Apple Watch Series 12-ისა და Ultra 4-ის პრეზენტაციასთან ერთად, კომპანია Apple-მა Health აპლიკაციის სრულიად ახალი ვერსია წარადგინა. განახლებული პლატფორმა Apple Intelligence-ის ტექნოლოგიას იყენებს, რათა მომხმარებლის ჯანმრთელობის მონაცემები უფრო გასაგები და პრაქტიკულად გამოსაყენებელი გახადოს.აპლიკაციაში დამატებული Insights-ის ჩანართი მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აქტუალური ინფორმაციის შეჯამებას, პერსონალიზებულ რეკომენდაციებს, სხვადასხვა ტიპის შეფასებებსა და ორ ახალ მნიშვნელოვან მაჩვენებელს: „მზაობის“ (readiness) ქულასა და „ჯანმრთელობის ასაკს“ (Health Age). ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა, ადამიანის ჯანმრთელობის სხვადასხვა მეტრიკა მის რეალურ ასაკს შეედაროს. ამ გათვლებისთვის აპლიკაცია იყენებს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა VO2 max (ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარება), ძილის ხარისხი და სისხლის ბიომარკერები.

სიახლეებს შორის ასევე არის დღეგრძელობის (longevity) ჩანართი. იგი Apple Watch-ისა და iPhone-ის მეშვეობით აანალიზებს ძილს, ფიზიკურ აქტივობას, გულის ჯანმრთელობასა და სხვა სასიცოცხლო ფაქტორებს. ამ მონაცემებში შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტეგრირებაც. Apple-მა Quest-თან თანამშრომლობა დააანონსა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, 119 დოლარად ჩაიტარონ 50-ბიომარკერიანი კვლევა და მიიღონ ისეთი მონაცემები, რომელთა მოპოვებაც მხოლოდ ლაბორატორიული ტესტებითაა შესაძლებელი.

Apple Intelligence-ის დახმარებით, Health აპლიკაცია სხვა ტიპის მონაცემების დამუშავებასაც უკეთ ახერხებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზაობის ქულისა და Insights-ის ჩანართისთვის. მაგალითად, აპლიკაციამ შეიძლება მომხმარებელს ურჩიოს დილის სირბილისას ინტერვალური ვარჯიშების დამატება კარდიო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. კომპანიის განცხადებით, აპლიკაცია უფრო ღრმად შეისწავლის ფიტნესისა და გულის ჯანმრთელობის სფეროებსაც.გარდა ამისა, Health აპლიკაცია მომხმარებლებს სთავაზობს სხეულის მოძრაობის სიღრმისეულ შეფასებას. ეს ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკოვანი ადამიანებისთვის ან მათთვის, ვინც ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას გადის. შეფასების პროცესში ვირტუალურ ტრენერს შეუძლია კონკრეტული მოძრაობების დემონსტრირება, რაც Apple-ის განმარტებით, პირადი მწვრთნელის ყოლის ეფექტს ქმნის.Health აპლიკაციის განახლებული ვერსია მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა და თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება ამერიკულ ინგლისურ ენაზე.



