აშშ-ს დიპლომატიურმა მიმოწერამ ქართულ ომზე იმას, თუ ვინ იყო რუსეთის მეგობარი ევროკავშირში შუქი მოჰფინა
ენდრიუ რეტმანი
ბრიუსელი – აშშ-ს დიპლომატიური დოკუმენტების დასტა, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს ეხება, ხატავს ცოცხალ სურათს იმისას, თუ როგორ გაიხლიჩა ევროკავშირი რუსეთისადმი მეგობრულად და რუსეთისადმი მტრულად განწყობილ კლუბებად – გერმანელი დიპლომატები სიტყვა-სიტყვით იმეორებდნენ რუსეთის არგუმენტებს, ხოლო ლატვიის აზრით ნატო-ს საქართველოსთვის შეიარაღების გაგზავნის საკითხი უნდა განეხილა
დაახლოებით 120 დოკუმენტი, ევროპაში მოქმედი ამერიკის საელჩოებიდან მოიცავს პერიოდს 7 აგვისტოდან, ანუ ომის ოფიციალურად დაწყების თარიღიდან 19 აგვისტომდე, ანუ ომის დამთავრებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ პერიოდამდე და ეს დოკუმენტები ოთხშაბათს, პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა WikiLeaks-ს შვილობილ ჟურნალის Russian Reporterის ვებ-საიტზე.
ერთ დოკუმენტს, ბრიუსელში 12 აგვისტოს, ნატო-ს ელჩების ექსტრაორდინალური შეხვედრის შესახებ, ასეთი ქვესათაური აქვს: „ნატო-ს წევრები საქართველოს კრიზისთან დაკავშირებულ პირველ შეხვედრაზე ერთიანობის დეფიციტს განიცდიდნენ“. შემდეგ დოკუმენტს, რომელიც 13 აგვისტოთია დათარიღებული, ასეთი სათაური აქვს: „მოკავშირეები თითქმის ორად გაიხლიჩნენ“.
12 აგვისტოს დოკუმენტში, სადაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთობლივი ქმედებების მცდელობაზეა ლაპარაკი, ნაჩვენებია რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები: ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი იმ წინადადებებს უჭერდნენ მხარს, რომელიც ნატო-რუსეთის საბჭოს შეჩერებას და რუსეთისადმი მტრულად განწყობილი განცხადების გავრცელებას უჭერდნენ მხარს, მაგრამ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ბანაკი, რომელსაც სათავეში ედგა საფრანგეთი და გერმანია და რომელშიც შედიოდნენ საბერძნეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, სლოვაკეთი და ესპანეთი, ბლოკავდნენ ამ ნაბიჯს.
13 აგვისტოს მოლაპარაკებებზე, რომელზეც მსჯელობდნენ უნდა მიეღო თუ არა რუსეთის გემს Ladniy მონაწილეობა ნატო-ს წვრთნებში, იგივე რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ბანაკი (ჩეხეთის რესპუბლიკა, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი), რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილს დაუპირისპირდა (ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ჰოლანდია და სლოვენია).
„ჩვენი წევრების ნაწილი, განსაკუთრებით გერმანია კრიზისთან დაკავშირებთ საქართველოს ბრალეულობის რუსულ არგუმენტებს სიტყვა-სიტყვით იმეორებს. სადაზვერვო მასალა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებისთვის გამოქვეყნდა შესაძლოა სასარგებლო ინსტრუმენტად იქცეს“ – ნათქვამია 12 აგვისტოს აშშ-ს დოკუმენტში – „გერმანიის თაოსნობით მოქმედი მხარე.. . ნატო-ს მომავალ მინესტერიალზე, ალბათ არ დაუჭერს მხარს არაფერს იმაზე მეტს, ვიდრე რუსეთისთვის შენიშვნის მიცემაა“ – ნათქვამია შემდეგ დოკუმენტში.
ევროკავშირის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ახალმა განხეთქილებებმა იჩინა თავი, მაგრამ ზოგადი კონტურები ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთსა და დიდი ბრიტანეთის დაპირისპირებისა საფრანგეთის, გერმანიის და ნიდერლანდების წინააღმდეგ უცვლელი დარჩა.
როდესაც ბრიუსელში, 12 აგვისტოს ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე იმასთან დაკავშირებით უნდა გაზავდეს თუ არა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი რიტორიკა დებატები გაიმართა, შვედმა დიპლომატმა იოჰან ფრისელმა თავის ამერიკელ კოლეგას უთხრა: „ერთი ბანაკისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ისაა, რომ შეაჩერონ ტანჯვა და დარწმუნდნენ საზავო შეთანხმების დაცვაში, რაზეც მსჯელობა ან ბრალდება ძალიან ნაადრევია და ევროკავშირი ვერ იქნება მიკერძოებული ესენი არიან მალტა, კვიპროსი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია და ნიდერლანდები. მეორე ბანაკი აცხადებს, რომ საქართველომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მათთვის მთავარი შეშფოთების საგანი ისაა, რომ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ინტერვენცია სუვერენულ ქვეყანაში და ამით დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები… ეს ქვეყნებია, ინგლისი, ბელგია, შვედეთი, დანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვენია, სლოვაკეთი და ბულგარეთი“.
ფრისელი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის იმისთვის აკრიტიკებდა, რომ ე.წ. ექვსპუნქტიან გეგმაში, ანუ საზავო შეთანხმებაში ის დაჰყვა პრო-რუსულ ფორმულირებებს, რამაც რუსეთს საქართველოში ჯარის დატოვების საშუალება გაურკვეველი ვადით მისცა: „ფრისელის თქმით, სარკოზის 16 საათიანი მოგზაურობა მოსკოვსა და საქართველოში წარმოადგენდა ფრთხილად შედგენილ პროგრამას, რისი შედეგიც „სარკოზის შოუ“ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საზავო შეთანხმება 16 საათის შემდეგ მზად არ იყო, საფრანგეთს წარმატებული ისტორია სჭირდებოდა და ასეთ წარმატებაზე დროზე ადრე გააკეთა განცხადება. შედეგად მივიღეთ უვარგისი დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირის ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება“.
დანარჩენი დოკუმენტები გერმანულ-რუსული დიპლომატიის უფრო ნიუანსურ სურათს იძლევა, ვიდრე ნატო-ს ანგარიშები. ერთ ტექსტში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მისი გერმანელი კოლეგა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „აშკარად შეძრული“ იყო რუსეთის ქმედებებით. უნგრელი დიპლომატის თქმით, შტაინმაიერმა მოსკოვს განუცხადა, რომ „მან გადალახა რუბიკონი“, მაგრამ კრემლმა მის თხოვნას უკან დახევის შესახებ ყურადღება არ მიაქცია. თავის მხრივ, კანცლერმა ანგელა მერკელმა უარი სთქვა, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან ლაპარაკზე, რადგან „თუ ის მასთან კონტაქტის დამყარებას შეეცდება, ეს უაზროდ განამტკიცებდა პუტინის პოზიციას“ .
იტალიას აშშ-ს ყველაზე მძიმე კრიტიკა ერგო. ერთი დოკუმენტში იტალიის პრო-რუსული პოზიციის შესახებ ნათქვამია: „ბერლუსკონიმ და პუტინმა უკვე ილაპარაკეს და ჩვენ ველით, რომ რუსეთი შეეცდება პირადი ურთიერთობების გამოყენებას ამ ორს შორის, რათა იტალიამ საერთაშორისო ფორუმზე ჩაშალოს მისი ქმედებების დაგმობის მცდელობა“.
მეორეს მხრივ, ვაშინგტონი გააოცა რიგასა და ვარშავაში გაჩენილი უკმაყოფილების სიღრმემ.
ლატვიის საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, მაირ რეიკსტინსმა წარმოადგინა რუსეთისთვის დასაწესებელი შესაძლო სანქციების ნუსხა, რომელიც შეიცავდა სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების გაუქმებას და რუსეთის გარიცხვას დიდი რვიანიდან. ლატვიის სახელმწიფო მდივანმა ნორმანს პენკემ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ნატო-მ უნდა განიხილოს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი. „პენკეს, ყოფილ ელჩს მოსკოვში… რუსეთისადმი რამდენადმე კეთილგანწყობილი კაცის რეპუტაცია ჰქონდა. თქვენ მას დღეს ვერ იცნობდით, მისი ვნება ჭეშმარიტი ჩანდა, ხოლო მისი იმედგაცრუება რუსეთით და ნატო-ს უუნარობით, ღრმა იყო“ – ნათქვამია ამერიკულ დოკუმენტში.
კიდევ ერთ ამერიკულ დოკუმენტში აღნიშნულია რომ: „პოლონეთმა საქართველოს კონფლიქტისას გასაოცრად ძლიერი ლიდერის როლი დაიკავა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის შიგნით დასძლია ძალიან მნიშვნელოვანი ოპოზიცია“ ევროკავშირის მინისტერიალის შეკრების მოთხოვნასთან დაკავშირებით და რუსეთისათვის ენერგეტიკული სანქციების დაწესების წინადადებით გამოვიდა“. პოლონეთში შტაბის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ფრანჩიჟეკ გაგორმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეუტია რუსეთს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაბედული ვარაუდი გამოსთქვა: „პოლონეთს სჯერა, რომ სააკაშვილი რუსი აგენტების მანიპულაციებს ემსხვერპლა – შესაძლოა ისინი მის მრჩეველებს შორისაც იყვნენ რათა კარი გაეღოთ რუსეთის სამხედრო ქმედებებისთვის საქართველოში საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის მიზნით“.
2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული ეს ახალი საინფორმაციო განძი, სლოვაკეთში რუსი ელჩის ფროიდისტულ წამოცდენასაც შეიცავს.
ბრატისლავაში ერთი ცხელი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა სტეფან როზკოპალმა „განაცხადა, რომ რუსი ელჩი, მანამდე სანამ თავის შეცდომას გამოასწორებდა, მართლა ახსენებდა საბჭოთა კავშირს და სხვა ამგვარი ვერბალური წამოცდენებიც ჰქონდა, რამაც ძალიან ანაქრონისტული ატმოსფერო შექმნა.”
ამერიკული დოკუმენტში რიზკოპალის ხუმრობას თავად მასვე უბრუნებენ და ისე აღწერენ, როგორც მოსაბეზრებელ ტიპურ წარმომადგენელს ევროკავშირის ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან: „როზკოპალი ზერელე დიპლომატია, რომელსაც, რამდენიმე სხვასთან ერთად სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სჯერა რომ უფრო კარგად იცნობს რუსეთის აზროვნების სპეციფიკას და ტაქტიკას, ვიდრე ევროპელ (და რაღა თქმა უნდა ამერიკელ) დიპლომატთა უმეტესობა”.











