ქართველი მილიარდერი პრემიერმინისტრი სიმდიდრეს ავრცელებს და პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს
გამოცემა :
12:14 30-09-2013

ჩვეულებრივი ბილიკის გაყოლებაზე, ორი ელექტრონული ჭიშკრის შემდეგ, 94 აკრზე მწვანედ მობიბინე ტერიტორიაზე მოხვდებით - ეს ექსსაბჭოთა საქართველოს პრემიერმინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ზღვისპირა რეზიდენციაა. მისი ქონება ქვეყნის $15.8 მილიარდის ეკონომიკის 35%-ს უდრის. რას გააკეთებს ამ მილიარდებით ივანიშვილი, მნიშვნელოვანი თემაა ქვეყანაში, რომელმაც უამრავი დრამა გადაიტანა.



ბიზნესმენი ჩრდილიდან 2011 წელს გამოვიდა და განაცხaდა, რომ დააფინანსებს პოლიტიკურ კოალიციას, რათა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მოუგოს. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ (სახელი ივანიშვილის ვაჟის რეპსიმღერიდან წამოვიდა) დაამარცხა პრეზიდენტის პარტია და პარლამენტზე კონტროლი მოიპოვა. სააკაშვილი პრეზიდენტად დარჩა, მაგრამ ვინაიდან პარლამენტში უმრავლესობაში ოპოზიციაა, იძულებული გახდა, გასული წლის ოქტომბერში ივანიშვილის პრემიერმინისტრობას დათანხმებოდა. მაგნატმა შექმნა კაბინეტი, სადაც მისი მინისტრები შედიოდნენ; სააკაშვილი საპრეზიდენტო სასახლეში იზოლირებული დარჩა.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა ნოემბერში იწურება, ხოლო ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახალ წლამდე, მისი ვადის დასრულებამდე, გადადგება. „პოლიტიკისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ, ეს ჩემს ხასიათში არ არის“, ამბობს ივანიშვილი, რომელიც თავისი სახლის ტერასაზე ზის და შავ ზღვას გადაჰყურებს. ივანიშვილი ამბობს, რომ „მთავრობას დააკვირდება“, თუმცა უარყოფს სპეკულაციებს, რომელთა თანახმად, ის კულუარებიდან, საიდუმლოდ უხელმძღვანელებს საქართველოს. „რატომ ვიქნები არაფორმალური ლიდერი, როდესაც შემიძლია ფორმალური ვიყო?“ კითხულობს ის.

ივანიშვილს ნამდვილად არ სჭირდება პრემიერმინისტრის ხელფასი. მის ზღვისპირა რეზიდენციაში კერძო პლაჟია, ორი აუზი, ორი სახლი სტუმრებისათვის და ზოოპარკი, სადაც ლემურები, ზებრები, ფარშავანგები, თუთიყუშები და ფლამინგოები ბინადრობენ. მისი მთავარი რეზიდენცია თბილისთან მდებარეობს. ეს კომპლექსი $50 მილიონი ღირს და ის იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ დააპროექტა. ნახატების მის კოლექციაში, რომელიც ლონდონშია დაცული, პიკასოს ტილოცაა. ამ ტილოში ივანიშვილმა 2006 წელს $95 მილიონი გადაიხადა.

ივანიშვილი ამბობს, რომ 3 მილიარდი დაახარჯა საქართველოს - ყიდულობდა ფეხსაცმელს სამხედროებისთვის, საპატრულო მანქანებს, აღადგენდა მუზეუმებს, თეატრებს, ეკლესიებს. მისი ფულით იგებოდა გზები, შენდებოდა სკოლები, საავადმყოფოები, მის სამშობლოში, ჭორვილაში. ივანიშვილი ამბობს, რომ $1 მილიარდს შესწირავს $6-მილიარდიან კერძო თანაინვესტირების ფონდს, რომელიც მთავრობასთან ერთად ჩადებს ინვესტიციებს ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში და ენერგეტიკულ პროექტებში. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, გიორგი ქადაგიძის თქმით, ფონდის ფუნქცია ინვესტორების დარწმუნებაა იმაში, რომ მათი ფული დაცულია საქართველოში, რომელსაც, როგორც რეგიონულ სავაჭრო და ენერგეტიკულ ცენტრს, ნათელი მომავალი აქვს.

სააკაშვილის აზრით, ივანიშვილის მილიარდები საქართველოს, როგორც დემოკრატიის მოდელს რისკს უქმნის. „როდესაც შენი პირადი ქონება ქვეყნის მშპ-ის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, მაშინ ძალიან დიდია ცდუნება იმისა, რომ ხელში ჩაიგდო ყველაფერი სათანადო კვალიფიკაციის გარეშე და მონოპოლიზება მოახდინო“, ამბობს ის.

დასავლელ ინვესტორებს, მას შემდეგ, რაც გასულ წელს, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მერე, ათიოდე ყოფილი ჩინოვნიკი დააპატიმრეს, მათ შორის, ყოფილი პრემიერმინისტრი, საქართველოსგან თავი შორს უჭირავთ. ამ ჩინოვნიკებს ბრალად ძირითადად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მექრთამეობა წაუყენეს. ჯერჯერობით ერთი სასამართლო პროცესი, ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და 7 სხვა ყოფილი ჩინოვნიკის გამართლებით დასრულდა. სააკაშვილს თავად შესაძლოა დაემუქროს ბრალდებები კორუფციაში, მას შემდეგ, რაც ის იმუნიტეტს დაკარგავს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ამბობს ივანიშვილი. სააკაშვილი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს „სისულელეს“ უწოდებს.

იმის გამო, რომ საგარეო კაპიტალის შემოდინება ქვეყანაში შემცირდა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს განახევრდა და 3 პროცენტს გაუტოლდა. 2004-2012 წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6 პროცენტს შეადგენდა. სააკაშვილს უცხოეთში კორუფციის ალაგმვის, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზების და ბიუროკრატიის აღმოფხვრის გამო აქებდნენ. მაგრამ მას, ამავე დროს, ბრალს სდებდნენ ოპოზიციისა და მედიის დევნაში. შარშან, რამდენიმე კვირით ადრე არჩევნებამდე, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო იმიტომ, რომ გამოჟონა კადრებმა, სადაც ციხეში მცველები მამაკაც პატიმრებს სცემდნენ და ცოცხის ტარით აუპატიურებდნენ.

ივანიშვილის მემკვიდრე პრემიერმინისტრის სტატუსში, როგორც ელიან, ერთ-ერთი მისი მოკავშირე იქნება, რაც მილიარდერს იმის საშუალებას მისცემს, რომ გავლენა იქონიოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავრობაზე, რომელიც, ალბათ, სუსტი იქნება, ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი. ივანიშვილი „მართლა ჭკვიანი“ ბიზნესმენია, რომელიც იძულებული გახდა დაუნდობლად ემოქმედა რუსეთში იმ დროს, როდესაც იქ, 1990-იან წლებში ქონება დააგროვა, ასეთია საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის აზრი. ივანიშვილი თანადამფუძნებელი იყო ბანკისა, რომელიც ინვესტიციებს დებდა პრივატიზებულ მაღაროებსა და ქარხნებში. ის შინ 2003 წელს დაბრუნდა.

2011 წელს სააკაშვილმა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა: პარლამენტმა შეცვალა კონსტიტუცია, რათა ევროკავშირის მოქალაქისთვის პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება მიეცა (ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო). მერე ხელისუფლებამ კონფისკაცია გაუკეთა მილიარდერის ბანკს. „მას უნდა, რომ საქართველოში დაცული იყოს ის, მისი ოჯახი, მისი ქონება, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ის საქართველოში ყველაზე დიდ ქონებას ფლობს“, ამბობს ბენდუქიძე. პოლიტიკაში „ის ნათლიასავით იქნება“.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა