OpenAI-ის 852 მილიარდ დოლარიანი საბაზრო შეფასება ზოგიერთი ინვესტორის მხრიდან სკეპტიციზმის საგანი გახდა. Financial Times-ის ინფორმაციით, კომპანია ამჟამად ცდილობს საქმიანობა კორპორატიულ კლიენტებზე გადააწყოს და გაუმკლავდეს მზარდ კონკურენციას Anthropic-ის მხრიდან.

Anthropic-ის წლიური შემოსავალი 2025 წლის ბოლოს არსებული 9 მილიარდი დოლარიდან მარტის ბოლოსთვის 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს მკვეთრი ნახტომი მეტწილად კომპანიის კოდირების ინსტრუმენტებზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.

ერთ-ერთმა ინვესტორმა, რომელიც ორივე კომპანიას აფინანსებს, Financial Times-თან საუბრისას აღნიშნა, რომ OpenAI-ის მიმდინარე საინვესტიციო რაუნდის გასამართლებლად საჭიროა ვივარაუდოთ, რომ მისი ღირებულება IPO-ს (აქციების საჯარო განთავსების) დროს 1.2 ტრილიონ დოლარს ან მეტს მიაღწევს. ამ ფონზე, Anthropic-ის ამჟამინდელი 380 მილიარდ დოლარიანი შეფასება ბევრად უფრო მომგებიან გარიგებად მოჩანს.

ვითარება მეორად ბაზარზე

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება აქციების მეორად ბაზარზეც, სადაც Anthropic-ის წილებზე მოთხოვნა თითქმის დაუკმაყოფილებელია, მაშინ როდესაც OpenAI-ის აქციები ფასდაკლებით (discount) ივაჭრება.

სემ ალტმანისთვის მსგავსი სიტუაცია უცხო არ არის. Y Combinator-ის ხელმძღვანელობის პერიოდში, შეფასებების აგრესიულმა ინფლაციამ ზოგიერთი პორტფელური კომპანია ფინანსურად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა სხვებმა მოლოდინები სრულად გაამართლეს და საკუთარი ღირებულება დაამტკიცეს.

კომპანიის პოზიცია და ექსპერტთა მოსაზრებები

OpenAI-ის ფინანსურმა დირექტორმა, სარა ფრაიერმა, ამ ეჭვებს უპასუხა და განაცხადა, რომ კომპანიის მიერ მოზიდული 122 მილიარდი დოლარი — რაც ისტორიაში კერძო დაფინანსების უმსხვილესი შემთხვევაა — ინვესტორთა მხრიდან ნდობის გაგრძელების აშკარა დასტურია.

თუმცა, ყველა არ იზიარებს ამ ოპტიმიზმს. საინვესტიციო ფირმა Sapphire Ventures-ის პრეზიდენტმა, ჯაი დასმა (რომელსაც არცერთ კომპანიაში არ აქვს წილი), OpenAI-ს „ხელოვნური ინტელექტის Netscape“ უწოდა. ეს არის მინიშნება ოდესღაც დომინანტ ბრაუზერზე, რომელიც მოგვიანებით Microsoft-მა ჩაანაცვლა, საბოლოოდ კი AOL-მა შთანთქა.

განახლება: სტატიიდან ამოღებულია ინვესტორის ციტატა, რომელიც თავდაპირველად Financial Times-მა გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი წაშალა.