დავინახოთ რეალური საქართველო
გამოცემა :
01:33 30-07-2013

დასავლურ მედიას, რომელიც კავკასიის მოვლენებს აშუქებს, სამწუხარო მიდრეკილება აქვს სიმბოლიზმისკენ რეალობის ნაცვლად


მათ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს დაუსრულებელი პოლიტიკური დუღილი 2012 წელს ხელისუფლების შეცვლით დასრულდებოდა, ბოლო შვიდმა თვემ მცირე ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მართალია, ახალმა მთავრობამ მართლაც რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი გადადგა მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმების მიმართულებით, თუმცა ეს ინიციატივები დიდწილად მეორე პლანზე გადადის, უკმაყოფილების მუდმივი განგაშის ფონზე. ბოლო ასეთი განგაში, მაისში თბილისში სექსუალური უმცირესობების საწინააღმდეგო „პოგრომისა“ და სულ რამდენიმე დღეში ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების დროს გაისმა. მაგრამ, ამ მოვლენებზე ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის და მედიის რეაქცია არაკონსტრუქციული და უშინაარსოა. სამწუხაროდ, ასეთი რეაქცია უკვე ტიპური გახდა და კავკასიის რეგიონზე არსებულ შეხედულებებში სჭარბობს: მისწრაფება სიმბოლიზმისკენ და არა რეალობის ასახვისკენ.

გარკვეული ირონია ახლდა იმ უარყოფით რეაქციას, რაც 17 მაისის ძალადობრივ კონტრდემონსტრაციას მოჰყვა, როდესაც ექსტრემისტი მართლმადიდებელი ქრისტიანების მრავალრიცხოვანი მასა თავს დაესხა თბილისის ცენტრში, სექსუალურ უმცირესოებათა უფლებების დასაცავად გამართულ მშვიდობიან აქციას. გასაგებია, რომ ძალადობის მკვეთრი გამოხატვით შეშფოთებულმა დასავლელმა დამკვირვებლებმა და ქართველმა ლიბერალებმა დამნაშავეების სწრაფი დასჯა მოითხოვეს. მაგრამ, როდესაც დიდი ხნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდეგ პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი დააპატიმრეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდებებით, ზოგიერთმა კომენტატორმა მიიჩნია, რომ მერაბიშვილის დაჭერა არა მხოლოდ 17 მაისის ტრაგედიიდან ყურადღების გადატანის მცდელობა, არამედ პოლიტიკური ვენდეტის მორიგი აქტი იყო, რომელმაც ფეხი მოიკიდა დღევანდელ საქართველოში.

ასეა თუ ისე, კრიტიკოსებს, რომლებიც დომინირებენ, მიაჩნიათ, რომ მერაბიშვილის დაკავება უმიზეზო პოლიტიკური დევნის მაგალითია, ხოლო კვირა-ნახევარი ძალიან დიდი დრო ყოფილა იმისთვის, რომ სახელმწიფოს 17 მაისის მოვლენებში მონაწილე რვა პირი დაეპატიმრებინა. აი, ამგვარი წინააღმდეგობრიობა ახასიათებს დასავლურ მედიას ქართული პოლიტიკის გაშუქებისას, თუკი ის საერთოდ დაინტერესდება ხოლმე მისით.

უდავოა, რომ 17 მაისის დარბევაზე პასუხისმგებელი ადამიანები უნდა დაისაჯონ. და საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს; ნამდვილი დემოკრატია ფეხს ვერ მოიკიდებს უმცირესობათა უფლებების პატივისცემის გარეშე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობა (2011 წლის მონაცემებით - 88%) ჰომოსექსუალიზმს არ იწონებს, გადაჭარბებულია ვარაუდი იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ათასი რადიკალი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა და თავს დაესხა მშვიდობიან აქციას, სტატისტიკურად მთელ საქართველოს ასახავს. შესაძლოა, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ალტერნატიული ცხოვრების წესი კომფორტული არ არის, მაგრამ 17 მაისი არ იყო ჩვეულებრივი, იმპროვიზებული შეკრება. კარგად კოორდინირებული კონტრდემონსტრაცია უბრალოდ ბოლო ქმედება იყო იმ ექსტრემისტული ჯგუფებისა, რომლებიც მზარდი დაუსჯელობის განცდით ბოლო წლების განმავლობაში პერიოდულად თავს ესხმიან სექსუალურ უმცირესობათა დამცველებს, ლიბერალებს და ჰელოუინზე შეკრებილთ.

დასავლელი ჩინოვნიკების და ლიდერების რეაქცია ისეთივე არაპროდუქტიულია, როგორი არასწორიცაა ის, რომ ამ ძალადობაში მოქმედი მთავრობაა დამნაშავე. მართალია, ის აშკარად მოუმზადებელი შეხვდა ძალადობის აფეთქებას, თუმცა მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უმალ დაიწყო დამნაშავეების დაკავება და უმცირესობების უფლებების დაცვაზე ლაპარაკი, მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ ითქვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაშიც. 17 მაისამდე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ სექსუალური უმცირესობები თანაბარუფლებიანი მოქალაქეები არიან და რომ საზოგადოება საბოლოო ჯამში ამას შეეჩვევა. ძალადობის შემდეგ, პრემიერმინისტრმა პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან და ისიც კი თქვა, რომ ტრადიციულად ხელშეუხებელი ეკლესიის წევრობა „ალიბი“ არ არის. პარლამენტის სპიკერის, დავით უსუფაშვილის შეფასება უფრო სწორხაზოვანი იყო. მან პირდაპირ გააკრიტიკა ეკლესიის როლი ამ ძალადობაში. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მხრივ ვერაფერს დაიკვეხნის, რადგან ბევრი არაფერი გაუკეთებია მართლმადიდებელ ექსტრემისტთა ძალდობის ესკალაციის შეზღუდვისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

ბევრი დასავლელი დამკვირვებელი არასწორად აღიქვამს მოვლენებს, როდესაც 17 მაისის ტრაგედიას და მერაბიშვილის დაპატიმრებას ამ მთავრობის მახასიათებლებად მიიჩნევს. კრიტიკოსების აზრით, 17 მაისი მისი რეტროგრადული ღირებულებების გამოხატულება იყო, ხოლო მერაბიშვილის დაპატიმრება სადამსჯელო, რეპრესიული პოლიტიკის ნიშანია. და მაინც, მიუხედავად დაკავებულების თუ დასაკითხად დაბარებული ადამიანების რიცხვისა ოქტომბრის შემდეგ, ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, მთლიანობაში მაღალი რანგის ჩინოვნიკებიდან მხოლოდ ორი - ციხეების ყოფილი უფროსი ბაჩო ახალაია და ახლა ვანო მერაბიშვილი არიან წინასწარ პატიმრობაში. იმავდროულად, შარშან შემოდგომაზე ციხის დანაშაულებებთან დაკავშირებული ქვედა რგოლის მოხელეებისთვის გამოტანილი განაჩენები გასაოცრად რბილი აღმოჩნდა. ეს რეპრესიები არ არის.

სერიოზულ ქართველ მიმომხილველებს შორის, მერაბიშვილის დაპატიმრება არაფრით გამორჩეული მოვლენაა. იმ დროს, როდესაც მისი დაპატიმების დრო შესაძლოა გარკვეული თვალსაზრისით უსარგებლო იყო, თითქმის ყველა ის სკანდალი, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება, მის სახელს უკავშირდება. შემოდგომის ციხის სკანდალში მერაბიშვილს ადანაშაულებდნენ, რომ ჩანაწერების გაკეთების ბრძანება მან გასცა. შარშან აგვისტოში, გაურკვეველ სროლებში ამოუცნობ მებრძოლებს და საქართველოს სპეცდანაყოფებს შორის, საქართველოს სახალხო დამცველი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი მებრძოლებს მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინიტროს უკავშირებს. მერაბიშვილის სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან, ახალგაზრდის, რომელმაც სავარაუდოდ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საინტერესოა, რომ მერაბიშვილს ხშირად მისი მიღწევების შესახებ ლაპარაკით იცავენ და არა მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების უარყოფით. მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი შეიძლება უბრალოდ გარემოებების და ასოციაციების მსხვერპლია, მის დაჭერაში არაფერი მოულოდნელი არ არის.

მაისში, ქართულ სააგენტო Inter Press News-სთან ინტერვიუში, ინტერვიუერმა სკეპტიკურად მკითხა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დასავლელი კრიტიკოსები ასეთი ენერგიულობით უდგებოდნენ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შემაშფოთებელ როლს 17 მაისის მოვლენებში, მაგრამ არ იმჩნევდნენ წინა ხელისუფლების ბოროტმოქმედებებს. კარგი პასუხი არ მქონდა. ამ უთანაბრობის შელამაზებას შევეცადე და კვლავ იმის აუცილებლობაზე დავიწყე ლაპარაკი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პასუხი აგონ მათ, ვინც დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის. მაგრამ არის რაღაც უხერხული იმ მეთოდებში, რომლითაც ბევრი ჩვენგანი დასავლეთში ცდილობს ჩვენი ღირებულებების პოპულარიზაციას და არაფრად აგდებს, ან გმობს კიდეც, ადგილობრივი პრიორიტეტების ლეგიტიმურობას. ბევრი ქართველისთვის ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში ქედმაღლობა, ხოლო უარესში - ორგულობაა.

ყველა შემთხვევაში, დასავლეთი გულწრფელი უნდა იყოს და ხმამაღლა უნდა მოუწოდებდეს უმცირესობების უფლებების პატივისცემისკენ. სექსუალური ან სხვა უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობას არ შეიძლება იზიარებდეს დემოკატიული საზოგადოება, განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც დიდი ხნის მისწრაფება აქვს ევროატლანტიკური თანამეგობრობისკენ. მაგრამ, იმავდროულად, ლეგიტიმურად უნდა იყოს აღქმული ძველი რეჟიმის ექსცესების აღმოფხვრაც. ქართველთა უმრავლესობისთვის, ის, რომ წინა მთავრობა ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა, რეალობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა აზრით, დასავლური დედაქალაქები წინა არჩევნებზე მხარს უჭერდნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თბილისი მტკიცედ პროდასავლურ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ძალიან მტკიცეა. მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, როდესაც საქართველოში შედარებით ღიად და ზედმიწევნით ჩატარებული გამოძიებები, პოსტსაბჭოთა, რევანშისტულ პოლიტიკად ინათლება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დასავლელი მიმოხილველები მუდმივად მონდომებით ანიჭებენ ტექტონურ მნიშვნელობას მოვლენებს, რომელთა მნიშვნელობაც ბევრად უფრო პროზაულია. 17 მაისი არ არის იმის დასტური, რომ საქართველო ნელ-ნელა რადიკალური თეოკრატიისკენ მიექანება, მერაბიშვილის დაპატიმრება არ მიანიშნებს რეპრესიების ტალღის აზვირთებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობას კარგად ესმოდა სიმბოლიზმის პოლიტიკური ძალა, საქართველო სულაც არ არის სიმბოლო, ეს რეალური ადგილია რეალური ხდომილებებით. დასავლეთმა არ უნდა აღიქვას საქართველო მსოფლიოში საკუთარი პოზიციის ანარეკლად, ან ლიბერალური ღირებულებების არასწორ საზომად. 17 მაისი ან მერაბიშვილის პატიმრობა სულაც არ არის იმის მეტაფორა, რომ კანონის უზენაესობას კორუფცია დაუპირისპირდა, ის არც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების მეტაფორაა და არც ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების.

დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს დასახმარებლად, იმისთვის, რომ ის ინკლუზიურ და ნამდვილად დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს. მაგრამ ჩვენ არ ვუწყობთ ხელს გრძელვადიან პროცესს, როდესაც თბილისი ცდილობს გაუმკლავდეს წარსულ უსამართლობას, არამედ მას პოლიტიკურ რეპრესიებს ვაბრალებთ და არარელევანტურად ვადარებთ უკრაინას. თუ დასავლეთი სერიოზულად აპირებს დემოკრატიის გავრცელებას, მან თბილისს უნდა ურჩიოს, წარსულში ჩადენილი დანაშაულებების პრობლემა გადაწყვიტოს, იმის ნაცვლად, რომ ისე მოიქცეს, თითქოს ასეთი არაფერი მომხდარა.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,