ერთად ცხოვრება არ ნიშნავს, რომ შეყვარებული ხარ
გამოცემა :
02:10 20-07-2013
რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ შერეული მმართველობა კარგია

ნარატივში, რომელიც საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებობს, პესიმიზმი ჭარბობს. მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შარშან არჩევნებში მოულოდნელად მოქმედი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა, პოლიტიკურ სივრცეს ქაოსი და პოლარიზაცია ახასიათებს. კოაბიტაციას, რომლის დროსაც „ოცნების“ პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება მეტოქე მიხეილ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ უნდა გაიზიაროს, ხშირად აკრიტიკებენ. მაგრამ, თუკი კოაბიტაცია პოზიტიური მოვლენაა?

პროგრესი კვლავ მყიფეა, მაგრამ საქართველომ შეძლო დემოკრატიის რუდიმენტების შექმნა. ახალი მთავრობა ძლიერი სახალხო მანდატით არის არჩეული; პოლიტიკური ოპოზიცია დინამიკური, ძლიერი და მტკიცეა; სასამართლო ნაკლებად მორჩილი და მედიაგარემო ცოცხალი. იმავდროულად, ქვეყანას კვლავაც აქვს მისი მეზობლების მსგავსად ბევრი სტრუქტურული ხარვეზი, მათ შორის, კონტროლისა და ბალანსის პოლიტიკის ქრონიკული დეფიციტი და სუსტად განვითარებული ინსტიტუტები, რის გამოც ხელისუფლების ნებისმიერი ცვლილება რისკებთან არის დაკავშირებული. გადაუდებელმა რეფორმებმაც კი, თუკი ის განსაკუთრებული ზრუნვის გარეშე ხორციელდება, შეიძლება ხელი შეუშალოს დემოკრატიულ წინსვლას და ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ კონკურენციას.

საქართველოს სჭირდება სტაბილურობა და უწყვეტობა მმართველობაში, რათა წინსვლას მიაღწიოს თავის ამბიციურ რეფორმატორულ პროგრამასა და დღის წესრიგში, რომლის მიზანიც ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებაა. თუკი ქვეყნის ლიდერები შეძლებენ პოლიტიკური დაპირისპირების შემცირებას, დემოკრატიისკენ სავალ გზაზე საქართველოს პოზიცია განმტკიცდება.

ერთი კონკრეტული გამოწვევა, რომელიც მართლაც მოუქნელს ხდის ივანიშვილის და სააკაშვილის კოაბიტაციას, არის ის, რომ ორივეს უზარმაზარი აღამასრულებელი ძალაუფლება აქვს, მაგრამ დაპირისპირებულ პოლიტიკურ პარტიებს ხელმძღვანელობენ. ცხადია, ამას დისფუნქცია, საზოგადოებრივი კინკლაობა და ისეთი პოლიტიკა მოჰყვა, რომ ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს, ვიდრე ქვეყნის სასიცოცხლო საშინაო და საგარეო პრობლემებზე ზრუნვასთან.

და მაინც, ვიდრე დასავლური მედია სტაბილურად ცუდ ახალ ამბებს გადმოსცემს საქართველოდან ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რეალობა სინამდვილეში არც ისე ცუდია. 17 მაისის არეულობის და ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების მიუხედავად, საქართველო დღეს არც უმცირესობებზე მონადირე თეოკრატიის ჩანასახია და არც ქვეყანა, რომელიც ანტიდემოკრატიული რეპრესიებისკენ მიისწრაფვის. ასევე, კოაბიტაცია საქართველოს დამკვირვებლებისთვის, ენერგიული, მაგრამ ძალაუფლებაშეზღუდულ სააკაშვილს და მის ამოუცნობ მეტოქეს ივანიშვილს შორის დაუსრულებელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. მაგრამ კარგი დაკვირვების შემთხვევაში, ჩანს, რომ საქართველოს კოაბიტაცია საკმაოდ ეფექტურია.

2012 წლის ოქტომბრამდე ქართული პოლიტიკა ხასიათდებოდა „ყველაფერი გამარჯვებულს რჩება“ პოლიტიკის პერიოდული ციკლებით. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებით ნაციონალისტ ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან (1990-1992) ედუარდ შევარდნაძის კლეპტოკრატიამდე და რეფორმისტ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე 2004 წელს, გარკვეული პროგრესი საგრძნობი იყო, ხელისუფლების ყოველ ცვლას (აუცილებლად არაკონსტიტუციურს) ძველი გვარდიის წმენდა მოსდევდა. საბჭოთა დისიდენტმა გამსახურდიამ, რომელიც ნაციონალისტ აგიტატორად იქცა, საბჭოთა ბიუროკრატია მასობრივად დაითხოვა. შევარდნაძემ, ყოფილმა საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნაწილობრივ აღადგინა დამოუკიდებლობამდელი ელიტა და პროდასავლური კურსი მმართველობის ბოლო წლებში აიღო, რამაც სათავე დაუდო სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს. სააკაშვილმა, რომელიც გაბატონებული კორუფციისა და „კანონიერი ქურდების“ დამარცხებისკენ მიისწრაფვოდა, ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრო (ზოგჯერ სამართლებრივად საეჭვოდ) მასობრივი წმენდის უწყებად აქცია.

ხელისუფლების ბოლო ცვლილების დემოკრატიული ხასიათიდან გამომდინარე, ახალი მთავრობა ძალაუნებურად უფრო თავშეკავებულია. დღემდე, მისი მოტივაცია საკუთარი წინამორბედების მიმართ გაურკვეველი რჩება, რასაც მოწმობს კიდეც რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგიერთი დამკვირვებლისთვის ეს ადასტურებს იმას, რომ ახალი პრემიერმინისტრი პოლიტიკის - „ყველაფერი გამარჯვებულს რჩება“ - საკუთარ ვერსიას ახორციელებს, თუმცა სხვებისთვის მისი ქმედება კანონის უზენაესობის დაცვის მცდელობაა ისეთ გარემოში, სადაც სასამართლო სისტემა ტრადიციულად სუსტი და პოლიტიზებულია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ადამიანებმა პასუხი აგონ წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისა და დარღვევებისთვის, მაგრამ ანალოგიურად მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება იყოს სამართლიანი და აპოლიტიკური. მრავალპარტიული, დინამიკური დემოკრატიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნები აღსანიშნავია არა მხოლოდ მისი სიმშვიდის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამ არჩევნებით თანამედროვე ქართულ ისტორიაში პირველად, ხელისუფლების გადაცემა კონსტიტუციურად მოხდა. ამან, როგორც ჩანს, ხელი შეუწყო ტრადიციული ფორმულის „ყველაფერი გამარჯვებულს რჩება“ შერბილებას. მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი, როგორც ჩანს, ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას თან ახლდა ძლიერი, კარგად ორგანიზებული და გამოცდილი ოპოზიციის (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით) არსებობა. მართალია, მხარეები ხშირად ერთმანეთს ყელში წვდებიან ხოლმე, მაგრამ კოაბიტაციის პრაქტიკულმა შედეგებმა ახალი მთავრობა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში პირველად, უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხის პოლიტიკური დაკვირვების ქვეშ მოაქცია. ზოგჯერ ოპოზიცია გადაამეტებს ხოლმე, ეროვნული ინტერესების ხარჯზე ტაქტიკური უპირატესობის მისაღწევად, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს იშვიათი მოვლენაა ბევრად უფრო კონსოლიდირებულ დასავლურ დემოკრატიებშიც.

მმართველ კოალიციას, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის (100 სადეპუტატო მანდატი) 14 ხმა არ ჰყოფნის, მუშაობა მემკვიდრეობით მიღებული სისტემის ფარგლებში უწევს და არა ერთი განსაზღვრული წესის პირობებში, როგორც ეს წინა წლებში იყო. ისეთი ნორმალური საკანონმდებლო პროცედურების დროსაც კი, როდესაც კანონის მისაღებად „ქართული ოცნების“ უბრალო უმრავლესობაც საკმარისია, ოპოზიცია ხარვეზებს ააშკარავებს ან სასარგებლო დებატების პროვოცირებას ახდენს, რასაც უფრო ძლიერი შედეგი მოაქვს. მაგალითად, „ქართული ოცნების“ კანონპროექტმა, რომელიც ორ სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლისთვის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად უფრო კონსტრუქციული სახე მიიღო იმ კრიტიკის საპასუხოდ, რომელიც სამუშაო პროცესში საპარლამენტო ოპოზიციამ წამოჭრა. ამ წლის დასაწყისში დაპირისპირებულმა მხარეებმა შეძლეს კარგა ხნით იარაღის გვერდზე გადადება, რათა საგარეო პოლიტიკაზე პროდასავლური, ორპარტიული რეზოლუცია მიეღოთ.

კოაბიტაცია და სამთავრობო ჩიხები ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილებია დემოკრატიის ჭირვეულობის გასაგებად. ის ყოველთვის ეფექტური, იოლი პროცესი არ არის. მაგრამ შეიძლება ძალიან სასარგებლო და კარგი აღმოჩნდეს. მართალია, არაეფექტური მთავრობა ზეიმის საფუძველს არ ქმნის, მაგრამ დაუბრკოლებელი „ოღონდ რამე ვაკეთო“ უარესია. ცენტრალიზებული, უკონტროლო ხელისუფლებისთვის დიდი პროექტების დაწყება და დასრულება შეიძლება უფრო იოლია. მაგრამ აღმასრულებელი, რომელსაც შემაკავებელი არ ჰყავს, ასევე მიდრეკილია უყურადღებობისა და ნაკლები სიფრთხილისკენ, და ხშირად არაფრად აგდებს სხვას, რომელიც მის გზაზე აღმოჩნდება. სწორედ ამ პრობლემამ შეუწყო ხელი „ქართულ ოცნებას“ გაემარჯვა ოქტომბრის არჩევნებში.

მათთვის, ვინც ხიბლს ეძებს დრამატულ პოლიტიკურ რეფორმებსა და გრანდიოზულ პროექტებში იმისთვის, რომ ნაციონალური დიდების დღესასწაულები აღნიშნოს, თანამედროვე დემოკრატიაში მმართველობის ყოველდღიურობა შეიძლება ცოტა მოსაწყენად მოეჩვენოს. საქართველოს პოპულარული მთავრობა, რომელსაც ოპოზიციაში პრეზიდენტი და დიდი და აქტიური საპარლამენტო უმცირესობა ჰყავს, შესაძლოა ყველაზე ანგარიშვალდებული მთავრობაა, რაც კი ოდესმე ყოფილა. ეს შესაძლოა ნიშნავდეს ძალიან ამბიციური პროექტების დასრულებას, მაგალითად, ისეთის, როგორიც ცარიელ ადგილებზე ახალი ქალაქების მშენებლობაა, მაგრამ მისი შედეგი მეტი დემოკრატიული ჩართულობა და პრაგმატიზმია, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთთან ვაჭრობის განახლება.

ქართველები 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, დასავლეთმა პირველ რიგში პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას. მაგრამ არჩევნები, რომლის შედეგიც შერეული მმართველობის გაგრძელებაა, ცუდი სულაც არ არის. კოაბიტაციით თუ მის გარეშე, საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას ხელს შეუწყობს აქტიური და კონსტრუქციული ოპოზიცია, იმის მიუხედავად თუ ვინ არის ხელისუფლებაში. იმავდროულად, ლეგიტიმური პოლიტიკური სხვაობები პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ოჯახის ფარგლებში უნდა დარჩეს, და არ არის საჭირო ასეთი თემების საერთაშორისო წუხილის საგნად გადაქცევა.

იდეამ, რომ დემოკრატიული მთავრობა მხოლოდ ერთი მეფის მეორით შეცვლა არ არის, ღრმად უნდა გაიდგას ფესვები ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში. კოაბიტაცია ამ პროცესის ნაწილია. ორგანიზებულ და ადეკვატურ ოპოზიციას, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით ლაპარაკობს, ასევე შეუძლია ამ როლის შესრულება. თუკი საქართველოს სურს დაემშვიდობოს თავის ხანგრძლივ მიდრეკილებას „პლურალისტული ფეოდალიზმისკენ“, სადაც პოლიტიკაზე და იდეებზე მეტად პოლიტიკურ დღის წესრიგს პიროვნებები წარმართავენ - სიცოცხლისუნარიანი ოპოზიციის შენარჩუნება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. ცოტას თუ შეუძლია ამტკიცოს, რომ კოაბიტაცია იდეალური რეგულირებაა, მაგრამ მას შეუძლია ხელი შეუწყოს ქართული პოლიტიკის ახალ ეპოქაში გადაყვანას.

თანაავტორი ლორა ლინდერმანი


ორიგინალი

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,