საქართველომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანი და თბილისის მერის მოადგილე საპარლამენტო არჩევნების წინ განხორციელებული კიბერჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, განაცხადეს პროკურორებმა პარასკევს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და თბილისის მერის მოქმედი მოადგილე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე შოთა ხიზანიშვილი, ასევე პოლიციის 11 ჩინოვნიკი, ეჭვმიტანილია ოპოზიციური ლიდერების უკანონო თვალთვალში ვირუსული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, უთხრა ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.
დაპატიმრებები მოსდევს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - ეს პირველი წამყვანი საქმეები გახლდათ, რომელიც აღიძრა სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
კბილაშვილმა განაცხადა, რომ ჩინოვნიკები სპეციალურ პროგრამას იყენებდნენ სააკაშვილისადმი ოპოზიციურად განწყობილი პარტიების კომპიუტერებში შესაღწევად. სააკაშვილის პარტია ხანგრძლივი დომინირების შემდეგ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ დაამარცხა.
ეჭვმიტანილებს ადანაშაულებენ ასევე ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების სატელეფონო საუბრების უკანონო ჩაწერასა და გავრცელებაში ინტერნეტის საშუალებით, რაც მიზნად ისახავდა არჩევნების წინ მილიარდერის ბლოკის მიმართ „უნდობლობის გაჩენას მოსახლეობაში“, განაცხადა კბილაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერთა სატალეფონო ჩანაწერები, რომელშიც ისინი ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, თავდაპირველად ითქვა, რომ სექტემბერში YouTube-ზე ივანიშვილის დაცვის წევრმა ატვირთა.
მაგრამ კბილაშვილმა განაცხადა, რომ დაცვის წევრი პოლიციამ დააშანტაჟა და მოქრთამა იმისთვის, რომ ამ უკანასკნელს ეთქვა, რომ ჩანაწერები მან გააკეთა და გაავრცელა.
სააკაშვილის მოკავშირეები ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. „პოლიტიკური დევნის სასტიკი კამპანია გრძელდება“, განაცხადა დეპუტატმა სააკაშვილის პარტიიდან, გიორგი ბარამიძემ.
ორიგინალი