მარშით საქართველოზე
გამოცემა :
13:57 15-12-2008
სააკაშვილის ამერიკელი მხარდამჭერები დემოკრატიისადმი მის ერთგულებაზე კითხვებს გაურბიან. ერთმა დასავლელმა დიპლომატმა ისიც მითხრა, რომ ზომები, რომლებიც დემოსტრანტთა წინააღმდეგ გაატარეს,
არაფრით განსხვავდება ევროპის დედაქალაქებში მიღებული პრაქტიკისგან. მაგრამ ქუჩაში გამოსულ პროტესტანტთა ტალღამ სააკაშვილი აიძულა გადამდგარიყო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა. ეს არჩევნები, როგორც თვითონ მითხრა, მისი ცხოვრების ყველაზე სარისკო ნაბიჯი იყო, "ჩვენ ვცხოვრობდით ქალაქში, რომელსაც უბრალოდ ვძულდით" - მიყვებოდა სააკაშვილი. 2008 წელს ხმების 53%-ით ის ხელახლა აირჩიეს, მაგრამ თბილისის უმეტეს უბნებში არჩევნები წააგო.

შემოდგომის, ერთ ღამეს პარლამენტის წევრთან ერთად რესტორან "კოპალას" ტერასაზე ვსადილობდი. ის მიყვებოდა, რომ ვარდების რევოლუციამდე ასეთ კარგ რესტორანში ვერ ისადილებდა. ეკონომიკური მიღწევების გამო, სააკაშვილს აქებდა, მაგრამ სანამ ვსადილობდით, ძირითადად სულ მის ქედმაღლობას, სხვისი აზრისადმი შეუვალობას და უპასუხისმგებლობას აკრიტიკებდა. მიყვებოდა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, რამდენიმე კვირაში ის და კიდევ ერთი მათი მეგობარი სააკაშვილს მოულოდნელად შეხვდნენ. მეგობარმა სააკაშვილს მიმართა: "გესმის, რომ ახლა ამ დაწყევლილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდები და დაგვღუპავ იმიტომ, რომ გიჟი ხარ". სააკაშვილმა გაიცინა: "ყოველთვის შევძლებ რაღაცის მოფიქრებას" - თქვა მან და თითები დაატკაცუნა - "და არეულობიდან თავის დაღწევას".

სააკაშვილის ორივე საარჩევნო კამპანიის პლატფორმა ეკონომიკური კეთილდღეობა იყო, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ სეპარატისტული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მისი მმართველობის პრიორიტეტი იქნებოდა. ქართველები ჩვეულებრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თავისი სამშობლოს შემადგენელ ნაწილად განიხილავენ. ამ რეგიონების ეთნიკური შემადგენლობა ყოველთვის შერეული იყო და მათი დაბრუნება ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

2004 წელს აჭარაზე, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ავტონომიურ რეგიონზე, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, სააკაშვილმა კონტროლის აღდგენა შეძლო. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან აჭარას ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერი, ასლან აბაშიძე თავისი პირადი ფეოდალური სამფლობელოსათვის მართავდა. მაგალითად, ბრძანა, რომ ყველა შენობა ბათუმში, აჭარის დედაქალაქში თეთრად უნდა შეღებონ; ვაშინგტონთან დაახლოებაც სცადა და ჰილარი კლინტონის ძმას თხილის ბიზნესზე ექსკლუზიური უფლებები შესთავაზა, ხოლო პორტისა და საბაჟოს შემოსავლებს უბრალოდ იჯიბავდა. აბაშიძე არაპოპულარული იყო, მაგრამ მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობდა. სააკაშვილმა აჭარაში საპროტესტო მოძრაობა შეაგულიანა და აბაშიძეს სანქციებიც დაუწესა - იმედოვნებდა, რომ აქ ვარდების რევოლუციას გაიმეორებდა. ბოლოს აბაშიძემ თავშესაფარი რუსეთს სთხოვა, სააკაშვილი კი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა: "ასლანი გაიქცა. აჭარა თავისუფალია!" სულ მალე ამ თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ მან ყურადღება სამხრეთ ოსეთისკენ მიმართა.

2004 წლის აგვისტოში სააკაშვილმა ქართული პოლიცია სამხრეთ ოსეთში, საზღვართან მოქმედი ბაზრობის დასახურად გააგზავნა - აქ, ამ ბაზრობაზე კონტრბანდული სიგარეტითა და საწვავით ვაჭრობდნენ. აქციას ქართველ მშვიდობისმყოფელთა და ოსური შეიარაღბული ბანდების შეტაკება მოყვა. ამერიკელებმა განგაშის ზარი შემოკრეს. ერთი დასავლელი დიპლომატი მიყვებოდა: "ცუდ ამბავში გაეხვივნენ, ვფიქრობ, ორივე მხარე იყო დამნაშავე ". დიპლომატმა სააკაშვილს დაპირისპირების შეწყვეტა მოსთხოვა. "ის გაცეცხლდა, ჯანდაბას, ამბობდა, ასეთ ვითარებაში ცხოვრება შეუძლებელია" მაგრამ უკან დაიხია.

როცა ამ ამბავს იხსნებდა, სააკაშვილი გამომიტყდა, რომ იმედს მაინც არ კარგავს. ჰგონია, რომ ერთ რამეში სამხრეთ ოსეთის ლიდერების დაარწმუნებას მოახერხებს - დემოკრატიული, ეკონომიკურად აღორძინებული საქართველო რუსეთზე უკეთესი პარტნიორი იქნება. "მოთმინება გვჭირდება" - ამბობს სააკაშვილი.

ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომლის, ოქსანა ანტონენკოს აზრით, პრობლემა ისაა, რომ სააკაშვილი ძირეულად არასწორად აფასებს ოსების გრძნობებსა და მტრული განწყობების ინტენსივობას. "როდესაც გააცნობიერა, რომ მხოლოდ ქარიზმითა და დასავლეთში ინტეგრაციის სწრაფვით მიზანს ვერ მიაღწვევს, მან იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ უყვართ, აფხაზებთან და ოსებთან, გადაწყვიტა სამშვიდობო პროცესის მოჩვენებითობა შეექმნა, სამშვიდობო პროცესის "პოტიომკინის სოფლები".

მან ისიც ვერ გათვალა, თუ რამდენად მტკიცედ უნდა რუსეთს რეგიონში თავისი ჰეგემონიის შენარჩუნება. "შეუძლებელია კავკასიაში სუსტი რუსეთის წარმოდგენა" - გვითხრა მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ინსტიტუტის თანამშრომელმა, სერგეი მარკედონოვმა - "ეს ჩვენი ტრადიციაა, გასაგებია, რომ ევროპოლებესთვის ამის გაგება რთულია, მაგრამ, ამ ფაქტორის იგნორირება უბრალოდ შეუძლებელია".

სააკაშვილი კი სამხედრო საკითხებში დასავლეთთან სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდა. მაგალითად, 2000 მეომარი ერაყში გაუშვა (ქართული კონტინგენტი, ამერიკული და ბრიტანულის შემდეგ, რაოდენობრივად მესამე იყო მანამდე, სანამ აგვისტოს ომის დროს ქართული შენაერთები საქართველოში არ დააბრუნეს) და ბუშის ადმინისტრაციის დახმარებით ნატოში გაწევრიანებასაც ლობირებდა. სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი უკვე გაწევრიანდნენ ნატოში და ის, რომ თუნდაც შორეულ პერსპექტივაში, საქართველო მათ გზას დაადგებოდა, რუსეთის მთავრობას საშინლად აავებდა. მიშა ლიპმანმა მითხრა, რომ მოსკოვში ნატოს ექსპანსიას ისე განიხილავენ, როგორც "შემოჭრას სივრცეში, რომელსაც რუსეთში საკუთარი გავლენის ლეგიტიმურ სფეროდ განიხილავენ".

2006 წელს საქართველომ შპიონაჟის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიცერი დააპატიმრა. საპასუხოდ რუსეთიდან იქ მცხოვრები რამდენიმე ათასი ქართველი გამოაძევეს, ქართულ ექსპორტს რუსეთში ემბარგო დაუწესეს, საჰაერო მიმოსვლა და პოლიტიკური კავშირები შეზღუდეს.

რამდენიმე კვირის შემდეგ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში არჩევნები ჩაატარა. სამხრეთ ოსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და სამხედრო ლიდერს, დიმიტრი სანაკოევს, რომელიც ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა, რეგიონის პრორუსული მთავრობისთვის კონკურენცია უნდა გაეწია. სანაკოევმა თბილისის ფულით ბინები, საავადმყოფოები, სპორტული ობიექტები ააშენა, მაგრამ ოსების უმეტესობისთვის ის მოღალატედ და მარიონეტად იქცა. რუსეთმა კი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს პენსიები გაუზარდა და უფრო ინტენსიურად დაიწყო რუსული პასპორტების გაცმა. სამხრეთ ოსეთთან და ქართულ პოსტებთან ორმხრივი ცეცხლი ჩვეულ მოვლენად იქცა და გასულ ივლისს სანაკოევი ძლივს გადაურჩა მისი მკვლელობის მცდელობას.

მოვლენები, რომლებიც ამის შემდეგ განვითარდა, დღემდე კამათის საგანია. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ოსურ სამხედრო შენაერთებსა და ქართულ პოლიციას შორის მიმდინარე სროლები სიტუაციის ჩვეულ გამწვავებად აღიქმებოდა. მერე, ქართული მხარის ვერსიით, თავდასხმა მათ პოზიციებზე უფრო ინტენსიური გახდა და სროლა უკვე ზოგიერთი ქართული სოფლის მახლობლად მიმდინარეობდა. ოსებთან მოლაპარაკებების მცდელობა ჩაიშალა. "რუსებმა სრულიად ღიად განაცხადეს უარი ჩვენთან კონტაქტზე, ხოლო სეპარატისტებმა - უკან დახევაზე, რაც ძალიან უჩვეულო იყო" - ამბობს სააკაშვილი. მისი აზრით, ეს ყველაფერი ქართველთა პროვოცირებისთვის წინასწარ დაიგეგმა (რუსების მტკიცებით, მოლაპარაკებებზე უარი საქართვლომ განაცხადა). თემურ იაკობაშვილი, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი ამ მოვლენებს შეშფოთებითა და შეცბუნებით ადევნებდა თვალს. 7 აგვისტოს, შუადღეს ის ცხინვალში კვირის განმავლობაში მეორედ ჩავიდა. ქუჩები თითქმის დაცარიელებული დახვდა "უცნაური იყო"- მითხრა იაკობაშვილმა - "ცხინვალში აღმოვაჩინეთ, რომ ქალაქი მთლიანად იყო დაცარიელბული. ცუდი განცდა გიჩნდებოდა - ქუჩაში არც მანქანა ჩანდა და არც გამვლელები. ისეთი შთბეჭდილება გრჩებოდა, რომ ქალაქი ომისთვისაა მზად".

იაკობაშვილმა მითხრა, რომ რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურს, მარატ კულახმეტოვს შეხვდა. კულახმეტოვმა უთხრა, რომ ოსებს ვეღარ აკონტროლებს, მაგრამ ივარაუდა, რომ ქართველების მიერ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა, სიტუაციას განმუხტავდა. იმ დღეს 7 საათზე სააკაშვილმა ტელევიზიით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა, ოს მებრძოლებს ამნისტიას, ხოლო რეგიონს ფართო ავტონომიას დაპირდა. მაგრამ ქართველების მტკიცებით, ოსები დაბომბვებს მაინც აგრძელებდნენ. (თაიმსის ცნობით, ევროპელ სამხედრო დამკვირვებლებს დაბომბვა იმ მომენტამდე არ შეუნიშნავთ, სანამ ქართულმა არტილერიამ ცეცხლი არ გახსნა).

იმ საღამოს სააკაშვილს დაურეკეს და უთხრეს, რომ დასტურდება მონაცემები, რომელთა თანახმად, რუსულმა შენაერთებმა როკის გვირაბი, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადმოკვეთეს - ყვება იაკობაშვილი. სააკაშვილმა ყურმილი დაკიდა: "გაფითრდა. მე ვკითხე, რაშია საქმე-თქო. "ისინი მოდიან" - უპასუხა იაკობაშვილს და ჰკითხა: "როგორ ფიქრობ, ისრაელად გადავიქცევით?" (რუსული ხელისუფლება ამბობს, რომ როკის გვირაბში იმ ღამეს სამშვიდობო ჯარების როტაციასთან დაკავშირებულ რუტინულ გადაადგილებებს ახორციელებდნენ). სააკაშვილი მეუბნებოდა, რომ თავის დასავლელ პარტნიორებთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ბუში, ისევე, როგორც პუტინი, იმ დროს უკვე პეკინში, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე გაემგზავრა.

23:30 წუთზე, სააკაშვილის ბრძანებით, ქართულმა არტილერიამ ცხინვალს ცეცხლი გაუხსნა. ყუმბარები ქალაქის საცხოვრებელ უბნებსა და რუსული სამშვიდობო შენაერთების ყაზარმას მოხვდა.

მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ ქართული ბატალიონები გაანადგურა. რუსულმა ტანკებმა მთავარი გზა დაბლოკეს, ალყა შემოარტყეს საპორტო ქალაქ ფოთს, ქართულ სამხდრო ბაზებს და დასავლეთ საქართველოში დაძრწოდნენ. რუსების მტკიცებით ისინი ოსებს იცავდნენ, მაგრამ მსოფლიოში უმეტესობამ კონფლიქტი "ცივი ომის" და რუსული სამხედრო საფრთხის დაბრუნებად აღიქვა.

თბილისის ქუჩებში მაისურები გამოჩნდა, წარწერებით "სთოფ რაშა" - და "პრაღა 1968" .

გაურკვეველია რაზე ფიქრობდა ან რის მიღწევას იმედოვნებდა სააკაშვილი, როდესაც კონფლიქტის ასეთ ესკალაციაზე წავიდა. მყისიერი შედეგი კი ასეთი მიიღო: დაპირისპირება სამხრეთ ოსთთან სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა და კონფლიქტში რუსეთი ჩაერთო. 11 აგვისტოს სააკაშვილმა წინააღმდეგობის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ამ დროს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით პროცესში სარკოზიც ჩაერთო. ექვსპუნქტიანი შეთანხმება ორივე მხარეს ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას სთხოვდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსულ და ოსურ სამხედრო შენაერთებს დღემდე ოკუპირებული აქვთ სამხრეთ ოსეთის ის რაიონები, რომლებიც ომამდე ქართული ადმინისტრაციის კონტროლს ექვემდებარებოდა. იგივე ხდება აფხაზეთში, კოდორის ხეობაში. (რუსები ამბობენ, რომ ისინი აქ ოსებისა და აფხაზების თხოვნით იმყოფებიან). დაიღუპა ოთხასზე მეტი ქართველი, მათგან უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. კონფლიქტს 150 ოსი და რუსეთის მონაცემების თანახმად, 64 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. გაჩნდა 200 000 იძულებით გადაადგილებული ადამიანი. უკვე თვეები გავიდა, მაგრამ 20 000 ქართველი საკუთარ სახლებში, სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში ვერ დაბრუნებულა.

პირად საუბრებში, ყველა დასავლელი დიპლომატი, მეუბნებოდა, რომ ქართველების შეტევა სამხრეთ ოსეთზე შეცდომა იყო. ისინი სააკაშვილს ქედმაღლობაში სდებენ ბრალს და რუსეთთან მიმართებაში მის პროვოკაციულ პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებენ. რაღაც თვალსაზრისით სააკაშვილს მაინც გაუმართლა. რუსულმა რეაქციამ, რომელიც სააკაშვილის დაჟინებული მტკიცებით: "ქმედება იყო და არა რეაქცია" - ამერიკა და ევროპა გააერთიანა - მათ რუსეთი დაგმეს. რა შედეგებს მოიტანს ეს ყვეელაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში, გაურკვეველია . "მე მგონია, რომ ყველამ წააგო"- მითხრა რიჩარდ ჰოლბრუკმა - "ქართველებმა წააგეს თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკამ საშინელი დარტყმა მიიღო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეჩერდა - კრედიტების შემცირება ცუდ შედეგებს მოიტანს. არც ის მგონია, რომ მიშას პოზიციები გამყარდეს. რუსებმა წააგეს იმიტომ, რომ მათი რეალური მიზანი სააკაშვილის დამხობა იყო და აღმოაჩინეს, რომ ამან დასავლეთისგან მათი გაუცხოება გამოიწვია. ისიც გამოჩნდა, რომ რუსეთი მეზობლებისთვის ძალიან საშიშია. ნატომ და აშშ-მ კი იმიტომ წააგეს, რომ ცხადი გახდა - ჩვენ პატარა დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელსაც მხარს ვუჭერთ, არაფრის გაკეთება შეგვიძლია".

სექტემბერში სააკაშვილი ნიუ-იორკში გაეროს ყოველწლიური სესიის გახსნაზე ჩამოვიდა. ძალიან უნდოდა ამერიკული მხარდაჭრის სტიმულირება. უკვე განცხადებული იყო, რომ ამერიკა საქართველოს მილიარდი დოლარით დაეხმარებოდა. დენიელ კუნინს როკფელერის ცენტრში შევხვდი, ის სააკაშვილს ელოდებოდა, რომელსაც NBC-ის ჟურნალისტისთვის, ბრაიან ვილიამსისთვის ინტერვიუ უნდა მიეცა. კუნინი ბედნიერი იყო. ტრანსფარენსი ინტერნაშიონალმა ზუსტად იმ დროს გაავრცელა ცნობები "კორუფციის ინდექსის" შესახებ, სადაც საქართველომ 79- ადგილიდან 67-ზე გადაინაცვლა და ბევრად უფრო უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთი, რომლიც 147-ე ადგილზე გავიდა: "ეს ნამდვილი საჩუქარია. უკვე დავამატე გამოსვლის ტექსტში" - მითხრა კუნინმა.

შუადღეს სააკაშვილმა გენერალურ ასამბლეაში სიტყვა წარმოთქვა. რუსეთს სახელით არ მოიხსენიებდა, მას "მეზობელს" უწოდებდა, გმობდა ტერიტორიული მთლიანობისთვის შექმნილ საფრთხეს და საერთაშორისო საზოგადოებას ომის გარემოებების გამოძიებას სთხოვდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი და დემოკრატიული რეფორმებისკენ მიმართული ძალისხმევის გაორმაგების, მეორე "ვარდების რევოლუციის" ჩატარების პირობაც დადო. გამოსვლის შემდეგ ის გარეთ გამოვიდა, მიესალმა ქართველ დემონსტრანტებს, რომლებსაც ხელში პლაკატები ეჭირათ: "სთოფ რაშა" და "მიშა, მიშა"-ს სკანდირებდნენ. მერე კი იმ მიღებაზე დასასწრებად შემობრუნდა, რომელსაც პრეზიდენტი ბუში აწყობდა. დაახლოებით ნახევარ საათში სააკაშვილი იქიდან გამოვიდა და ესკალატორთან შუა აზიის ქვეყნის პრეზიდენტთან დასალაპარაკებლად შეჩერდა. პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა და წავიდა. სააკაშვილი შეყოვნდა. ზუსტად ამის შემდეგ პრეზიდენტი ბუში და გაეროში ამერიკის ელჩი, ზალმეი ხალიზადი გამოჩნდნენ. სააკაშვილი მათ მიუახლოვდა, ბუშს ერთი ხელი გადახვია, ხოლო მეორე ჩამოართვა და ხალიზადის თბილად მიესალმა. სამივე ესკალატორზე ავიდა და სანამ ბუში და ხალიზადი ლიფტში შევიდოდნენ და გაუჩინარდებოდნენ, ძველი მეგობრებივით საუბრობდნენ.

მერე სააკაშვილი შესასვლეთან მანქანას ელოდებოდა. აღგზნებული იყო. ხელში ნიუსვიკს ატრიალებდა, სადაც მისი სურათი იყო გამოქვეყნებული და თავის ახალ საათს მაჩვენებდა: "კენეტ ქოლია. მაიამიში ვიყიდე". (სააკაშვილს საათები უყვარს, ის წელიწადში რამდენიმეს ყიდულობს და როცა მობეზრდება, გააჩუქებს ხოლმე). მითხრა, რომ ბუშის მიღების შემდეგ ვახშამზე დარჩენა არ უნდა. "ჯერ ერთი წესიერად არ გაჭმევენ და მუგაბეს გვერდზე გსვამენ".

ნიუ-იორკში სააკაშვილის დაცვას დიდი ჯაფა ადგა. როდესაც ნიუ-იორკში, როგორც პრეზიდენტი, პირველად ჩამოვიდა, დაცვა მას ენერჯაიზერის ბაჭიას ეძახდა. ახლაც გარბოდა, თაიმსის რედაქტორთან მიიჩქაროდა, რომელსაც შუადღეზე უნდა შეხვედროდა. თანმხლები პირები მეექვსე ავენიუზე მიატოვა. "აბა პრეზიდენტი ასე უნდა დაქროდეს?" - ქოშინებდა მისი პროტოკოლის ხელმძღვანელი. ჭამითაც ძალიან ჩქარა ჭამს, ორი ხელით, პირველი ლუკმის ღეჭვა ჯერ დამთავრებული არ აქვს და მეორეს მიადგება ხოლმე. ლაპარაკითაც სწრაფად ლაპაროკობს. ნიუ-იორკში ყველას ელაპარაკა: მაკკეინს, პეილინს, ჰენრი კისინჯერს, ჯორჯ სოროსს, პან გი მუნს, რიჩარდ გირს (ერთადერთი, ვინც ვერ ნახა, ბარაკ ობამა იყო). ინტერვიუ მისცა NBC-ს, CNN-ს, BBC-ს, PBC-ს და FOX News-ს. კვირის ბოლოს ხუმრობდა, რომ მხოლოდ ორ არხზე არ გამოჩენილა, Foot Network-სა და Animal Plannet-ზე.

სანამ გაეროში სიტყვით გამოვიდოდა, დილით ბილ კლინტონთან ილაქლაქა: "გასაოცარია, ამერიკელი არა ვარ, მაგრამ თავისიანად აღმიქვავენ და ჩემი აზრი აინტერესებთ" - ამბობს სააკაშვილი: "არც ერთი ევროპელი ასე არ მეჭორავება".

ღამის ორ-სამ საათამდე შინ არ ბრუნდება. წვეულებები უყვარს: ერთ ღამეს დაცვასთან ერთად სასტუმრო ჩელსის კორიდორში ნახავდით, მეორე ღამეს ობამასა და მაკკეინის პირველი დებატების საყურებლად ვესტ ვილიჯში გამართულ წვეულებაზე. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში არქიტექტურის გამოფენაზე ახალი იდეების დასაზვერად მივიდა. მაშინაც კი, როდესაც მისი დელეგაციის დიდი ნაწილი თბილისში დაბრუნდა, სააკაშვილი ნიუ-იორკში რჩებოდა. პროტოკოლის თანამშრომლები ფრენის განრიგს გაუთავებლად ცვლიდნენ, რადგან გამგზავრებას აყოვნებდა. ვკითხე, შინ საქმე როგორ არის-თქო: "იმდენად კარგად, რამდენადაც ველოდით".

სააკაშვილს ძალიან ახარებდა, რომ ომის შემდეგ საქართველოში მისმა რეიტინგმა მოიმატა. მაგრამ უკმაყოფილების ნიშნებმაც თანდათან იჩინა თავი. ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო და რომელმაც მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ სააკაშვილის პარტია დატოვა, განაცხადა, რომ პრეზიდენტთან ზაფხულის მოვლენებთან დაკავშირებით 43 შეკითხვა აქვს და ომის გარემოებების გამოძიება მოითხოვა. (როცა სააკაშვილს ბურჯანაძეზე ვკითხე, მიპასუხა: "არავის არ უყვარს"). სააკაშვილთან დაახლოებულმა ერთმა-ერთმა მინისტრმა მითხრა, რომ ვადამდელი არჩევნების შესახებ რეფერენდუმს მხარს დაუჭერს, როგორც კონსტიტუციით დასაშვებ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც სააკაშვილის გადადგომა შესაძლებელი გახდება, თუ საზოგადოებრივი აზრი მთავრობის წინააღმდეგ შემობრუნდება. (სააკაშვილის მეორე ვადა 2013 წლის იანვრაში იწურება. კონსტიტუციის თანახმად, მას კიდევ ერთი ვადით ხელისუფლებაში მოსვლის უფლება არა აქვს ). როგორც ჩანს, მინისტრი ზაფხულის მარცხის გამო მისი და მისი კოლეგების პასუხისმგბლობაზე წუხდა. "ხალხი განსჯის" - მუბნებოდა ის - "ხალხი განსჯის იმის მიხედვით, თუ როგორ შევძლებთ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას და ომთან დაკავშირებული პოლიტიკური დისკუსკიის წარმართვას".

ნიუ-ორკიდან დაბრუნების შემდეგ, საღამოს მე და სააკაშვილი აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე, სამთავრობო აგარაკზე ჩავედით. ორი დღით ადრე, ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი, რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს სანკტ-პეტერბურგში ბალტიის მილსადენის შესახებ მოსალაპარაკებლად შეხვდა. ამ მილსადენით დასავლეთ ევროპასა და გერმანიას გაზი უნდა მიაწოდონ. იმავე პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ვკითხე, გუნება ხომ არ წაგიხდა-თქო.

"არ არის სასიამოვნო" - მიპასუხა სააკაშვილმა -"ის ბალანსირებას ცდილობს, მაგრამ ახლა ბალანსირების დრო არ არის". ის იმ ზეწოლაზე ალაპარკდა, რომელსაც რუსეთი უკრაინაზე ახორციელებს. მითხრა, რომ ვიქტორ იუშჩენკოს, უკრაინის პრეზიდენტს წინა საღამოს ელაპარაკა და ის ძალიან აღელვებული ჩანდა. მერე ისევ პუტინის ქედმაღლობაზე ალაპარაკდა.

სააკაშვილს მართლა არ მიაჩნია, რომ ზაფხულის ომი წააგო. "ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ ცხინვალის აღებაა გამარჯვება. კიდევ ერთი ქართული ქალაქის მართვის უფლება ჩემთვის სულაც არ არის ძალიან მნიშვნელოვანი". იმ ტერიტორიების დაკარგვას, რომელიც სეპარატისტების კონტროლქვეშ მოექცა, დიდ პრობლემად არ მიიჩნევს: "და რა მერე? ორი ქართული რაიონი. ეს სულაც არ ნიშნავს წაგებას. ჩვენ ვიბრძვით და ეს ამ ბრძოლაში მხოლოდ ერთ-ერთი პოზიციაა". უფრო მნიშვნელოვანი საკითხი: "რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებაა" - ამბობს სააკაშვილი - "და რუსეთის გაზვიადებული რეაქციაა". "თუ ვინმეს იმის ილუზია ჰქონდა, რომ ორასი წლის შემდეგ რუსეთის გავლენისგან ერთ კვირაში დავაღწევდით თავს, ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ პროცესი დაიწყო. ეს რეგიონში რუსეთის გავლენის დასასრულის დასაწყისია" - დაამატა მან - "მაგრამ ვისურვებდი, რომ წარმატებისთვის მე მიმეღწია და ამას კიდევ ერთი თაობა არ დასჭირდეს ".

ამერიკის საარჩევნო კამპანიის დროს ძალიან ფრთხილობდა, როდესაც მაკკეინთან მის მეგობრობაზე ეკითხებოდნენ და მუდამ იმას უსვამდა ხაზს, რომ ორივე პარტია უჭერს მხარს და რომ ჯო ბაიდენთანაც მგობრობს. როდესაც არჩევნების შემდეგ ველაპარაკე, ობამასა და საკუთარ თავს შორის პარალელებს ავლებდა: ორივემ კოლუმბიაში პირველი ღამეები ქუჩაში გაატარეს და ორივეს, როგორც ახალგაზრდა პრეზიდენტებს, დიდი მოლოდინის ტვირთი ამძიმებთ. "მე რევოლუციას სათავეში, ხუთი მილიონი ქართველისთვის ჩავუდექი, ის კი რევოლუციას 6 მილიარდისთვის. მაგრამ ვიცი, რომ როდესაც ყველას უყვარხარ, შენში იმას ხედავენ, რისი დანახვაც სურთ" - თუმცა მაინც წუხდა, რომ -" ახალმა ტენდენციამ იჩინა თავი - ობამას ეუბნებიან, აფრთხილებენ, მას და იმ ახალ ადამიანებს, ვინც თეთრ სახლში მოდის, რომ საქართველოს და უკრაინას უარი უნდა უთხრას, უნდა მიატოვოს".

ისიც მითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ ობამას ელაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ დეტალებზე არ შეჩერებულან, ობამა კარგად ინფორმირებული ჩანდა და ყოველმხრივ უჭერდა მხარს. მაგრამ ხვდება, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველო ამერიკისთვის პრიორიტეტი ვეღარ იქნება. "საქართველოზე უარის თქმა ადვილია იმიტომ, რომ ამერიკაში დიდი ლობი და დაინტერესებული წრეები არ გვყავს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად უერთგულებს ამერიკა იდეალებს".

ადრე ასეთი რამე აქვს ჩემთან ნათქვამი: "ამერიკელებთან შეგიძლია საკუთარ თავად დარჩე, ისინი ასეთად მიგიღებენ. არასდროს გამიგია, რომ ამერიკელებს ჩემთვის ფიცხი ეწოდებინათ. ევროპელებისგან კი ბევრჯერ მსმენია.

ორიგინალი

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა