ივანიშვილის პირველი კაბინეტი დასავლურ კურსზე მიანიშნებს
გამოცემა :
23:00 08-10-2012

ბიძინა ივანიშვილმა, არჩევნებში მისი კოალიციის შოკისმომგვრელი გამარჯვების შემდეგ, ორშაბათს თავისი პირველი კაბინეტის წევრები დაასახელა და გვიჩვენა, რომ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოსაც შეუძლია განაგრძოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკა.


ივანიშვილმა, რომლის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტია დაამარცხა, მომავალ მთავრობაში, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს უნდა ჩამოყალიბდეს, საგარეო საქმეთა მინისტრად მაია ფანჯიკიძე დაასახელა.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკა უცვლელი რჩება, ესაა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა და მეზობლებთან ჯანსაღი ურთიერთობა“, განაცხადა სატელევიზიო კომენტარებში ყოფილმა ელჩმა ნიდერლანდებში მაია ფანჯიკიძემ.

გარდა ამისა, მან დასძინა, რომ მომავალი მთავრობა, 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ თბილისის დაუძინებელ მტერთან, მოსკოვთანაც შეეცდება საერთო ენის გამონახვას.

„ქართული ოცნება ახალ საგარეოპოლიტიკურ პროექტს წარმოადგენს, სადაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კომპონენტიც იქნება გათვალისწინებული“, განაცხადა ფანჯიკიძემ.

ივანიშვილმა თავისი ახლო მოკავშირე, ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაასახელა, ხოლო გაეროში ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია – თავდაცვის მინისტრად ერთ–ერთ ვიცეპრემიერად.

„ეს ჭეშმარიტად სახალხო მთავრობა იქნება“, განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.

ივანიშვილმა პირობა დადო, რომ საქართველოს NATO–ში მისწრაფებას მხარს დაუჭერს, რაც რუსეთს აბრაზებს, და ასევე განაცხადა, რომ არ დაუშვებს ქვეყნის ეკონომიკურ ქაოსში ხელახლა დაბრუნებას, რაც 2003 წელს „ვარდების რევოლუციით“ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო გამეფებული.

„ამ მთავრობაში კორუფცია დაუშვებელი იქნება“, თქვა მან.

დიპლომატების - ფანჯიკიძისა და ალასანიას მსგავსად, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს მოღვაწეობდნენ, შემოთავაზებულ კაბინეტში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობისდროინდელი რამდენიმე ყოფილი ფიგურაცაა, რომლებიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოიშორეს. აქვეა რამდენიმე პირი, ვისაც ხელისუფლებაში მუშაობის არავითარი გამოცდილება არ გააჩნია.

„მილანის“ საფეხბურთო კლუბის ყოფილი ვარსკვლავი, კახა კალაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად და ასევე ივანიშვილის მეორე ვიცეპრემიერად დასახელდა.

ვეტერანი ლიბერალი პოლიტიკოსი დავით უსუფაშვილი ახალი პარლამენტის სპიკერობისათვის ემზადება.

თუმცა ივანიშვილის კოალიციის ზოგიერთი კონსერვატიული თუ ნაციონალისტი წარმომადგენელიც დასახელდა მაღალ საპარლამენტო თანამდებობებზე, რაც იდეოლოგიურ აზრთა სხვადასხვაობაზე მიანიშნებს ბლოკის შიგნით, რომლის წევრებსაც მილიარდერი ოლიგარქი აერთიანებს.

მომავალ მთავრობაში ივანიშვილი პრემიერმინისტრობას ელოდება, თუმცა ისიც და მისი კაბინეტიც ოფიციალურად დამარცხებულმა მეტოქემ, სააკაშვილმა უნდა წარადგინოს, რომელიც პრეზიდენტად დარჩენას კიდევ ერთი წლით გეგმავს.

სააკაშვილმა ძალაუფლების უმტკივნეულო გადაბარების პირობა დადო და პარასკევს მისი პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ხელისუფლების გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც შედგა.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა ის სააკაშვილს სამშაბათს პირისპირ შეხვდეს.

„ქართული ოცნება“ გასული არჩევნების შედეგად 150 ადგილიან პარლამენტში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო, თუმცა ჯერ კიდევ არასრული მონაცემების თანახმად, 83 ადგილს ელოდება, ხოლო სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – დარჩენილ 67 ადგილს.

პრემიერმინისტრს უფლებამოსილება მას შემდეგ გაეზრდება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელიც 2013 წელს სააკაშვილის ორვადიანი მმართველობის დასრულების შემდეგ შევა ძალაში, საპრეზიდენტო მმართველობა შესუსტდება და საქართველოს, ძირითადად, საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა