ივანიშვილის „ქართული ოცნება“ რეალობის პირისპირ
ავტორი :
გამოცემა :
21:56 18-11-2012

ქართველები ქუჩებში აღნიშნავდნენ გასულ თვეს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში გამარჯვებას, მაგრამ დროა, მისი კოალიცია „ქართული ოცნება“ გამოფხიზლდეს, რადგან ის უკვე ხელისუფლებაშია.


მას შემდეგ, რაც პირობა დადო, რომ სოციალური სამართლიანობა აღდგებოდა და ცხოვრების პირობები გაუმჯობესდებოდა, ახალი პრემიერმინისტრისგან ამომრჩევლები ძალიან ბევრს მოელიან; ორი კვირის შემდეგ, რაც მისი ხელისუფლება ქვეყნის მართვას შეუდგა, გაფიცვები და რეგიონებში საპროტესტო გამოსვლების ტალღა იმის მაჩვენებელია, რომ საზოგადოება ძალიან სწრაფი ცვლილების მოლოდინშია.

„ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ის მათზე იზრუნებს და მყისიერად გადაწყვეტს მათ პრობლემებს, მაგრამ აბსოლუტურად არარეალისტურია, რომ ის ყველა იმ მოლოდინს გაამართლებს, რაც საზოგადოებაში გააჩინა“, თქვა თბილისში მომუშავე ანალიტიკოსმა გია ნოდიამ.

ივანიშვილის ბლოკი უმრავლესობით არის წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი თანამდებობა კვლავ მისი სასტიკი მოწინააღმდეგის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელშია, რომელიც თანამდებობაზე რჩება კიდევ ერთი წლით მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.

ამ არჩევნებმა საყოველთაო ქება დაიმსახურა, რადგან საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მას შემდეგ, რაც ის 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი გახდა.

მაგრამ დაძაბულობა ოპონენტებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც სააკაშვილის ყოფილი მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს, და რამაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დასავლელი მხარდამჭერების შეშფოთება გამოიწვია.

პოლიტიკური დაპირისპირება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის მკაფიო გახდა, როდესაც ამ კვირაში პარალელურად გამართეს ვიზიტები ბრიუსელში, სადაც მათ განუცხადეს, რომ ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ უნდა განვითარდეს მიუხედავად იმისა, რომ შედარებით სამართლიანი არჩევნები ჩატარდა.

მათი შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის გიორგი კალანდაძის დაკავებამ გადაფარა, რომლებსაც ბრალად ედებათ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

„მე შეშფოთებული ვარ, რადგან ეს სასამართლო პროცესები აღიქმება როგორც პოლიტიკურად მოტივირებული“, განაცხადა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ივანიშვილი უარყოფს, რომ თითქოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი, ის ხაზს უსვამს, რომ ყოფილი ჩინოვნიკები ჩადენილი დანაშაულების გამო „ნამდვილად დაისჯებიან“ - ამ ქმედებას მხარს უჭერენ მისი მომხრეები, რომლებსაც სურთ ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებულები ციხეში იხილონ.

„თუკი ისინი არ დასჯიან მათ, ვინც დანაშაულები ჩაიდინა და გაუშვებენ, საზოგადოება ყოველთვის უსამართლობის გრძნობით იცხოვრებს“, თქვა მარინა მუსხელიშვილმა სოციალურ მეცნიერებათა კვლევის ცენტრიდან.

ახალ პრემიერმინისტრს ზებრები და პინგვინები ჰყავს

ერთი წლის წინ, ვიდრე საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი პოლიტიკაში ჩაებმებოდა, ის მხოლოდ იმით იყო ცნობილი, რომ ხელგაშლილი ქველმოქმედი გახლდათ, რომელიც თბილისის თავზე აღმართულ ფუტურისტულ სასახლეში ცხოვრობდა, აგროვებდა თანამედროვე ხელოვნების კოლექციას და საკუთარ ზოოპარკში ჰყავდა ეგზოტიკური ცხოველები, მათ შორის პინგვინები და ზებრები.

მას შემდეგ რაც სააკაშვილს დაუპირისპირდა, მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს; ახლა ის უჩვეულო სიტუაციაშია - იგი საქართველოს პრემიერმინისტრია, თუმცა საზოგადოებას ეს ანომალიური ვითარება ნაკლებად აწუხებს.

„ხალხის უმეტესობა მას ქართველად მიიჩნევს. ისინი ფიქრობენ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა არასწორი იყო და ეს უბრალოდ ფორმალობაა“, თქვა ნოდიამ.

დასავლეთს სურს, რომ ივანიშვილმა დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული დაპირება შეასრულოს, ქართველებს კი იმედი აქვთ, რომ პრემიერმინისტრი წინასაარჩევნო დაპირებებს შეასრულებს და უმუშევრობას, სიღარიბეს და უსამართლობას დაძლევს.

მაღაროელებმა, ავტობუსის მძღოლებმა, საზღვაო პორტისა და რკინიგზის თანამშრომლებმა გაფიცვები მოაწყვეს ხელფასების გაზრდისა და უკეთესი სამუშაო პირობების მოთხოვნით.

„ქართველებს სურთ, სწრაფი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ახალმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში უზარმაზარი ოცნებების ასრულების პირობით მოვიდა“, თქვა სერგი კაპანაძემ, საქართველოს რეფორმების ასოციაციიდან, რომელიც სააკაშვილის ყოფილი ჩინოვნიკების მიერ დაფუძნებული ანალიტიკური ორგანიზაციაა.

რეგიონებში მთელი რიგი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა; „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აიძულებენ ადგილობრივ საკრებულოებში მომუშავე, ჯერ კიდევ სააკაშვილის პარტიის მიერ მართულ მაღალჩინოსნებს თანამდებობები დატოვონ, რაც კიდევ უფრო ძაბავს პოლიტიკურ ვითარებას.

თუმცა, ივანიშვილი და სააკაშვილი თანხმდებიან პროდასავლურ საგარეო კურსზე.

ივანიშვილი აცხადებს, რომ ის გააგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების კურსს, რაც რუსეთს ანრისხებს. მაგრამ ის იმედოვნებს, რომ იმავდროულად შეძლებს ურთიერთობების გაუმჯობესებას მოსკოვთან, რომელსაც თბილისთან ხანმოკლე ომი ჰქონდა 2008 წელს.

მაგნატი, რომელმაც ქონება 1990-იანი წლების ქაოსის დროს რუსეთში დააგროვა, უფრო მისაღები ფიგურაა მოსკოვისთვის, ვიდრე სააკაშვილი, რომელსაც ერთხელ ვლადიმერ პუტინი დაემუქრა, რომ „კვერცხებით დაკიდებდა“.

მაგრამ ივანიშვილი აცხადებს, რომ ვიდრე რუსეთი სამხედრო მხარდაჭერას უწევს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, დიპლომატიური კავშირების აღდგენა „მალე ვერ მოხდება“.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა