როგორ არასწორად გაუგო საქართველოს დასავლეთმა
გამოცემა :
22:00 10-10-2012
გასულ კვირაში, საქართველოში ჩატარებული დაძაბული საპარლამენტო არჩევნების შედეგები უკვე დათვლილია და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ქვეყნის პარლამენტზე კონტროლს მოიპოვებს, მას შემდეგ რაც დაამარცხა მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ), რომელსაც ერთ დროს აშკარა უპირატესობა გააჩნდა. ოპოზიციის გამარჯვება ეს უბრალოდ პოლიტიკური ძვრა არ გახლავთ. მან, როგორც ჩანს, სერიოზულად შეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში.

თამასის გაზრდას ხელი შეუწყო ქართულ ციხეებში პატიმრებზე ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებულმა სკანდალმა, თუმცა ანალიტიკოსებიდან ცოტა თუ აფასებდა ოპტიმისტურად ივანიშვილის გამარჯვების შანსს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის მიერ პარლამენტში სუპერუმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას. თითქოს ანალიტიკოსების შეხედულებებს ადასტურებდა უცხოური საზოგადოებრივი კვლევების შედეგებიც. ასე მაგალითად, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტია დამაჯერებლად ლიდერობდა, უსწრებდა რა დანარჩენებს 25%-ით. ხოლო იმის გამო, რომ მას გააჩნდა ტოტალური მონოპოლია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და წინასაარჩევნო კონიუნქტურას მეთოდურად თავის სასარგებლოდ ხრიდა, ცოტა თუ ელოდა ოპოზიციის მხრიდან ასეთ მასშტაბურ და სწრაფ წარმატებას.

არჩევნების დღეს პირველი სიგნალები ადასტურებდა ეჭვებს ოპოზიციის ტრიუმფის თაობაზე. მართალია, ეგზიტპოლები აჩვენებდა, რომ პროპორციულ კენჭისყრაში „ქართული ოცნება“ მტკიცედ ლიდერობდა, თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ერთმანდატიანი კენჭისყრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმრავლესობას უზრუნველყოფდა, აცხადებდა რა ამას სწორედ იმ მომენტში, როდესაც ქვეყნის შსს-ს ძალები შტურმით იღებდნენ საარჩევნო უბნებს რეგიონის ერთ-ერთ ქალაქში. მაგრამ უკვე რამდენიმე საათში, „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობდა, სააკაშვილმა კი დამარცხება აღიარა. მოვლენების ამგვარმა განვითარებამ იმედები გაუცრუა მმართველ პარტიას და უარყო დასავლეთის ყველაზე ზომიერი შეფასებებიც კი. რატომ გაემიჯნა ასე საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულებები სინამდვილეს?

აბსოლუტურად ცხადია, რომ ცოტა თუ ელოდა ივანიშვილის კოალიციისადმი ასეთ მასშტაბურ სახალხო მხარდაჭერას, განსაკუთრებით დედაქალაქის მიღმა, რაიონებში, რომლებიც დიდი ხანია რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალაუფლების საყრდენს წარმოადგენს. ის მრავალრიცხოვანი სტუმრები და ჟურნალისტები, რომლებიც დიდწილად თბილისის გაპრიალებულ ცენტრალურ რაიონებს სტუმრობდნენ ხოლმე და ცნობილ ტურისტულ მარშრუტებს გადიოდნენ, თითქმის ვერ ამჩნევდნენ იმ სასოწარკვეთილ სიღატაკეს, რომელიც დღემდე გაბატონებულია საქართველოს სოფლებში, შორს თბილისის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებისგან.

შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის კვლევითი ცენტრის დირექტორი მამუკა წერეთელი ასეთ სხვაობას ხსნის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი „ვირტუალური რეალობით“.

„ეს მთავრობა [ენმ] - ძალიან ჭკვიანი და ცბიერია, და ძალიან კარგად ეხერხება საკუთარი აზრების ფორმულირება“, - ამბობს იგი, აღნიშნავს რა, რომ მოძრობის ლიდერები ძალიან წარმატებულად ევლებოდნენ თავს დასავლელ სტუმრებს, ახდენდნენ რა საქართველოში სწრაფად ჩატარებული კოსმეტიკური ცვლილებების შედეგების და ქართული კლასიკური სტუმართმოყვარეობის გულუხვი დოზის დემონსტრირებას. „მათ კარგად ისწავლეს ამ ვირტუალური რეალობის გასაღება, და ასაღებდნენ მას დასავლეთზე ისე, თითქოს სხვა რეალობა არ არსებობდა“.

მაგრამ ის არსებობს. როდესაც შარშან შემოდგომაზე ივანიშვილი პოლიტიკურ სცენაზე შემოვარდა, ამ მილიარდერმა გასაოცრად მოახერხა, საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მიეცა იმ უამრავი ქართველისთვის, რომელიც მთავრობის მანიაკალური რეფორმების პროგრამის გამო პროცესების მიღმა აღმოჩნდა. ეს პროგრამა კი დიდწილად ეძღვნებოდა შუშის და ბეტონის ნაგებობების მშენებლობას და მასში ძალიან მცირე ყურადღება ეთმობოდა უფრო პროზაულ საკითხებს, მაგალითად ისეთებს, როგორებიცაა მოსახლეობის სიღარიბე, სახელმწიფოს დაუსჯელობა და სულ უფრო მზარდი უმუშევრობა. გარდა ამისა, რადგან ეკონომიკაში ფაქტობრივად სახელმწიფო დომინირებდა, ყველაზე კარგი თანამდებობები იმ ადამიანებს ერგებოდათ ხოლმე, რომლებსაც სასარგებლო პოლიტიკური კავშირები გააჩნდათ. მართალია, საზაფხულო რეორგანიზაციას მინისტრთა კაბინეტში ისეთი სამინისტროს შექმნა მოჰყვა, რომელსაც უმუშევრობასთან ბრძოლა დაევალა - ეკონომიკის სამინისტროს საინტერესო დუბლიორი - თუმცა ბევრმა ქართველმა ამომრჩეველმა ეს ნაბიჯი ძალიან უმნიშვნელოდ მიიჩნია, თანაც ის ძალიან დაგვიანებულიც იყო.

ხოლო იმის გამო, რომ რეალობა გაუსხლტდა საქართველოს მთავრობას, ის, ბუნებრივია, ვერც მისმა დასავლელმა მეგობრებმა და პარტნიორებმა შეამჩნიეს, რომლებიც საქართველოში მშპ-ის ზრდის და სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსებში მისი რეიტინგების შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელმძღვანელობა, რომელიც დიდი ხანია რაც სერიოზული ენთუზიაზმით თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან და დასავლეთ ევროპასთან, ბევრი ანალიტიკოსის თვალში, და განსაკუთრებით - გარე დამკვირვებლების აზრით, მოდერნიზაციის და ლიბერალიზმის განსახიერებად იქცნენ ამ რეგიონში, რომელიც დიდი ხანია მტრულადაა განწყობილი როგორც პირველის, ასევე მეორის მიმართ.

ამერიკელმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა სემ პატენმა, რომელიც რეკომენდაციებს უწევდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ლიდერს, ირაკლი ალასანიას, მითხრა, რომ სიმბოლოები და პირველი შთაბეჭდილება კარგად საღდება ისეთ ადგილებში, როგორიც ვაშინგტონია. „ადამიანები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ მეგობრებთან, ამიტომ მათ მცდარი შთაბეჭდილებები უყალიბდებათ“.

„დასავლელი პოლიტიკური ხელმძღვანელები უმალ იხსენებენ იმას, რომ მათ მოსწონთ სააკაშვილი - აგზნებული, მაგრამ სრულიად მომხიბვლელი ადამიანი“, - ამბობს პატენი, ხაზგასმით აღნიშნავს რა, რომ რთულია ადამიანებს აზრი შეაცვლევინო შუა გზაში. „აზრის სწორი მიმართულებით შეცვლა აზროვნების მოქნილობის გამოვლენას ნიშნავს, ეს კი იოლი არ არის“.

ისეთი სიტუაციების წარმოქმნის დროსაც კი, რომელიც საგანგაშო სიგნალი უნდა გამხდარიყო, ეს კი იყო 2007 წლის სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური კონკურენციის სფეროში ავტორიტარული სტაგნაცია, ციხის სკანდალი და ასე შემდეგ, ძალიან ცოტა შეწუხდა იმ ადამიანთაგან, რომლებიც აკვირდებიან საქართველოს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოპულარობის ვარდნას. ხოლო ყოველმხრივ ნაქებმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა, რომელსაც წარმოაჩენდნენ, როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ მმართველ პარტიას სახალხო მხარდაჭერა გააჩნდა, მხოლოდ ის დაამტკიცა, რომ ბევრმა რესპონდენტმა უბრალოდ არ მოინდომა გულწრფელად ესაუბრა იმაზე, თუ ვის ანიჭებდა უპირატესობას, შესაძლოა პოლიტიკური რეპრესიების შიშის გამო.

„ხელისუფლებამ შეძლო თავი პოზიტიურ ძალად წარმოეჩინა, ხოლო ოპოზიციას ნეგატიურ ძალად წარმოადგენდა“, - აღნიშნავს წერეთელი, რომელსაც მიაჩნია, რომ მარტივმა განმარტებებმა ხელი შეუწყო საარჩევნო რბოლაზე „მონოლითური“ შეხედულებების განმტკიცებას. მის შეხედულებას იზიარებს პატენი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ შეძლო მოვლენათა ასეთი დინამიკის ერთგვარი ბრენდის შექმნა.

„საქართველოს ხელისუფლებამ [ენმ] შესანიშნავი პიარკამპანია ჩაატარა“, - ამბობს პატენი და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ შესაბამისმა ოპერაციამ „ნაკლებად უპრობლემოდ“ ჩაიარა.

თუმცა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების სფეროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტალანტებმა ხელი შეუწყვეს საკუთარ დამარცხებას. მოიქციეს რა თავი სტრატეგიული კომუნიკაციების მასშტაბური ინფრასტრუქტურის ეპიცენტრში, რომელიც ცდილობდა საარჩევნო რბოლა წარმოეჩინა, როგორც გადამწყვეტი არჩევანი ლიბერალურ დასავლეთს და პრომოსკოვურ კლეპტოკრატიას შორის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დარტყმა აბსოლუტურად მოულოდნელი მხრიდან მიიღო არჩევნებში, რომელშიც მთავარ თემას საშინაო პრობლემები წარმოადგენდა.

საგარეოპოლიტიკური თანამეგობრობისთვის ქართული არჩევნები ერთგვარი გაფრთხილებაა იმ საშიშროების შესახებ, რაც რეალობის ბრენდებით, ხოლო ინსტიტუტების - პიროვნებებით ჩანაცვლებას მოსდევს. დასავლეთმა ქართული რეალიების ცოდნაში უხეში შეცდომები დაუშვა, მას ბრმად სჯეროდა, რომ მმართველ პარტიას შეეძლო ხელისუფლების შენარჩუნება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება უზარმაზარ გამართლებად მივიჩნიოთ ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია პარტია, რომელიც პირობას დებს, რომ ქვეყანას კვლავაც დასავლეთის გზით წაიყვანს.

როდესაც 2011 წელს ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური მიზნების შესახებ განაცხადა, ბევრმა ის არასერიოზულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ ეს მორიგი, თუნდაც საკმაოდ არასტანდარტული კურიოზი იყო ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ზოგადად მიდრეკილია მოვლენების დრამატიზებისკენ. მაგრამ ახლა, როდესაც მისი პარტია დღედღეზე ქვეყნის პარლამენტში ადგილების უმრავლესობას დაიკავებს, მთელი ეს არასერიოზულობა უცბად გაქრა, და ივანიშვილს უკვე სერიოზულად აღიქვამენ.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,