თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობა კავკასიაში, რუსეთის სამხედრო ნაბიჯების მიზეზი ხდება
ავტორი :
გამოცემა :
22:51 12-07-2015
მიმოხილვა. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში თურქეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა გააქტიურდა.

31 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით, თურქმა, ქართველმა და აზერბაიჯანელმა სამხედროებმა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო წვრთნების („კავკასიური არწივი“) სერია გამართეს. რამდენიმე დღით ადრე, 25 მაისს, ბაქოში, აზერბაიჯანის და თურქეთის ტაქტიკური სამხედრო სწავლებები ჩატარდა. ეს 2015 წელს გამართული წვრთნების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია, და იმავდროულად, შარშანდელი, ნაკლებად მასშტაბური სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებაა.

ამ სამი ქვეყნის მიერ სამხედრო აქტივობის ბოლოდროინდელი გაფართოება სამხრეთ კავკასიაში, ერთი მხრივ ემთხვევა რუსეთის მასშტაბურ მონაწილეობას უკრაინის კონფლიქტში და მეორე მხრივ, ანკარას მზარდ სურვილს გაზარდოს თავისი გეოპოლიტიკური როლი აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებთან. მოსკოვი გამოიყენებს თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის სამხედრო აქტივობის ზრდას თავისი სამხედრო პოზიციების განმტკიცების გამართლებისათვის სომხეთში. იმავდროულად, აზერბაიჯანი, მიუხედავად მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოებისა, კვლავ მოსკოვზე იქნება დამოკიდებული სამხედრო აღჭურვილობით და ტექნოლოგიით მომარაგების თვალსაზრისით.

ანალიზი. აზერბაიჯანი-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა სამხედრო განათლების სფეროში 1992 წლიდან იწყება. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობა სხვა სფეროებზეც გავრცელდა და მოიცვა აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის ჯარისკაცების მომზადება და შესაბამისი დახმარება. მაგრამ თურქეთმა და აზერბაიჯანმა ოფიციალურად სტრატეგიულ პარტნიორობაზე მხოლოდ 2010 წელს მოილაპარაკეს. ეს პარტნიორობა გულისხმობს სამხედრო დახმარებას მასშტაბური კონფლიქტის შემთხვევაში. ამის შემდეგ, თურქეთმა გაზარდა აზერბაიჯანისათვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და ქვეყნებმა საარტილერიო დანადგარების წარმოება დაიწყეს. არსებითი ცვლილება 2012 წელს მოხდა, როდესაც ქართველი სამხედროების საკმაოდ დიდმა წარმომადგენლობამ პირველად მიიღო მონაწილეობა თურქულ-აზერბაიჯანულ წვრთნებში. პროცესების შემდგომი განმტკიცებისათვის, 2014 წლის ზაფხულში, ქვეყნების თავდაცვის სამინისტორებმა გადაწყვიტეს სამმხრივი შეხვედრების წელიწადში ორჯერ მოწყობა, ასევე სამხედრო წვრთნების უფრო ინტენსიურად გამართვა.

ერევნის თვალსაზრისით. სომხეთისათვის, რომელსაც კონკრეტულ მომენტში სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები აქვს, სამი მეზობლის ერთობლივი სამხედრო მანევრები გეოპოლიტიკური პრობლემაა. სომხეთის დიდი ნაწილი აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს ესაზღვრება. ის მოქცეულია კონკურენტ თურქეთს და აზერბაიჯანს შორის, ხოლო მისი ოპერატიული საზღვრები ჩრდილოეთიდან საქართველოთი, ხოლო სამხრეთიდან ირანით შემოიფარგლება. სამხედრო წვრთნების ინტენსივობის გაზრდა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამხედრო ბალანსში ცვლილებასაც შეესაბამება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ორ ქვეყანას შორის შეტაკებებს მთიანი ყარაბაღის ზოლთან სომხეთისთვის სერიოზული დანაკარგები და სამხედრო აღჭურვილობის განადგურება მოჰყვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ახლახან განაცხადა, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის არმიაზე „სრულ უპირატესობას“ მიაღწია. მაისში ნახიჩევანი (აზერბაიჯანის დასავლეთ ანკლავი, რომელიც სომხეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის გასწვრივ მდებარეობს) თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივი ტაქტიკური წვრთნების ჩატარების ადგილად იქცა. ამ წვრთნებში ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფები მონაწილეობდნენ. ერევნისთვის ეს აზერბაიჯანის მხრიდან ორ ფრონტზე თავდასხმის შესაძლებლობას ნიშნავს. მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში კი ბაქოს თურქეთიც შეუერთდება.

კიდევ უფრო საინტერესოა სამხედრო წვრთნებში საქართველოს მონაწილეობა. სომხეთისთვის საქართველოს ტერიტორია ერთადერთი ღია კარია რუსეთისაკენ, და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ ერევანს ამ დერეფნის უზრუნველყოფაზე მოთხოვნა არსებითად გაეზარდა. სომხეთის თვალსაზრისით, საქართველოს სამხედრო აქტივობის გაზრდა სამმხრივი შეთანხმებებისა და წვრთნების ფარგლებში, მართლაც ქმნის სამხედრო სარტყელს სომხეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილის ირგვლივ. სამხედრო წვრთნებმა სომხეთის მედიის და სახელმწიფო ჩინოვნიკების ყურადღება რატომღაც დიდად არ მიიპყრო. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ მოკლე განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ნეგატიურად არ აისახება სომხეთთან ურთიერთობაზე.

რუსეთი და თურქეთი. აპრილში რუსეთმა განაცხადა, რომ სომხეთში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ყირგიზეთში საკუთარ სამხედრო ბაზების განამტკიცებს. შეიძლება, ეს მხოლოდ დამთხვევაა, თუმცა ახლახან მოსკოვმა სომხეთს სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად 200 მილიონი დოლარის კრედიტი მისცა, რაც სომხეთის თავდაცვის წლიური ბიუჯეტის თითქმის ნახევარია. გარდა ამისა, მოსკოვი სომხეთში სამხედრო კომპლექსის „ისკანდერის“ განთავსების შესაძლებლობას განიხილავს. ეს კომპლექსი აღჭურვილია ბალისტიკური რაკეტებით „დედამიწა-დედამიწა“. შესაძლოა მოსკოვი სარგებლობს ერევნის შეშფოთებით უსაფრთხოებაზე, რაც სამი ქვეყნის თანამშრომლობითაა გამოწვეული და მას რუსული სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის საფუძვლად იყენებს. სწორედ ასე მოიქცა მოსკოვი ახლახან ცენტრალურ აზიაში, როდესაც „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომავალ საფრთხეს აზვიადებდა.

მთლიანობაში, მედიის მიერ სამხედრო მანევრების გაშუქება და სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შესაბამისი კომენტარები შემოიფარგლებოდა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მინიშნებებით და ამ მიზნით სამხედრო კონფერენციების და სამხედრო გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე ლაპარაკით. თუმცა, დისკუსიის მიღმა, მსგავსი წვრთნების ჩატარებისთვის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორების კომბინაციაა. ახლახან, თურქეთმა გადახედა თავის გეოპოლიტიკურ პოზიციას სამხრეთ კავკასიაში, და ეს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოხდა, ასევე საქართველოსგან გამოყოფილ რეგიონებში მოსკოვის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის ფონზე. 2010 წელს რუსეთმა გაიხანგრძლივა სომხეთში გიუმრის სამხედრო ბაზის საიჯარო ხელშეკრულების ვადა, ხოლო მის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებში სამხრეთ კავკასიაში მუდმივად ტარდება სამხედრო წვრთნები. ასეთ ვითარებაში, თურქებს საპიროწნედ სჭირდებათ სამხედრო პარტნიორობის განმტკიცება აზერბაიჯანთან და საქართველოსთან. თუმცა, აზერბაიჯანი, ლოჯისტიკის, ახალ სამხედრო აღჭურვილობასთან და არასებულ რესურსებთან იოლად ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ სერიოზულად არის დამოკიდებული მოსკოვზე. აზერბაიჯანის სამხედრო მომარაგებაში 85% მოსკოვის წილია, და საეჭვოა ამ მხრივ სიტუაცია შეიცვალოს.

ენერგეტიკის როლი. გარდა ამისა, თურქეთი და აზერბაიჯანი, როგორც ჩანს ცდილობენ რეგიონული ენერგეტიკული მილსადენების (ტრანსანატოლიური, ტრანსადრიატიკული, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, გაზის სამხრეთის დერეფანი) დაცვას, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით (რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გასწვრივ) თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილისკენ მიდის. ამ მილსადენებს დაცვა სჭირდება, რადგან სამხედრო კონფლიქტი პოტენციურ საფრთხეს უქმნის ენერგორესურსების მიწოდებას. რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსებმა ქალაქი გორი დაიკავეს, და ქვეყანა ფაქტობრივად ორ ნაწილად გაყვეს, ისინი ამ მილსადენებს ძალიან სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ, რამაც დასავლელ ოპერატორებს პრევენციის მიზნით მათი გადაკეტვა აიძულა.

დაცვა სჭირდება კიდევ ერთ, მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტს - ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით აკავშირებს მთელ რეგიონს კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ თურქეთამდე. არსებული გათვლებით, ეს სარკინიგზო ხაზი პირველ ეტაპზე შეძლებს 6,5 მილიონი ტონის მოცულობის ტვირთის გადაზიდვას აზიიდან ევროპაში. როგორც ეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზარიკ ჰასანოვმა განაცხადა 2014 წლის აგვისტოში ნახიჩევანში, საინაუგურაციო ცერემონიალზე საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრების თანდასწრებით, წვრთნების გამართვის მთავარი მიზეზი იმ მილსადენების და რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაცვაა, რომელიც სამი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის. რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პერსპექტივას, უფრო მჭიდრო ენერგეტიკული თანამშრომლობა თურქეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის მოითხოვს სამხედროების მხრიდან სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ყველა ეს ფაქტორი ერთად, როგორც ჩანს, გახდება მთავარი მოტივი სამხედრო კავშირების განმტკიცებისათვის ამ სამ ქვეყანას შორის.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,