილზე დამოკიდებულ ამ მინი სახელმწიფოს დასცინიან. „ის წელიწადში 30 მილიონ დოლარს ხარჯავს?“ - იკითხა ერთმა - „საქართველოში ეს ქონების ტოლფასია“.

კახა ბენდუქიძე საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია. ივანიშვილივით მანაც ფული მოსკოვში, 1990-იანი წლების დასაწყისში იშოვა და მერე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ თბილისში დაბრუნდა, რომ ეკონომიკის მინისტრის პოსტი დაეკავებინა. ისიც არაა აღტაცებული. „ ადამიანებს დამოუკიდებლობას უკლავს. ისინი ივანიშვილზე დამოკიდებულები ხდებიან და საკუთარი ძალებით ვერაფერს აკეთებენ. ამავე დროს, ბევრი მისით უკმაყოფილოა. რატომ აკეთებს ამას და არა რაიმე სხვას? რატომ არ აკეთებს უფრო მეტს?“

ადგილზეც არიან უკმაყოფილოები. „ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მასზე ხელი არავის მიუწვდება“ - გვითხრა ადგილობრივი საკრებულოს ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ისე გულწრფელად ილაპარაკა, რომ არ მოისურვა მისი სახელი გამემხილა. „ახლა ყველაფერი მხოლოდ ბიძინაა. ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. ფული უბრალოდ არ უნდა დაარიგო“. ის ამბობდა, რომ ივანიშვილი ყოველთვის როდი ხარჯავდა ფულს ლოგიკურად ან სამართლიანად.

თუ ეს სოციალიზმია, მაშინ მას სოციალიზმის თანმდევი ეფექტებიც მოჰყვება: ყოვლისმომცველი პასიურობა და იმის განცდა, რომ რაღაცაზე უფლება მოგეცა. ადამიანები თავის სასარგებლოდ იყენებენ სიტუაციას, ნადავლის გამო დავობენ და მოთქვამენ, რომ საკმარისი არ მიიღეს. „აქ ჩხუბი იყო იმაზე, თუ ვინ მიიღებს წითელ სახურავს და ვინ მიიღებს მწვანეს“ - მითხრა ფოტოგრაფმა საჩხერიდან. როგორც ჩანს, ივანიშვილი ხვდება, რომ ხელგაშლილობას საზღვარი უნდა ჰქონდეს. თავდაპირველად საჩხერეში საავადმყოფო ყველასთვის უფასო იყო, ახლა საჩხერელებს პიროვნების დამადასტურებელ საბუთს როდესაც ყველას უხდი აირის და სინათლის ფულს, სინათლეს საერთოდ აღარ აქრობენ. სუბსიდიები გასულ ზამთარს შეწყდა და ხალხმა ჩივილი დაიწყო, “ვერ მოიცადა ზაფხულამდე?“ ივანიშვილი ყველა მასწავლებელს ხელფასის გარდა ყოველთვიურად 200 დოლარს უხდიდა, გაორმაგებულ სახელმწიფო ხელფასს. ზოგიერთი მასწავლებელი ბევრს შრომობდა, სხვები ადრე ბრუნდებოდნენ შინ. ამას წინათ გადაწყდა, რომ ბონუსებს მხოლოდ რეალურად ნამუშევარი საათების მიხედვით გადაიხდიან.

ჩემი გამოკითხვებით ივანიშვილამდე ვერ მივაღწიე. ამბობდნენ რომ იმ დროს შავ ზღვაზე ისვენებდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, როგორც იქნა მივაგენი მის იმ ზოგიერთ მეგობარს, რომლებმაც ჩემთან ლაპარაკი მოისურვეს. ივანიშვილმა უზარმაზარი სიმდიდრე მოიპოვა, მაგრამ იმან რაც მათგან მოვისმინე, მაფიქრებინა რომ ის ამაოების, სიხარბისა და თავხედური ძალაუფლების ხაფანგს დაუსხლტა და მისმა ამბავმა ნელ-ნელა ჯადოსნური ზღაპრიდან არაკად გადაქცევა იწყო.

ივანიშვილი გაურბის საქართველოს ახლად შექმნილი ბიზნეს და პოლიტიკური კლასის ხიბლს მისი მოკრძალებული წარსულის წყალობით, ის ძალიან ერიდება თბილისის, უფრო ახალგაზრდა და ვესტერნიზებული ელიტის სნობიზმს. მას ისეთი ხალხი მოსწონს, ვინც მისი აზრით ნამდვილია, უპრეტენზიო და გაუმაძღარიც არ არის. მის ზოგიერთ მეგობარს ჩვეულებრივი სამუშაო აქვს: ფლორისტი, კლინიკის დირექტორი. მე მის რამდენიმე ახლო მეგობარს ველაპარაკე, ისინი ყველანი საშუალო ასაკის, კეთილგანწყობილი კაცები არიან, დღემდე სწამთ სამი ქართული ღირებულების - ოჯახის, მეგობრობისა და სტუმართმოყვარეობის.

გია ჭირაქაძე ქვეყნის ყველაზე ცნობილი ფოლკლორული ანსამბლის „ქართული ხმების“ შემქნელი და მომღერალია. კეთილი, მოხუცი სახე აქვს, მზემოკიდებული, იმიტომ რომ ოჯახთან ერთად სულ ახლახან გაატარა ორი თვე ივანიშვილის ზღვისპირა სახლში. ათი წლის წინ ივანიშვილმა მათ სიმღერას მოუსმინა და ყველანი, ოჯახის წევრებთან ერთად ერთი თვით სეიშელის კუნძულებზე მიიწვია. ბევრი მათგანი ახლაც მისი უახლოესი მეგობარია. ივანიშვილმა ყველა კარგად უზრუნველყო. გია ყოველთვიურად 2000 დოლარს იღებს.

„რა ახარებს?“ - ვკითხე მე.

“სხვისი სიხარული ახარებს“ - მითხრა გიამ - ”და კიდევ ნარდის თამაში ახარებს. ჩვენ დიდი ბრძოლები გვაქვს ერთმანეთთან. ბოლოს ძალიან გავაბრაზე, გავანადგურე. შეჯიბრის ბოლოს 7:0-ს ვუგებდი. ბოლოს იმან მომიგო 15-9 და ძალიან ბედნიერი იყო.“

ისინი ივანიშვილს უპრეტენზიო კაცად აღწერენ.

„როდესაც პირველად შევხვდი“ - ამბობს პოეტი კოტე ყუბანეიშვილი - „მხოლოდ ორი დიდი მცველის გამო მივხვდი, რომ ვიღაც იყო. კაფეში შევედით სალაპარაკოდ, მე გადავიხადე იმიტომ, რომ თან ნაღდი ფული არ ჰქონდა. ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა და დავპატიჟე. მკითხა რას ვისურვებდი საჩუქრად და ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, რომ დიუმას სამზარეულო წიგნს ვისურვებდი. ის და მისი ცოლი მართლაც მოვიდნენ ჩემს დაბადების დღეზე და დიუმას სამზარეულო ლექსიკონის ასლები მომიტანა - თვითმფრინავი გაუგზავნია მოსკოვში, ამ ასლებისთვის.“ ივანიშვილმა ბევრჯერ შესთავაზა კოტეს ფინანსური დახმარება, მისი წიგნების გამოცემისთვის, პოპულარიზებისთვის, თარგმანებისთვის. კოტე უარს ამბობდა, თუმცა დაეთანხმა და თავისი ცოლის შვილისთვის, რომელიც გერმანიაში სწავლობდა, ერთი წლის გადასახადი გამოართვა.

მონათხრობიდან და მოგონებებიდან აი ასეთი კაცის ფრაგმენტური პორტრეტი მივიღე - ის 19 წელია ბედნიერ ქორწინებაში ცხოვრობს, ჰყავს ოთხი შვილი (ორი მათგანი მართლაც ალბინოსია), როგორც ჩანს ოთხივე სასიამოვნო, კარგად განათლებული და არათვითკმაყოფილი ადამიანია. ის თავის მეგობრებს ფინანსურად უზრუნველყოფს, თუმცა იმასაც მივხვდი, რომ ყველაზე ახლო მეგობრები მასზე ფინანსურად დამოკიდებულები არ არიან. ივანიშვილის ცხოვრების წესი კარგია - ცურავს აუზში, არ ეწევა, სადილის შემდეგ ერთი ჭიქა კონიაკის გარდა, არაფერს სვამს მიუხედავად იმისა, რომ აქვს ფრანგული ღვინის მარანი, რომლის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აჭარბებს. ყოველდღე ოთხ-ხუთ საათს თავის ოფისში მუშაობს, რუსეთში თავის საწარმოებთან კონტაქტს ტელეფონით, ელექტრონული ფოსტითა და ბლუმბერგის ტერმინალის მეშვეობით ინარჩუნებს. მას ქართველისთვის უჩვეულოდ ადრე უყვარს დაწოლა - საღამოს 10, ან 11 საათზე.

საუბრებში აშკარად ძალიან ცნობისმოყვარეა: ძალიან ინტერესდება დეტალებით და შეუძლია ერთი წლის წინანდელი დისკუსიაც კი გაიხსენოს. „როდესაც რაიმეს უყვები, მყისიერად უჩნდება 20 კითხვა“ - ამბობს ირაკლი ტრიპოლსკი, მისი ძველი მეგობარი, რომელიც ერთ დროს ივანიშვილის ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა. როდესაც თეატრის შენობას აღადგენდა, ყველა დეტალი აინტერესებდა, განათება და ელექტროსიმძლავრეები. ხანდახან მასთან ლაპარაკი რთულია, რადგან მზად უნდა იყო ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად“.

ძალიან პედანტურად უჭირავს თავი პოლიტიკისგან შორს. „მე ახალ ქართულ მთავრობას არც ვემხრობი და არც ვეწინააღმდეგები“ - უთხრა მან „ვედომოსტის“ 2005 წელს - „პოლიტიკოსებთან არაფერი არ მაკავშირებს“.

ის არც დოგმატიკოსია არც იდეალისტი. რელიგია მაინცდამაინც არ უყვარს - „მე მატერიალისტი ვარ“ - უთხრა მან „ვედომოსტის“, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაზე დიდი ქართული ეკლესია მისი აშენებულია. მას სამუშაოზე თავისი დიდი ოჯახის წევრების ან საჩხერელების აყვანა ურჩევნია, თუმცა ამ საკითხში ხისტიც არ არის, ის აფასებს კომპეტენტურობას. მისი კომპანიის „ქართუ ჯგუფის“ მთავარი ოფისი თბილისში, არაფრით გამორჩეულ შენობაშია განთავსებული. ის იქ არასდროს მოდის. იმ ადამიანების თქმით, რომლებიც აქ მუშაობენ, ატმოსფერო პატივისცემითაა განმსჭვალული და სატელეფონო საუბრებში ივანიშვილი ყოველთვის გულთბილია. მე არ მომისმენია არც ერთი ამბავი მის რისხვასა და აფეთქებაზე.

„ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის თანამშრომელს კომპანიის პროექტების სია ვთხოვე. გაგონილი მქონდა, რომ „ქართუ ჯგუფი“ ყოველთვის 60-ზე მეტ მშენებლობას ან რეკონსტრუქციას აწარმოებს. მან მიპასუხა, რომ ”ქართუს” პროექტებს არასდროს აცხადებენ საჯაროდ. ვკითხე, შევძლებდი თუ არა "ქართუ ჯგუფის" დირექტორთან შეხვედრას. მისი თქმით, ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა და მან არც ის იცოდა, თუ როდის დაბრუნდებოდა.

„როდესმე ვინმეს მისთვის ინტერვიუ ჩამოურთმევია?“ - ვკითხე მე.

„არა“.

ივანიშვილს შეუძლია იყოს მოწყალე, მაგრამ თუ იგრძნობს, რომ ატყუებენ (არსებობს ბევრი მაგალითი იმისა, რომ მისი კონტრაქტები გაბერეს, ბიუჯეტები გაწელეს, ჯიბეები ამოივსეს), მას შეუძლია შეუბრალებლად გარიყოს მეგობარი ან ნათესავი. მე რამდენიმე ასეთ შემთხვევას გადავეყარე და არსად შემიმჩნევია, რომ ის განსაკუთრებულად უსამართლოდ მოიქცა.

ის ფულის გაცემის მორალურ საფრთხეს ფრთხილად ეკიდება, ხედავს ნიუანსურ განსხვავებას ქველმოქმედებას, ალტრუიზმსა და მოწყალებას შორის. მან „ვედომოსტისთან“ ამაზე ვრცლად ილაპარაკა. „როდესაც ფილანტროპი ანონიმურია, ის უზომო სიამოვნებას იღებს. სიცოცხლე მას არა მხოლოდ ადამიანებზე წუხილის, არამედ მათი დახმარების შანსს აძლევს“ - განაცხადა მან - „მაგრამ თუ ხალხს ძალიან ხშირად შეახსენებთ რომ ეხმარებით, ეს თვითგანდიდებად იქცევა... მადლიერების მაგიერ ისინი თავს ძალიან დავალებულად იგრძნობენ. ბევრი ადამიანისთვის ამის ატანა რთულია და ეს შეიძლება აგრესიად და აღშფოთებად იქცეს.“

საუბრებმა მის მეგობრებთან, ამბებმა ნარდზე და მის პატარა საზრუნავებზე, ივანიშვილთან მიახლოვების საშუალება მომცა - აი ის, ჯადოქარი ოზიდან, ენით აღუწერელი კაცი არნახული ფუფუნების ეპიცენტრში. მისი სიცოცხლე პასუხია სახარების კითხვაზე -მდიდრის, სამოთხისა და ნემსის ყუნწის შესახებ და კიდევ ექოა იმ დებატების, რომელიც მე-20 საუკუნეში სოციალ-დემოკრატებსა და კომუნისტებს შორის მიმდინარეობდა: როგორ შეიძლება კაპიტალი ხალხის ძალაუფლებამ დააბალანსოს?

ივანიშვილის კიდევ ერთ მეგობარს, ირაკლი ტრიპოლსკის სადილზე შევხვდი. ისინი ერთმანეთს სტუდენტობიდან იცნობენ. ტრიპოლსკიმ ჭიქა ასწია და მისი სადღეგრძლო წარმოთქვა. „ამ კაცს გაუმარჯოს“. მერე დალია და ყვითელი ღვინის სიღრმეს ჩახედა. მოგვიანებით ორი დაცლილი ბოთლის შემდეგ მან სამჯერ გადაიწერა პირჯვარი და წარმოთქვა - „ეს კაცი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის და არა მარტო იმიტომ, რომ მდიდარია...“ ტრიპოლსკის ცოლი კიბოსგან განიკურნა და მისი მკურნალობის ფული ვენაში ბიძინამ გადაიხადა.

ტრიპოლსკი ფილიმონ ქორიძეზე, ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალზე, რომელმაც მსოფლიო სახელი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მოიპოვა, დოკუმენტურ ფილმს იღებდა. თავისი კარიერის მწვერვალზე ის სამშობლოში დაბრუნდა და დარჩენილი სიცოცხლე უძველესი ქართული ჰიმნებისა და ბალადების ნოტებად გადაწერას მოანდომა.

კიდევ ერთ დღეს მე და ტრიპოლსკი ახალ რესტორანში ვისხედით იმ მომღერლებთან ერთად, რომლებიც მისი ფილმის "საუნდტრეკს" მღეროდნენ. რესტორანი ძველ ქართულ სოფელს წააგავდა. მაგიდა დახუნძლული იყო კერძებით: წვნიანი ხაჭაპურები, ქათმის კუჭ-ნაწლავის ცხარე იმერული კერძი, ნიგზვიანი ბადრიჯანი, ბროწეულის მარცვლებით შეკმაზული. სვამდნენ სტუმრებისა და ქართული ტრადიციების სადღეგრძელოს. დანაოჭებული მოხუცები მრავალ ხმაში კეთილშობილებასა და მადლიერებას უმღეროდნენ.

„ვკითხავ ბიძინას, იქნებ შეგხვდეს“ - მითხრა ტრიპოლსკიმ იმ დროს, როდესაც ხელს მართმევდა და ორივე ლოყაში მკოცნიდა დამშვიდობების ნიშნად.

მაგრამ რატომღაც ეს ჩემთვის ბევრს აღარაფერს ნიშნავდა.

უცებ გავაცნობიერე რომ ივანიშვილი იდეოლოგიების საბურველში გავხვიე - ქრისტიანი, კომუნისტი, კაპიტალისტი - არადა, ის არც ერთი ყოვლისმომცველი ფილოსოფიის მიმდევარი არ ყოფილა, უბრალოდ ფილიმონივით საქართველოდან წავიდა, გამდიდრდა და სახელი გაითქვა და ფილიმონივით დაბრუნდა შინ. ის თავისი ბავშვობის მიწამ და მტვერმა ჩამოაყალიბა. მერე კი გარდამტეხი სიმდიდრის დილემებთან მოუხდა ბრძოლა, მაგრამ როგორც ჩანს ეს სიმდიდრე, მან ძირითადად შინ დაბრუნების საშუალებად გამოიყენა.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა