სკანდალი და ცვლილებები საქართველოში
გამოცემა :
22:00 28-09-2012

საქართველოში პოლიტიკა ყოველთვის მშფოთვარე და ძალიან დრამატული საქმე იყო, მაგრამ 1 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, ბრძოლა მმართველ «ერთიან ნაციონალურ მოძრაობას» (ენმ) და აღორძინებულ ოპოზიციას შორის გასულ კვირაში სერიოზულად გამწვავდა.


გაჩნდა ვიდეომასალები, რომლებშიც ასახულია ადამიანის უფლებების შოკისმომგვრელი და მასშტაბური დარღვევები ქართულ ციხეებში. ამ ვიდეოკადრებმა, სადაც ჩანს თუ რა ათასგვარ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას ახორციელებენ პატიმრებზე (ერთ-ერთ ჩანაწერში ციხის მცველები მსხვერპლს ცოცხის ტარით აუპატიურებენ), საზოგადოება აღაშფოთა და ისეთი მასშტაბის და ინტენსივობის საერთო სახალხო საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომ საქართველოში ბევრმა მას «ცოცხების რევოლუცია» უწოდა.

ბუნებრივია, მმართველი პარტიის პირველი რეაქცია იმაში გამოიხატა, რომ მან ამას კარგად ორგანიზებული შეთქმულება უწოდა, რომლის ხელმძღვანელებად დამნაშავეები, ხოლო მხარდამჭერად ოპოზიციის ლიდერი, ფორბსის სიის მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. მაგრამ შემდეგ ახალი ვოდეოები გაჩნდა, რამაც ცხადყო, რომ ციხეებში პატიმრებისადმი სასტიკ მოპყრობას საყოველთაო, და როგორც ზოგიერთები ამბობენ, სისტემური ხასიათი აქვს. მაშინ ხელისუფლება კრიზისის დარეგულირების რეჟიმში გადავიდა.

რამდენიმე ჩინოვნიკი უმალ მოხსნეს. თავდაპირველად გადადგა ხათუნა კალმახელიძე - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების გაპრანჭული, მაგრამ დიდწილად ნომინალური მინისტრი. მაგრამ დემონსტრანტები, გრძნობდნენ რა იმას, რომ კალმახელიძეს მთავრობაში უმნიშვნელო როლი ჰქონდა, მოითხოვეს ძალზედ არაერთგვაროვანი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომა, რომელსაც ბევრის აზრით პენიტენციარულ სისტემაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. როდესაც ახალაია, ბოლოსდაბოლოს გადადგა, პროტესტანტები ამ ამბავს სიხარულით და გაკვირვებით შეხვდნენ.

«ერთიანი ნაციონალური მოძრაობა», უდავოდ იმედოვნებდა, რომ ახალაიას გადაყენებით და მინისტრად პატივსაცემი ყოფილი სახალხო დამცველის დანიშვნით, ის საზოგადოებრივ აღშოფოთებას ჩაახშობდა. ამიტომ, უმალ კონტრშეტევაზე გადავიდა, განაცხადა რა, რომ ვიდეომასალების ძალზედ «დროული» გამოქვეყნება ოპოზიციის და «რუსული ფულის» ერთობლივი შეთქმულების ნაწილია. თითქმის ერთდროულად დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტები, რომლებსაც ბრალად ადმინისტრაციული დარღვევები წაუყენეს.

როდესაც მე არასამთავრობო ორგანიზაცია «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს ვესაუბრე, მან მითხრა, რომ ამ თანამდებობის პირების გადადგომა კოსმეტიკური ხასიათისაა და პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით «არაფრის მომცემია».

“მთავრობამ დანაშაული ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს. მეტიც, პროკურატურა ვალდებული იყო წამების ყველა ეს ფაქტი გამოეძია, მაგრამ მან არაფერი გააკეთა”. საქართველოს სახელმწიფო ადვოკატურა, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტზე, რეგულარულად იუწყებოდნენ ციხეებში არსებულ შემაშფოთებელ პირობებზე, თუმცა ხელისუფლება ამ ყველაფერს არაფრად აგდებდა. ჩუგოშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ დარღვევებში ბევრი მაღალჩინოსანია დამნაშავე.

მართალია, არაპოპულარული ახალაიას გადადგომამ ერთგვარად შეარბილა მანიფესტანტების სიმტკიცე, თუმცა ძალადობის სკანდალის კვალი დიდი ხნით დარჩება ქართულ პოლიტიკაში. საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც რამდენიმე დღე რჩება, და როგორც ჩანს, გამალებული ბრძოლა დიდი უპირატესობის მქონე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციას შორის სერიოზულად გაართულებს მმართველი პარტიის ისედაც რთულ მდგომარეობას.

სკანდალის წინ ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გამოკითხულთა 37% უჭერს მხარს, ივანიშვილის კოალიცია “ქართულ ოცნებას” კი 12%.იმავდროულად, რესპონდენტთა 43%-ს ან გაუჭირდა პასუხის გაცემა, ან პოზიციის დაფიქსირებაზე უარი თქვა. ჩამოუყალიბებელ რესპონდენტთა ასეთმა მაღალმა პროცენტმა, იმის გათვალისწინებით, რომ “ენმ” ადმინისტრაციულ რესურსს ხშირად იყენებს, “ქართული ოცნების” მხარდაჭერის მასშტაბები შენიღბა. ხოლო იმის გამო, რომ ციხის სკანდალმა ძალთა განლაგებაში სერიოზული კორექტივები შეიტანა, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს.

“თუკი არჩევნები საკმარისად სამართლიანი იქნება, ვფიქრობ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდება”, - თქვა საქართველოს ექსპერტმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარმა ლინკოლნ მიტჩელმა. სკანდალამდე მას მიაჩნდა, რომ “ენმ”-ს შერჩებოდა მისი “ფარული წინასაარჩევნო ფანდები”, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნებისთვის იყენებდა. თუმცა, ახალი პოლიტიკური ატმოსფეროს გამო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” “ზღვარი გაიზარდა” და ასეთ პირობებში არჩევნების შედეგების მართვა გაცილებით რთულდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგს კორნელი კაკაჩიას მიაჩნია, რომ სკანდალმა შეიძლება გაანადგუროს “ენმ”-ს როგორც ხელისუფლების პარტიის უპირატესობები, რისი შედეგიც გახდება ყაიმი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ოპოზიციას შორის. ასეთ პირობებში გადამწყვეტი მოთამაშის როლს მესამე პარტია მიიღებს. “პოლიტიკური შეშფოთების გამო, ზოგიერთმა ჩამოუყალიბებელმა ამომრჩეველმა შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პარტია აირჩიოს”, - ამბობს კაკაჩია. მას მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში აბსოლუტურად შესაძლებელია გაიმარჯვოს ბლოკმა, რომელიც ყველაზე დამაჯერებლად დაპირდება ამომრჩეველს, რომ “წესრიგს დაამყარებს”.

ასეა თუ ისე, თუკი უპრეცედენტო გაყალბება არ მოხდება, მომცემულ მომენტში საკმაოდ გონივრულია იმის მოლოდინი გვქონდეს, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ «ენმ»-ს როლი და გავლენა არსებითად შემცირდება. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდეს გაუყოს ძალაუფლება «ქართულ ოცნებას», თუკი ეს უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას ჩაუდგება სათავეში.

გზის გასაყარზე

ეს არჩევენები აბსოლუტურად შემთხვევით საქართველოსთვის გარდამტეხ მომენტად იქცა. დასავლური მედიის საგაზეთო სტატიები დიდწილად იმას იუწყებოდნენ, რომ არჩევნები გახდება ლაკმუსის ქაღალდი, საქართველოს ერთგულების ტესტი დემოკრატიისადმი - თუმცა, ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ მმართველი პარტია განაგრძობდა «შეჯიბრობითი ავტორიტარიზმის» პრაქტიკას. მაგრამ ციხის სკანდალმა და მისმა პოლიტიკურმა შედეგებმა გააშიშვლა დემოკრატიული კულტურის დეფიციტი ხელისუფლებაში და ამის თანმდევი გადამეტებული დაუსჯელობა. დღეს, როდესაც რეალური შანსი გაჩნდა იმისა, რომ არჩევნებს შეიძლება ნამდვილი პოლიტიკური კონკურენცია მოყვეს, მართლაც ჩნდება შანსი, ეს არჩევნები ქვეყნის მომავალ კურსს განსაზღვრავს.

თუკი არჩევნები სამართლიანობის საერთაშორისო ნორმების დაცვით ჩატარდება, პარლამენტი, რომელიც მიიღებს ახალ მანდატს და მეტ სახალხო წარმომადგენლობას, შეძლებს საქართველოს დიდი ხნის წინ შეწყვეტილი სვლის გაგრძელებას პოლიტიკური შეჯიბრობითობის, და შესაძლოა, დემოკრატიის მიმარტულებით. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებაზე მონოპოლიის შენარჩუნებისთვის მმართველ პარტიას სხვა პირდაპირი მეთოდების გამოყენება დასჭირდება, უარს იტყვის რა საბოლოოდ იმ ფარსზე, რასაც დასავლეთისკენ განუხრელად სვლა ჰქვია. ასეა თუ ისე, დასავლეთთან თანამშრომლობას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ახლა საჭიროა არა კარტ-ბლანშები და მუდმივი ქება, რაც ესოდენ დამახასიათებელი იყო წარსული ურთიერთობებისთვის, არამედ აქტიური და ქმედითი მიდგომა მათრახებისა და თაფლაკვერების მთელი კრებულის გამოყენებით რეგიონული ინტერესების უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერის მიზნით.

ციხის ძალადობასთან დაკავშირებულმა სკანდალმა ენერგიით დამუხტა და აამოქმედა ქართული საზოგადოება, რომელიც სავარაუდოდ მაღალ აქტივობას აჩვენებს დამდეგ არჩევნებში და არსებითად შეასუსტებს «ენმ»-ს დიდი ხნის ბატონობას პარლამენტში. მაგრამ საბოლოო ჯამში, რომელმა ბლოკმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ განხორციელდება ეს. ეს დაგვეხმარება განვსაზღვროთ, მოახდინა თუ არა საქართველომ საკუთარი კურსის კორექტირება პოლიტიკური შეჯიბრობითობისკენ, თუ კიდევ უფრო ჩაიძირა ავტორიტარიზმის ჭაობში.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,