საქართველო და რუსეთი წესების შესაბამისად თამაშობენ
გამოცემა :
00:00 11-02-2014
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი და მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესებისაკენ მიდის. მაგრამ ნუ მოელით, რომ ეს კეთილგანწყობა დიდხანს გაგრძელდება მას შემდეგ, რაც სოჭს ბოლო ოლიმპიური დელეგაცია დატოვებს.

მაშინ, როცა სპორტსმენები და ანალიტიკოსები სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ჯერ კიდევ უცნობი შედეგებისათვის ემზადებიან, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია ჩრდილოკავკასიური ტერორიზმის აბსოლუტურად რეალური საფრთხის, ჰომოსექსუალების წინააღმდეგ რეაქციული კანონის, მასშტაბურ კორუფციაზე სანდო განცხადებებისა და ცარიზმის ეპოქის ეთნიკური წმენდის აჩრდილის მიმართ. რასაკვირველია, იქნება სპორტული შეჯიბრებებიც! თუმცა, დროის ნიშნად იქცა ის, რომ მედიის ყურადღებას ფაქტობრივად არ იპყრობს სოჭის უშალო სიახლოვე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიასთან. ამას მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს: როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, საქართველომ და რუსეთმა გასული წელი მეგობრული თანაარსებობის გზების ძიებაში გაატარეს.

საქართველოს თავნება აფხაზეთის რეგიონს, ოცდაათამდე წუთის სამანაქანო გზა აშორებს სოჭის კაფეებისა და ყინულის სასახლეებისგან. ნუ დაუჯერებთ პროპაგანდას იმის შესახებ, რომ რუსეთის შავი ზღვის კურორტები - სანაპიროზე საუკეთესო ადგილს წარმოადგენს. პრივილეგირებული საბჭოთა მოქალაქეები, როცა კი ამის საშუალება ჰქონდათ, შვებულებებს საქართველოში ატარებდნენ. საქართველოში ჩასულები კი უპირატესობას აფხაზეთის „საბჭოთა რივიერას“ ანიჭებდნენ, მის მთიან ლანდშაფტს, მზის სხივებში ჩაფლულ პალმებსა და თბილ, კენჭებით მოფენილ პლაჟებს. ამას დამსვენებლების ტრადიციული ფრაზა ემატებოდა „უგემრიელესი სამზარეულოს“ შესახებ.

აფხაზეთი დღეს რუსეთის ფაქტობრივი პროტექტორატია, რომელმაც 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ „აღიარა“ ამ და მეორე, სამხრეთ ოსეთის რეგიონის დამოუკიდებლობა. ეს უკანასკნელი ოთხივე მხრიდან ხმელეთითაა გარშემორტყმული. აფხაზეთში დღეს ათასობით რუსი სამხედრო იმყოფება, ისინი ყაზარმებში ცხოვრობენ, რომელსაც დროებით ნაგებობებს ვერ უწოდებ. ნელ-ნელა აფხაზეთში რუსი ტურისტებიც ბრუნდებიან; თუმცა მისი ეკონომიკა სრულად რუს სამხედროებზეა დამოკიდებული, რომლებიც საბრძოლო მომზადებას მთებში გადიან, თვითგამოცხადებული რეგიონის „საზღვრებს“ დარაჯობენ, მავთულხლართებს აგებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითნებურად დადგენილი საზღვრების გასწვრივ და ხშირად შუაზე ჰყოფენ სოფლებს და დასახლებულ პუნქტებს.

ხუთ წელზე ოდნავ მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაამარცხა საქართველოს მცირერიცხოვანი და სუსტად მომზადებული არმია. დღეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ნელ-ნელა უმჯობესდება. ეს ტენდენცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოპოზიციაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის ოქტომბერში მოულოდნელად დაამარცხა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა წინამორბედის აგრესიულ რიტორიკაზე და ფრთხილი, მაგრამ მართლაც კეთილმეგობრული პოლიტიკის წარმოება დაიწყო რუსეთთან. ამ პოლიტიკის მიზანი დაძაბულობის შემცირება, ვაჭრობის შეძლებისდაგვარად გაფართოება და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისათვის პირობების შექმნაა.

ჯერჯერობით საქართველოს ძალისხმევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. რუსეთის ბაზარზე დაბრუნდა ცნობილი ქართული ღვინო და მინერალური წყლები, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა დროს; დაბრუნდა ასევე ქართული მანდარინი, რომელიც შავიზღვისპირეთის ზოლში მოჰყავთ, და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. მაგრამ ლაპარაკია არამხოლოდ ექსპორტზე. ახლახან გამარტივდა სავიზო პროცედურები სატვირთო მანქანების მძღოლებისათვის, რაც იმას მოწმობს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი სავაჭრო ურთიერთობები განვითარდება. ასევე იმედისმომცემია ის, რომ რუსეთის დიდმა ბოსმა ვლადიმერ პუტინმა დაინტერესება გამოხატა ვიზების გაუქმებით სტუმრებისათვის საქართველოდან (2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის), რაც ახსნა ღრმა „კულტურული და სულიერი“ ურთიერთობებით რუს და ქართველ ხალხს შორის. მაგრამ ურთიერთობების გაუმჯობესების ყველაზე იმედისმომცემი ნიშანი ნაკლებად შესამჩნევია: ბევრი წლის განმავლობაში პირველად, ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოელის ორ ქვეყანას შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების შესაძლებლობას. ეს მაინც კავკასიაა და არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ, როგორც იქნა, გაჩნდა იმის განცდა, რომ მშვიდობა, თუნდაც მყიფე, შესაძლებელია.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა დათბობისკენ მიდის. სინამდვილეში, ლაპარაკია ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების არა იმდენად „ნორმალიზებაზე“ (როგორც ამ ტერმინს ოპტიმისტურად იყენებენ ხოლმე მდგომარეობის აღსაწერად), არამედ მათ „დეტოქსიფიკაციაზე“. გასული წლების მტრულმა რიტორიკამ მნიშვნელოვნად იკლო და სახელმწიფოებს დღეს უკვე შეუძლიათ დიალოგის წარმართვა. მაგრამ მეგობრობამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები და მათ შორის უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე უთანხმოებაა. ამ ორ ერს შეიძლება ჰქონდეს კიდეც ერთმანეთის მიმართ ღრმა და აბსოლუტურად ბუნებრივი ურთიერთსიმპათია, მაგრამ ეს ნდობას არ ნიშნავს. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 71% რუსეთს საკუთარი ქვეყნისათვის საფრთხედ აღიქვამს. ხოლო რუსეთში ჩატარებულმა ერთ-ერთმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ რუსეთის მოქალაქეთა დიდი ნაწილის აზრით, ქართველები მტრულად არიან განწყობილი მათი ქვეყნის მიმართ.

გეოპოლიტიკის დონეზე ამ ორ ქვეყანას შორის აზრთა სხვადასხვაობა კიდევ უფრო დიდია. რუსეთის დაჟინებული მხარდაჭერა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „სუვერენიტეტის“ მიმართ (ეს რეგიონები ისეთივე დოზით არიან „სუვერენულები“, როგორი „დემოკრატიულიცაა“ რუსეთი), გადაულახავ უფსკრულს ჰგავს. ხოლო საქართველოს უწყვეტი და მზარდი ევროატლანტიკური მისწრაფებები მხოლოდ რისხვას იწვევს მოსკოვში, რომელიც კვლავაც წინააღმდეგია იმის, რომ საქართველომ თავად წარმართოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. საკმარისია გავიხსენოთ რუსეთის ზეწოლა სომხეთზე, რომელმაც ამ წნეხის გამო უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ გეგმებზე, ან მიმდინარე დრამა უკრაინაში, რათა გავაცნობიეროთ მოსკოვის პოზიცია ამ საკითხებზე. რუსეთმა საქართველოსაც დაუწუნა ნოემბერში ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, თუმცა მრავალწლიანი დაპირისპირების შედეგად რუსეთს არცთუ ისე ბევრი ბერკეტი აქვს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის შესაცვლელად. დიდი ალბათობით, საქართველო განაგრძობს წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და წელს ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. მაგრამ ეს მოვლენა ნამდვილად ვერ ჩაივლის რუსეთის მხრიდან უკმაყოფილების დემონსტრირების გარეშე.

საქართველომ და რუსეთმა შეიძლება მოძებნონ კიდეც უთანხმოების მოგვარების გზები, მაგრამ მათ შორის არსებული ფუძემდებლური აზრთა სხვადასხვაობა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ხელს შეუშლის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას. 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მთელი რიგი მნიშვნელოვანი ზომები მიიღო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში რუსეთის ლიდერებმაც (რომლებისთვისაც ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, როგორც ჩანს, ისეთივე მოულოდნელობა იყო, როგორც დასავლეთში თბილისის მოკავშირეებისთვის) სიტუაცია გადააფასეს. მას შემდეგ რუსეთი მონაცვლეობით დგამს ხან კეთილმეგობრულ, ხან არაკეთილმეგობრულ ნაბიჯებს, ხსნის ბაზარს და, იმავდროულად, სეპარატისტული რეგიონების საზღვრების გასწვრივ მავთულხლართებს აგებს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებისა და განზრახვების მოსინჯვა-ამოცნობას. თუმცა, დღეის მდგომარეობით, გზავნილი მეტ-ნაკლებად ნათელია: საქართველო მტკიცედ და არაორაზროვნად უჭერს მხარს ევროატლანიკურ ინტეგრაციას, როგორც საგარეო პოლიტიკის ძირითად მიზანს. საქართველო არც ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დათმობს. თბილისი მართლაც დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების აღდგენით, თუმცა ეს მისი პრინციპების ხარჯზე ვერ მოხდება.

ჯერჯერობით მოსკოვი სოჭის ოლიმპიადით არის დაკავებული და იმ დადებითი თუ უარყოფითი შედეგებით, რომელიც ამ თამაშებს შეიძლება მოჰყვეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის მიწას ბოლო ოლიმპიური დელეგაცია დატოვებს და მსოფლიო თავის ყურადღებას სხვა საკითხებს მიაპყრობს, რუსეთის ზეწოლა საქართველოზე შეიძლება გაძლიერდეს. აგვისტოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გეგმებისა და 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმედისმომცემი გზავნილების გათვალისწინებით, რუსეთის მხრიდან უკმაყოფილო რეაქცია თითქმის გარანტირებულია.

მაგრამ, საქართველოს დამკვირვებლებს უფრო მეტად აწუხებთ, შესაძლოა მოშორებული, მაგრამ საკმაოდ რეალური ნეგატიური შედეგები თბილისისათვის, თუკი სოჭში ტერაქტი მოხდება. საქართველოს მთავრობამ, რომელიც აბსოლუტურად გასაგები მიზეზების გამო გაღიზიანებულია იმით, რომ რუსეთი აფხაზეთს, როგორც თავის დაქვემდებარებულ რესპუბლიკას ისე ეპყრობა, მაინც უარი თქვა წინა რეჟიმის პოლიტიკაზე, რომელიც სოჭის ოლიმპიადას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა. დაპირისპირების ნაცვლად, მან თამაშებზე საკუთარი სპორტსმენები (მაგრამ არა სამთავრობო დელეგაცია) გააგზავნა და მოსკოვს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაც კი შესთავაზა. მაგრამ თუკი სოჭში ტერაქტი მოხდება (ბევრს ეს გარდაუვლად მიაჩნია), რუსეთმა ის რაიმე ფორმით შეიძლება საქართველოს დაუკავშიროს, რათა ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე გაიტანოს. მოსკოვი ხომ სულ ახლახან რეგულარულად ადანაშაულებდა თბილისს მსგავსი შეთქმულებების მოწყობაში.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები შეიძლება არსებულ დონეზე გაჩერდეს და დაღმასვლაც იყოს, ქრონიკური კრიზისის შანსი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში არსებობდა, ძალიან მცირეა. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს თავის ორმხრივ ურთიერთობებში თბილისი და მოსკოვი პრაგმატიზმს ანიჭებენ უპირატესობას და არა ანტიპათიას. და დიდად არ არიან დაინტერესებული იმით, რომ ერთმანეთი საკუთარი შიდაპოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ. მაგრამ ეს მეზობელი ქვეყნები მაინც ვერაფრით ახერხებენ მორიგებას ძალიან მნიშვნელოვან და კრიტიკულ საკითხებზეც კი.

საქართველოს სურს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება და საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმოება რუსეთის „მითითებების“ გარეშე. ამასობაში კი რუსეთს უნდა,  ეგრეთ წოდებული ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით, განვითარებულ მოვლენებზე ბოლო სიტყვა სწორედ მას ეკუთვნოდეს. ეს მიზნები პრინციპულად შეუთავსებელია. დღეს, სოჭის ოლიმპიური თამაშების პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები შეიძლება დადებითი ატმოსფეროთი გამოირჩეოდეს, მაგრამ სამართლიანი იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ წინ მათ რთული დღეები ელით.

ორიგინალი


FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,