მომხმარებლების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის (AI) აგენტებისთვის მზარდი ნდობის გამოხატვა და მათთვის პირადი ინფორმაციის გაზიარება სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს. უსაფრთხოების სერვისები ცდილობენ ფეხი აუწყონ ამ ტენდენციას. პაროლების მენეჯერმა 1Password-მა ახალი ინსტრუმენტი წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნება დართონ აგენტებს მათ ნაცვლად შევიდნენ პირად ანგარიშებში ისე, რომ აგენტს მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებზე წვდომა არასოდეს ჰქონდეს.
ახალი პლატფორმა, სახელწოდებით 1Password for Agents, კომუნიკაციის სისტემას ქმნის აგენტს, მომხმარებელსა და პაროლების მენეჯერს შორის. ეს მიდგომა გამორიცხავს პაროლების პირდაპირ გაზიარებას, რაც აქამდე გავრცელებული, თუმცა სახიფათო პრაქტიკა იყო.
როგორ მუშაობს 1Password for Agents
სისტემა რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რაც უსაფრთხო ავტორიზაციას უზრუნველყოფს:
- როდესაც AI აგენტი მომხმარებლის სახელით ავტორიზაციას ცდილობს, 1Password-ს ეგზავნება უნიკალური ციფრული გასაღები აგენტის იდენტობის დასადასტურებლად.
- მომხმარებელი იღებს შეტყობინებას ავტორიზაციის მცდელობის შესახებ და შეუძლია პირადად დაადასტუროს მოთხოვნა.
- დადასტურების შემდეგ, 1Password თავად ახორციელებს აგენტის ავტორიზაციას და ავსებს საჭირო მონაცემებს ციფრული ასისტენტის ნაცვლად.
ეს პროცესი აგენტს საშუალებას აძლევს შევიდეს სისტემაში და შეასრულოს დავალება ისე, რომ თავად პაროლი მისთვის უცნობი რჩება.
მხარდაჭერილი AI აგენტები
1Password for Agents მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მათთვის სასურველი აგენტი. ამჟამად მხარდაჭერილ პლატფორმებს შორის არის:
- Claude Duet (Anthropic);
- OpenAI-ს Dots ან ChatGPT Work;
- Grok Bot;
- Meta-ს Muse;
- Town-ის (AI ასისტენტების სტარტაპი) აგენტები.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აქტიურად მუშაობენ სხვა პარტნიორებთანაც სერვისის გასაფართოებლად.
„პაროლის ან საიდუმლო მონაცემის გადაცემა აგენტისთვის ხშირად გამოყენებული მოკლე გზაა, თუმცა ამან შეიძლება სენსიტიური ინფორმაცია ისეთ ადგილებში დატოვოს, რომლებსაც მომხმარებელი ვეღარ აკონტროლებს. 1Password for Agents ადამიანებს აძლევს სანდო გზას, დაავალონ საქმეები პირად AI აგენტებს და ამავდროულად შეინარჩუნონ კონტროლი პაროლებსა და სერთიფიკატებზე“, — ნათქვამია კომპანიის ბლოგპოსტში.
საბანკო სექტორის შეშფოთება
ინტერნეტში AI აგენტების აქტივობა სულ უფრო მეტად აშფოთებს მსხვილ ინსტიტუტებს. 1Password-ის ახალი პლატფორმის გაშვება დაემთხვა Axios-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ბანკებმა მომხმარებელთა ანგარიშებში აგენტების აქტივობის დაფიქსირება დაიწყეს.
ეს ყოველთვის არ ნიშნავს ანგარიშების გაძარცვის მცდელობას; უფრო მეტად ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლევენ მომხმარებლები ავტომატიზებულ სერვისებს მათ ნაცვლად მოქმედების უფლებას, მათ შორის ფინანსურ საკითხებშიც. თუმცა, პოტენციური პრობლემების რისკი მაინც დიდია. მთავარი სირთულე ისაა, რომ ბანკების უმეტესობას არ შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა აგენტის აქტივობა მომხმარებლის მიერ ავტორიზებული.
ბანკირებმა, რომლებსაც გამოცემა ესაუბრა, სიტუაციას „შემაძრწუნებელი“ უწოდეს. Chase-ის წარმომადგენელმა კი Axios-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მომხმარებლებმა „არავის არ უნდა გაუზიარონ თავიანთი მომხმარებლის სახელი და პაროლი“.



